№38 ვინ იღებს ელგა ფორჩხიძეზე დოკუმენტურ ფილმს და როგორ იწვევენ მას საფრანგეთისა და ინგლისის უძველეს შატოებში სამღერლად
ის საოცრად ნიჭიერი მომღერალია, ძლიერი ქალი, რომელსაც უკვე აღარაფრის ეშინია. ელგა ფორჩხიძე დღეს პარიზში, ძალიან ცნობილ კაბარეში, საფრანგეთის უძველეს შატოებში მღერის და პარალელურად, ულამაზეს სამკაულებს აკეთებს. ის წარმატებული და აქტიური წლის შემდეგ, ზაფხულში, ცოტა ხნით საქართველოში, მშობლებთან ჩამოვიდა დასასვენებლად.
– ელგა, შარშან, ამ დროს ულამაზესი სამკაულების დამზადებით აქტიურად იყავი დაკავებული, გამოფენაც მოაწყვე. წელს ამ კუთხით დიდად არ აქტიურობ. იმედია, ამ საქმისთვის თავის დანებებას არ აპირებ, რადგან ძალიან კარგად გამოგდის.
ელგა ფორჩხიძე: არანაირად. პირველი ამოფრქვევასავით იყო, ენერგია გამოვიდა და ახლა უკვე დაღვინდა. რასაც ვქმნი, უკვე ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებ. ჩემი პროფესია სიმღერაა, თუმცა, ეს ორი საქმე ერთმანეთს ძალიან უხდება, ავსებს. მე უკვე სულ ჩემს სამკაულებს ვატარებ. სასწაულად აქტიური წელი მქონდა. ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე: ელგა სასიამოვნოდ დაღლილიაო. მართლაც სასიამოვნოდ დაღლილი ვარ. ჩემი საქმე თუ მღლის, ეს ბედნიერებას მანიჭებს, რადგან ზუსტად იქ იხარჯები, იქ დებ ენერგიას, რაც გიყვარს. არ ვიცი გამიმართლა, თუ ჩემი დიდი მონდომების დამსახურებაა, რომ უკან არ დავიხიე. რადგან ბევრი ურთულესი პერიოდი გამოვიარე. კარგად ჩანს: პარიზი, კაბარე... მაგრამ ამ ყველაფერს სიმძიმეები ახლავს თან. თუმცა, ეს არანაირად არ არის საწუწუნო. პირიქით, ვფიქრობ, თუ შენს შვილს არ აქვს სირთულეები, ძალით უნდა შეუქმნა, რომ მათი გადალახვა ისწავლოს. ახლა მე არაფრის აღარ მეშინია, ნებისმიერ სირთულეს გადავლახავ და ნებისმიერ სიტუაციაში დავიწყებ ნულიდან. ეს თავიდან ძალიან დიდ ტრაგედიად მიმაჩნდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მომცა ძალა, ეს ყველაფერი გადამელახა.
– ოჯახში როგორ გრზდიდნენ, გასწავლიდნენ სირთულეებთან ბრძოლას?
– გავიზარდე ისე, როგორც სხვა ბავშვები – ლამაზად რომ უსახავენ ყველაფერს. მაგრამ ისეთი პერიოდები გამოვიარეთ ყველამ... საერთო ფონიდან გამომდინარე, შემხვდა სირთულეები. მაგრამ ბავშვობა უპრობლემო მქონდა, თუმცა იქაც იყო პრობლემები. ჩვენ სამნი ვიყავით, საშუალო შეძლების ოჯახი გვქონდა: გვეცვა, არ გვშიოდა და განათლებას ვიღებდით... ახლა ქალბატონი თამარ ბართაია – სცენარისტი, დრამატურგი, რეჟისორი, თავის ძმისშვილთან, გიორგი ბართაიასთან ერთად, ჩემზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. სულ მეუბნებოდა: ელგა, შენს თვალებში რაღაცას დიდს ვხედავ, მინდა, ეს სიღრმეები
გავხსნაო. მერე დავმეგობრდით და მითხრა: ზუსტად ის პერსონაჟი ხარ, როგორიც მე მჭირდებოდაო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე სიცოცხლეშივე გადაიღებდნენ ფილმს. ძალიან შემეშინდა. პერსონაჟია ერთი გოგონა, რომელიც თერჯოლაში დაიბადა, მდინარე ჩხარაზე გაიზარდა, დიდი გზა გაიარა და პარიზის ცნობილ კაბარეში მოხვდა. გადაღებები უკვე დავიწყეთ. ჩხარაზეც გადავიღეთ, რომელიც ახლა ღელეა. ჩემი ბავშვობის ადგილები ვნახეთ, ჩვენი კინოთეატრი, რომელიც მიტოვებულია, საშინელ მდგომარეობაშია, წყალია ჩამოსული, იატაკი – ჩავარდნილი... გული დამეწვა. სამწუხაროა, რომ ერთ კინოთეატრს ვერ მიხედეს. ისიც გადაიღეს, დედასთან ერთად რომ ვმღერი. დედა ბოლო პერიოდში ავადმყოფობს, არ უნდოდა, მაგრამ უარი ვერ მითხრა და
ლამაზი, ტკბილი იმერული სიმღერა გამოვიდა. ხალისი არ ჰქონდა, მაგრამ მადლობა, რომ უარი არ მითხრა.
