კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ გადაარჩინა გია ჯაჯანიძე ასლან აბაშიძემ და რატომ გადაწყვიტა მან გორში მოდის სახლის გახსნა

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

გია ჯაჯანიძე ახალ სეზონს ახალი პროექტებით იწყებს – გარდა იმისა, რომ  „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ „ნასაში“ მიიწვიეს, ტელესახე ძალებს ახალ საქმეშიც ცდის – გორში მოდის სახლს ხსნის, სადაც როგორც თვითონ ამბობს, გორელებს საინტერესო მოდელებს შესთავაზებს. იმის მიუხედავად, რომ ბიზნესში გამოცდილება არ აქვს, არ მალავს, რომ  დიზაინზე მუშაობა მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა.  როგორ გაატარა ზაფხულის არდადეგები და რა სიურპრიზი მოუწყო მეგობრებს ბათუმში, ამის შესახებ ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.     
გიორგი ჯაჯანიძე: მას შემდეგ, რაც ავიკვიატე, რომ  ბედნიერი უნდა ვიყო, გადავწყვიტე, რომ ბედნიერება ვეძებო ყველგან და ყველაფერში, მათ შორის დასვენების დროსაც. ბოლო პერიოდში   ისეთი გადაღლილი ვიყავი საქმისგან, ემოციებისგან,  ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარულით, როცა ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ და გადაცდომის უფლება არ გაქვს, რომ გადავწყვიტე, მარტოს დამესვენა. რაც ასაკში შევდივარ, დასვენებასაც სხვა ფასი მიეცა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ადამიანები, ვინც არდადეგებს შვილებთან, ქმრებთან, ცოლებთან ერთად ატარებენ, თბილისში დაღლილ-დაქანცულები, გასავათებულები ბრუნდებიან. ამ მხრივ, მეც  მწარე გამოცდილება მაქვს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ჭკვიანი შვილები მყავდა, როცა პატარები იყვნენ, სადაც არ უნდა წამეყვანა – ზღვაზე თუ მთაში, საშინლად ვიტანჯებოდი. იქ განსაკუთრებით იღვიძებდა ჩემში მშობლის ინსტინქტი, ზღვაზე იმის მეშინოდა, შორს არ გაეცურათ და არ დამხრჩვალიყვნენ, მთაში – ნადირს რომ არ დაეგლიჯა, ასე  ყანჩასავით კისერწაგდებული ვიყავი ხოლმე. რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მშვიდ ადგილებს ვეტანები, მაგალითად, ამ ზაფხულს დავგეგმე და მოვიარე ყველა სოფელი, სადაც კი ბავშვობაში დავდიოდი ნათესავებთან.  მაშინ ღარიბი ოჯახის ბავშვს სად უნდა დამესვენა –  ჩემი დასასვენებელი ადგილები იყო ჭორვილა, ზოდი, სავანე. ახლა ყველა ეს ოჯახი მოვიარე, ყველას  დავადებინე პირობა, რომ სუფრებით და მიირთვი, გენაცვალეს, ძახილით არ დამღლიდნენ, როცა მომშივდებოდა, მაშინ ვჭამდი, როცა მინდოდა, ვდგებოდი, როცა მინდოდა, ვწვებოდი, ვიარე ტყეში, მდინარეზე, მეთეზეებთანაც მოვხვდი, მაგრამ ოქროს თევზი ვერ დავიჭირე (იცინის). ასე, სოფელ-სოფელ სიარულით კარგად, მშვიდად და ბედნიერად დავისვენე, სეფაში გადახდილ ქეიფებსაც დავესწარი, სოფლის ქელეხებსაც. ახალ სეზონს ენერგიულად ვხვდები. საერთოდ, მე ძალიან მიყვარს სექტემბერი, რომელიც ჩვენთან ახალი წელივითაა. თითქოს 1 სექტემბერს ახალი ათვლა იწყება. რაც უნდა დრო გავიდეს, 1 სექტემბერს ისეთი შეგრძენება მაქვს, თითქოს სკოლის ასაკში ვბრუნდები, არადა, ახლა რომ ვფიქრობ, რა მწარე იყო ხოლმე მაშინ 1 სექტემბერი, სკოლაში ყველა ახალი ჩანთით რომ მოდიოდა, მე სხვისი გამონაცვალი  დაკუჭული ჩალისფერი ჩანთა მეჭირა, სკოლა ისე დავამთავრე, ახალი ჩანთა არ მღირსებია, ერთადერთი, რაც ყოველ 1 სექტემბერს ახალი მქონდა, ეს იყო „პრიჩოსკა“ – „პოლბოქსი“.         
