კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა სპეციფიკით გამოირჩევა რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოში და რატომ ებმებიან ქართველები იოლად „ეფ ეს ბეს“ მიერ დაგებულ მახეში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მართალია, ოცდამეერთე საუკუნეშიც აქტუალურია გავლენის სფეროებისთვისა და უპირატესობისთვის ბრძოლა და დაპირისპირება, მაგრამ მეთოდები შეუდარებლად დაიხვეწა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები არა მხოლოდ ადამიანებს უმარტივებენ ურთიერთობებს, არამედ სახელმწიფოებსაც აძლევენ განუზომელ საშუალებებს, გავლენა მოახდინონ მათთვის საინტერესო სივრცეზე, უსისხლოდ მოიპოვონ უპირატესობა და თქვენ წარმოიდგინეთ, გავლენის სფეროებიც კი. ამისთვის ისინი ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ ომებს იყენებენ, რომლის ავანგარდშიც დღეს რუსეთის ფედერაციაა. მაშინ, როდესაც თვით აშშ უჩივის რუსული სპეცსამსახურების ჩარევას საკუთარ არჩევნებში, ადვილი წარმოსადგენია, რა მასშტაბს აღწევს საქართველოს სახელმწიფოზე რუსული ზემოქმედების ბერკეტები. რა ტიპის ჰიბრიდულ ომს ეწევა რუსეთი საქართველოში, რა წარმატების მიღწევის იმედი უნდა ჰქონდეს და როგორია და როგორი უნდა იყოს ქართული რეაქცია? – ამ თემაზე უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– დავიწყოთ იმით, რომ განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი?  
– ფართო საზოგადოებისთვის „ჰიბრიდული ომის“ დეფინიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ზემოქმედების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების შემდეგ გახდა ცნობილი, ანუ 2014 წელს, თუმცა, თუ გადავახვევთ მოვლენათა ქრონიკას, დავრწმუნდებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა ეკონომიკური ზემოქმედება, დეზინფორმაცია, სეპარატისტების ფარული წახალისება, ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციები და სხვა უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ფარულად თუ ღიად, ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში იყენებდა რუსეთი მრავალფეროვან, სამხედრო და არასამხედრო, მეთოდებსა და ხერხებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ.
– შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ჰიბრიდული ომი ოცდამეერთე საუკუნის თავისებურებაა?
– საერთოდ,  ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტს სახელმწიფოები ოდითგანვე იყენებდნენ, თუმცა ზემოქმედების მეთოდებისა და ხერხების ამგვარი კომბინაციური მრავალფეროვნება მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან შეიმჩნევა. ჩვენი აზრით, ჰიბრიდული ომი არის სამხედრო და არასამხედრო მეთოდებისა და ხერხების კომპლექსური გამოყენებით სხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედების ანდა ხელისუფლების შეცვლის წინასწარ დაგეგმილი პროცესი და ხელისუფლების დამხობის არაპირდაპირი გზა. მისაღები უნდა იყოს ჰიბრიდული ომის ამგვარი განმარტებაც, როდესაც წინასწარდასახული სტრატეგიული მიზანი მიიღწევა ზემოქმედების მრავალფეროვანი, სამხედრო, არასამხედრო და სპეციალური, მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით. ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ჰიბრიდული ომი, როგორც წესი, არასამხედრო ფაქტორების, მეთოდების ამოქმედებით იწყება, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ: ეკონომიკური ზემოქმედების მეთოდები – ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკური ბლოკადა და ეკონომიკური ომი, რომელთა მიზანია მოცემული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება ანდა განადგურება;
მეორე – შიდა პოლიტიკურ სისტემაზე ზემოქმედების მეთოდები, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის დარღვევა სხვადასხვა, ღია და ფარული, ხერხების  გამოყენებით, რომელთა მიზანია სხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედება ანდა ხელისუფლების შეცვლა. ასევე, მოცემული ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედება.
მესამე – საგარეო პოლიტიკური დისკრედიტაციის მეთოდები, რომელთა მიზანია საერთაშორისო მასშტაბით მოცემული ქვეყნის პრესტიჟისა და პოზიტიური იმიჯის შერყევა. ამ დროს გამოიყენება დეზინფორმაციის მრავალფეროვანი ხერხები.
– რა მეთოდებით მიიღწევა ჰიბრიდულ ომში სასურველი შედეგი?
