№38 როგორ შეცვლის სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსს პუტინ-ალიევის შეთანხმება და როგორ გადაიბარა ბაქომ საქართველოს კუთვნილი გზაჯვარედინის ფუნქცია
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, რუსეთმა, ირანმა, თურქმენეთმა და ყაზახეთმა კასპიის ზღვა გადაინაწილეს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად, აზერბაიჯანმა „ოდეკაბეს“, ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსიც მიიღო, რაც შესაძლოა, ნიშნავდეს ბაქოს შესვლას რუსულ ორბიტაზე. ეს კი არც თუ სასიამოვნოა საქართველოსთვის (ერთი იმედი ისაა, რომ რფ თავის გულს ასე მარტივადაც ვერ გადაანაწილებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის). ამის პარალელურად, თურქული მედიის ცნობით, ნახჭევანში შესაძლოა, გაიხსნას თურქული სამხედრო ბაზა (ეს არაა გასაკვირი, ვინაიდან ბაქო და ანკარა ისევე მჭიდროდ თანამშრომლობენ, თვით სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დონეზე, როგორც ერევანი და მოსკოვი).
მაშინ, როდესაც კონკრეტულად ჩვენ კანაფის ყოფნა-არყოფნას ვარჩევთ, რეგიონში დიდი გეოპოლიტიკური გადაჯგუფებებია. რას უმზადებენ ისინი საქართველოს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც სულ სხვა პრობლემებითაა გართული? – ამ თემაზე ვახტანგ მაისაიასთან ერთად ვისაუბრებთ.
ვახტანგ მაისაია: ერთგვარი კურიოზია, რომ აზერბაიჯანის მხარემ მე მთხოვა ამ საკითხის კომენტირება, გამოქვეყნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მართალია, არ დაუმახინჯებიათ, მაგრამ ამოჭრეს ერთი ასპექტი, როდესაც მე იმედი გამოვთქვი, რომ აზერბაიჯანის გაწევრიანება „ოდეკაბეში“ არ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ურთიერთობას, რადგან გვაქვს ამის პრეცედენტი, სომხეთი არის „ოდეკაბეს“ სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლის, თუმცა აზერბაიჯანის შესვლა ამ ორგანიზაციაში დაამძიმებს საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსს. ეს პასაჟი ამოიღეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბაქოც დაინტერესდა ქართული საზოგადოების რეაქციით.
– ცხადია, აზერბაიჯანის შიდა საქმეა, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება და იმ კონტექსტითაა ჩვენთვის საინტერესო ეს საკითხი, თუ რა ახალი რეალობა იქმნება სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოსთვის ბაქოს ამ ახალი სტატუსით?
– ეს თემა უცებ დადგა დღის წესრიგში. სხვათა შორის, „ოდეკაბემ“ შეიმუშავა საინტერესო სტატუსი, გამოიყენა „ნატოს“ სისტემა, სადაც გასაწევრიანებლად ხუთი საფეხურია, იქ კი სამი საფეხური: მეთვალყურე, განსაკუთრებული მეთვალყურე და წევრი.
– ანუ აზერბაიჯანი შეუდგა გზას „ოდეკაბეში“ გასაწევრიანებლად? პროცედურების გავლას აპირებს?
– „ოდეკაბეს“ მეთვალყურის სტატუსი აქვს ავღანეთს. სერბეთსაც უნდოდა იგივე, მაგრამ მოვიდა პროდასავლური ძალა და ამ იდეამ უკანა პლანზე გადაიწია, როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა თავი შეიკავა სრულფასოვანი წევრობისგან და „ოდეკაბეში“ „მაფი“ მოიპოვა.
– ეს უფრო ვისი ინიციატივა იყო – რუსეთის, აზერბაიჯანის თუ ორივეს სურვილები დაემთხვა? ანუ ბაქო დათანხმდა მოსკოვის ხათრით თუ მოსკოვი – ბაქოს ხათრით?
