კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ აღიარეს რუსებმა ქართველების უპირატესობა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე და როგორ გადაარჩინა ნიკა ბირკაძემ ევროპის პრესტიჟი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში ქართველების დიდი წარმატებით დასრულდა. ჩვენი ნაკრების წევრები იყვნენ: გიორგი კლდიაშვილი (ოქრო), ნიკოლოზ ბირკაძე (ოქრო), ალექსანდრე ხოხიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი; ხელმძღვანელები: გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი, ვახტანგ შეკიშვილი.
ზაზა გამეზარდაშვილი (პედაგოგი): ეს ოლიმპიადა მსოფლიოში  ყველაზე პრესტიჟული, მაღალი დონისა და აღიარებული ოლიმპიადაა, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. წელს 87 იყო, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 340-ს აღწევდა. ჩვენი წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, ნაკრების წევრების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, ამიტომ მათი ოლიმპიადამდე მიღწეული შედეგებით დავიწყებ. წელს პირველი ტურნირი, რომელშიც მათ მიიღეს მონაწილეობა, ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა იყო ყაზახეთში. ამ ტურნირზე ვანომ ოქროს მედალი აიღო, გიორგიმ და სანდრომ – ვერცხლის მედლები (ნიკა მათემატიკაში მონაწილეობდა) და რაც მთავარია, კომაროვის პირველმა გუნდმა (ვანო და გიორგი) ამ შეჯიბრების მრავალგზის გამარჯვებულ, მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას გაუსწრო. წლის მეორე საერთაშორისო ტურნირი – infocup, ინტერნეტით ჩატარდა. აქ სანდრომ ოქროს მედალი აიღო, გიორგიმ, ვანომ და ნიკამ – ვერცხლის მედლები. თუ დავაჯამებდით თითოეული გუნდის ქულებს, საქართველო, პოლონეთის შემდეგ, მეორე ადგილზე იყო და უსწრებდა ისეთი ქვეყნების გუნდებს, როგორიცაა: რუსეთი, ირანი, ხორვატია, ბულგარეთი და ასე შემდეგ. მესამე ოლიმპიადაც – APIO ინტერნეტით ჩატარდა. ამ ტურნირის ამოცანები ყველაზე რთულია. აქ გიორგიმ აიღო ოქრო და ვანომ – ბრინჯაო. მეოთხე ტურნირი ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადაა, სადაც უკვე ნიკამ აიღო ოქრო, გიორგიმ და სანდრომ – ვერცხლი, ვანომ – ბრინჯაო.
– რაც შეეხება ამ ოლიმპიადას?
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოლიმპიადაზე რომ მივდიდოდით, ვფიქრობდით, რომ კარგ შედეგს ვაჩვენებდით და როგორც მოგეხსენებათ, ნიკამ და გიორგიმ ოქროს მედლები მოიპოვეს. შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ვანოს ავადმყოფობა, ჩასვლისთანავე სიცხე მისცა და ორივე ტური შეუძლოდ მყოფმა წერა. ვანოზე უფრო გულსატკენი ამბავი შეემთხვა სანდროს, რომელიც პირველი დღის შემდეგ ვერცხლის მედლის ზონაში იმყოფებოდა და წესით, ოქროსთვის უნდა ებრძოლა. მან 5 საათი შეალია ამოცანას, რომლის სრულად ამოხსნა ოლიმპიადაზე ვერავინ შეძლო. საბოლოოდ კი სულ 2 ქულა დააკლდა მედლამდე (600-დან), რის აღებასაც სხვა ამოცანაში 5 წუთსაც არ მოანდომებდა. მსგავსი შემთხვევები ოლიმპიადაზე საკმაოდ ხშირად ხდება. ამრიგად, წელს ამ ოთხეულმა 5 საერთაშორისო ოლიმპიადაზე 15 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 2 ბრინჯაო და რაც მთავარია, საქართველო დაამკვიდრეს ინფორმატიკის ოლიმპიადების ლიდერთა შორის. გაზვიადებაში რომ არ ჩამეთვალოს, რამდენიმე „იაპონურ“ ამბავს გავიხსენებ: საზეიმო ბანკეტის დროს ჩვენს მოსწავლეებთან მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მწვრთნელი ბრაიან დინი, მიულოცა და ჰკითხა, იცოდნენ თუ არა მათ, რომ „ჯორჯია“ ამერიკაშიც მდებარეობდა. როცა ბიჭებმა დაუდასტურეს, რომ იცოდნენ, ბრაიანს ღიმილით უთქვამს: „თქვენი ჯორჯია ჩვენს ჯორჯიაზე შეუდარებლად ძლიერიაო“. რუსეთის ნაკრებს წელს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავდა. ახლების უმეტესობასაც გაუჭირდა მოლოცვა, თუმცა ერთმა მათგანმა – გუნდის თანალიდერმა მალეევმა გულწრფელად