№37 ცოლის რა წამოწყებებს იტანს უსიტყვოდ აკაკი გოგიჩაიშვილი და როდის ცდილობენ ნინო ხაჟომია და გიორგი ჭიჭინაძე ჩახუტებით ერთმანეთის განტვირთვას
ტელეკომპანია „იბერიის“ დილის ეთერში ახალი გადაცემა გამოჩნდა – „დილა ხაჟოსთან“, რომლის წამყვანები ნინო ხაჟომია და გიორგი ჭიჭინაძეა. ნინოს ტელეეკრანებიდან ყველა იცნობს. ჩვენი მკითხველი გიორგისაც იცნობს, ის წარმატებული არტდიზაინერი გახლავთ და ბრიტანეთის არტდიზაინერების ფესტივალის ოქროს ჯილდოს მფლობელიც გახდა. როგორ აღმოაჩინა ნინომ გიორგი, რატომ აარჩია თანაწამყვანად და რით განსხვავდება მათი გადაცემა სხვა დილის გადაცემებისგან – ნინო და გიორგი გვესაუბრნენ.
ნინო ხაჟომია: აკაკი რომ „იბერიაზე“ გადავიდა, აქტიურად დავიწყე ამ არხის ყურება და სულ მქონდა განცდა, რომ ამ არხს აკლია დილის გადაცემა, მაგრამ არ მინდოდა, ეს სტანდარტული დილის გადაცემა ყოფილიყო. რადგან არხსაც უნდოდა დილის გადაცემის გაკეთება, ვახო ხუზმიაშვილი დამიკავშირდა, ის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ვუთხარი: რა კარგია, ხუზმიკ, მეც მქონდა დილის გადაცემის იდეა და გავაკეთოთ-მეთქი. ოღონდ წამყვანობაზე არც მიფიქრია, რა დროს ჩემი წამყვანობაა, პროდიუსინგს გავაკეთებ-მეთქი. თუმცა, არხისგან მივიღე შემოთავაზება, რომ დილის გადაცემა არა მარტო გამეკეთებინა, წამეყვანა კიდეც. ოღონდ ეს არ უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული, გაპიარებული გადაცემა. მე, ქალს, რომელსაც მაქვს ჩემი საქმე, მაქვს ჩემი შეხედულებები, ბიზნესი, არ მინდა, ვუყურო დილიდან სტუდიაში დამჯდარ მოწესრიგებულ ქალებს, მინდა, დავინახო ჩემიანი, რომელიც ჩემს ენაზე მეტყვის ინფორმაციას, იმას, რაც მე მაინტერესებს მარტივად და ოჯახურად. მინდოდა ყოფილიყო თბილი, ყველასგან განსხვავებლი გადაცემა და ეს გავაკეთე. ეს არის ეთერი ჩემი სახლიდან. სახლში ყველა ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს და მე ვარ ის, რაც ვარ ცხოვრებაში. ჩემთან სტუმრად ყველა ჩემი მეგობარი მოდის. სულ ვამბობ, რომ ყავასთან ჭორაობაც შეიძლება, ძალიან სასარგებლო იყოს.
– გიორგი როგორ აღმოაჩინეთ?
– მე ემოციურად ძალიან აქტიური ვარ და აუცილებლად მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ჩემს ჰიპერაქტიურობას დააბალანსებდა. ერთ-ერთ არხზე გიორგიზე ვნახე სიუჟეტი, მისი წარმატებული კარიერის შესახებ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გარეგნობით ავირჩიე. ტელეეთერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხმის ტემბრი და საუბრის მანერა. გიორგი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. შეხვედრაზე რომ მოვიდა, ვუთხარი, ძალიან გთხოვ, შენი ხმა გამაგონე-მეთქი და რომ დაილაპარაკა, მივხვდი, რომ რასაც ვეძებდი, ის მივიღე. მე რომ დღეს კინოს ვიღებდე ნიკოლოზ ბარათაშვილზე, გიორგის ნიკოლოზ ბარათაშვილის როლზე დავამტკიცებდი.
გიორგი: არასდროს მიფიქრია ტელეწამყვანობაზე და ალბათ, არც არასდროს მომივიდოდა აზრად, ნინოსნაირი ადამიანი რომ არ შემხვედროდა. ნინო არის ძალიან ტოლერანტული, ბუნებრივი და ადამიანური. გადაცემის ფორმატიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე და ნინო გაპრანჭულები არ ვართ. გვინდოდა, ბუნებრივად გადაგვეცა ჯანსაღი ემოციები, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. არ გამოვირჩევი აქტიურობით. რადგან ნინო არის ძალიან აქტიური, მე პასიური უნდა ვიყო, ერთმანეთი რომ დავაბალანსოთ. პირველი გადაცემა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ნინომ გადამატანინა. ნელნელა ვსწავლობ. როცა ვკამათობთ, გვაქვს „მემემსიჯი“, ვეხუტებით ერთმანეთს და ასე განვიტვირთებით. ორი ტიპაჟია – არის მეგრელი, აქტიური და რაჭველი, დინჯი, გაწონასწორებული.