–  ძველი ჩანთითა და ახალი „პოლბოქსით“ კარგად სწავლობდი?
– საშინლად, ოროსანი მოსწავლე ვიყავი. ყოველ წელს საშემოდგომო გამოცდებს ვაბარებდი. რა ვქნა, ვერ ვსწავლობდი, ვკითხულობდი, ვკითხულობდი, მაგრამ ვერ ვსწავლობდი, ბებია მიკითხავდა ხოლმე გაკვეთილებს და მოკლე შინაარსს მიყვებოდა. ერთხელ ასე ვისწავლე ისტორია და ჩემს ცხოვრებაში პირველად ხელი ავიწიე, მაინცდამაინც მაშინ მომაწოდა კომში ჩემმა კლასელმა, ჩავკბიჩე ის კომში და მაშინ გამომიძახა, გაკვეთილი კი ვიცოდი, მაგრამ პირი კომშით მქონდა სავსე და ხმა ვერ ამოვიღე, მაშინაც ორიანი მივიღე.  ის რაც  მიყვარდა, თავისუფალი თემების წერა იყო.   ერთადერთი საგანი, რაშიც ხუთი მეწერა – ყოფაქცევა. ისეთი უჩინარი, წყნარი, მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი, ერთ ადგილას რომ დამსვამდნენ და წავიდოდნენ, სანამ ვინმე არ მეტყოდა, ადექიო, ისევ იქ ვიჯექი.  ფიზკულტურაშიც კი სამიანს მიწერდნენ, ვერ დავრბოდი, ყველა მე მჯობნიდა, ამის მიუხედავად, დღეს ის მწარე მოგონებებიც კი გატკბა.   ისეთ ასაკში ვარ, როცა სევდიან ამბავსაც ლაღად ვიხსენებ. ის მძიმე წლებიც, რაც მქონდა, თან ჩემია, თან ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სადღაც წავიკითხე. ალბათ, ამიტომაც შემიყვარდა მარტოობა, საკუთარ თავთან, ფიქრებთან მარტო დარჩენა. ვარ ჩემს ბედნიერებასთან, ჩემს წარსულთან, ჩემს ფიქრებთან.
– როგორც ვიცი, ზაფხულის დღეები,  ბათუმში ახალ სახლშიც  გაატარე.
– რამდენიმე დღე ბათუმში ჩემს პროდიუსერებთან ერთად გავატარე. დავპატიჟე ისინი ჩემს ახალ სახლში, რომელიც დიდი არაა, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს გვყოფნის. ჩემს პროდიუსერებს ტასოს და მანონის სიურპრიზი მოვუწყვე, დავურეკე და ვუთხარი, ჩამოდით ჩემთან და კარგად  დაგასვენებთ-მეთქი. პირველივე დღეს ერთად წავედით ზღვაზე, რომელიც ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზეა, ვინ დაგაცადა ზღვამდე მისვლა, ყოველი მეორე მაჩერებდა და ფოტოს გადაღებას მთხოვდა, იგივე მოხდა სანაპიროზეც და უკანა გზაზეც, სახლში დაბრუნებისას. მანონიმ და ტასომ გამომიცხადეს, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ შენთან ერთად ზღვაზე წამოვედითო, ასე გაიყარა ჩვენი გზები – ისინი დადიოდნენ ზღვაზე, მე ვიჯექი სახლში, აივანზე ვიღებდი რუჯს, შემდეგ ვაკეთებდი საჭმელს და ვიყავი მასპინძლის როლში. წლევანდელი სეზონი თითქმის უკვე მიიწურა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა უკვე დაიწყეს განრიგის შედგენა, როგორ დაისვენებენ მომავალ ზაფხულს ჩემს სახლში მორიგეობით, პატარა სახლია, ორ სტუმარზე მეტს ვერ მივიღებ, მაგრამ გრაფიკს როგორმე მოვაწესრიგებ (იცინის).
