№38 საბედისწერო თამაში
აგათა კრისტი
წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ოჯახი სტეტჰემის შემოგარენში. ერთ საღამოს, როცა მთელი ოჯახი სასტუმრო ოთახში ბრიჯის სათამაშოდ შეიკრიბა, მოულოდნელად, ოთახში ახალგაზრდა ქალი შევარდა. აბრეშუმის კაბაზე წითელი ლაქა აჩნდა. მხოლოდ ერთ სიტყვა თქვა – „მკვლელობა“ და გონება დაკარგა. ოჯახმა ქალი იცნო – ველერი სენტკლერი, ბალეტის მოცეკვავე, რომელიც თავისი ნიჭით ლონდონს ატყვევებდა. ოჯახის უფროსი ექიმისთვის გაიქცა, მისი ვაჟი კი – პოლიციაში. პოლიციამ გვამი მონ-დეზირში, ხსენებული ოჯახის კოტეჯის ახლოს, რიდბერნის დიდებულ ვილაში იპოვა. იმპრესარიოს თავი გახეთქილი ჰქონდა...
ამ დროს პუაროს პრინც პოლ მორანიელის სტუმრობის შესახებ მოახსენეს. პრინცი სწორედ იმ საქმესთან დაკავშირებით იყო მოსული, რომლის შესახებაც გაზეთები წერდნენ. მადმუაზელ სენტკლერი მისი საცოლე იყო.
პრინცი ნერვიულობდა.
– პირველი მე არ ვარ ჩვენს ოჯახში, ვინც დაბალი წრის წარმომადგენელზე ქორწინდება. თუმცა მადმუაზელ სენტკლერის ძარღვებში „კეთილშობილი“ სისხლიც ჩქეფს. ამბობენ, რომ მისი დედა რუსი თავადის ქალი იყო. მისტერ რიდბერნს, იმპრესარიოს, მის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, ველერი ყოველთვის გაურბოდა. არ მჯერა, რომ ის ველერიმ მოკლა! მოჰკიდებთ ხელს ამ საქმეს?
ბიბლიოთეკა, სადაც მკვლელობა მოხდა, ძალიან დიდი ოთახი იყო. მას სხვადასხვა მხარეს ორი დიდი ფანჯარა ჰქონდა. ერთი ფანჯრიდან გზა მოჩანდა, მეორედან კი – ბაღი. სწორედ ამ ფანჯარასთან იპოვეს გვამი. ის უკვე წაეღოთ. მოსამსახურემ თქვა, რომ ოთახში ყველაფერი ისე იყო, როგორც მკვლელობის მომენტში. სახლის პატრონი ამ ოთახში ქალბატონებს ხშირად იღებდა. ისინი იმ კარიდან შემოდიოდნენ, რომელიც ტერასაზე გადიოდა და ამიტომ მსახურები მათ ვერ ხვდებოდნენ. სავარაუდოდ, მასთან სტუმრად ქალი წუხელაც იყოო.
პუარომ ფანჯრის რაფა დაათვალიერა. მერე კარს გახედა, რომელიც ტერასაზე გადიოდა. სავარაუდოდ, მადმუაზელ სენტკელრი სწორედ ამ კარიდან გავიდა.
– თუ დააკვირდებით, ხეებს შორის იმ კოტეჯს შეამჩნევთ. თუმცა, ის აქედან საკმაოდ შორსაა, მაგრამ სხვა სახლიც არ ჩანს.
პუარო და ერთი პოლისმენი მადმუაზელ სენტკლერის კვალს გაჰყვნენ. კოტეჯს რომ მიადგნენ. მოახლემ სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა. ეტყობოდა, რომ გუშინს მერე ეს ოთახი არავის დაელაგებინა. ბანქოც ისევ ისე ეყარა მაგიდაზე. ვიდრე მასპინძელი გამოჩნდებოდა, პუარო კედელზე ოჯახურ პორტრეტებს ათვალიერებდა, ამ დროს კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. მან თავიდანვე მოგვიბოდიშა:
– ბოდიშს ვიხდი ასეთი უწესრიგობისთვის, მაგრამ მოსამსახურეები მომხდარის გამო ისე აღელდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებაც კი ვერ შეძლეს.
