კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ზურაბ ვარშანიძე – სცენაზე გატარებული 50 წელი და თაობებისთვის სანთლის შუქზე ნასწავლი ცეკვა

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

არიან ადამიანები, ვინც საქმეს ჩუმად,  უხმაუროდ აკეთებენ, მაგრამ ისეთი გულით, რომ ისტორიის ეპიზოდებს ქმნიან. ქართული კულტურის ასეთ მოამაგეთა  შორისაა  ზურაბ ვარშანიძე –  დამსახურებული, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი.  ხუთ   ათეულ წელზე მეტია, რაც  სცენაზე დგას. როგორც ქორეოგრაფს, არც წოდება  დაჰკლებია და არც ტიტულები, თუმცა ქართული ხელოვნების, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის დიდ მოამაგეს  თავის ყველაზე დიდ დამსახურებად  მაინც   ახალგაზრდების, ახალი თაობების გაზრდა მიაჩნია. მაშინ, როდესაც, როგორც მთელ საქართველოში, ასევე  აჭარის ულამაზეს სოფელ თხილნარში, ცხოვრება ძალიან ჭირდა, ბატონი ზურაბი ხელვაჩაურის რაიონის  ოთხი სოფლის მოზარდებს ქართულ ცეკვებს სანთლის შუქზე ასწავლიდა. ის წლების განმავლობაში თხილნარის კულტურის სახლის დირექტორიც იყო და ქართული  ცეკვისა და  ფოლკლორის  მაგიას არაერთი თაობა აზიარა. კულტურის განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის ზურაბ ვარშანიძე  2012 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, თუმცა თავად მიაჩნია, რომ მისი მთავარი ჯილდო მაინც სცენაა, სცენა, სადაც 72 წლის ქორეოგრაფი დღესაც განსაკუთრებული ემოციით გამოდის და კვლავ ენერგიითა და ერთგულად უძღვება საყვარელ საქმეს, რომელსაც ათეული წლები  ღირსეულად  ემსახურა.       
ზურაბ ვარშანიძე: სცენაზე პირველად გერმანიაში დავდექი, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავდიოდი. ცეკვა ყოველთვის მეხერხებოდა, თუმცა მაშინ პროფესიული განათლება არ მქონდა – იმ დღეს თბილისის „დინამო“ კარლმარქსშტატის „დინამოს“ ეთამაშებოდა, ჩვენი გუნდის მხარდაჭერა სცენაზე ცეცხლოვანი ცეკვითა და სიმღერით გამოვხატე. როდესაც  ჯარიდან დავბრუნდი, ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე და პროფესიულ სცენაზე დავდექი. ცეკვა იყო  ჩემი ცხოვრების ერთადერთი მიზანი.  მიწვევით ვცეკვავდი სხვადასხვა ანსამბლში, მათთან ერთად გამოვდიოდი გასტროლებზე გერმანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში. სპეციალურად მიმიწვიეს  ტარტუს უნივერსიტეტში, ასევე, კუნძულ ხიუმაზე – ფინეთის საზღვართან, ბულგარეთში. ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა მოსკოვში. ჩვენ იქ ყველას საოცარი გამოსვლით დავამახსოვრეთ თავი. მქონდა საშუალება ცნობილ ანსამბლებში მეცეკვა, მაგრამ გულმა მაინც ჩემი მშობლიური ხელვაჩაურისკენ გამომიწია. აქ დავბრუნდი, რაც არასდროს არ მინანია.  
– იმ დროში, როდესაც ცხოვრება გართულდა, პერიფერიაში  ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის მოამაგე კაცის ცხოვრება  არ იყო რთული?