– ჰიბრიდული ომის ზემოაღნიშნული არასამხედრო მეთოდები აერთიანებს შემდეგ კონკრეტულ ხერხებს: ტერორისტულ აქტებს,  ფსიქოლოგიურ ომს, კიბერტერორიზმს, დეზინფორმაციას, მოცემული ქვეყნის შიგნით სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფების დახმარებასა და მარიონეტული „მთავრობების“ შექმნას, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ მხარდაჭერას და ასე შემდეგ. ჰიბრიდული ომის არასამხედრო მეთოდები ამზადებენ შესაბამის წინაპირობებს აშკარა ან ფარული სამხედრო ექსპანსიისთვის. პირდაპირი სამხედრო ჩარევის შესანიღბად გამოიყენება „დემოკრატიული პრინციპებისა“ და „ეროვნული უმცირესობების უფლებების“ დაცვის დეზინფორმაციით გამყარებული ლეგენდები.
– კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ რა ელემენტებს იყენებს რუსეთი, თუმცა ზოგიერთი მეთოდი აშკარადაც ჩანს.
– რა თქმა უნდა, ყველა მეთოდს იყენებენ – როგორც სამხედროს, ისე არასამხედროს. სამხედრო მეთოდების გამოყენებაში 2008 წლის აგვისტოში დავრწმუნდით.
– და მცოცავი ოკუპაციაც სამხედრო მეთოდია, რომლის გამოყენებასაც განაგრძობს.
– ამას გარდა, სამხედრო მეთოდის გაგრძელებად შეიძლება, ჩაითვალოს სამხედრო წვრთნები, სამხედრო ბაზების გახსნა, სეპარატისტული სპეცსამსახურების გადამზადება, შეიარაღებული ძალების შეერთება და არ არის გამორიცხული, რომ გადამზადება ეხებოდეს არა მარტო კონტრდაზვერვის ძალებს, არამედ სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასაც, რომ, როდესაც დასჭირდება რუსეთს, შეეძლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დივერსიული ოპერაციების ჩატარება. ანუ ჰიბრიდული ომის სამხედრო ფაქტორები სრულადაა წარმოდგენილი. რაც შეეხება არასამხედრო ფაქტორებს: უპირველესად, უნდა გამოვყოთ ფსიქოლოგიური ომის, დეზინფორმაციის კომპონენტები, რასთან გამკლავებაც, სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირისა და აშშ-ს ხელისუფლებებსაც უჭირთ. მართალია, საქართველოსადმი რუსეთს ახასიათებს გარკვეული სპეციფიკა, თუმცა მათი სპეცსამსახურების ზემოქმედების მეთოდები ძირითადად სხვა ქვეყნების იდენტურია. ამას წინათ გავრცელდა ჩეხეთის სპეცსამსახურების ინფორმაცია, რომ რუსეთი ყოველ წელს 20-25 მილიონს ხარჯავს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში შექმნას რუსეთის დადებითი იმიჯი და შეინიღბოს რუსეთის იმპერიული სახე. ეს საქართველოშიც ხდება, თუმცა საქართველოში რუსეთი ასე აშკარად ვერ მოქმედებს გასაგები მიზეზების გამო: არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ის ოკუპანტია. მაგრამ სხვა ქვეყნებში რუსეთს აქვს საელჩოები, კულტურული ურთიერთობის სააგენტოები, რუსეთის სახლი, რუსული ენისა და ლიტერატურის გავრცელების ცენტრები და ასე შემდეგ.
– „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრიმაკოვის სახელობის ფონდი საქართველოში ხსნის რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს. ყველაზე მეტად გამაოცა სოციალურ ქსელებში ჩვენი თანამემამულეების რეაქციამ, არ ჯობია, რუსული ფულით ვისწავლოთ და გამოვიყენოთო. თითქოს ვერ ხვდებოდნენ, რომ, როდესაც რუსული ფულით სწავლობ რუსულს, ითვისებ რუსულ იდეოლოგიას და მათი პროპაგანდის პირდაპირი გავლენის ქვეშ ხვდები.
– თავი არავინ მოიტყუოს, ეს არის „ეფ ეს ბეს“ დაგებული მახე და იგივე „სპუტნიკი“ თუ „რაშა თუდეი“ ჰიბრიდული ომის განხორციელების წყაროებია. მთელ მსოფლიოში, თითქმის ას ქვეყანაში, მოქმედებს ასეთი რუსული სტრუქტურა: თანამემამულეებთან ურთიერთობის ორგანიზაცია. მათ შორის, არის საქართველოშიც, რომელთაც ბუნებრივია, კრემლი აფინანსებს. საქართველოში, თუ არ ვცდები, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დირექტორი. აქვთ ვებგვერდი, მართავენ ღონისძიებებს საქართველოს რეგიონებში. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, რომ გაუწიო რეკლამა რუსულ კულტურას, რუსულ ენას, ჩაატარო ერთობლივი სახალხო-დიპლომატიური ღონისძიებები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია არა ნეიტრალურ სახელმწიფოზე, არამედ იმპერიაზე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო აკონტროლოს. არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები რამდენად შეისწავლიან, აკონტროლებენ ამ პროცესს და არიან ჩართულები, იმიტომ რომ სუსის აქტივობების შესახებ ძირითადად ტელევიზიებიდან ვიგებთ, როდესაც რომელიმე მუნიციპალიტეტის მოხელეს ქრთამის აღების გამო აკავებენ. ეს არ არის სუსის ფუნქცია, მათი ფუქციაა საქართველოს ტერიტორიაზე მტრული სპეცსამსახურების ოპერაციების განეიტრალება. ინტერნეტსივრცე ახსენეთ და ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის ტროლების ფაბრიკა საქართველოშიც მოქმედებს და იქ შეიძლება, ბევრი საქართველოს მოქალაქეც იყოს ან საქართველოში არმცხოვრები პირები, რომლებიც ფსევდონიმებით მუშაობენ.
