№38 სად იპოვა ნინო მუმლაძემ ქმრის მაგივრად საკუთარი ორეული და ვისთან ერთად წარმოუდგენია მას „თაფლობის თვის“ გატარება
იშვიათად მინახავს ისეთი პოზიტიური და ხალისიანი ადამიანი, როგორიც მსახიობი ნინო მუმლაძეა. ყველა მის თავს გადამხდარ ისტორიას ისე ყვება, გინდა, უსმინო და მასთან ერთად, გემრიელად იცინო. ამბობს, რომ ყველა იმ მოვლენას, რაც მის გარშემო ხდება, მხოლოდ პოზიტივით უყურებს. ახლახან ნინოს ორეულიც გამოუჩნდა. თუმცა, რის გამო ვერ შეხვდა მას და ვისთან აპირებს გონდოლაში „თაფლობის თვის“ ძილში გატარებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო მუმლაძე: ეს ზაფხული ჩემთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, ბებია მყავდა ძალიან ცუდად. 90 წლისაა, მისი მოსახელე ვარ, მისი გარზდილი და სიგიჟემდე მიყვარს. განვიცდიდი, ვინერვიულე, რამე არ დაემართოს-მეთქი. მაგრამ მადლობა ღმერთს, ახლა კარგად არის. მართალია, ამის გამო, ოჯახმა ვერ დავისვენეთ, მაგრამ რადგან კარგადაა, არ დავეძებთ.
– ამბობ, არ დამისვენიაო. ანაკლიაში გადაღებული ფოტოები რომ ვნახე?
– დიახ, ბებო რომ გამოჯანმრთელდა, რამდენიმე დღით, დასთან ერთად „გავძვერი“ დასასვენებლად (იცინის). ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გახლდით და ძალიან ვისიამოვნე. ეს მუსიკა მიყვარს, მესმის და ამ შანსს, ხელიდან ვერ გავუშვებდი. ვერ ვუგებ იმ ხალხს, ვინც ამბობს, როცა ქვეყანაში გაჭირვებაა, მსგავს ფესტივალებში ფულს რატომ ხარჯავენო. მიმაჩნია, რომ „ჩექინ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიება, ძალიან დასაფასებელია. ბევრი ადამიანი ვნახე და მიხარია, რომ ელექტრონული მუსიკა, საქართველოში თავის სიტყვას ამბობს.
– თქვი, კარგად გავერთე, მუსიკით ვისიამოვნე და ბევრი ადამიანი ვნახეო. სასწრაფო დახმარების მანქანები თუ შეამჩნიე?
– ისევ და ისევ ქართველების პრობლემა ისაა, რომ ჰგონიათ, თუ მსგავს ღონისძიებაზე არიან, აუცილებლად პრეპარატი უნდა მიიღონ, რომ გაერთონ. მე არაფერი მიმიღია, სრულიად ფხიზელი ვიყავი, მაგრამ ძალიანაც გავერთე, ვიცეკვე კიდეც და ვისიამოვნე. არ არის აუცილებელი, იყო ხამი და თუ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ხარ, ნარკოტიკი ყლაპო. კიდევ ვამბობ, პირადად მე, გართობისთვის და მუსიკის მოსასმენად, ნარკოტიკი და სასმელი არ მჭირდება. ვერ ვხვდები, „გაგლეჯილ კაიფში“ რატომ უნდა იყო, როცა მუსიკა გსიამოვნებს და ისედაც „კაიფში“ ხარ. ყველას მინდა ვუთხრა: სანამ რამეს ჩაიყრით პირში, მანამდე კარგად დაფიქრდით, გიღირთ თქვენი სიკვდილით ამდენი ადამიანის გაუბედურება?
– ნინო, მართალია, რომ ორეული გამოგიჩნდა და ისე გგავს, ბევრი ვერ გასხვავებთ, მათ შორის, დედაც?
– ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ჩემმა მეგობარმა, არტურ სტეპანიანმა მომწერა, კომპანიისთვის ვეძებდი გოგონას და შენი ორეული აღმოვაჩინე, დიანა კარაპეტიანიო. სურათი რომ გადმომიგზავნა, მეც გავოგნდი, ისე მგავდა. დედაჩემს რომ ვანახე ფოტო, უი, აქ რა სხვანაირი ხარო (იცინის). ერთი გაფიქრება, გავიფიქრე, ნეტავ, ჩემმა სანათესაომ, რამე ხომ არ იმაიმუნა-მეთქი (იცინის). თან, ეს გოგონა თბილისში ცხოვრობს და მიკვირს, რომ არასდროს შემხვდა, თორემ ხომ გამოვემცნაურებოდი.
– მისი გაცნობის სურვილი არ გაქვს?
