№38 როგორ უწინასწარმეტყველა ბედუინმა მედეა ადამიას ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარება და რატომ უთხრა მან ცოლობაზე ცივი უარი ებრაელ მილიონერებს
მედეა ადამიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – ის ახალი წლისთვის დაოჯახებას აპირებს. მედეამ ზაფხული ისრაელში გაატარა, სადაც საინტერესო თავგადასავლები გადახდა, ებრაელი მილიონერი თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა, რომლებიც ხელის სათხოვნელად მედეასთან ოჯახებით მიდიოდნენ... ებრაელია თუ ქართველი მედეას რჩეული, რა უწინასწარმეტყველა მას ბედუინმა ეგვიპტის საზღვარზე და როგორ გაჰიტდა მისი სიმღერა ისრაელში ინტერვიუდან შეიტყობთ.
მედეა ადამია: ისრაელში მთელი ორი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი. ჩემი დაბადების დღეს, 7 ივლისს ჩავედი, მინდოდა, წელს განსხვავებულად შევხვედროდი და ჩემს ებრაელ ნათესავებთან ერთად ფანტასტიკურად აღვნიშნე. მოგეხსენებათ, დედით ებრაელი ვარ, მამით – მეგრელი. ისრაელში უამრავი ნათესავი მყავს და მათთან ხშირად ჩავდივარ სტუმრად. ძალიან მიყვარს ჩემი ებრაელი ნათესავები, ისინიც ქართველი ებრაელები არიან. ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს – საქართველო და ისრაელი. ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოა – ჯერ ქართველი ვარ და შემდეგ ებრაელი. თვით ქრისტე იყო ებრაელი და მე, როგორც ქრისტიანმა, მოვიარე წმიდა ადგილები, იორდანია, ნაზარეთი... ყველგან ვიყავი, სადაც იესო ქრისტე დადიოდა.
– შენი დაბადების დღე როგორ აღნიშნე?
– დაბადების დღე აღვნიშნე სამ ქალაქში: ბერშავაში, ბათიამში, თელავივში – რესტორნიდან რესტორანში გადავდიოდით. ძვირფასი საჩუქრებიც მივიღე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ფასს, მთავარია, ჩემს დაბადების დღეს ვისთან ერთად ვხვდები და ჩემს გარშემო ვინ არიან. თავისთვად, ცუდი გულის ადამიანებთან არ ვიქნებოდი. ყოველთვის კეთილის მსურველები მყავს გარშემო. ბოროტი სულის ადამიანები ჩემთან ვერ ჭაჭანებენ. ელათში დავისვენე. ყველა ტურისტისთვის თელავივია ცნობილი, მაგრამ ასე არ არის. ელათი საუკეთესო კურორტია ისრაელში, სადაც არის წითელი ზღვა.
ერთ დღეს, მე და ჩემი ებრაელი ნათესავი მადონა და მისი მეგობარი გოგო გავემგზავრეთ აშქელონისკენ საცურაოდ, გასარუჯად, სადაც არის ზიკიმის სანაპირო. საჭესთან მე ვიჯექი, ისინი საუბარში გაერთნენ და დაავიწყდათ ეთქვათ, რომ მარცხნივ მომეხვია, მე კი პირდაპირ გავაგრძელე გზა, როცა გავცდით სამხედრო ბაზას და უცნაური უდაბნო დავინახე, ვიკითხე, სწორად მივდიოდით თუ არა, ისტერიკული სიცილი აუტყდათ (იქ ყველაფერს ღიმილით გამოხატავენ) – ღაზას გზას დაადექიო. სამხედრო ბაზას გავცდი თუ არა, მანქანა გამიჩერდა, წინ ვერ მივდიოდი, კინაღამ კედელს შევეჯახე – ლაზერით გამაჩერა ჯარმა.
– სირიის საზღვართან როგორ აღმოჩნდი?
– მე და ჩემი ებრაელი ნათესავი, მადონა, დასასვენებლად ელათში წავედით. წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, სირიისა და ეგვიპტის საზღვართან. სირია დაახლოებით ერთი კილომეტრის სავალზეა, ეგვიპტე კი – ორასი მეტრის მანძილზე. მადონას ვუთხარი, ძალიან მაინტერესებს ეგვიპტის საზღვარი და მოდი, გავიაროთ-მეთქი. გადასვლაც შეგვეძლო, მაგრამ არ გადავედით, სურვილი არ გამიჩნდა. სურათები, ვიდეოები გადავიღე. მარჯვენა მხარეს არის წითელი ზღვა, ის სანაპირო და მარცხენა მხარეს – ოქროსფერი მთები და უდაბნო. მთებისკენ ბედუინების კარვები დავინახე, აწერია ბედუინების კაფე – „კოფი. კოფი“. მადონას ვუთხარი, შეგვევლო და გაგვეგო, როგორ გრძნობენ არაბები ისრაელში თავს, ჟურნალისტურად გამომეკითხა, გამომეძია. ისრაელიანელი ბედუინების კაფეში შევედით. შესვლისთანავე მივესალმე – „სალამ ალეიქუმ“, იმანაც მიპასუხა – „შალომ“, მიხვდა, რომ ტურისტი ვიყავი. მერე კი მითხრა: მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი და მდიდარი ქალი იქნები და ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს მოაგვარებო. მიწინასწარმეტყველა, რომ სამი შვილი მეყოლება – ორი ბიჭი და ერთი გოგო და ძალიან ბედნიერი ოჯახი მექნება.