ნინო: გიორგი რომ მის მეორე ნახევარს აარჩევს, აუცლებლად ვეტყვი, რომ ეს არ უნდა იყოს მეგრელი ქალი – ჩემსავით შეჭამს, გამოხრავს.
– ნინო, პირადულს თუ გიზიარებთ გიორგი?
– გიორგი ჩემი მეგობარია. კი, ყველაფერს მიზიარებს. წარმოუდგენელია, ეს შოუ გააკეთო, თუ იმ ადამიანს არ იცნობ, ვისთან ერთდაც ხარ სატელევიზიო ფორმატში. თავიდან, სცენარებს რომ ვწერდი, ვფიქრობდი, როგორ მივუდგე-მეთქი. ახლა გიორგის შესახებ ყველაფერი ვიცი – რა ზომა ფეხი აქვს, რა ზომის შარვალი აცვია, რა ინტერესები აქვს, როგორ იქცევა სტრესის დროს – ერთი ტონალობით უწევს ხმას, მეტი არაფერი არ ემჩნევა. გიორგი რომ გავიცანი, ვუთხარი, წამოდი, ერთად წავიდეთ სადმე-მეთქი და წავედით მთაში. მე საქმე მქონდა ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით. გუდაურში გავიარეთ, გიორგი მომეხმარა და ნაგავი გავიტანეთ ჩემი კაფედან. მერე ჩემს მეგობრებთან ყაზბეგში წავედით, გერგეტზე ავედით და ვნახეთ მზის ჩასვლა მყინვარზე. ასე რომ, დრო გვქონდა იმისთვის, რომ გაგვეცნო ერთმანეთი.
– ნინო, დიდი ხანი გაატარე შენი ბიზნესის გამო მთაში, როგორ ცხოვრობდი იქ?
– მთაში დიდი ხანი ვიყავი. შენება ნოემბერში დავიწყე და გუდაურში იქიდან მოყოლებული ვიყავი. ჩამოვდიოდი, ბავშვებისთვის რომ მეკოცნა. მთას გაძლება არ უნდა, მთაში ხარ ლაღი. გადავწყვიტე, რომ ჰობი გამეხადა ბიზნესად. მთელი ჩემი ბავშვობა გუდაურში მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარს თხილამურები. ეს ბიზნესი აქამდე იმიტომ არ დავიწყე, რომ გვერდით არ მყავდა შესაფერისი ადამიანი, ვისთან ერთადაც ბიზნესს მთაში გავაკეთებდი, იმიტომ რომ ასეთ ბიზნესს თავის წესები აქვს. არავის ეგონოს, რომ არაფერია ერთი კაფეს მართვა 3030 მეტრზე ზღვის დონიდან, სადაც არც წყალია, არც გაზი, არც კანალიზაცია. ეს არის არაადამიანური შრომა. ერთ ტონა წყალს ბიდონებით ვათრევდით ყოველდღე. თუმცა რასაც მოინდომებ, ყველაფერი გამოდის. წელსაც გადავიხვეწები, მხოლოდ ეთერისთვის ჩამოვალ. ჩემს შვილებსა და ქმარს გიორგის ვანდობ, მოუვლიან ერთმანეთს.
– აკაკი როგორ ეგუებოდა, ამდენი ხანი რომ წასული იყავით?
– ჩემი მეუღლე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. შეუძლია, უსიტყვოდ აიტანოს ჩემი ყველა არარეალური წამოწყება. როდესაც შენება დავიწყეთ, გუდაურში თოვლი იყო. მე მყავს მეგობარი ბიზნესში, ისიც რაჭველია. ვთქვით, ეს უნდა გავაკეთოთო და გავაკეთეთ. ორმეტრიან თოვლში მიათრევდა ტრაქტორით შუშებს, რომ სეზონი არ ჩაგვვარდნოდა, მაგრამ გავუძელით. მე სულ ვამბობ, ცხოვრებაში რაც არასდროს შემშლია, მეგობრებისა და ჩემი მეორე ნახევრის არჩევაა. აკაკი თავიდან შენიშვნებს მაძლევდა, ახლა მოსწონს. რა შენიშვნებსაც მაძლევდა, ის ჩემი ბრალი არ არის, ის სხვა მიზეზების გამო იყო. ჩვენ ვიღებთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც ვართ. არ ვთხოვთ, რომ შევიცვალოთ. აკაკი ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოტიპია, მე სულ სხვანაირი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩვენ ამას ვიღებთ. ძალიან დინჯია. როგორც წესი, ჩემთან ფიცხი კაცები მარცხდებიან, ხოლო დინჯ კაცებს ვუთმობ. მე რომ არ მყოლოდა ქმარი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ადამიანია და ეთქვა, ნინო, იცი რა, შენ ჩემს ქონებას ვერ ჩადებო, მაშინ მე ჩემს ბიზნესს ვერ დავიწყებდი.