– როგორ არა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე. მისი ფოტო სოციალურ ქსელში რომ დავდე და დავაწერე – ჩემი ორეული-მეთქი, თავად ჩემმა ორეულმა დააკომენტარა: მეუბნებოდნენ, ერთ გოგოს ძალიან ჰგავხარ, მაგრამ ასე თუ გგავდით, ჩემთვისაც დაუჯერებელიაო.
– ერთხელ მითხარი, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბევრი მეკითხება, რატომ არ ვთხოვდები და ეს კითხვა მაღიზიანებსო. მოდი, პირდაპირ გკითხავ და არ გაბრაზდე – შენს პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის? გამოჩნდა საყვარელი მამაკაცი?
– ძალიან შემაწუხა კითხვამ: როდის თხოვდები? ასეთ კითხვას გაყინული ღიმილით ვპასუხობ და ამით ვანიშნებ, მოდი რა, შენ საქმეს მიხედე! რა უნდა ვუპასუხო? რატომ არ ვთხოვდები? როგორ ფიქრობენ, რომ მქონოდა შანსი, ბედნიერი ვყოფილიყავი, არ გამოვიყენებდი? ან ჩემს გათხოვებაზე ისინი ჩემზე მეტად ღელავენ? თან, ვერსად წავსულვარ მეგობართან ერთად, რომ ეგრევე, მის შეყვარებულად მაცხადებენ. პატარა აღარ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, საყვარელი მამაკაცი ჯერ ვერ ვიპოვე, თორემ არ დავმალავდი. ზოგადად, არ მიყვარს პირადი თემების გასაჯაროება და ხმამაღლა საუბარი იმაზე, რაც მხოლოდ მე მეკუთვნის. რასაკვირველია, მეც მყვარებია, თუმცა, ჩემს ცხოვრებაზე, ყველასთან არ ვსაუბრობ.
– ერთი პერიოდი შენზე და გიორგი გაგლოევზე ჭორაობდენენ, შეყვარებულები არიანო. ვიცი, რომ მეგობრები ხართ, მაგრამ კვამლი რომ ცეცხლის გარეშე არ ჩნდება?
– ჩემი და გიორგის სასიყვარულო რომანზე ყოველ სეზონზე, ახალ ჭორებს ვიგებ. არადა, ჩვენ მეგობრები კი არა, ფაქტობრივად, და-ძმა ვართ. ერთი ბიჭით ვიყავი გატაცებული და იმ პერიოდში, ის სხვაგან წავიდა დასასვენებლად და მე და გაგლო კი – ევროპაში. თან, ერთ ნომერში დავბინავდით (იცინის). ამას წინათ ჩემმა მეგობარმა დადო ვიდეო: ორი მოხუცი ზის გონდოლაში და ხვრინავს – იმის მაგივრად, რომ სილამაზით და ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ. ეს რომ ვნახე, ვთქვი: ჩემი „თაფლობის თვე“ უკვე, წინასწარ ვიცი, როგორი იქნება-მეთქი (იცინის). კომენტარი რომ დავუწერე, ესაა ჩემი მომავალი-მეთქი, გაგლომაც მიაკომენტარა: კი, ზუსტად ესაა, ოღონდ, ქმარი სახლში იქნება და მე – შენ გვერდითო (იცინის).
– რა შუაშია შენს „თაფლობის თქვესთან“ მოხუცები და გონდოლა?
– ისეთ ასაკში მომიწევს გათხოვება, „თაფლობის თქვეში“ ჩემი თავი გონდოლაში, მძინარე წარმომიდგენია, თანაც, ქმართან ერთად კი არა, ისევ გაგლოს გვერდით (იცინის).
– ნინო, ერთი პერიოდი საკმაოდ დაიკელი წონაში. ახლაც, დიეტობ და ვარჯიშობ?
– დიახ. ერთი პერიოდი, საკმაოდ დავიკელი. ეკრანი მასუქებს და „ლაივში“ რომ მხედავენ, შეიცხადებენ ხოლმე – უი, უფრო გამხდარი ყოფილხარო (იცინის). სამწუხაროდ, ვარჯიშის ნებისყოფა არ მაქვს. ბევრს უთქვამს, ვარჯიშისგან სიამოვნებას ვიღებო, ჩემთვის კი ეს ტანჯვაა. მომკალით და, ასეთი ადამიანების, არ მესმის. ბოლო პერიოდში, რომ ვიცოდი, ვარჯიშზე ვიყავი წასასვლელი, დილით ტანჯვით ვიღვიძებდი. ბოლოს მივხვდი, აღარც ასეთი დაკლება მინდა და აღარც ასეთი ფორმაში ყოფნა. 15 კილო კი დავიკელი, მაგრამ ცხრა მოვიმატე და ვარჯიში აღარ გამაგონოთ! ისევ, დიეტაზე დავჯდები, სხვა გამოსავალი არ მაქვს.