კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რამდენი მეომარი მოუკლეს მურვან ყრუს ქართველებმა და რა შეემთხვა ჩვენს ხელმწიფე მირს ბრძოლის დროს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

სამცხიდან მურვან ყრუმ მარბიელი ლაშქარი გაგზავნა არგვეთში.
მურვან ყრუს (მარვან იბნ მუჰამედ იბნ მარვანი) საქართველოში შემოჭრის დროს არგვეთის მმართველები იყვნენ დავით და კონსტანტინე მხეიძეები (მათ მთავრებს უწოდებდნენ იმ პერიოდში). ისინი კარგი სარდლები და მართლმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. დავითი უფროსი ძმა გახლდათ, ხშირი თმა-წვერით, თეთრი კანითა და წაბლისფერი თმით. კონსტანტინე კი ძალიან ახალგაზრდა ყოფილა.
არგვეთელები, დავითისა და კონსტანტინეს სარდლობით, წინ აღუდგნენ მტერს. როცა ურჯულოები მოახლოვდნენ, ქართველები დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნს გალობდნენ – დავითისა და გოლიათის შერკინების შესახებ.
არაბებმა შეუტიეს ქართველ ქრისტიანებს. არგვეთელების მცირერიცხოვანმა სამხედრო ძალამ დაამარცხა მრისხანე მურვან ყრუს მარბიელი ლაშქარი. ეს რომ გაიგო, განრისხდა მარვანი და ქვიშასავით ურიცხვი მთელი თავისი ჯარით არგვეთს მოადგა. არგვეთის ტყეები, ველები და მთები აივსო, თურმე, ბილწი დამპყრობლების მეომრებით. საბოლოოდ, მურვან ყრუმ დაამარცხა არგვეთის მთავრები, შეიპყრო და წამებით მოკლა.
შემდეგ მურვან ყრუ, თავისი ჯარითურთ, სამეგრელოში გადავიდა და ლეგენდარული ქუჯის ქალაქს, ციხე-გოჯს (ნოქალაქევს) მიადგა. მართალია, ციხე-გოჯი აიღეს, მაგრამ, მალე ეწიათ ურჯულოებს ღვთის რისხვა.
როცა ანაკოფიის ციხეს მიადგნენ, სადაც მირი და არჩილი იყვნენ გამაგრებულები და საბრძოლოდ გაემზადნენ, არაბებს დიდი უბედურება ეწვიათ.
მურვან ყრუს ჯარი ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათი ბანაკები მდინარეებიდან – ცხენისწყლიდან და აბაშიდან – აფხაზეთამდე უწევდა თურმე.
გაწვიმდა და სეტყვა და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს არაბების ლაშქარს. ადიდებულმა მდინარე აბაშამ წაიღო და დაახრჩო აბაშ-არაბთა უამრავი მებრძოლი, მდინარე ცხენისწყალმა კი ათასობით ცხენი მოსტაცა დამპყრობლებს და დაუხრჩო. როგორც უცნობი ქართველი მწერალი გვამცნობს, იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი.
ქართველებთან ბრძოლებში და სტიქიური უბედურებით დასუსტებული ჯარით, მურვან ყრუ აფხაზეთში გადავიდა და ანაკოფიის ციხე-ქალაქს მიადგა, სადაც ქართლის ერისმთავარი მირი და მისი ძმა, მომავალში წმიდა მეფე არჩილი და მათი ვასალი, აფხაზეთის ერისთავი – ლეონი იყვნენ გამაგრებული.
ბრძოლის წინ, ღამით არჩილს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: „წადით და შეებრძოლეთ აგარიანებს, რადგან მათ მივუვლინე სასტიკი სასჯელი. ყველაფრის მომსპობელი, ადამიანებიდან პირუტყვებამდე. როცა გახვალთ მათი ბანაკიდან, გაიგებთ ვაებისა და ტირილის ხმას. თქვენ მხნედ იყავით და გაძლიერდით ღვთის იმედით“.
გამთენიისას არაბთა ბანაკიდან ტირილისა და გოდების ხმა ისმოდა, რადგან, იქ დაბანაკებულმა არაბებმა გაიგეს მათი მოძმეების დაღუპვის შესახებ. თვითონაც, იქ მდგომებიც, საკმაოდ დაზარალდნენ.
სასტიკი ბრძოლა გაიმართა. როგორც ჩვენი მატიანე გვამცნობს, სტიქიის შედეგად დაღუპულა ოცდათხუთმეტი ათასი არაბი, ხოლო ჩვენი წინაპრების მახვილით კი სამი ათასი აგარიანი დაეცა. ალბათ, ეს ცნობები გადაჭარბებულია, თუმცა, სტიქიური უბედურება, რომელიც თავს დაატყდა დამპყრობლებს, ეტყობა, ჩვენმა წინაპრებმა კარგად გამოიყენეს. იმ ბრძოლაში სამოცი ქართველი დაიღუპა. შუბით ფერდში დაჭრეს მეფე მირი.