ზღვა მიყვარს, განსაკუთრებით  კი  აჭარა. ბათუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რაც ასლან აბაშიძეს უკავშირდება. როცა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე, დიპლომის დასაცავად ფილმი უნდა გადამეღო. სად მქონდა ფილმის ფული, ჩამოვედი ბათუმში, სადიპლომო
ფილმის გადაღება ასლან აბაშიძის დახმარებით შევძელი. მან დამაფინანსა, რომ წავსულიყავი თურქეთში, სადაც გადავიღე   დოკუმენტური ფილმი  „მე ქართველი ვარ“. ეს ფილმი რომ არ გადამეღო, დიპლომს ვერ დავიცავდი და ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, ამიტომ, ასლან აბაშიძის მიმართ ყოველთვის მაქვს მადლიერების განცდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ეს ამაგი არ დამვიწყებია. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც ასლან აბაშიძემ ბევრი სიკეთე გაუკეთა და შიშით არ ამბობენ.  მალე, ბატონ ასლანს 80 წელი უსრულდება, მინდა, თქვენი ჟურნალით ვისარგებლო და  მას წინასწარ მივულოცო დაბადების დღე.  
– ახალ სეზონს  რა სიახლეებით ხვდები?
–   სიახლე ბევრი მაქვს,  ძალიან საინტერესო ამბებით დაიწყება ჩვენი ახალი სეზონი. იქნება საქართველოს მოპარული, დაკარგული ისტორიები, მისტიკა, გართობა, ცეკვა-თამაში, ბევრი პოზიტივი.   შემოდგომაზე დაგეგმილი მაქვს სტუმრობა „ნასაში“, სადაც მათი წარმომადგენლების ჩემს გადაცემაში სტუმრობის შემდეგ მიმიწვიეს.  ეს ძალიან ნიჭიერი ადამიანის,  რამაზ ბლუაშვილის დამსახურებით მოხდა, მხოლოდ მე მერგო ექსკლუზივი, ჩამეწერა „ნასას“ წარმომადგენლები თბილისში.  ჩემი  გადაცემის ეს  ნაწილი „ნასას“  ცენტრალური ოფისის დარბაზში აჩვენეს,  რის შემდეგაც შემომითვალეს, ჩავიდე იქ და დიდი გადაცემა გავაკეთო. ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, გავფრინდები თუ არა სადმე,  ამას დრო გვიჩვენებს (იცინის).  
  შემოდგომაზე კიდევ ერთ ახალ პროექტს ვიწყებ. ძალიან საინტერესო ადამიანის  დახმარებით – მე და ჩემი დიზაინერი გორში  მოდის სახლს ვხსნით. გორში გადაღებაზე მყოფმა გავიცანი ნამდვილი, ჭეშმარიტი ქართველი ვახტანგ ოქროშიაშვილი, რომელსაც გორზე ძალიან შესტკივა გული.  მე ხომ ფანტაზიის დიდი უნარი მაქვს და ამ ადამიანთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა ეს იდეა, რომ გორში გაიხსნას მოდის სახლი. ამ მიმართულებით დიდი გეგმები მაქვს, პირადად ვიმუშავებ ტანსაცმლის დიზაინზე, ამ მხრივ, კარგი მრჩეველი ვარ. მე ჩემთვის მიყვარს ექსტრავაგანტური ჩაცმულობა, თორემ  გორელებსაც ასეთ მოდელებსაც კი არ შევთავაზებთ (იცინის).  
