№38 ქმარი რომ მღალატობს, მეზობელმა ჩხუბის დროს წამომაძახა
არასდროს ვყოფილვარ ეჭვიანი. სულ ვამბობდი, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება-მეთქი, თანაც ჩემს ოჯახში, არც ცეცხლი იყო და არც კვამლის სუნი იდგა, რომ ქმარზე მეეჭვიანა. იმდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ, ამას ვერც კი დავუშვებდი. მოკლედ, სამი წლის წინ ბინა შევიძინეთ, გადავბარგდით და ახალ გარემოში, ახალი მეზობლების გვერდით დავიწყეთ ცხოვრება. მართლა კარგი სამეზობლო დამხვდა. სულ ერთად ვიყავით. დილით, ქმრებს რომ სამსახურში გავუშვებდით, ქალები ყავას მოვადუღებდით და ერთად ვსვამდით. თან, რასაკვირველია, ჩვენს ამბებს ვყვებოდით. რას წარმოვიდგენდი, თუ ზურგს უკან მჭორავდნენ, დამცინოდნენ და ჩემი ქმრის საქციელის გამო, ათას რამეს ამბობდნენ. მოკლედ, ერთ მეზობელთან უთანხმოება მომივიდა და ჩხუბში წამომაძახა: სხვის საქმეში რომ ყოფ ცხვირს და განიხილავ, შენს ქმარს მიხედე, საყვარელი რომ ჰყავსო. ვიფიქრე, უბრალოდ, ჩხუბის დროს გასამწარებლად მითხრა-მეთქი, თუმცა, გულში ეჭვი მღრღნიდა და იმ დღიდან ჩემი მეუღლის გაკონტროლება დავიწყე. პირველ ხანებში საეჭვო ვერაფერი შევამჩნიე, მაგრამ ბავშვი რომ სასეირნოდ მიჰყავდა, შვილმა მითხრა, მამიკო ვიღაცას ურეკავს და სანამ მე ვთამაშობ, სულ ტელეფონზე ლაპარაკობსო. ერთ დღეს უკან გავყევი, ჩავუსაფრდი და მართლაც, სანამ ბავშვი თამაშობდა, ვაჟბატონს ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან, სახეგაბადრული ვიღაცას ელაპარაკებოდა. ვიცოდი, რომ მეთქვა, ვის ელაპარაკე-მეთქი, მეტყოდა, ძმაკაცს ან ნათესავსო, ამიტომ გავჩუმდი და თვალთვალი განვაგრძე. ერთ დღესაც, გავარკვიე, რომ სააბაზანოდან საუბროდა. რომ გამოვიდა, ვკითხე, კი მაგრამ, ვინ იყო ასეთი, რომ აბაზანიდან ჩუმად ელაპარაკე-მეთქი. გაეცინა, კარგი რა, ხომ არ ეჭვიანობ, მევალე იყო და ვუთხარი, არ ვარ თბილისში და ბავშვების ხმა რომ არ გაეგო, აბაზანაში ჩავიკეტეო. მივხვდი, მატყუებდა, მაგრამ ისევ გავჩუმდი. ტელეფონსაც ხშირად ვამოწმებდი, მაგრამ საეჭვო მესიჯი ან ზარი არ მინახავს. თურმე, შლიდა. ერთ დღესაც, სანამ საწოლიდან ადგებოდა, ვუთხარი, მაღაზიაში ჩავდივარ და გინდა, რამე ამოგიტანო-მეთქი. კი, სიგარეტი ამომიტანე, ფული აიღე, შარვლის ჯიბეშიაო. ჩავყავი ხელი და ამოვიღე საფულე, გავხსენი და რას ვხედავ? ქალის საყურე დევს. თან, ერთი ცალი. ვკითხე: ეს რა არის-მეთქი და მიპასუხა, ქუჩაში ვიპოვე და ჩავიდეო. მოკლედ, ისეთი სახე მივიღე, ეფიქრა დავუჯერე, მაგრამ კარი გავაღე და ისევ მივაჯახუნე, თითქოს სახლიდან გავედი. მივაყურადე და ჩემი ყურით გავიგონე, როგორ დაურეკა იმ ქალბატონს და უთხრა: გოგო, ჩემი ცოლი მაღაზიაში ჩავიდა და უცბად გეტყვი: არ ინერვიულო, იმ დღეს, სასტუმროში რომ ვიყავით და ადრე წახვედი, თურმე საყურე დაგივარდა საწოლში, მე დავინახე და შეგინახე, ცოლმა მიპოვა და კინაღამ „დავიწვითო“. საუბარი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საძინებლის კარი შევაღე და საწოლში დავადექი თავზე. ვერც ტელეფონის გათიშვა მოახერხა და სახეზე ფერი წაუვიდა. მტრისას, ისეთი სიტყვები ვეძახე, ალბათ, ტელეფონიდან ის ქალბატონიც ისმენდა. არაკაცი, მოღალატე ქმარი მყოლია და მე კიდევ, ვაღმერთებდი. ახლა ჭკუა ვისწავლე, ზედაც არ ვუყურებ, ფულს მაგიდაზე მიდებს და ხმას არ ვცემ. როდემდე გაგრძელდება ჩვენი ასეთი ცხოვრება, არ ვიცი. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ არც ბოდიშს იხდის და არც შერიგებას მთხოვს. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ სხვა ქალში გამცვლიდა და მიღალატებდა. ალბათ, დღესაც იმ ქალბატონთან დაეთრევა. მე კი ამის მოლოდინში ვარ, როდის გაიხურავს კარს და წავა. რომ არა მეზობლის ქალთან ჩხუბი, ალბათ, ისევ იმ სიცრუეში და ტყუილში მომიწევდა ცხოვრება. თუმცა, წინ რა მელის, არ ვიცი.
ლალი, 43 წლის.