– ესაა სწორედ საინტერესო. როგორც მოგეხსენებათ, კასპიის ზღვის სტატუსზე მოლაპარკებების მიმდინარეობისას პუტინმა ოფიციალურად შესთავაზა ბაქოს ეს სტატუსი. როგორც ჩანს, მანამდე განიხილავდნენ ამ საკითხს კულუარებში. ამას დაემატა ის, რომ აზერბაიჯანმა მიიღო მონაწილეობა „ოდეკაბეს“ საარმიო გამოფენაზე. ამის შემდეგ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი რეგულარულად ჩადიოდა მოსკოვში. როგორც ჩანს, პუტინმა ალიევს 8 აგვისტოს შესთავაზა გაწევრიანება, შემუშავდა ფორმა, რომ აზერბაიჯანი შესულიყო კანდიდატის სტატუსით.
– მარტივად ვიტყვი, იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი გავლენა სრულად აღადგინოს სამხრეთ კავკასიაზე, საკმარისია საქართველოზე გავლენის აღდგენა, მაგრამ, თუ აზერბაიჯანზე გაავრცელებს თავის გავლენას, ეს, ადრე თუ გვიან, საქართველოსაც მოაქცევს რუსულ ორბიტაზე. ნიშნავს თუ არა, რომ აზერბაიჯანმა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, გაწირა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის იდეა, არ ვამბობთ, საქართველოც-მეთქი.
– აზერბაიჯანი არასდროს გამოდიოდა საერთო კავკასიური იდეით, თუ არ ჩავთვლით უფროსი ალიევის პოლიტიკას, ილჰამ ალიევმა გაატარა რბილი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, იყო დისტანცირებული დასავლეთისგანაც და რუსეთისგანაც, თუმცა უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდა და აქვს რუსეთთან, იმიტომ რომ დაამთავრა „მგიმო“, თუმცაღა ალიევმა მაინც მოახერხა დაბალანსებული პოლიტიკის გატარება. მან შეძლო თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკის შემუშავება, როგორც ნავთობმომპოვებელმა ქვეყანამ და აზერბაიჯანის პოლიტიკური როლი ბევრად გაიზარდა.
– მაგრამ ეს ხომ საქართველოს დამსახურებაცაა, რომ არა ჩვენი გზა, ბაქო ვერანაირი დამოუკიდებელი ენერგომოთამაშე ვერ გახდებოდა.
– რა თქმა უნდა, საქართველოს დამსახურებაცაა, მაგრამ აზერბაიჯანს ჰქონდა საშუალება, რუსეთიდანაც გაეტანა ნავთობი.
– ცხადია, მაგრამ ის მარშრუტი ვერ მოუტანდა დამოუკიდებელი ენერგომოთამაშის სტატუსს. თურქმენეთსაც გააქვს რუსეთიდან გაზი, მაგრამ რა?!
