№38 რისი თამაში ვერ შეძლო და გამოიქცა რუსთაველის თეატრიდან დოდო აბაშიძე
დოდო აბაშიძეს ხშირად ადარებდნენ დევგმირს, რომელშიც სიკვდილის ბოლო წუთებამდე ცოცხლობდა ბავშვი. მისი ბავშვობა კი. მართლაც გასაოცარი იყო: ვერაზე პირველ დამრტყმელად და ყოჩად ითვლებოდა, გაუთავებლად დასდევდა ბურთს, ჩხუბობდა. ჩხუბობდა ვაჟკაცურად – მუშტით... იმავე ხელებს კი სხვა გატაცებაც ჰქონდა – პატარა დოდოს ყვავილების ქარგვა უყვარდა...
ზაზა აბაშიძე: „მამა მეშვიდე თუ მერვე კლასამდე საოცრად წყნარი და რბილი ხასიათის ბავშვი ყოფილა. თურმე, სახლში იჯდა და ბალიშის პირებს ქარგავდა. ახლაც შენახული გვაქვს მისი ბავშვობის დროინდელი ნაქარგები. გოგოებთან თამაში უყვარდა, მაგრამ სიტყვა გოგოს – ვერ გამოთქვამდა და დოდოს ამბობდა, ამიტომ შეარქვეს სახელად დოდო, თორემ დავითი ერქვა. როცა წამოიზარდა, ჰანტელებით ვარჯიში დაუწყია და მეათე კლასში უკვე ისეთი ყოჩი, დამდგარა, რომ აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავდა.”
…ჯერ კიდევ 9 წლისამ ეზოში დადგა „სურამის ციხე“ – თვითონ იყო სპექტაკლის რეჟისორიც, დურმიშხანის როლის შემსრულებელიც, ფარდის აწევ-დაწევაც კი არავის დაანება... ეს ჩვეულებრივი ეზოს თეატრი იყო, მაგრამ მაინც გამორჩეული – მაყურებლებს შორის იყვნენ აკაკი ხორავა, მალიკო მრევლიშვილი, ემანუილ აფხაიძე... როგორც თავად აცხადებდა, თეატრალურ ინსტიტუტში ნაცნობობით მიიღეს. „თეატრალური ინსტიტუტი დიდ იმედებს ამყარებს სტუდენტ დოდო აბაშიძეზე და მიაჩნია, რომ იგი დიდი მსახიობი გახდება” – ამას უკვე თეატრალური ინსტიტუტის რექტორი აკაკი ხორავა ჩაწერს მის დახასიათებაში. გამოცდაზე გრიშაშვილის ლექსს კითხულობდა: „ჩამღერებით წავიკითხე და თანაც, რაც ძალა და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. იმხელას ვყვიროდი, რომ მთელი პროფესურა აუდიტორიიდან გარბოდა. თურმე მაჩერებდნენ კიდეც, მაგრამ მე არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი... მერე დოდო ალექსიძემ მომიწყო გამოცდა, მომცა ეტიუდი და ეს ეტიუდი ისე შევასრულე, რომ მთელი ინსტიტუტი ამაზე ლაპარაკობდა. ეტიუდი ასეთი იყო: თითქოს მე მოვხვდი კიროვის ბაღში. ტანსაცმელი არ მაცვია, გავიხადე მაისური, დავსვარე აგურის ფხვნილით და დავაწერე ნომერი 19. ვითომ ამ ნომნრით მორბენალი ვიყავი და გავრბივარ ქუჩაში. აქეთ მანქანა მიპიპინებს, იქით ხალხი რაღაცას მეძახის. ყველაფერი ვითამაშე ხმით,
პლასტიკით და სახლში მივედი. ბატონი დოდი თვითონ მიკრავდა ტაშს. თუმცა გამოცდაზე ეს მიღებული არ იყო. ხალხი კი სიცილისგან იატაკზე ეყარა. ამის მერე ინსტიტუტში დამტოვეს...“ რუსთაველის თეატრში დოდო აბაშიძემ მხოლოდ 7 წელი გაძლო და გაიქცა... „1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. ვთქვი, „რად მინდა მე ოიდიპოსი? მერე რომ ვნახე, იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე, რა მასწავლის-მეთქი და გავიქეცი თეატრიდან და წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში... ტექსტები პატარაა, უფრო იოლია. ქე ვიყავი, გენაცვალე, ასე და ვარ ამ დაწესებულებაში“... კინოში მისი დებიუტი „ჭრიჭინაში“ შედგა. ბედმა მერე 60 კინოროლი „დაასხა თავს“. დოდო აბაშიძემ მაყურებლის გულებისკენ პირველივე, თუნდაც ეპიზოდური, როლებით გაიკვალა გზა. ქართულ კინოს წამყვან მსახიობად კი, მაინც მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი, მწვანე ველის“ შემდეგ მოგვევლინა. სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე დაიბადა დიდი რომანიც – დოდო აბაშიძესა და მსახიობ ლია კაპანაძეს შორის. აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია. დოდო აბაშიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალბატონი ლია კაპანაძე განაცხადებს, რომ მათ „დიდი, მწვანე ველის“ გადაღებისას დიდი, მწველი, ამაღლებული გრძნობა ეწვიათ...