– დიზაინერი თუ გყავდა, არ ვიცოდი, მეგონა, თავად იყავი საკუთარი თავის დიზაინერი.
– საკუთარი თავის დიზაინერი მე ვიყავი,  რადგან არასდროს შემხვედრია დიზაინერი, რომელიც შემისრულებდა იმას, რაც მე მინდოდა. ასეთი აღმოჩნდა ინგა შარვაძე, ბოლო რამდენიმე თვეა,  ჩემს დიზაინზე ის ზრუნავს, ქალბატონი ინგა თვითონ ქმნის მოდელებს, თვითონვე კერავს. საოცარი ტანდემი გამოგვივიდა. ინგამ უკვე მასწავლა პროფესიულ დონეზე კერვა. ასე რომ, დიდი სიურპრიზი ელოდება გორის მოსახლეობას. უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ვახტანგ ოქროშიაშვილსა და ქალბატონ ინგა შარვაძეს. მთავარი ის არის, რომ კეთილი საქმე გაკეთდება, ადამიანები დასაქმდებიან და მოსახლეობას ულამაზეს სამოსს შევთავაზებთ.
– მოდის სახლი იქით იყოს და ამბობენ, პოლიტიკური გეგმებიც აქვსო.
– იმდენ ხალხს ვხვდები, ვინც მთხოვს, შენ უნდა იყო პოლიტიკაშიო, მათ შორის უცხოეთში, ჩვენი ემიგრანტები,   გამორიცხული არაა, წლების მერე ამაზე ვიფიქრო.  ჩემი გადაცემა ზეცას ხომ არ გამოეკერება. ჩემგან ხომ ყველაფერი მოსალოდნელია. ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ისეთი კანონმორჩილი ადამიანები უნდა იყვნენ, როგორიც მე ვარ. მე ვერასოდეს წავართმევ სხვას ქონებას, ვერ მოვიპარავ და ვერ მივითვისებ სხვის კუთვნილ რამეს. არადა, რასაც მე ვუყურებ, სად არიან ჩვენი პოლიტიკოსები კანონმორჩილები, ყველა  გამდიდრდა და შავი დედალივით გაკეთდა. მე პატრული რომ დამაჯარიმებს, პირველივე ბანკთან ვჩერდები და ჯარიმას ვიხდი. წლების წინ, როცა მუხიანში ვცხოვრობდი, ჩვენს კორპუსში ჩემ გარდა ელექტროენერგიის ფულს არავინ იხდიდა, ყველას ან „ლევად“ ჰქონდა შუქი, ან, უბრალოდ, არ იხდიდნენ, მაშინ სად მქონდა ფული, მაგრამ ყველა ქვითარს ვიხდიდი.  მერე ყველას ჩამოაწერეს გადასახადები და მე შემრჩა გადახდა, მაგრამ არ მინანია, სამაგიეროდ, მშვიდად ვიყავი. ჩემთვის სიმშვიდეს მილიონის ფასი აქვს. პარტიას მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ აგერ, ბატონო, გაშლილი ხელით ველოდები შემოთავაზებებს  პოლიტიკური პარტიებიდან.  მე ვიფიქრებ, რამდენად ემთხვევა ჩვენი  იდეოლოგია... ყველამ იცის, რომ  ჩემს წარსულში კომპრომატებს ვერ იპოვიან.  რამდენიმე გადაცემა მაქვს მომზადებული,  ჩემი ჩაცმულობითა და სკანდალებით გამორჩეული, კომპრომატად რომ გამოდგება, სანამ სხვა დამასწრებს, ამ კომპრომატებს თვითონ გამოვაქვეყნებ, ამის გარდა სხვა შავბნელ საქმეს  ვერაფერს მიპოვიან (იცინის).     
скачать dle 11.3