– მგონი, იმერეთში სოფლის მეურნეობასაც მიჰყავი ხელი: ნიყვითა და საზამთროებით ხელში პოზირებდი. შენი და ანგელას დამონტაჟებული ფოტოც კი დადე.
– ეს გასართობი თემა იყო. ყველამ დაიჯერა, რომ პალმის გვერდით ნიყვი მოდის. რომ დავინახე ანგელას ხონჩაზე დადებული ნიყვი ეჭირა ხელში და მეც მქონდა ასეთი ფოტო, მივამონტაჟე და დავაწერე: მე და ანგელას კარგი გემოვნება გვქონია-მეთქი. ვიხალისე. ნიყვი უღელტეხილზე ვიყიდე. დიდი ხანია, არ მიჭამია სოკო, მით უმეტეს, ნიყვი. მე და სოფლის მეურნეობა ერთად ცოტა მოვიკოჭლებთ. მაგრამ თუ დამჭირდება, მაგასაც შევძლებ.
– როგორც მითხარი, ძალიან წარმატებული წელი გქონდა.
– კი, ძალიან. რამდენიმე ძველ, ფრანგულ შატოში მომიწია გამოსვლა. ისინი მთელი საფრანგეთის მასშტაბით არიან მიმობნეული. ერთი იყო შამბორის შატო, რომელიც ლუი მეთოთხმეტეს დროს არის აშენებული. ეს არის ზღაპარი, ულამაზესი, მასშტაბური. იქ გაიმართა ირაკლი ნასიძისა და მისი მეგობრის ჩვენება, საოცარი სანახაობა იყო. მისი მიწვევით, დეფილეს შემდეგ მე და ჩემმა ჯგუფმა და კიდევ ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ვიმღერეთ. ძალიან მალევე ვიყავი მეთორმეტე საუკუნის შატოში. დროში მოგზაურობ, იმდენად დაკონსერვებული აქვთ, იმდენად უვლიან, კერძო პირებზე აქირავებენ და ასე გგონია, რომ მეთორმეტე საუკუნის პრინცესა ხარ და იქვე, სადღაც პრინცი დაჯირითობს ცხენით. შემდეგ ინგლისში, ძალიან ლამაზ სასახლეში ვიყავი. ეს ყველაფერი იყო ზღაპრული.
– პრინცესად გრძნობ ხოლმე თავს, გაქვს პრინცესის თვისებები?
– ჩემში ორი გოგონაა: ერთი ძალიან ძლიერი და მეორე – ნაზი, პრინცესა. ეს ხომ წარმოუდგენელია, არ ვარ ძალიან ნაზი. მაგრამ იმ გარემოს, სადაც ვარ ხოლმე, ძალიან ვიფერებ. ერთმა ისიც მითხრა: ელგა, მგონი, ეს სასახლე შენთვის შეიქმნაო და მეც შევიფერე. რადგან გარდა იმისა, რომ მე ვგრძნობ ამას, მსიამოვნებს, სხვებიც რომ ამჩნევენ. მე უარს არ ვიტყვი ასეთ სასახლეში ცხოვრებაზე.
– თან პრინცთან ერთად.