– წუხელ ამ ოთახში იყავით? პირადად თქვენ რომელ მხარეს იჯექით? – ჰკითხა პუარომ.
– სახით ფანჯრისკენ და კარისკენ. მოულოდენლად კარი გაიღო და...
მის სენტკლერი ისევ მათ სახლში იყო. ლოგინში იწვა, მეორე სართულის საძინებელში. პუარომ მას გასული ღამის გახსნება სთხოვა.
– ამ კაცმა, ჩემმა იმპრესარიომ, ჩემი ერთი საიდუმლო იცოდა და მაშანტაჟებდა. რიდბერნს ფული შევთავაზე. მან შეხვედრა დამინიშნა და მეც მივედი. სასოწარკვეთილი ვიყავი. რიდბერნმა ბიბლიოთეკაში მიმიღო. იგი როგორც კატა თაგვს, ისე მეთამაშებოდა. დამცინოდა. მთელი ჩემი ძვირფასეულობა შევთავაზე, ბოლოს თავისი ფასი დაასახელა – ალბათ, ხვდებით, რაც მოითხოვა. მე დავწყევლე, ის კი ისევ დამცინოდა. მოულოდნელად რაღაც ხმა გავიგონე, რომელიც ბაღის მხრიდან მოდიოდა. რიდბერნი ფანჯარასთან მივარდა და ფარდები გასწია. ბაღში ვიღაც კაცი იმალებოდა, ალბათ, მაწანწალა იყო. ის რიდბერნს ეცა და მანამდე ურტყა, ვიდრე არ დააგდო. მერე მაწანწალამ გასისხლიანებული ხელი წამავლო. გავუსხლტი და გავიქეცი. სახლის განათებული ფანჯრები დავინახე და იქითკენ გავქანდი და ეს ხალხი დავაფეთე.
პუარო მოულოდნელად იატაკზე რაღაცას დააჩერდა.
– ეს ლაქის ფეხსაცმელები თქვენია, მადმუაზელ?
– დიახ, მოსიე. მოახლემ ახლახან გაწმინდა და ამომიტანა.
– რა უცნაური მსახურები არიან ამ სახლში, – შენიშნა პუარომ, – აღელვებისგან ოთახები ვერ დაულაგებიათ, მაგრამ არ სტუმრის ფეხსაცმელების გაწმენდა არ დავიწყებიათ.
ჰოლში პუაროს დიასახლისი ელოდა. პუარომ მაგიდიდან ბანქო აკრიფა და თავისი კოტიტა თითებით არევა დაიწყო. უცებ ადგილზე გაშეშდა.
– ჰასტინგს, შეხედეთ! დასტაში ჯვრის მეფე არ არის! – წამოიძახა მან. ამ დროს ოთახში მისის ოუგლანდერი შემოვიდა.
– მითხარით მადამ, წუხელ ჟალუზები ჩამოშვებული იყო?
– არა. ალბათ, ამიტომაც დაინახა ჩვენს ფანჯარაში სინათლე მის სენტკლერმა.
– წუხელ ხომ მთვარიანი ღამე იყო? უცნაურია, რომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ მადმუაზელ სენტკლერი, თუმცაღა ფანჯრისკენ სახით იჯექით.
– თამაშში ძალიან ვიყავით გართულები.
პუარო მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა. ბიბლიოთეკაში შევიდა, იმ ფანჯრისკენ გაემართა, რომელიც ხეივნისკენ და შემდეგ გზისკენ გადიოდა. ცოტა ხანში ინსპექტორიც იხმო და ფანჯრის რაფაზე მიუთითა. მარმარილოს მბრწყინავ ზედაპირზე ძლივს შესამჩნევი ლაქა მოჩანდა, ასეთივე ლაქა იყო იატაკზეც.
– ვიღაცამ რიდბერნს მუშტი დაარტყა ცხვირში. ის წაიქცა, თავი მარმარილოს რაფას ჩამოარტყა და იატაკზე დავარდა. ამის მერე გადაათრიეს მეორე ფანჯარასთან და იქ დააწვინეს. მე იმ ადამიანს მკვლელსაც ვერ დავარქმევ. ის მის მოკვლას არც აპირებდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. საქმე დამთავრებულია.