ღამით არაბთა ბანაკში ერთ-ერთმა სიზმარში იხილა მათი წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელმაც განუცხადა:
„ღმერთმა მოგვცა გამარჯვება ათი მეფის მეფობის განმავლობაში, მაგრამ, ეკლესიებსა და ღვთის მსახურებს მოერიდეთ და ნურაფერს დაუშავებთ, როგორც ეს გასწავლეთ ყურანითო“.
ჩვენი მატიანის ცნობით, მურვან ყრუს ჯარს, ორმა ადიდებულმა მდინარემ ოცდათხუთმეტი ათასი ცხენი მოსტაცა და წაიღო.
მურვან ყრუ ძალიან გამწარდა. საკუთარ თავს და მრჩევლებს აბრალებდა, რომ ამ ვიწრო და მთიან ქვეყანაში შემოვიდა. აყარა ბანაკი და ცხუმთან ახლოს დაბანაკდა, უფრო უსაფრთხო ადგილას. შემდეგ იქიდანაც აიყარა და გურიის გავლით, სპერისკენ დაიძრა. მაინც მრავალრიცხოვანი იყო მისი ჯარი, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა სტიქიური უბედურებისა და ქართველებთან შებრძოლების გამო. არაბებმა, წინასწარ თავის ცხენებს კუდები დააჭრეს, თიხაში რომ არ ჩაეთრიათ.
ჩვენი უცნობი მატიანის ცნობით, გაიარა მურვან ყრუმ ზღვის პირი და მიადგა კონსტანტინოპოლს. გზად აიღო ციხეები და ქალაქები. კონსტანტინოპოლის გადმოღმა, ქალაქ ქალკედონთან დაიბანაკეს, ბოსფორის სრუტის აზიურ მხარეს. სრუტე ვიწროა, მაგრამ, შეუძლებელია გემების გარეშე მისი გადალახვა. მურვან ყრუს კი არ ჰყავდა გემები და ამიტომ, სისულელე მოიფიქრა, გადაწყვიტა, ქვები ჩაეყარათ სრუტეში, ამგვარად ამოევსოთ ზღვა და ისე გადაელახათ, რომ აეღოთ კონსტანტინოპოლი. განზრახვაც უგუნური იყო და ღმერთმაც სასჯელი მოუვლინა მას, რადგან ღამით ძილში მოკვდაო, წერია „ქართლის ცხოვრების“ ჯუანშერის სახელით ცნობილი თხზულების ჩანართში. ეს ცნობა არ არის სწორი, სინამდვილეში, მურვან ყრუმ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და ხალიფას ტახტიც დაიკავა, მაგრამ, მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.
743 წელს  მურვან ყრუმ გაიგო, რომ მისი ბიძაშვილი, ხალიფა ჰიშამი მოკლეს. იგი სასწრაფოდ გაემართა დამასკოსკენ და, საბოლოოდ, 744 წელს ხალიფას ტახტიც დაიკავა. ახალ ხალიფას, მარვან მეორეს (ყრუს) ჰყავდა ორი ვაჟი – უბეიდალა და აბდალა, რომლებიც მამას ქვეყნის მართვაში ეხმარებოდნენ, მაგრამ, დიდხანს არ გაგრძელებულა მარვან ყრუს ხალიფობა: ჯერ ირანში შიიტები აუჯანყდნენ. მერე მესოპოტამიაში, ტიგროსის ჩრდილო შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან, მისი არმია სასტიკად დაამარცხეს მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავლის, აბუ-ალ-აბასის მომხრეებმა. ამ ომში, პრაქტიკულად, გაწყდა ომაიანების (ომაიდების) მთელი საგვარეულო. სამასამდე ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა – ფაქტობრივად, მურვან ყრუს მთელი საგვარეულო. გადარჩა მხოლოდ ორიოდე ადამიანი, რომლებიც ესპანეთში გაიქცნენ და კორდობის საამირო დააარსეს. მურვან ყრუს ვაჟები კი ეთიოპიაში გაიქცნენ, სადაც უბეიდალა მოკლეს.
 აბუ-ალ-აბასი ხალიფას ტახტზე ავიდა, მარვან ყრუ ჯერ დამასკოში, მერე პალესტინაში, იქიდან კი ეგვიპტეში გაიქცა. მაგრამ, ეგვიპტეში იგი შეიპყრეს და მოკლეს, 750 წლის 6 აგვისტოს.
 როგორც ვთქვით, ანაკოფიასთან ბრძოლაში მირი დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და მეფე მირი გარდაიცვალა. ვინაიდან მას მხოლოდ შვიდი ასული ჰყავდა და ვაჟი არა, ქართლის ტახტზე არჩილი ავიდა.
скачать dle 11.3