 – მარტივიც არ იყო, მაგრამ  მე  ცეკვის  გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. მაშინაც კი, როცა  მთელ ქვეყენას უჭირდა და აჭარაშიც ბნელი და უკუნი იყო,
ბავშვებს ცეკვას სანთლის შუქზე ვასწავლიდი. 1973 წელს  დავინიშნე თხილნარის საშუალო სკოლაში ქორეოგრაფ-მასწავლებლად, ოთხ წელიწადში – თხილნარის კულტურის სახლის ხელმძღვანელად.  მას შემდეგ აქაურობა არ მიმიტოვებია. 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, სკოლებში დაიშვა ქართული ხალხური ცეკვის გაკვეთილები, სპეციალური პროგრამა იყო შექმნილი, მაგრამ   სამწუხაროდ,  2015 წელს სკოლაში ცეკვის გაკვეთილები გააუქმეს. არ ვიცი, რას უნდა შევადარო ის მდგომარეობა, რაშიც მე აღმოვჩნდი. ოთხ სკოლაში ვატარებდი ხალხური ცეკვის გაკვეთილებს, ჩემი ჯამაგირი ოთხივე სკოლაში 80 ლარი იყო, მაგრამ ამას არაფრად მივიჩნევდი. 4 კილომეტრს გავდიოდი ფეხით, რომ გაკვეთილი არ გამეცდინა, ბავშვი არ მომეტყუებინა. მთელ ცხოვრებას რომ მიუძღვნი საქმეს და ერთ დღეს გეტყვიან, აღარ არის საჭიროებაო, ხომ ხვდებით, ეს რა მძიმეა.  საბედნიეროდ, ჩემს სოფელში, თხილნარში დღემდე ვასწავლი ბავშვებს  ცეკვას, ბავშვები სხვა სოფლებიდანაც  დადიან. მე ამ საქმით  ვცოცხლობ, მომავალ თაობებს ვასწავლი იმ სიყვარულს, რაც ახლავს ჩვენს ცეკვებს – ეს არის ენის, მამულის, სარწმუნოების სიყვარული, რომელიც ქართულ ცეკვაშიც გამოსჭვივის და ქართულ ფოლკლორშიც. მხოლოდ ამით თუ შევინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულობას, ქართულ სულს. ყველა ქართული ცეკვა, განურჩევლად, ერთნაირად მიყვარს, მაგრამ როგორც აჭარელს, აჭარული ცეკვა გულში სხვანაირად მაქვს ჩაბეჭდილი!      
– თქვენი ოჯახიდან ვინმემ თუ გააგრძელა თქვენი გზა, ჩართული არიან  თქვენს საყვარელ საქმეში?
– ჩემი მეუღლე, მაგული ფილოლოგია, წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდა.  ერთი ქალიშვილი მყავს, მაია, რომელიც  პროფესიით მენეჯმენტის სპეციალისტია, ცეკვას არ გაჰყვა. რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი შვილი, თენგო ვარშანიძე. ის ნამდვილად  კარგად ცეკვავდა და რომ დაცლოდა, ალბათ, კარგი ქორეოგრაფიც  დადგებოდა.  მახსოვს, პატარა იყო, ალბათ, მეოთხეკლასელი, მისი მეგობარი  ბიჭი მოვიდა და  უთხრა, ცეკვის სწავლა მინდა და ფული არ მაქვსო.  ძალიან კეთილი გული ჰქონდა ჩემს შვილს,  მომიყვა ეს ამბავი, მამა ამ ბიჭს ფული არ აქვს და ცეკვა უნდაო,  მას შემდეგ  უანგაროდ, ვმუშაობდი. ახლა ცეკვას ჩემს შვილიშვილს ვასწავლი – ქალიშვილის ვაჟს, გაგა მარჯანიძეს.  პატარაა, მაგრამ  კარგად  ცეკვავს. დროებით საფრანგეთში ცხოვრობს მშობლებთან და დასთან ერთად. მჯერა, რომ იქიდან კარგი ქართველი დაბრუნდება, რა პროფესიას აირჩევს, თვითონ გადაწყვეტს, კარგი ქართული ცეკვა რომ ეცოდინება და საქართველოს ერთგული შვილი იქნება,  ამაში  დარწმუნებული ვარ.  
скачать dle 11.3