№37 ატყუებდა თუ არა ბესო ზანგური ცოლს 7 წლის განმავლობაში და რატომ გააგდო ის რობერტ სტურუამ სცენიდან
ბესო ზანგურის ცხოვრებაში უამრავი სიახლეა. ის მეხუთე შვილს ელოდება, მერიაში დაიწყო მუშაობა და აქვს შემოთავაზება პარლამენტიდან. ამ სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ბესოს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, მან სახლი დაკარგა და ახლა ნაქირავებში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი პერიოდია, რაც მისი ცოლის, გვანცას დამსახურებაა.
ბესო ზანგური: პარლამენტიდან მაქვს შემოთავაზება, მაგრამ თუ იქით მხარეს წავალ, მაშინ თეატრი უნდა დავტოვო და ვერ ვტოვებ. თეატრის კედლებში არის მთელი ჩემი სიცოცხლე, ფანტაზიები, მისწრაფებები. ასე რომ, ძალიან დიდი არჩევნის წინაშე ვდგავარ. საერთოდ, სულ ბედისწერას მივყვები. ცხოვრებაში პირველად წავედი სხვა სამსახურში, ოღონდ ისევ ჩემი პროფესიით. ბატონმა კახა კალაძემ მერიაში, კულტურის საქალაქო სამსახურში დამასაქმა. „თეატრალური კოორდინატორი და მრჩეველი“ – ასე ჰქვია ჩემს პოზიციას, რომელსაც მერიაში ვიკავებ. მერიაში რომ მივედი, მეგონა, იმ გარემოში ვერანაირად ვერ ვიცოცხლებდი. ახლა მივეჩვიე და ძალიან მომწონს. მე და კახამ ერთმანეთი 2011 წელს გავიცანით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა. ერთად მოვიარეთ მთელი საქართველო და კარალეთში დავახლოვდით, როდესაც ნაციონალებმა ხალხი დაგვახვედრეს, ქვები დაგვიშინეს, ლურსმანგარჭობილი ფიცრები გვირტყეს... ჩხუბი რომ დაიწყო და ქვები დაგვიშინეს, კახამ დაცვას თავი არ გამოაყვანინა და დავაფასე ის, რომ ადამიანმა თავგანწირვა შეძლო. მაშინ ქვა მომხვდა. ისეთი მდგომარეობა იყო, საავადმყოფოშიც არ მიმიღეს. იმ პერიოდიდან ვმეგობრობდით. თუმცა მერიაში კახას არ მივუყვანივარ, სივი შევავსე, დამირეკეს და დავიწყე მუშაობა. თქვენი ჟურნალის მეშვეობით კახას ვულოცავ მეოთხე შვილის შეძენას საუკეთესო სურვილებით.
– „ფეისბუქზე“ გეწერა, რომ სახლი დაკარგე, როგორ?
– დედა ხომ ავად მყავს, ბანკი უყიდდა სახლს და მას რომ არ გაეგო, იძულებული გავხდი, ჩემი ახალი სახლი გამეყიდა, რომელიც შარშან შევიძინე და რის ფულსაც 16 წლიდან ვაგროვებდი. ბინაშიც თვითონ ვარჩევდი და ჩემი ხელით ვაკეთებდი ყველაფერს. ახლა გავყიდე და ნაქირავებში ვარ. ალბათ, ასეა, პატიოსნად როცა ცხოვრობ ადამიანი. ბინის საქირავებლად დავრეკე: ალო, გამარჯობა, ბინა მჭირდება. მეკითხება: რამდენი ხართ? ოჯახი ვართ, – ვპასუხობ. არა, ბატონო, „პუტანკებზე“ ვაქირავებო. სხვათა შორის, ყველა ჩემი შვილი ნაქირავებში გაჩნდა და ალბათ, მეხუთე შვილიც ნაქირავებში გაჩნდება. ველოდებით. ქუჩაში ვსეირნობდით. პატარა ბავშვი მოჰყავდათ, მომიტრიალდა ჩემი მეუღლე და მითხრა ასეთი გინდაო? კი-მეთქი, ჰოდა, მალე გეყოლებაო. ძაან მაგრად გამისწორდა. არ მაინტერესებს, გოგოა თუ ბიჭი, ყველა მყავს, თუმცა ბიჭი მინდა, ლაზარეს დავარქმევ. ლაზარე ზანგური. ყველამ იცის, რომ ჩემი მზე არის ბუსა, მაგრამ გოგოსგან ვიგრძენი რაღაცნაირად ის, რომ ვარ მართლა მამა და ძალიან გავბედნიერდი. ბიჭები მე მგვანან, მარიამი – დედას, მასავით უბრწყინავს თვალები და ეგ მიხარია. როცა ჩემთან არის, ჩემს მეუღლეს, თვალები უბრწყინავს, თუ ჩემთან არ არის, ჩამქრალი აქვს. რა სჯობია ასეთ აწყობილ ოჯახს. რაც მთავარია, მშვიდად ვარ. სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში. დგება ცხოვრებაში რაღაც პერიოდი, როცა ყველა თავის სიმშვიდეს პოულობს. ახლა ცხოვრების იდეალური „პალასა“ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ჩავარდნაა, ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერში კი ყველაზე დიდი წვლილი გვანცას მიუძღვის. ამ ზაფხულს ეგვიპტეში ვიყავით. გვანცას გავუკეთე საჩუქარი, იმიტომ რომ ამ სახლის დაკარგვა მართლა ძალიან განიცადა. არაჩვეულებრივი დიასახლისია, მეგრელებს არ ეშლებათ. ამხელა ოჯახი იტვირთა პატარა გოგომ – როგორია ჩემი გაძლება, მთელი ოჯახის საქმეები, მისი მოსაწესრიგებელია სამი ზანგური. ეს არის უდიდესი ტვირთი, იმიტომ რომ ისინი არ ჩერდებიან, სახლში კედლებზე დაცოცავენ. გვანცა წულეისკირი უცებ გახდა გვანცა ზანგური და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს.
