კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გამოიყენა რუსეთმა სირიაში სამხედრო-პოლიტიკური წარმატება სამხრეთ კავკასიაში პოზიციის გასამყარებლად და ანტიქართული პოლიტიკის გასაძლიერებლად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თეირანში ერთმანეთს რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები შეხვდნენ (ანტიდასავლური კოალიციის ფარგლებში) და ერთმანეთს ისე ტკბილად მიმართავდნენ (ჩემი მეგობარი, ბატონი პუტინი, პატივცემული ბატონი პრეზიდენტი როუჰანი! პატივცემული ბატონი პრეზიდენტი ერდოღანი! ჩემი ძმა ბატონი ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის პატივცემული პრეზიდენტი. ძვირფასო ძმაო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო როუჰან! ჩემო ძვირფასო და პატივცემულო მეგობარო, რუსეთის პრეზიდენტო ვლადიმირ პუტინ!), თითქოს რუსეთ-ოსმალეთის, ოსმალეთ-სპარსეთისა და სპარსეთ-რუსეთის სისხლიანი დაპირისპირებები ბოროტი დასავლეთის მიერაა მოგონილი. ოფიციალურად, მხარეებმა სირიის კონფლიქტზე ისაუბრეს, თუმცა მათი დაახლოება სცილდება სირიას, რადგან ბაშარ ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება არც დასავლეთის ინტერესია და, მით უფრო, არც ჩვენი, ვინაიდან სირიის მმართველი იმ სახელმწიფოებს შეუერთდა, რომლებმაც სოხუმი და ცხინვალი აღიარეს და ისე შორსაც კი წავიდა, რომ  ბიბილოვი და ხაჯიმბა ლამის მეფური და მათთვის შეუფერებელი პატივით მიიღო სირიის დედაქალაქში. ანუ დღესავით ნათელია, რომ ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის პასიურობა რუსეთმა პლუსად სამხრეთ კავკასიაშიც აქცია და საქართველოს წინააღმდეგ მორიგ სვლად გამოიყენა. ქართულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა თეირანში გამართულ შეხვედრას თითქმის არ მიაქცია ყურადღება, თუმცა სწორედ ახლო აღმოსავლეთზე გადის სამხრეთ კავკასიური უსაფრთხოების თემა. ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტთან, ვასილ პაპავასთან ერთად მიმოვიხილავთ თეირანში სამთა შეხვედრის მიზანსა და შედეგებს.
– მნიშვნელოვან კოალიციად ყალიბდება ირანი-თურქეთი-რუსეთის კავშირი?
– ვიცით, რომ თეირანში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ირანის მხრიდან შეხვედრა ჩატარდა აიათოლა ჰომეინის დონეზე, რადგან პრეზიდენტი ირანში ბევრს ვერაფერს წყვეტს. საუბარი შეეხო სირიაში მიმდინარე მოვლენებს. სირიის სამთავრობო არმიამ ყველა ფრონტზე გაიმარჯვა. დარჩენილია მხოლოდ იდლიბის პროვინცია და მოსალოდნელია ქურთებთან შეთანხმებაც. იდლიბის პროვინცია უკანასკნელი ბასტიონია, რითაც სირიაში დასრულდება ფართომასშტაბიანი შეტაკებები და დაპირისპირება გადავა სულ სხვა ხარისხში: გაიმართება ვაჭრობა თურქეთთან, დასავლეთთან, რათა იარაღი დაყარონ ქურთებმა, განადგურდნენ დარჩენილი „ბოევიკები“ ან მათ დააყრევინონ იარაღი. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დარჩენილი „ბოევიკები“ უკვე ვერაფერს შეცვლიან. ასადის ხელისუფლება გადარჩა და ვხედავთ სირიის ხელისუფლების გააქტიურებას სულ სხვა მიმართულებით: აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით, ქვეყნის შიგნით როგორი პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც იცლის ბიბილოვისა და ხაჯიმბასთვის. ასადის ამ მდგომარეობას იყენებს რუსეთი და ცდილობს, კავკასიაში ანტიქართული ნაბიჯები უკვე ახლო აღმოსავლეთის მეშვეობით გადადგას. თუმცა სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე თეირანში ისაუბრეს იდლიბზეც, თურქეთი არ დაეთანხმა ირანსა და რუსეთს, იმიტომ რომ ისინი „ბოევიკების“ საბოლოოდ განადგურებას აპირებენ.
– თურქეთი რატომ არის ასადთან დაპირისპირებული „ბოევიკების“ განადგურების წინააღმდეგი?