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უფრო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ქვეშ მოიაზრება. სხვათა შორის, ილჰამ ალიევმა წამოაყენა რეგიონული უსაფრთხოების ახალი მოდელი, რომ კავკასიაში შექმნილიყო კავკასიური კონფედერაცია, რომელშიც შევიდოდნენ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი. ამ იდეას მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილიც, ალიევის ეს იდეა ემსახურებოდა აზერბაიჯანის როლის გაზრდას ენერგოუსაფრთხოებაში. მაგალითად, დამოუკიდებელმა ენერგოპოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ თურქეთი გადაიქცა საერთაშორისო ენერგოჰაბად. ერთი სიტყვით, ბაქომ შეძლო ის, რომ მისმა დაბალანსების პოლიტიკამ პოზიტიური შედეგი გამოიღო, მაგრამ 2014 წელს შეიცვალა რეალობა და რუსეთმა განიმტკიცა თავისი მდგომარეობა კავკასიაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში გაზარდა თავისი გავლენის სფეროები და ბოლოს ვიხილეთ ისიც, რომ პირველად გამოიყენა ჰიბრიდული ომი აშშ-ს წინააღმდეგ, გავლენა იქონია ამერიკულ არჩევნებზე და გახდა გლობალური დონის მოთამაშე. მსოფლიო აღარ არის უნიპოლარული და აშშ-ც კი აღიარებს უკვე მრავალპოლარულ მსოფლიო წესრიგს, რაც იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკური დოქტრინების მთავარი ამოსავალი წერტილი. ამ ფონზე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და რუსეთი, თურქეთი და ირანი სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ. მათ გადაინაწილეს გავლენის სფეროები სირიაში და ისაუბრეს კავკასიაზეც. თეირანის სამიტის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩავიდა სოჭში, სადაც შეხვდა ვლადიმირ პუტინს და მიიღეს ერთობლივი დოკუმენტი, ილაპარაკეს „ოდეკაბეში“ შესვლის პირობებზეც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შეთანხმდნენ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შექმნაზე, რომელიც შეცვლის გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსსაც და საქართველო ამოვარდება სატრანზიტო დერეფნის მთავარი მოთამაშის როლიდან. ამან შეიძლება, დაასამაროს საქართველოს სადერეფნო ფუნქცია. ამ პროცესში ჩართულია ირანიც: ანუ ახალი მიმართულებაა მოსკოვი-ბაქო-თეირანი. ეს შეთანხმება ეხებოდა ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ 400-მილიარდდოლარიან პროექტში რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის როლის განმტკიცებას. ბაქო-მოსკოვის შეთანხმებით, აზერბაიჯანი ხდება მთავარი სატრანზიტო ჰაბი და ტვირთები უკვე რუსეთისა და ირანის გავლით წავა დასავლეთისკენ.
– ჩვენ შეგვეძლო ამ დერეფნის გატარება და გზაჯვარედინად ქცევა.
– დიახ, ალიევისა და პუტინის შეთანხმებამ კიდევ უფრო მიაჯაჭვა ერთმანეთს ირანი და თურქეთი. რადგან უფრო მოკლე გზა აკავშირებთ. გეოპოლიტიკური თამაშებისა და რუსეთის ჰეგემონობის ფონზე საქართველომ შეიძლება, დაკარგოს სატრანზიტო დერეფნის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსიც. ეს გეოეკონომიკურ კონტექსტში, თორემ გეოპოლიტიკური ანალიზი ცალკე საუბრის თემაა. ამ შეთანხმებამ შესაძლოა, პირდაპირი გავლენა იქონიოს ანაკლიის პორტზე, რადგან ის იმ შემთხვევაში იქნებოდა მიმზიდველი, თუ საქართველო გახდებოდა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს რუსეთმა, ირანმა და აზერბაიჯანმა გადაინაწილეს ყველაფერი და ახალ მიმართულებას პირდაპირ დაარქვეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი.
ყურადღება მიაქციეთ კიდევ ერთ დეტალს: აზერბაიჯანი არა მარტო „ოდეკაბეს“ წევრი ხდება, არამედ გაწევრიანდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც, ასევე, განსაკუთრებული მეთვალყურისა და პარტნიორის კონტექსტში, სადაც არიან უკვე ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, რუსეთი და ჩინეთი, ანუ ის ქვეყნები, რომლებზეც უნდა გაიაროს ჩინეთის 400-მილიარდიანმა პროექტმა. მათ უკვე აზერბაიჯანიც შეუერთდა და ამ თანხას ისინი გადაინაწილებენ. ანუ შეიქმნა აღმოსავლური ალიანსი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი – უკვე კავკასიის რეგიონში.