– დედა როგორ არის ახლა?
– დედა ვერ მეტყველებს და ვერ დადის. ეს ისეთი საკითხია... ძალიან დიდი რაღაც დავკარგე ცხოვრებაში. წეღან ვეუბნებოდი დათო დარჩიას, ერთი უხეში სიტყვაც რომ მითქვამს – „კარგი, დედა, დამანებე თავი“ – ესეც კი მახსენდება და განვიცდი. ამაზე დიდი ტკივილი ცხოვრებაში არ მქონია. დედისთვის განსაკუთრებული შვილი ვიყავი. მისი ყველა საიდუმლო ვიცოდი, ისიც კი, რაც მამაჩემმა არ იცოდა. ძალიან ემოციური ქალი იყო. ახლაც ემოციურია, რომ მხედავს, ტირილს იწყებს. ჩემსას ყველაფერს ხვდება და ახლაც სულ დამალული აქვს კანფეტი და მაძლევს ხოლმე. დედაზე ძლიერი სიყვარული არ არსებობს ქვეყანაზე. დედებს გაუფრთხილდით!
– შენ და გვანცას რთული პერიოდი გქონდათ. როგორ დაალაგეთ ურთიერთობა?
– ცოლთან როგორ ვარ, იცი? გარდა იმისა, რომ ცოლ-ქმარი ვართ, ამასთან – ძალიან მაგარი მეგობრებიც. ვეუბნები, მეშვიდე წელს შემიყვარდი სხვანაირად-მეთქი. შვიდი წელი მატყუებდიო, მეუბნება. არ ვატყუებდი, მაგრამ მეშვიდე წელს დავძმაკაცდით. ვერანაირმა ძალამ ვერ დაგვაშორა, თუმცა ბევრი მცდელობა იყო, ჩვენი ოჯახებიდან დაწყებული... მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ვერავინ დაშალა. ახლა როგორ ვარ, იცი? შემიძლია, მასთან ერთად უფრო კარგად ვიქეიფო, ვიდრე ძმაკაცებთან; მასთან ერთად წავიდე სადმე და გავაკეთო ისეთი სისულელე, რომ გზიდან გადავუხვიოთ და ბორჯომში მოვტყდეთ ჩემი დაბადების დღეზე. ურეკში ვისვენებდით და წინა დღეს იქიდან წამოვედით. უფულოდ მოვდივარ და გზაში დაიწკაპუნა რაღაც დარიცხვამ. მამამისის მეგობრები შეგვხვდნენ გზად, დავპატიჟე ახალდაბის რესტორანში და ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადავიხადე. დათო დარჩია უნდა ჩამოსულიყო – ჩემი 16 წლის მეგობარი. გვანცა მეხუმრება ხოლმე, მამაკაცების სიყვარულის თქვენი ძმაკაცობის მერე მჯერაო. დილა ჩვენი ურთიერთობით, ესემესით იწყება და ესემესით ღამდება.
– ალბათ, ისიც არავის ეგონა, თუ ერთგული ქმარი იქნებოდი...
– სინამდვილეში, ჩემს სიცოცხლეში არანაირი სექსუალური თავგადასავლები არ მქონია...
– თქვენი „ძმაკაცობა“ ოჯახში გენდერულ საკითხებშიც გამოიხატება?
