№38 ნერვული სისტემა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები
კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უმთავრესად, თანამედროვე ცხოვრების თავისებურებებით, დაძაბული სოციალური ფონით, არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული. სტრესი, უძილობა, ცხოვრების დაძაბული რიტმი ადამიანის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება, ნერვულ სისტემაში არსებული დარღვევები კი საყლაპავის პრობლემებს განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა ყლაპვის გაძნელება, ანუ, დისფაგიაა.
დისფაგია შეიძლება, იყოს როგორც ორგანული, ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეული, ასევე, არაორგანული, ფსიქოემოციური, ნერვული სტრესის ფონზე განვითარებული. ის გამოიხატება ყელზე ლუკმის დადგომის შეგრძნებით, რომელიც „ნევროზული ლუკმის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფს არა მარტო მკვრივი, არამედ თხიერი საკვების გადაყლაპვაც უჭირს.
შესაძლოა, იყოს გადანაცვლების დარღვევა, როდესაც ლუკმა საყლაპავში ვერ გადაადგილდება. შესაძლოა, მკერდის ძვლის უკან აღმოცენდეს ტკივილი და ბეჭებისკენ გადაინაცვლოს. ამ დროს აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაციაც, რათა გამოირიცხოს სტენოკარდიული შეტევა. მოსალოდნელია საყლაპავის ქვედა ან ზედა რგოლის მოშლაც, რასაც, აგრეთვე, ნერვული სისტემის მდგომარეობა განაპირობებს.
ნერვული სისტემა უდიდეს როლს ასრულებს წყლულოვანი დაავადების განვითარებაში.
ნერვულ სტრესს უკავშირდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც. მას თავის ტვინისა და ნაწლავის ღერძის კავშირის დარღვევა განაპირობებს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ბიოფსიქოსოციალური დაავადებაა. მას მდიდარი სიმპტომატიკა აქვს, ამიტომ საჭიროა იმის დადგენა, ორგანული დაავადება ხომ არ არის. თუ მძიმე ორგანული დაავადება გამოირიცხა, ესე იგი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ, მათ შორის - ნერვულ სისტემაშიც.
ბერძენი მედიკოსები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ აღნიშნავდნენ, რომ შეკრულობისას ვითარდება ინტოქსიკაცია, რომელიც სახის კანზეც და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება, ეს ყველაფერი კი განწყობასა და შრომისუნარიანობას თრგუნავს. ყველაფერთან ერთად, ამ დაავადების დროს ადამიანს საშინელი დისკომფორტის შეგრძნება აქვს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონეთა 40-70 პროცენტს აქვს, ამასთანავე, ქალებში ორჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. მის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უარყოფით ემოციებს მიიჩნევენ. წყლულოვანი დაავადების გახშირების ტენდენციას კი უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს, ასევე, ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვას, სტრესს, ქრონიკულ ინტოქსიკაციას (თამბაქო, ალკოჰოლი), ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ცხოვრების რიტმისა და საკვების ხასიათის შეცვლას, არარეგულარულ კვებას და სხვა მავნე ფაქტორებს. ზოგჯერ წყლულის გაჩენას წინ უძღვის გასტრიტი. წყლულოვან დაავადებას პერიოდული, სეზონური ხასიათი აქვს, ჩვეულებრივ, მწვავდება ზაფხულსა და შემოდგომაზე.