მოგვილოცა და როცა ჩვენც მივულოცეთ 2 ოქროს მედალი, დასძინა: რას ამბობთ, თქვენები გაცილებით წინ დგანან, ბრწყინვალე შედეგი გაქვთო. მათ სხვა დროსაც ვაჯობეთ, მაგრამ წელს პირველად აღიარეს. წინა წლებში ცოტნე ტაბიძემ ოთხივე რუსს გაასწრო და მერე, რუსმა ბავშვებმა უთხრეს ჩვენებს – ეს რა გვიქენით, გუნდის ლიდერმა საათ-ნახევარი გვაგინა: შეკრებაზე ორმოცდაათი პროფესორი გადგათ თავზე, მთელ საქართველოში ოთხი პედაგოგი ჰყავთ და იმათ როგორ გაჯობესო?! უკვირთ, ჩვენი მწირი რესურსებით როგორ ვაღწევთ ასეთ შედეგებს. რაიმე საიდუმლო მეთოდიკა რომ ვერ დაგვტყუეს, კვების რაციონზე მიიტანეს ეჭვი (იცინის). ერთმა დიდი ქვეყნის წარმომადგენელმა მკითხა, რაიმე განსაკუთრებულს ხომ არ აჭმევთ ამ ბავშვებსო. თუმცა, რომ არა ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიდევ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ამიტომ ცოტა უკმაყოფილოები ვიყავით, რაც სხვებს ძალიან უკვირდათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან განსხვავებით, ძალიან დიდ რესურსს დებენ ბავშვების მომზადებაში, ასეთი შედეგები არ აქვთ. რომ ვეუბნებოდი, ამ ოთხეულს 150 ბავშვიდან ვარჩევთ და ქვეყანაში სულ ოთხი პედაგოგი გვყავს, თან ეს შედეგი, მხოლოდ წრეებზე მეცადინეობის დამსახურებაა-მეთქი, გაოცებულები იყვნენ, ასეთი რესურსით ეს შედეგი დაუჯერებელიაო. ბევრმა მიგვიპატიჟა თავის ქვეყანაში, რადგან ძლიერი ბავშვებისადმი ინტერესი იზრდება. ბოლო ხანებში ამ ოლიმპიადაზე აზიელები დომინირებენ და ასეთი შედეგის ჩვენების შემდეგ, ნიკაზე ამბობდნენ, მან არა მხოლოდ საქართველოს,  ევროპის პრესტიჟი დაიცვაო. მართლაც, ნიკა ბირკაძე ევროპაში საუკეთესო იყო. მეოთხე ადგილზე გავიდა და თან ძალიან მცირე 4 და 6 ქულით ჩამორჩა მესამე და მეორე ადგილოსნებს. ექვსასიდან ოთხი ქულა არაფერია, ფაქტობრივად, მათი თანაბარი ქულა მოაგროვა. მით უმეტეს, რომ მათზე ორი წლით უმცროსია. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, ისეთი რა წარმატებააო, მაგრამ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით. შეჯიბრებაში ყველა ქვეყნიდან 4-4 მონაწილეა. ჩინეთში ამ 4 მონაწილეს 70 000 ბავშვიდან არჩევენ, ანუ ამდენი ბავშვი მონაწილეობს მათი ეროვნული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე. რუსეთში ეს რიცხვი 6 000-ს უტოლდება, საქართველოში კი ინფორმატიკის ოლიმპიადის საწყის ეტაპზე  მხოლოდ 150-მდე მოსწავლე იყრის თავს. ამ შედეგის მიღმა ძალიან დიდი, თითქმის არაადამიანური შრომა დევს და კარგი იქნება, თუ პროგრამირების სწავლება სასკოლო დონეზე უფრო მასიური გახდება. ამ დარგის გარეშე დღეს ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება. ორი წლის წინ „გუგლმა“ ჩაატარა დიდი შეჯიბრება, სადაც ყველა პროგრამისტს შეეძლო მონაწილეობის მიღება. 26 ათას პროგრამისტსა და 15 ათასი გუნდიდან ქართველმა პროგრამისტებმა მესამე ადგილი აიღეს. ეს ძალიან დიდი შედეგია. რა ამოცანებიც „გუგლის“ წინაშე რეალურად დგას, ის ამოცანები ჰქონდათ შეტანილი ოლიმპიადაზე და ასეთ შეჯიბრებაში ჩვენი შედეგი უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ჩვენთან ამას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. არადა, რამდენიმე წელიწადში ეს დარგი მთელ მსოფლიოში წამყვანი გახდება. კარგი იქნება, თუ ამას გავაცნობიერებთ და მის განვითარებას ხელს შევუწყობთ.
– ეს ოლიმპიადა მათთვის მნიშვნელოვანი სტარტია, არა?
– ბიჭები, ვინც ამ ოლიმპიადებზე მედლებს იღებენ, მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში მუშაობენ და თან დიდი წარმატებებით. ათი „გუგლში“ მუშაობს, მუშაობენ „ფეისბუქში“ და სხვა ცნობილ ფირმებში. ზუსტად ამ ოლიმპიადების დამსახურებაა მათი წარმატება. დაახლოებით ოცდაათნი არიან და ვფიქრობ, როცა მათი რაოდენობა გაიზრდება, ამ დიდი კომპანიების ფილიალები საქართველოშიც აუცილებლად გაიხსნება ან სტარტაპ კომპანიებს თვითონვე გახსნიან.
скачать dle 11.3