№38 ყურძნით მკურნალობა
ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, K ვიტამინს, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედებაზე და P ვიტამინს, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას.
ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ხელს უწყობს ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობას.
ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გრამს დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.
წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60 გრამი) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ, მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.
ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
* გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ, როგორც ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებას: 100 გრამი ქიშმიშს ხარშავენ 1 ჭიქა წყალში, შემდეგ გადაწურავენ და იღებენ 70-100 გრამს 3-4 ჯერ დღეში.
* ყურძენი, ასევე, სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტების, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ დასაწყის სტადიაში.
* ყურძენს აქვს ასევე, ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.
* ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ხელს უწყობს დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას. ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული; ჭრილობაზე და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.
* რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ მიირთმევს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 250 გრამი ქიშმიშს დაუმატეთ 750 გრამი წყალი, 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი; გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გრამი ყოველდღე.
სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწა. პოლიფენოლის მეშვეობით ის ხელს უშლის დაბერებასა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ბაქტერიოციდული თვისებების მქონე ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ანგინის დროს კი პირში ივლებენ.
ყურძნით მკურნალობას, ან მისი გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის გაცხიმოვნების დროს. ყურძენი ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი გლუკოზის დიდი შემცველობის დროს.
არ შეიძლება ყურძნის მიღება:
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
* კოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
* ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
* გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
* ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისა და კალიუმის ცვლის მოშლის დროს.
ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულიად უნდა განკურნოთ. კბილების დაცვის მიზნით ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ, პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.
ღვინო ბევრ სამკურნალო კომპონენტს შეიცავს, რომელთა წყალობითაც მას აქვს რადიოპროტექტორული, კარდიოპროტექტორული, ბაქტერიოციდული, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, ანტისტრესული და ანტისიმსივნური თვისებები; ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ღვინით მკურნალობის დროს ის ძალიან მცირე დოზით უნდა მიიღოთ.