– გიორგი, თაყვანისმცემელი გოგონები თუ მოგემატა ტელეეკრანზე გამოჩენის შემდეგ?
გიორგი: არაფერი შეცვლილა. მგონი, აღარ მოქმედებს ის, რომ ტელეწამყვანი ხარ – ოცდამეერთე საუკუნეა, აღარავის უკვირს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ვაკეთებ ჯანსაღ და კარგ საქმეს. არასდროს მინდოდა, ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი, მაგრამ ფორმატი იმდენად საინტერესოა, რომ მგონია, ძალიან კარგ და კეთილ საქმეს ვაკეთებ. სულ მინდოდა, ისეთ პროექტში ჩავრთულიყავი, სადაც ნებისმიერი ფორმით კეთილ საქმეს გავაკეთებდი. თუნდაც ჩვენმა დიალოგებმა და საუბრებმა რომ შეცვალოს ერთი ადამიანის ბედი, მე და ნინო ვიქნებით ძალიან ბედნიერები. ჩვენ არ გვჭირდებოდა გაპიარება და პოპულარობა, ჩვენს ბიზნესებში ორივე წარმატებულები ვართ. წამყვანებს შორის კი – ყველაზე ბუნებრივი წამყვანები.
– გიორგი, შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ღია ვარ თუკი ვინმე ნორმალური გამოჩნდება.
– როგორია შენთვის ნორმალური გოგო?
– არ ვიცი. მთავარია, ერთგული იყოს.
ნინო: მე ვიცი – მშვიდი, ფერიას გარეგნობით, გაწონასწორებული და მეოჯახე.
გიორგი: სხვათა შორის, ძალიან მეხმარება ნინო. ახლა მყავდა ვიღაც და ისე შეაფასა, რომ ორჯერ მართალი აღმოჩნდა – ქალის თვალით დაინახა. ასე რომ, დრო ტყუილად არ დავკარგე. ნინოს სახით, ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე, რომლის იმედი მთელი ცხოვრება მექნება.
ნინო: ამას წინათ, ტელეფონიც გამეთიშა, ყველაფერი... ჯიბეში ლარიანი არ მაქვს და „ფეისბუქზე“ ვწერ: გიო, სასწრაფოდ ჩამირიცხე ორმოცდაათი ლარი, ბენზინის ფული არ მაქვს-მეთქი. კი, ახლავე ჩაგირიცხავო. შეიძლება, წვრილმანია, მაგრამ დიდი იმედია, როცა გყავს ადამიანი, ვინც ამას მაშინვე გააკეთებს, როგორც კი ეტყვი. ერთი საათის მერე რომ გამიკეთონ, აღარ მინდა. გიო არის ადამიანი, ვისაც დაეყრდნობი, ვინც მოყვება ჩემს ტემპს.
– ერთმანეთის რა თვისებები მოგწონთ?
გიორგი: არასდროს იცი, ნინო რას გააკეთებს. იმდენად მაკლდა ეს... ჩემი მეგობრები ასე არიან – მოდი, შაბათ-კვირას იქ გავიდეთ, მოდი, ორშაბათს გავიდეთ, არა, ასე არ გვაქვს დაგეგმილი. ნინომ ძალიან შემავსო. შეიძლება ხვალ დამირეკოს და მითხრას, ადექი გუდაურში მივდივართ ან სადმე... გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივ დაგეგმილი ადამიანი.
ნინო: ღამის თერთმეტ საათზე ვწერ: „გიო ადექი, „ეკოვეივზე“ მივდივართ. ჰო, კაი, რამდენ წუთში მომაკითხავ?“ მერე რაღაც მომენტში ვწერ: „გიო მეზარება, აღარ წავიდეთ“... ჩამოყალიბდი, რა გინდა და მერე მითხარი, ხომ არ შეიძლება სამ წუთში სამჯერ შეგეცვალოს აზრი.