– ეს ხომ საერთოდ დამაგვირგვინებელი იქნებოდა. ზღაპრების დიდი ხანია აღარ მჯერა, თუმცა მინდა, რომ მჯეროდეს. მჯერა სიტუაციის შექმნის, განწყობის, ენერგიის. არანორმალურად ვიღლები – ღამის რეჟიმი, ნესტი, ხმა მიმდის, მაგრამ სირთულეების მართვა ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ ადრეც ასეთი ძლიერი ვიყავი, მიჭირდა ხოლმე. მაგრამ ახლა ვპოულობ ძალას, რომელსაც ახალი ენერგია მოაქვს. ყველაფერი ჩვენშია, ყველა გასაღები –
წარმატებისაც და წარუმატებლობისაც. როცა რაღაც არ გამოდის, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვა: რატომ არ გამომდის? ადრე ყოველთვის სხვას ვაბრალებდი. ყველა პასუხი შენს თავშია და მადლობა ღმერთს, რომ გასაღებებს ხშირად ვპოულობ.
– შენი გულის გასაღები ვერავინ იპოვა თუ იპოვეს და ვერ მოარგეს?
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გულის გასაღების პოვნა ძალიან ძნელია. შეიძლება, იმდენად მარტივი იყოს, რომ თვითონაც გაუკვირდეთ. ადამიანები ცდილობენ, შთაბეჭდილებები მოახდინონ, მაგრამ შეიძლება, ჩემთვის ერთი მზრუნველობითი ჟესტი იყოს ბევრის მთქმელი. პირადად მე ზრუნვა და თანადგომა მჭირდება. ადამიანის გადაკეთება დიდი შეცდომაა და როცა ჩემს გადაკეთებას ცდილობენ, მე იქ კომფორტს ვეღარ ვპოულობ, ამიტომ მირჩევნია, იმ სიტუაციას გავეცალო. სიყვარული ავადმყოფობაა, ზოგჯერ წითელასავით შეგეყრება და უმართავი ხდები, მიყვები დინებას. ბევრი ემოციური ფონის, მოქმედებების თანხვედრაა სიყვარული. თავდადებაც არის, უარის თქმა რაღაცაზე, თავგანწირვა... ასეთ დროს ხელი უნდა მოჰკიდო ადამიანს და არ გაუშვა, რადგან დაკარგვა ძალიან ადვილია. პოვნა კი იმ ადამიანის, რომლის თვალებშიც შენს ანარეკლს ხედავ – ძნელი. მე მინანია რაღაცები. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი მაგარი გოგო ვიყავი, რომ ყველა მე მეხვეწებოდა, უბრალოდ, კონკრეტულ მომენტებში რაღაც არ დავთმე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამაზეც დიდხანს გაჩერება და სინანული არ ღირს, რადგან დრო არ ჩერდება. ვიღაცას აქვს ის დანიშნულება, რომ უნდა ამრავლოს და ზარდოს და ჩემი დანიშნულება კი, ალბათ, ისაა, რომ ჩემი სიმღერით სამყარო ვახარო.
– „წითელა“ შენც შეგყრია?
– კი, შემყრია და კონტროლიც დამიკარგავს. თუმცა, ესეც სასიამოვნოა. ხელოვანი ადამიანის გადმოსახედიდან, მჭირდება ემოციური ფონი, თუნდაც უარყოფითი. სხვანაირად ვერ გაიზრდები. ემოციური ფონი მჭირდება – წითელაც მჭირდება, ყბა-ყურაც და ყველაფერი. მიუღწეველი სიყვარულიც საჭიროა, შორით რომ ეტრფი. ახლა შორით ტრფობა მაქვს, ისიც მაძლევს სტიმულს და მეც ვაძლევ. ნებისმიერ ასაკში ქალსაც, კაცსაც მუდმივად სჭირდება ვინმესგან მხარდაჭერა, თუნდაც ემოციური, რომ შენ ვიღაცისთვის სასურველი ხარ. მეცოდება ის ადამიანი, ვინც თავს გადადებს და ამბობს: რაღა დროს ჩემი სიყვარულია. როგორ არ არის? სიყვარული ყოველთვის საჭიროა, ყველა ასაკში და ყველა დროში.