№37 გიორგი გასვიანი: „მორიელებს“ პირდაპირ სექსი გვიყვარს
გიორგი გასვიანმა „იბერია“ დატოვა და ჩვენი ინფორმაციით, ახალი სეზონიდან ის „იმედის“ ეთერში გადაცემა „სიმართლის დროს“ წაიყვანს, ხოლო პროდიუსერი მაკა რაზმაძე იქნება. თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას თავად ტელეწამყვანი არ ადასტურებს.
გიორგი გასვიანი: როგორც პოლიტიკურმა ჟურნალისტმა, ფეხი „იბერიაზე“, „პრიორიტეტში“ ავიდგი და უცებ ძალიან მაღალ სკალაზე აღმოვჩნდი, რაც ჟურნალისტების ოცნებად ითვლება. თუმცა ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური თოქ-შოუ ბევრს მიჰყავს, მაგრამ მათი გადაცემები ვნებათაღელვას არ იწვევს. მათი არც გადაცემის სახელი იცის ვინმემ და არც წამყვანის ვინაობა. რაც შეეხება „იბერიის“ თემას, ამ არხზე ბევრი რამ მოხდა და ჩემი აზრით, ძალიან არასწორი და ცუდი ნაბიჯი იყო მაკა რაზმაძის გაშვება, რასაც მე უსიტყვოდ არ შევრიგებივარ.
– შენც გამოგიშვეს თუ თავად მიიღე წამოსვლის გადაწყვეტილება?
– არავითარი გამოშვება. „იბერიაში“ არ ვარ იმიტომ, რომ კარგი შემოთავაზება მივიღე. როცა ადამიანი შრომობ, ისეთი აუდიტორია გჭირდება, რომელთანაც ეს მეტად დაგიფასდება. განა „იბერიას“ აუდიტორია არ ჰყავდა, მაგრამ თუ ჰყავდა – ჩვენით. მაკა რაზმაძემ და გიორგი გასვიანმა ასწია რეიტინგი და თავის სკანდალებით და ყველაფრით ხალხი ამ არხზე შემოახედა. ამას განზრახ არ ვაკეთებდით, მაგრამ ასეთია ჩვენი პროფესია. ჯერ იყო „პრიორიტეტი“, შემდეგ – „ფაბრიკა“, რომლისთვისაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, როგორც ჟურნალისტმა და როგორც შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა. იქ რომ გადავედი „პრიორიტეტიდან“ ჩემი მაყურებელი უკვე მყავდა, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ემიგრანტებთან სხვადასხვა ქვეყანაში მიწვევით ჩავდიოდი ხოლმე. სკანდალიც იყო, იუმორიც, სერიოზული დაპირისპირებები რესპონდენტებთან, მაგრამ წითელი ხაზები არასდროს გადამიკვეთავს.
– მაკა რომ წავიდა და შენი პოზიცია დააფიქსირე, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა არ დაგეძაბა?
– ისეთი ტიპის მიდგომები იყო, რომლის გაპროტესტებაც თავიდანვე დავიწყე. თუმცა, ურთიერთობა არ დამძაბვია. პირდაპირ ვიტყვი, ამ არხის დამფუძნებლებთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, იქ ჩვენი მეგობრობის გამო არ მივსულვარ, ჩვენი ურთიერთობა მერე ჩამოყალიბდა. მათ შვილებთანაც დავმეგობრდი და „ბენტლის“ გახსნა იქნებოდა, „მაზერატი“ თუ სხვა ყველაფერი, მე მიმყავდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ძალიან მაგრად ავწიე „ფაბრიკის“ რეიტინგი და ამაყობდნენ, მაგრამ ტელევიზიებში გუნდური სიტუაცია მაინც ვერ არის ხოლმე. თუმცა მათგან ცუდად არ წამოვსულვარ, ძალიან სწორად გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და მიხვდნენ, რომ ეს მათი ღალატი არ იყო.
– „ფაბრიკის“ ახალი წამყვანი რეზი ჭიჭინაძეა. რას ფიქრობ მასზე?
– წარმატებებს ვუსურვებ, ყველაფერი წამყვანზეა დამოკიდებული. არ ვეთანხმები აზრს, რომ ყველაფერი პროდიუსერია და წამყვანი – მხოლოდ თოჯინა. მე და მაკა წამყვან-პროდიუსერები ვართ და შეგვიძლია, ჩვენი ტვინით დავგეგმოთ გადაცემა. ისე, როგორც ინგა გრიგოლია დაგეგმავს თავის გადაცემას და პროდიუსერებს თვითონ მისცემს მითითებას, ისევე როგორც მაკამ იცის ამის კეთება და უკვე მეც ვისწავლე.
– ბევრი გეტყვის, რომ ამბიციური ხარ.