– იმიტომ რომ იდლიბში განლაგებულ „,ბოევიკებს“ შორის  არიან თურქმანული ტომების წარმომადგენლებიც და თურქეთი მათ არ აიძულებს იარაღის დაყრას, თუ სანაცვლოდ რაღაც არ მიიღო. თან, ვიცით, რომ თურქეთში უკვე რამდენიმე მილიონი სირიელი ლტოლვილია. მეორე მხრივ, სირიის კონფლიქტის შემდეგ მწვავედ დადგება თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. რას მიიღებს თურქეთი პროთურქი „ბოევიკების“ განიარაღებით?! ერდოღანისთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ ვინ განაირაღებს სირიელ ქურთებს. სირიის არმია „ბოევიკებს“ თავისუფლად გაუმკლავდება, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს სირიელ ქურთებთან დაკავშირებით. სირიისთვის ხელსაყრელია, გადაიბიროს ქურთები და ქურთებიც თანახმანი არიან. რამდენიმე ქურთმა საველე მეთაურმა გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს სირიის არმიას იდლიბის პროვინციაში „ბოევიკების“ წინააღმდეგ და ეს იყო ერთგვარი მესიჯიც ამერიკის მთავრობისადმი, რომელმაც, ფაქტობრივად, მიატოვა ქურთები. ამასთან, ქურთებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ასადთან შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ თურქეთი არ შეურიგდება სირიაში ქურთების ავტონომიას, რაც აუცილებლად გადაედება თურქეთს, რომელსაც ჰყავს 15-მილიონიანი ქურთი მოსახლეობა და ქურთისტანის მუშათა პარტია მრავალი წელია, ებრძვის თურქეთის ხელისუფლებას.
როგორც ჩანს, თურქეთი ვერ დაიყოლიეს და ის ინარჩუნებს დიპლომატიურ პოზიციას, იმ იმედით, რომ იქნებ დასავლეთიც გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში და ამღვრეულ წყალში თურქეთმა სათავისო თევზის დაჭერა მოახერხოს. თუ ამერიკელები გაწირავენ ქურთებს, დაკარგავენ ბოლო დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, არ დაუშვან რუსეთისა და ირანის გაძლიერება. ქურთების გაწირვა აისახება დასავლეთის სხვა აღმოსავლელ მოკავშირეებზეც. ის არაბული ნავთობმონარქიები, რომლებიც თანამშრომლობენ დასავლეთთან, ეჭვს შეიტანენ დასავლეთში, რომელმაც, თუმცა ათობით მილიარდი დაახარჯა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში მიატოვა თავისი მოკავშირეები, ანუ ქურთები.
– რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელებმა დაბომბეს სირიაში რუსული პოზიციები, სწორედ პუტინ-ერდოღან-როუჰანის შეხვედრის შემდეგ.
– მანამდეც ბომბავდა აშშ სირიის ტერიტორიას, მაგრამ დაბომბვა იყო ის, რაც გაუკეთეს კადაფის, როდესაც გაუნადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა; თუკი ამერიკელები იდლიბის პროვინციაში ასადს გაუნადგურებენ სამხედრო ტექნიკას, მაშინ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ამერიკამ თავისი სიტყვა თქვა სირიაში. ბაშარ ასადის ხელისუფლება იმდენად მტკიცედ არის, მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთს მომგებიანი პოზიცია აქვს სირიაში.
– თუ სირიაში ირანსა და რუსეთს მომგებიანი პოზიციები აქვთ, რა გამოდის, რომ ახლო აღმოსავლეთში დასავლეთი, არ ვიტყვი, გარდაიცვალა, შინმოუსვლელია?
– დასავლეთი სირიაში გარდაცვლილია, მათ, ფაქტობრივად, არ ჰყავთ ისეთი დასაყრდენი, რომ პოლიტიკური ამინდი შექმნან.
– საქართველო და სამხრეთ კავკასია დასავლეთისთვის და უპირველესად, აშშ-სთვის ახლო აღმოსავლეთზე გასასვლელისთვისაა მნიშვნელოვანი პლაცდარმი. თუკი ჩვენი მოკავშირეების ინტერესი შეილახება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენც დავკარგავთ მათთვის აქტუალობას თუ პირიქით?
– სირია უშუალოდ არ გვესაზღვრება და მასთან მჭიდრო ურთიერთობა არ გვაქვს. მაგრამ რუსეთმა, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ კავკასიაში, როგორც კი გაამარჯვებინა ასადს და ის 80 პროცენტით უკვე გამარჯვებულია, აღიარებინა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები.
– ანუ ჩვენ დაუცველები ვრჩებით?