– სიმღერების ჩაწერა მართლა დაიწყე?
– კი, ჩავწერე, ჩემი სიმღერა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გაიჟღერებს. ბერშევში არის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ყველაზე დიდი კლუბი, „ფორუმი“ ჰქვია და იქ უკვე ჰიტია. სიმღერაში ვამბობ გალაკტიონის ლექსის პირველ სტროფს: „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი...“ სიმღერა ჩემთვის ჰობია, მაგრამ არ არის გამორიცხული, დიდ სცენაზეც მიხილოთ. სიმღერა ებრაელი ნათესავის სტუდიაში უნდა ჩამეწერა და ქალაქ სდეროტში ჩავედი. სდეროტი ის ქალაქია, სადაც ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს ფოიერვერკივით ცვივა ბომბები, წითელი ზონაა, სიმღერის ჩაწერის დროს ისე დააზანზარა კედელები, რომ რამდენიმე წუთი ბუნკერში გავატარე.
– ებრაელი თაყვანისმცემლებიც გამოგიჩნდებოდნენ...
– რა გითხრა, ხელის სათხოვნელად მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ოჯახში მოდიოდნენ. მათი მშობლები დღემდე მკითხულობენ. მათთან კი კავშირი არ მაქვს, ცივი უარით დავემშვიდობე ყველას. იყვნენ მილიონერები, მდიდრები, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფული არ არის. პირადად ჩემთვის ფული საჭიროა, ჩემი ცხოვრებისთვის, მე მიყვარს ფული. მოვიშველიებ ჯეკ ლონდონის სიტყვებს: „ფული ჩემთვის არის ყველაზე დიდი თავისუფლება“, მაგრამ იმაზე არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ქმარი ოლიგარქი იყოს. ჩემი ქმარი უნდა იყოს პატიოსანი, წესიერი, ლამაზი გარეგნობის, ჯანმრთელი, კარგი გენეტიკის მქონე. ცოლქმრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მოდიოდნენ მშობლებით, დებით, ძმებით და ჩემს ნათესავებს სთხოვდნენ, რომ ცოლად გავყოლოდი, ყველა მე მიყურებდა, რა პასუხს ვიტყოდი. ისრაელში ხელის სათხოვნელად მართლა კარგი ბიჭები მოდიოდნენ. ვიტყვი, რომ ძალიან სიმპათიური, ლამაზთვალება ბიჭები იყვნენ, ხომ ნათქვამია: „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“, მშობლებსაც ვხედავდი და კარგები იყვნენ, მაგრამ ბავშვობიდან ყოველთვის დამყვება ის ფიქრი და შეგრძნება, რომ ჩემი მეორე ნახევარი არის ქართველი, საქართველოში დაბადებული და ქართულ მენტალიტეტზე და ტრადიციებზე გაზრდილი, ჩემნაირი მორწმუნე, მართლმადიდებელი ბიჭი. მამაჩემსაც პირობა მივეცი, რომ ქართველს გავყევბოდი ცოლად. ჩემი ებრაელი იცხააკ ძია მეუბნებოდა, შენ მხოლოდ ქართველს გაუგებ, ებრაელ ქმარს ვერ გაუგებო და მართალიც არის.
– შენს პირად ცხოვრებაში არის რამე სიახლე?
– იანვარში აუცილებლად შევქმნი ოჯახს. ჩვენ უკვე დავინიშნეთ. ჩემი რჩეული არის ძალიან კარგი, განათლებული, ზესიმპათიური ადამიანი. ვაღიარებ, პირველ რიგში, მისი გარეგნობით მოვიხიბლე, მერე ვისაუბრეთ და – ლაპარაკითა და აზროვნებით. არის ტრადიციული ქართველი მამაკაცი, კონსერვატორი, აზიატი, ვაჟკაცი ბიჭია და ისეთია, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუკავშირებ ბედს. საჩუქრებს მიკეთებს, მაგრამ ის ადამიანი თავად არის ჩემი საჩუქარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თვითონ პიროვნება იყოს ჩემთან სულიერად და გონებრივად შერწყმული. მთავარია, მასთან სულიერად ვიყო შევსებულად, დანარჩენი, ხორციელიც, უმნიშვნელოა ჩემთვის.