– არის კიდევ ერთი რაღაც, რაც ჯერ არ იცით, სად არის დაკარგული ჯვრის მეფე, – ჰკითხა ინსპექტორმა.
– საქმე ისაა, რომ ჯვრის მეფე ჯიბეში მაქვს, – პუარომ ბანქო გამარჯვებული სახით ამოიღო ჯიბიდან – მისი უდიდებულესობა ჯვრის მეფე მთელი გუშინდელი საღამო ბანქოს ყუთში იყო ჩარჩენილი. იქიდან მისი ამოღება დაბნეულობის გამო დაავიწყდათ. სწორედ იქ ვიპოვე.
პუარო კოტეჯში რომ დაბრუნდა, ოუგლანდერები სადილობდნენ. მასთან მისის ოუგლანდერი გამოვიდა.
– მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგაწყნაროთ, – მიმართა პუარომ გაკვირვებულ ქალს, – მისტერ რიდბერნის მკვლელს ვერასდროს დაიჭერენ. ხომ მართალი ვარ? სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა, – უთხრა მას პუარომ და თითით კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტს მიუკაკუნა.
– თქვენ კიდევ ერთი ქალიშვილი გყავდათ. ის გარდაიცვალა? ნება მომეცთ, ქალბატონო, ეს ბანქოს ქაღალდი ადგილზე დავაბრუნო. არადა, ეს თქვენი ერთადერთი „ჩავარდნა“ იყო. ბრიჯს თამაშობდით და ვერ შეამჩნიეთ, რომ დასტას ჯვრის მეფე აკლდა.
– ვინ მოკლა რიდბერნი? ვერაფერი გავიგე, – მოგვიანებით ჰკითხა პუაროს ჰასტინგსმა.
– ჯონ ოუგლანდერ-უმცროსმა. საჭირო იყო ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ველერი ოუგლანდერებთან შემთხვევით მოხვდა, არადა, ველერიმ გონება იქვე დაკარგა. და ჯონს კოტეჯამდე მისი ხელით ტარება მოუწია. ამიტომ მისი ლაქის ფეხსაცმელები საერთოდაც არ დასვრილა. მათ იჩხუბეს. რიდბერნმა, ალბათ, ველერის შეურაცხყოფა მიაყენა, ჯონი აფეთქდა და დაარტყა. ჰო, ველერი მარტო არ მისულა შანტაჟისტ იმპრესარიოსთან, მან ჯონი წაიყვანა თან. დანარჩენი იცით. ალიბის შესაქმნელად კი განაცხადეს, რომ მთელი ოჯახი ბრიჯს თამაშობდა. მოგეხსენებათ, ამ თამაშს ოთხი კაცი სჭირდება.
– ვერ ვხვდები, რა საერთო აქვს მოცეკვავე ველერი სენტკლერს, ბურჟუების ოჯახთან?
– შეიძლება, მისის ოუგლანდერის მეორე ქალიშვილი მთელი ოჯახისთვის მკვდარია, მაგრამ დანარჩენი სამყაროსთვის ის აღსდგა, როგორც ველერი სენტკლერი! როგორ გგონიათ ვერ შევამჩნიე როგორ ჰგავდნენ დები ერთმანეთს? ყველაზე შოკისმომგვრელი ისაა, რომ ველერის ოჯახს რცხვენია მის გამო და ისიც მათ ამითვე პასუხობს. მიუხედავად ამისა, საფრთხის დროს მან მაინც საკუთარ ოჯახს მიმართა. მე, როგორც პრინც პოლს, მჯერა მემკვიდრეობითობის. მათ კინაღამ მეც მომატყუეს, მაგრამ ბედნიერი შემთხვევისა და ერთი კითხვის წყალობით, რომელიც ორივე ქალს დავუსვი, მათ ეს ვერ შეძლეს. გამოდიოდა, რომ ორივე – დედაც და შვილიც, ბრიჯის დროს ფანჯრისკენ სახით იჯდა, ეს კი შეუძლებელია. პრინცი მართალია. ამ გოგოს ძარღვებში მართლაც კეთილშობილი სისხლია.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