– ბევრია ქართულ გვარსახელიანიც, ერთი ღერი ქართული არ იციან და რუსეთს აქებენ და სიყვარულს ეფიცებიან.
– ისინი იმისთვის  იღებენ ანაზღაურებას, რომ ქართველ პატრიოტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს ცილი დასწამონ, პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენონ.
– ვიღაც ნინო ხაჩიძე „იზვესტიაში“ ანტიქართულ მასალებს აქვეყნებს, ჯერჯერობით მხოლოდ 4-5 მასალაა. ჩემი მასალებიცაა თარგმნილი რუსულად, ისინი, პირიქით, უფრო ანტირუსულია, მაგრამ როდესაც რუსულ „გუგლში“ ჩემი სახელი და გვარი შეგყავს, ორივე ტიპის მასალები იძებნება. მივწერე რედაქციას, რომ დამაკავშირონ იმ ნინო ხაჩიძესთან, მაგრამ არ მიპასუხეს.
– კარგი იქნება გარკვევა. ახლახან დავამთავრე წიგნი ზუსტად ასეთი სათაურით: „რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ – 1918-1921 წლები“, აბსოლუტურად იდენტურია მეთოდები, თუმცა, ბუნებრივია, რუსეთს დღეს მეტი საშუალება აქვს. ახლა ვისაუბროთ ჰიბრიდული ომის ეკონომიკურ კომპონენტზე.
– საგარეო ვაჭრობაში ლიდერია თურქეთი, 800 000-მილიონიანი იმპორტით, მეორეზეა რუსეთი – 520-მილოინიანი იმპორტით, მესამეზე ჩინეთი – 505 მილიონიანი იმპორტით. და ეს არ მგონია, კარგი იყოს ექსპორტის მოკრძალებული მაჩვენებლების ფონზე.
– დიახ. ეს მოქმედებს შიდა ეკონომიკაზეც: ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია ფასების ზრდა საწვავსა და პურზე. არ მინდა, კონსპიროლოგური თეორია შევქმნა, მაგრამ რუსეთის მიზანი სწორედ ქვეყნის შიდა არასტაბილურობაა. არის თუ არა არასტაბილურობა ინფლაცია და ფასების ზრდა? რა თქმა უნდა, არის. ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას, პოლიტიკურ დაპირისპირებას ამწვავებს და გვინდა თუ არა, ჩვენ მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს. ასე რომ, ეკონომიკური საბოტაჟი, ეკონომიკური არასტაბილურობა ჰიბრიდული ომის ნაწილია. არ მინდა, ბრალდებასავით გამივიდეს, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა მეორისთვის ძირის გამოთხრას  ეკონომიკით იწყებდა: ან ყალბ კუპიურებს შეუშვებდა, რაც ნაპოლეონიდან მოდის და მეორე მსოფლიო ომის დროსაც ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც გერმანელები ყალბ ფულს ყრიდნენ ბრიტანეთში, ამერიკელები – გერმანიაში და ასე შემდეგ, ამით მიიღწეოდა ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობა. ამდენად, ეს თემაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
– აქვს თუ არა საშუალება საქართველოს, რომ თავი დაიცვას ჰიბრიდული ომისგან?
– ტრამპის ადმინისტრაცია თვითგადარჩენის რეჟიმშია, ევროკავშირი კი გვიან მიხვდა ამ საფრთხეს, მათ შექმნეს შესაბამისი სტრუქტურა, თუმცა მცირე დაფინანსებით, ჩვენ ესეც არ გვაქვს. არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხს გასცემდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, უფრო ღრმად გააანალიზებდა რუსეთის ოფიციალური უწყებებიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასა და შემოშვებულ სიყალბეებს, ანუ „ფეიკებს“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, თუ დეზინფორმაცია სწრაფად არ განეიტრალდა, მას შეუძლია, ძალიან ფართო მასები მოიცვას.
скачать dle 11.3