– მერკელის ვიზიტი ერთგვარი სიგნალია დასავლეთიდან. მერკელი ჩვენი მინისტრების გასაცნობად არ ჩამოსულა. ის ჩამოვიდა კონკრეტული წინადადებებით. ლაპარაკია ალტერნატიული მილსადენის გაყვანაზე. სომხეთში ხელისუფლება შეცვლილია. ფაშინიანმა შეძლო ყარაბაღის კლანის, რომლებიც ასოცირდებოდნენ პრორუს ძალებთან, შევიწროება და სახელისუფლო და ბიზნესწრეებიდან ჩამოშორება. ფაშინიანი პროდასავლურ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, დასავლეთი ნიადაგს სინჯავს მორიგი მილსადენების გაყვანისთვის, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა კასპიის ზღვის ხელშეკრულებას. 2015 წელს საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტისას ითქვა, რომ თურქმენეთისთვის მნიშვნელოვანია გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირება საქართველოს გავლით. 2015 წლიდან მოყოლებული, მახსოვს ექსპერტების განცხადებები, რომ უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელია, რომ ამას არ დაუშვებენ რუსეთი და ირანი, რადგან არ არსებობს ხელშეკრულება კასპიის ზღვაზე, რომ ევროპას ამისთვის არ სცალია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ხორციელდება ეტაპობრივად. 1995 წელს ვის სჯეროდა, რომ საქართველოზე გაივლიდა საერთაშორისო მილსადენები?! ამჯერად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენადაა მზად დასავლეთი, რომ მილსადენებმა საქართველოზე გაიაროს და მერკელის ვიზიტი მეტყველებს, რომ დასავლეთი ფიქრობს ამ თემაზე. გერმანია გამოგვიყოფს 200-მილიონიან კრედიტს, იაპონია გვეხმარება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, რაც გვხდის ერთ-ერთ მიმზიდველ სახელმწიფოდ სამხრეთ კავკასიაში. თუმცა ვხედავთ, რომ რეგიონული სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების გატარებას ცდილობენ. რუსეთი დაინტერესებულია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი აზერბაიჯანის გავლით გაიტანოს. უკვე მოგვარებულია სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი ირან-აზერბაიჯანს შორის. დასავლეთსაც, ცხადია, არ სძინავს. მაგრამ მთავარი ისაა, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ამას. ინფრასტრუქტურულადაც არ ვართ ისე მოწესრიგებულები, როგორც საჭიროა. რადგან არც იმის იმედად უნდა ვიყოთ, როდის მოიცლის დასავლეთი ჩვენთვის. ჩვენც უნდა შევქმნათ პოლიტიკური ამინდი და ჩვენს პარტნიორებს შევთავაზოთ. რეალურად კი, რაც ჩვენთან ხდება, თუნდაც, წინასაარჩევნო კამპანია, არის სრული მარაზმი და სახელმწიფოებრიობის აბუჩად აგდება. დასავლეთიც აკვირდება ამას – ასეთ სახელმწფიოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არავის მოუნდება.
– თურქეთის, ირანისა და რუსეთის ერთიანობა ანტიდასავლურ განწყობას ეყრდნობა, დაიშლებიან, როგორც კი რომელიმესთვის დასავლეთი მტერი აღარ იქნება. ამასობაში რუსეთი ძლიერდება სამხრეთ კავკასიაში. ირანისა და თურქეთისთვის მისაღებია, რომ სამხრეთ კავკასია დაუთმონ?
– ირანი ნაკლებადაა წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ თურქეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, თუ რუსეთმა საქართველოზე დააწესა კონტროლი, თურქეთს აზერბაიჯანთან უსუსტდება კავშირი და ჩაკეტილი რჩება რეგიონში. პირიქით, რუსეთის ორბიტაში მოექცევა, თუ ანტიდასავლური პოლიტიკით დასავლეთთან ურთიერთობას გაიფუჭებს. როგორც დომინანტი აღმოსავლეთსა და კავკასიაში, რუსეთი თურქეთსაც დაიმორჩილებს და ამიტომაც არ მიდის თურქეთი დასავლეთთან ურთიერთობის ისე გაფუჭებამდე, რაც აირჩია ირანმა, როდესაც თავის დროზე შაჰი დაამხო.
– თურქეთ-რუსეთის ანტაგონიზმი ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტად შეიძლება, იქცეს?
– ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება ჩვენი არმია და სპეცსამსახურები, სანამ ჩვენი მოკავშირეები მოახერხებენ, რომ დაგვეხმარონ. დასავლეთსაც აქვს ბევრი მინუსი, მაგრამ ეს არ შეიძლება, მივაწეროთ მთლიანად დასავლეთს. გავიხსენოთ სამხრეთ კორეისა და სამხრეთ ვიეტნამის მაგალითები. უამრავი ფული ჩადო დასავლეთმა ორივეში, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ სამხრეთ ვიეტნამის ხელმძღვანელობამ ეს ფული ყვლიფა და ნარკოტიკებსა და გართობაში დახარჯა, რაც დასრულდა ჩრდილო ვიეტნამის გამარჯვებით, სამხრეთ კორეაში კი სამხედროებმა აიღეს ძალაუფლება და მოაშორეს კორუმპირებული მთავრობა და რადაც დღეს იქცა სამხრეთ კორეა, ეს არის მათი დამსახურება, თორემ ამერიკელებმა რესურსი სამხრეთ ვიეტნამშიც ჩადეს.
скачать dle 11.3