– ვხედავთ, რომ რუსეთს მეტად ხელგაშლილი პოლიტიკა აქვს აზერბაიჯანის მიმართ: მიდის დათმობებზე, ტერიტორიაც კი გადასცა მედვედევის პრეზიდენტობისას, როდესაც ჩვენ წაგვართვა, შეთავაზებებს უკეთებს, ჩვენ მიმართ რატომ აირჩია ცემისა და დამცირების პოლიტიკა? ხომ შეიძლებოდა, ჩვენთვისაც რამე შემოეთავაზებინა, დაეთმო და იქნებ ჩვენც მიგვსვლოდა გული პრორუსულ სივრცეზე? რატომ აქვს ერთი ტიპის პოლიტიკა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ და მეორე – ჩვენდამი? ის კიდევ სხვა თემაა, როგორ მორიგდებიან ერევანი და ბაქო.
– „ნატოშიც“ ანალოგიური ვითარება იყო: თურქეთი და საბერძნეთი.
– მაინტერესებს, პოლიტიკა რატომაა განსხვავებული. გულითაც რომ გინდოდეს, ვერ დაინახავ პოზიტივს, მხოლოდ ის არგუმენტია პრორუსულების, რომ, თუ რუსეთთან არ ვიქნებით, დაგვაქცევს.
– რუსი პოლიტიკოსები არც მალავენ ამას. უკვე არაა საუბარი, პროდასავლური კურსი გაქვს თუ არა, ეს შირმაა, რადგან სამხედრო დოქტრინაში ნათლად უწერიათ: „ნატოსა“ და აშშ-ს ინფრასტრუქტურების გამოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე იწვევს რუსეთის რეაქციას.
– აზერბაიჯანს ხომ ეფერება?
– მაგრამ ამ მოფერებით აზერბაიჯანმა შეიცვალა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, საქართველო კი, რომელიც კვლავ მიდის „ნატოსკენ“ და პროამერიკულ საგარეო კურსს ავითარებს, აღიზიანებს რუს პოლიტიკოსებს. ისინი ამას არც მალავენ და მეორე ნიუანსიცაა: თავდაპირველად იყო საუბარი გაზსადენების პრივატიზაციაზე. „გაზპრომს“ სჭირდებოდა საქართველოს გაზგამანაწილებელი ქსელი, რომ ანალოგიური ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი შავი ზღვისპირეთში გაეტარებინა, რასაც კასპიისპირეთში აკეთებს და ამავე კონტექსტში იყო აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შემოთავაზება. მაგრამ, როდესაც საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურადაც ეწინააღმდეგება რუსეთს, პუტინი, უპირველესად, იცავს თავის ბიზნესინტერესებს. ის ცდილობს, თავისი ჯიბე გაისქელოს. დღეს პუტინის საერთო ქონება 26 მილიარდი დოლარია და, უპირველესად, რუსი ოლიგარქების ინტერესებიდან გამოდის. ამიტომ, როდესაც საქართველოსგან ვერ მიიღო ბიზნეს-ეკონომიკური სარგებელი და ვერც გეოპოლიტიკურს იღებს, ის იქცევა ისე, როგორც იქცევა. გეოსტრატეგიულად რუსეთს უკეთესი მდგომარეობა აქვს დღეს საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებით, ვიდრე ჰქონდა თავისი ბაზების გატანამდე, მაგრამ ახლანდელ გეოსტრატეგიულ დაპირისპირებებში მას უკვე საქართველოს მთლიანი ტერიტორია სჭირდება.
– რამდენად რეალურია ნახჭევანში თურქული სამხედრო ბაზის გახსნა?
– ადრეც იყო ეს იდეა. და სწორედ თურქეთის ფაქტორია მთავარი, რატომაც ბაქომ საგარეო კურსი შეიცვალა. თურქეთმა შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკური ფირფიტა და რეალურად ამან გამოიწვია ბაქოს პოლიტიკური გემოვნების ცვლილება. აზერბაიჯანი ვეღარ აბალანსებდა რუსეთის ჰეგემონიას და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ამდენად, დღეს საქართველო არის უსაფრთხოების ჩიხში.