– ეს ამბიციურობა არაა, საკუთარი პროფესიისადმი მიდგომაა. მედია ისეთი სფეროა, სადაც ზუსტად უნდა იცოდე, როგორ აღიქმები გარედან. შენს თავს გვერდიდან უნდა ხედავდე. რაც შეეხება „ფაბრიკის“ ახალ წამყვანს, მართალი გითხრათ, გადაცემა არ მინახავს. დამირეკეს, ყველა გიორგი გასვიანს ითხოვს კომენტარებშიო და ერთ მომენტს შევავლე თვალი. ერთადერთი, რამაც ძალიან გამახარა, იყო ის, რომ მაყურებელი მითხოვდა. წერდნენ: გიორგი დააბრუნეთ, სად არისო. მაყურებელმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, მეც არაფერი მითქვამს და ტელევიზიასაც არ გაუკეთებია განცხადება. რეზი ნიჭიერი ჟურნალისტია, მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, ეგ რომ წამყვანად იჯდა და ვაფასებ. ერთადერთი, რაც რეზისგან გამიკვირდა ის იყო, რომ როცა გადაცემა დაიწყო, მან არაფერი თქვა. როცა ჩემი წინამორბედი ლალი მოროშკინა წავიდა „იბერიიდან“ და წამყვანად მე დამსვეს, პირველი ლალი და მისი დამსახურება გავიხსენე, შემდეგ კი ჩემი მიდგომები გავაჟღერე. რეზის წინა წამყვანი არ უხსენებია და ამით მაყურებელი უფრო დააბნია, ვერ გაიგეს, რატომ არ იჯდა ეთერში გიორგი გასვიანი. სხვა მხრივ, შეფასებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ გადაცემისთვის არ მიყურებია. დიდი ხანი ვმუშაობდი „ფაბრიკაზე“ და მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, სხვა რომ დავინახე, ყურება ვერ გავაგრძელე.
– გიორგიმ დატოვა „იბერია“ და „იმედზე“გადავიდა, სადაც „სიმართლის დროს“ წაიყვანს, რომელიც წლების წინ ნანკა კალატოზიშვილს მიჰყავდა. მართალია?
– ეს გავრცელებული ჭორებია. თქვეს ისიც, რომ „რუსთავი 2-ზე პოლიტიკურ თოქ-შოუს წავიყვან, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს ჭორები საიდან მოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან საქმე ასე მოითხოვს. გეტყვით იმას, რომ მე და მაკა რაზმაძე ისევ ერთი გუნდი ვიქნებით.
– დიდი ხანი არაა, რაც ეკრანზე ხარ. რამ განაპირობა შენი წარმატება?
– ალბათ, უშუალობამ, ინდივიდუალიზმმა, გარეგონობამ, ხმამაც. ლამაზი ვარ-მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ დამახასიათებელი უნდა იყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მე და მაკა რაზმაძეს სკანდალების ბედი გვაქვს.
– როცა წარმატებული ხარ და გარეგნობაც ხელს გიწყობს, საპირისპირო სქესისთვისაც განსაკუთრებით მიმზიდველი ხარ.
– ძალიან ბევრი გოგო მწერს სოციალურ ქსელში და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ასოციალური ადამიანი არსებობს. ჯერ გადაცემაზე მოგწერენ და მერე უცებ სიყვარულს გიხსნიან. მერე რა, რომ ცოლი არ მყავს, იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?!. ვფიქრობ, რომ ასეთებს დაბალი განვითარების დონე აქვთ. საერთოდ, ქართველ გოგოებს ურთიერთობაში შეატყობ, რომ მოსწონხარ. თუ ქართველი გოგო გეპრანჭება, ხშირ შემთხვევაში არ მოგწონს. იმიტომ კი არა, რომ გეპრანჭება, იმიტომ, რომ შემდგარი ქალი საქართველოში კაცივით იქცევა, უნდა რომ დაგჩაგროს. აი, თუ გეპრანჭება, მერე უკვე მიგაჩნია, რომ რაღაც პრობლემები აქვს, ესე იგი, არავის მოსწონს. რატომ მეპრანჭება, ესე იგი, სჭირდება რაღაც? თუმცა, გულწრფელ ურთიერთობას მაშინვე შეატყობ. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ვიღაცას ფლირტი ურჩევნია, ვიღაცას – სერიოზული ურთიერთობა და ზოგს – პირდაპირ სექსი.
– შენ რა გირჩევნია?
– „მორიელებს“ პირდაპირ სექსი გვიყვარს. მიყვარს ერთჯერადი სექსი, მაგრამ ეს თავისთავად ხდება და არა მიზანმიმართულად. თუმცა ყოველდღე სექსი არაა კარგი, გონებას რყვნის, სულ ახალი გინდა და ესეც არ ვარგა. თუმცა ადამიანმა, თუ ამით სხვას არაფერს უშავებს, უარი არაფერზე არ უნდა თქვას. კარგად უნდა იცნობდეს თავის ვნებებს და იმის მიხედვით მოქმედებდეს. გაცნობიერების გარეშე, ძალით აკრძალულის, არაფრის მომხრე არ ვარ. ურთიერთობის დაგეგმვა არ მესმის, ყველაფერი თავისთავად უნდა მოხდეს. თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი – არ მიყვარს ცალმხრივად შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნა. რა ვქნა, მიყვარს ჩემი თავი და ვერასდროს წარმოვიდგენ ქალის გამო გასაცოდავებულ მდგომარეობაში ვიყო. არც არასდროს ვყოფილვარ ასე.