კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ არ ატარებს დევნილი ნათია თოდუა აფხაზეთში კონცერტს და რის გამო ჩაუსაფრდა მას გერმანული პრესა

ნინო კანდელაკი ანი რევია

აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუა, ორი წელია, რაც ბედის საცდელად გერმანიაში წავიდა და იღბალმა სწორედ იქ გაუმართლა – შემთხვევით კონკურსზე მოხვედრილი 22 წლის გოგონა გერმანიის „ახალი ხმის“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.
– ნათია, წარმოდგენდი, რომ აფხაზეთიდან დევნილი გოგონა, ამხელა წარმატებას მიაღწევდი და ევროპის მასშტაბით ცნობილი გახდებოდი?
– გამიჭირდა ჩემი ოჯახის დატოვება, რომლებიც დღესაც აფხაზეთში ცხოვრობენ. ეკონომიკურად,  როგორც შემეძლო, მათ მე ვეხმარებოდი. დედამ იცოდა, რა სამუშაოც მელოდა წინ გერმანიაში და ვეცოდებოდი. მამას კი დავუმალე, ვუთხარი, სასწავლებლად მივდივარ  გაცვლითი პროგრამით-მეთქი, თორემ, ყველაფერს იღონებდა და არ გამიშვებდა. მამას ოცნება იყო, უნივერსიტეტი დამემთავრებინა, თუმცა დღეს მთელი ოჯახი ძალიან ამაყობს ჩემით. წარმატებას რომ მიაღწიო, არ არის აუცილებელი, ფულიანი მამიკოს გოგო იყო, თუმცა ძალიან კარგია, როცა ოჯახს შეუძლია დაგეხმაროს.
– შენი ნიჭისა და არა მამიკოს ფულის წყალობით, გერმანიის „ახალი ხმა“ გახდი. თუმცა, საქართველოში და უკრაინაში კონკურსებზე არ გაგიმართლა. ხომ არ ფიქრობ, რომ შენს ქვეყანაში ვერ დააფასეს შენი ნიჭი?
– მე გერმანიაში წარმატება რისკის ფასად დამიჯდა. რეალურად ვაფასებდი მოვლენებს და როცა გერმანიის „ახალი ხმის“ კონკურსზე გავედი, გამარჯვების იმედი არ მქონდა. ვიფიქრე, საქართველოში და უკრაინაში არ გამიმართლა და აქ, ვინ მომისმენს-მეთქი. სხვათა შორის, გერმანიის „ახალი ხმის“ შესარჩევ კონკურსზე რომ მივედი და რეგისტრაცია უნდა გამევლო, პასპორტს ჩახედეს და მონაწილეობის მიღებაზე უარი მითხრეს. მითხრეს, რადგან გიტარით მოხვედი, მოდი  შენი სიამოვნებისთვის იმღერეო. ეს შანსი გახდა ჩემი წარმატებისა და მოგების გარანტი.
– წარმომიდგენია ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, როგორ გაასმაგდა შენი თაყვანისმცემელი ბიჭების რიცხვი.
– სად მცალია სიყვარულისთვის, სულ რაღაცას ვეძებ, სულ მოძრაობაში ვარ (იცინის). არ მიყვარს თამაში და ორკვირიანი „ფლირტაობები“. რომ ვიცი, იქ დროებით ვარ,  აქეთ-იქით მიწევს გადარბენები და გიჟური ცხოვრების განრიგი მაქვს, ორი კვირის გამო ვერ ვიფლირტავებ. მე სტაბილური სიყვარული მინდა, თუმცა, ჯერ ამას ვერ მოვახერხებ. თაყვანისმცემელი მამაკაცებისგან განებივრებული ვარ. გერმანელი ბიჭები ცდილობენ, ისწავლონ ქართული სიტყვები და ასე მოიგონ ჩემი გული (იცინის). გერმანული მედია ჩასაფრებული იყო, სად დავდიოდი, ვისთან და ბოლოს დაწერეს: მგონი, ამ გოგოს, საერთოდ არ აინტერესებს კაცებიო... ამის გამო მომიწია პირად ცხოვრებაზე ჭორების მოგონება (იცინის).
– ძალიან შეიცვალე, სულ სხვა იმიჯი გაქვს და ალბათ, დრედებიც რომ მოიჭერი, ბევრი ვეღარ გცნობს. ასეა?
– დრედები ძალიან მომწონდა, დიდი ჩხუბი გადავიტანე ოჯახში და გავიკეთე. ოთხი წელი ვატარებდი კილო-ნახევარ თმას, მომწონდა, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები შემექმნა. უძილობა დამჩემდა, უამრავი წამალი დავლიე და არ მიშველა. ექიმებმა, კონკურსზე განცდილ სტრესს დააბრალეს და თავიდან ბოლომდე გამოიკვლიეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლოს მიხვდნენ, დრედების სიმძიმის ბრალი იყო (იცინის). მითხრეს, უნდა შეიჭრაო და შეველიე, რა მექნა? თან, რთული მოსავლელი იყო, ოთხი დღე სჭირდებოდა გაშრობას, ვცივდებოდი, მამძიმებდა და ახლა, რაც დრედებს შეველიე, წონა შემიმსუბუქდა (იცინის). ახალ იმიჯში ბევრი ვეღარ მცნობს. მაკვირდებიან და ბოლოს მეკითხებიან, შენ ნათია ხარო. რომ ვეტყვი, დიახ-მეთქი, პირველივე კითხვაა: რატომ მოიჭერი დრედები? (იცინის). რაც სცენაზე გამოვჩნდი, დრედებთან ვასოცირდებოდი და ისინიც კი, ვინც მაკრიტიკებდა და ამბობდა, ეს რა ადევს თავზეო, ახლა ამბობენ: ისეთი ნათია უფრო კარგი იყოო (იცინის). გიჟური წამოვლები მახასიათებს, მაგრამ ასეთი ქალური იმიჯიც მომწონს, რაც ახლა მაქვს. არ დამავიწყდება, დრედები რომ მოვიჭერი და მაკიაჟი გავიკეთე, ვთქვი, ვაიმე, ეს მე ვარ? (იცინის) საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. არ მიყვარს ერთფეროვნება და ხვალ, რა წამომივლის თავში და როგორ შევიცლი იმიჯს, კაცმა არ იცის (იცინის).