ცნობილი ექიმები ვახტანგ ხურციძე (წოპე) და ზაალ კახიანი დაბადების დღეზე მივიდნენ ელენე ახვლედიანის ძმის ოჯახში. თან სრულიად ახალგაზრდა მსახიობები 23 წლის ეროსი მანჯგალაძე და 24 წლის დოდო აბაშიძე მიიყვანეს. იუბილარის და – მარინა ახვლედიანი მოგვიანებით დოდო აბაშიძის
ცოლი გახდა. მაშინ, 1948 წელს, ელენე ახვლედიანის ძმისშვილი მხოლოდ 16 წლის იყო. ურთიერთობა კარგა ხანს გაგრძელდა, დოდო აბაშიძემ და მარინა ახვლედიანმა 1956 წელს იქორწინეს. ერთად თამაშობდნენ ფილმში „მე ვიტყვი სიმართლეს“. უცხო ენების სპეციალისტი მარინა ახვლედიანი ქეთევანს თამაშობდა, დოდო – უშანგის. ფილმის ბოლო კადრებში კი – უკვე ზაზა აბაშიძეც „თამაშობდა“ – მარინა ახვლედიანი იმჟამად უკვე ფეხმძიმედ იყო დოდო აბაშიძისგან. ზაზა რომ დაიბადა, დოდო აბაშიძე 33 წლის, უკვე პოპულარული მსახიობი იყო – ნათამაშები ჰქონდა „ჭრიჭინაში“, „ბაში-აჩუკში“...
ვაჟი – ზაზა აბაშიძე მამას „დოდოს“ ეძახდა, მაგრამ როგორც იხსენებს, მასთან მაინც მორიდებული იყო. არც ანებივრებდნენ, არც არაფერს აკლებდნენ. არც მორალს უკითხავდა დოდო თავის ბიჭს, არც რამეს აძალებდა. ერთადერთი – სასტიკი უარი უთხრა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე და რატომღაც ურჩევდა, ბიოლოგიურზე ჩაებარებინა. ზაზამ კი, მეცხრე კლასში რომ ანკეტა შეავსებინეს, სად გინდა ჩააბარო და ვინ გინდა გამოხვიდეო, ჩაწერა, რომ მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩაბარება და მღვდლობა უნდოდა. განგაში ატყდა, იმ დროს დოდო აბაშიძეს „ციმბირელ პაპაში“ იღებდნენ, კალინინგრადში იყო და იქ მისწერეს, შენს ბიჭს მიხედე, მღვდლობა უნდაო. დოდომ კალინინგრადიდან მოსწერა თავის ვაჟს, გადაწყვეტილება მოუწონა, დაჰპირდა, რომ არ დაუშლიდა, მაგრამ იქვე ურჩია, ჯერ სხვაგან ჩაებარებინა, მიეღო უმაღლესი განათლება და მღვდლობაზე მერე ეფიქრა. ხუმრობით დასძენდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი ან ოთხი შვილი რომ მყოლოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ერთი მყავდეს და ისიც „ბლაღოჩინიო“?! (წყარო: opentext).