– მკლავზე წითლად საქართველოს ტერიტორია გაქვს ამოტვიფრული და აფხაზეთი შავი ფერითაა მონიშნული. რატომ?
– დიდი ხანია, მინდოდა, სხეულის გამოსაჩენ ადგილას ჩემი ქვეყნის ტერიტორია ამომესვირინგებინა და ქვემოთ ქართული ასოებით მიმეწერა – „სიყვარული“. თუმცა, ეს საქმე გერმანელს ვერ ვანდე, ვიფიქრე, ქართულ ასოებს ვერ ამოტვიფრავს კარგად-მეთქი და ქართველს გავაკეთებინე. მოკლედ, ამოვისვირინგე საქართველოს ტერიტორია წითლად და აფხაზეთი, საიდანაც დევნილი ვარ, შავი წერტილით მოვნიშნე. სხვათა შორის, კონცერტების დროს უცხოეთში, ბევრი მაკვირდება მკლავზე, მერე კი მოდიან და მეკითხებიან, ეს, ალბათ, საქართველოა და ეს შავი რა არისო. მეც ეს მქონდა გათვლილი, რომ ამ ტატუს ინტერესი გამოეწვია და მქონოდა საშუალება, რაც შეიძლება, ბევრისთვის ამეხსნა, რომ აფხაზეთი ჩემია. აფხაზეთის მონატრება ჩემთვის შავი ფერია და იმედია, ამ სიმბოლურ შავ წერტილს სულ მალე გავაფერადებ.
– აფხაზეთში, შენი ოჯახი და სანათესაო ცხოვრობს. როგორც ვიცი, იქ კონცერტის ჩატარება გინდოდა. აპირებ?
– ჩემი ოცნებაა, აფხაზეთში კონცერტი ჩავატარო, შემოთავაზებებიც იყო. თუმცა, არ მინდა, ამას პოლიტიკური სარჩული დაადონ და ამიტომ, თავს ვიკავებ.
– საქართველოში თუ აპირებ კონცერტის გამართვას?
– ბერლინში ახალ ალბომს ვწერ და შემდეგ, მინდა, საქართველოში გავმართო კონცერტი და ის სიმღერები ჩამოვიტანო. ამ ალბომში ჩემს მიერ დაწერილი სიმღერებია შეტანილი. ვაპირებ, ორი ხალხური სიმღერის ახალი ვერსიაც გავაკეთო და ჩავწერო. ჩემი ქართული ნამღერით უცხოელებს ჩემი ქვეყნის კულტურას ვაცნობ. უნდა ნახოთ, როგორ დაიზეპირეს „ყვავილების ქვეყანა“ (იცინის). თან, მღერიან და თან, თითქოს გრძნობენ ამ სიმღერის შინაარსს.
– გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ?
– გერმანიის „ახალ ხმაში“ გამარჯვების შემდეგ ბერლინში, ხელოვნების სახლში ვცხოვრობ, სადაც ერთი წლით ცხოვრების უფლება სტიპენდიის სახით მივიღე. რთულია მარტო ცხოვრება, თუმცა, ქართველი ემიგრანტები გვერდით მიდგანან. მთელი ბავშვობა, ოცნებაში გავატარე, რადგან რეალურად არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მერე სტუდენტი გავხდი, ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ეკონომიკას ვსწავლობდი და რაც უფრო გავიზარდე, დავშორდი ჩემს ოცნებებს. კონკურსებზე წარუმატებლობამაც, თითქოს, ხელი ჩამაქნევინა და გერმანიის „ახალი ხმის“ კონკურსმა მომცა შანსი, როგორც მომღერალს, გამმართლებოდა. მე ბედისწერის, იღბლისა და სასწაულების მჯერა და ჩემს შემთხვევაში, სამივე გააქტიურდა. დღეს არ მიწევს იმაზე ფიქრი, რითი ვირჩინო თავი, ვფიქრობ მხოლოდ მუსიკაზე. გერმანიის „ახალი ხმის“ სტატუსმა მომიხსნა იმის შიში, რომ უიღბლო ვარ. ბევრი მეუბნება, გერმანელს ჰგავხარო. ისეთი გარეგნობა მქონდა, აფხაზეთში, ბავშვობაში, „ნემეცს“ მეძახდნენ. რას წარმოვიდგენდი, რომ ის პატარა „ნემეცი“, გერმანიაში ასეთი წარმატებული და ცნობადი გავხდებოდი. იშვიათია, გერმანელმა თავისიანად მიგიღოს და გაღიაროს. მე, პატარა ქვეყნის შვილმა, აფხაზეთიდან დევნილმა გოგომ, გავრისკე და ყოველგვარი დახმარების გარეშე, მარტომ, ეს შევძელი. როგორც კი ჩამოვედი, აფზახეთის საზღვართან მივედი და თვალცრემლიანმა გავხედე გზას, რომლის გაგრძელებაც არ შემეძლო. თუმცა, ბებია და ბაბუა რომ არ ვნახო, გერმანიაში ისე არ წავალ, ამის პირობა დავდე.
скачать dle 11.3