– ჩემს ცოლს ძმაკაცურად ვექცევი, მაგრამ დისტანცირებას ვახერხებ. ჩემს ოჯახში არის პატრიარქატი და იქნება მუდამ. ქალს აქვს თავის ადგილი და კაცს – თავისი. ეს არ ნიშნავს, რომ „ქალის ადგილი კუხნაშია“. რა თქმა უნდა, ქალის ადგილი „კუხნაშია“, აბაზანაშია, საძინებელშია, ყველგან არის ქალის ადგილი და კაცის ადგილიც არ არის სამზარეულოში, თუმცა ჩემი მეუღლისთვის ბევრჯერ მომიმზადებია ყავაც და საჭმელიც. ასეთი ტიპები გავიჩითეთ უცებ, შვიდი წლის თავზე. რომ ამბობენ, შვიდ წელზე კრიზისიაო, ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა, თუმცა ძალიან კრიზისული წელი იყო სხვებისთვის – რაღაცაზე ვიჩხუბეთ და ეგონათ, არ შევრიგდებოდით. სამეგრელო მიყვარდა ძალიან და ჩემმა მეგრელმა მეუღლემ უფრო შემაყვარა. ჩემთვის ყველაზე კარგი კუთხეა. მეგრელებს სულ რაღაც სიცოცხლე უნთიათ თვალებში და ეს სიცოცხლე მიყვარს, განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სიცოცხლე და ყველას სიცოცხლეს ვუფრთხილდები. თუნდაც, ბავშვობაში ჩხუბი რომ მომდიოდა, განსაკუთრებულად ფაქიზად ვჩხუბობდი და ვცდილობდი, არავის სიცოცხლისთვის არ მიმეყენებინა ზიანი.
– მოჩხუბარი ბავშვი იყავი?
– ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდი, მაგით მიცნობდა მთელი ქალაქი, რომ სულ ვჩხუბობდი. ჩემთვის ბევრჯერ მოუყენებიათ სასიკვდილო იარები. სამჯერ ვარ დაჭრილი. ერთხელ – ცეცხლსასროლი იარაღით, ორჯერ – დანით. უკვე თეატრში ვმუშაობდი. რესტორნიდან გამოვდიოდი, კარი გავაღე და ვიღაცამ დანა დამარტა მუცელში და ამისვა, ორი ნაწლავი გადაიჭრა, კუჭი გამისკდა, ძლივს გადავრჩი. ბატონი რობერტი მაშინ მოსკოვში იყო. ზაალ ჩიქობავამ დაურეკა და უთხრა, რომ გადარჩენის ოცი პროცენტი იყო. ზალიკომ გადამარჩინა. ჩხუბიც არ იყო, ვიღაცას სხვაში შევეშალე, ნაციონალების დრო იყო, ხუთ ნომერ პალატაში მომათავსეს. ნათლისღება იყო. ორი დაჭრა მქონდა და ორივეჯერ ნათლისღებას და კუჭი დამიზიანდა. ასეთი დამთხვევები ხდება ჩემს ცხოვრებაში. მეც და ჩემი ყველა შვილი 28 რიცხვში ვართ დაბადებული. ახლა მეხუთე შვილიც 28-ში უნდა გაჩნდეს, მეექვსე მე ვიქნები, მერე მეშვიდეზე წავალ და ასე მივყვები...
– შენ და რობერტ სტურუას განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ, რთულია მასთან ურთიერთობა?
– ბატონი რობერტისა და ჩემი მეგობრობა 15 წელს ითვლის. რუსთაველის თეატრში გიორგი შაუტაშვილი დგამდა სპექტაკლს. ძალიან მაგარი ნაბახუსევი მივედი, სცენაზე რომ შევედი, მაგარი ჩოჩქოლი იყო, კოსტიუმებს ისწორებენ, ხმას იყენებენ და მე უკან დავბოდიალობ ჩემთვის. უცებ ხმა გავიგონე: ყმაწვილო, ნუ დაძრწიხარ აქეთ-იქით, გთხოვთ, დატოვოთ სცენა. არც გამიხედია, ისე გავძახე – ბატონო?! გავიხედე და ბატონი რობერტი. რა ბრძანეთ-მეთქი ვკითხე, დატოვეთ სცენაო. მომვარდნენ, რა გააკეთე ეს, შენთვის თეატრის კარი დაიხურა, მორჩაო. წამოვედი, ასე გამომაგდო სცენიდან. მივედი სახლში, დავწექი, დავიძინე და ესემესმა გამაღვიძა – „ინ ვინო ვერიტას“ (ღვინოშია ჭეშმარიტება), თუ მეთანხმები, გიცდი რუსთაველის თეატრში“. არ დავიჯერე, ვიფიქრე, მეღადავებიან, გადავურეკე და მითხრა: რობიკო ვარ და გიცდიო. მივედი რუსთაველის თეატრში, პირველად შევედი მის კაბინეტში, „ჟივენშის“ სუნამო მაჩუქა, რესტორანში წამიყვანა და „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელი მათამაშა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ერთი ჩავარდნა არ გვქონია. ურთულესი პიროვნებები არიან გენიოსები. გულწრფელი უნდა იყო მათთან და მაშინ ყველაფერი კარგადაა. ისეთი რანგის გენიოსებს, როგორიც ბატონი რობერტია, გაათმაგებული ყურადღება, გულწრფელობა და ერთგულება სჭირდებათ, იმიტომ რომ ირგვლივ ყველა ადამიანი ყოველთვის დიდი ეჭვის საფუძველს უჩენთ და ეჭვიანები ხდებიან, ძალიან მომთხოვნები არიან. ბატონი რობერტი ასმაგ დისციპლინას ითხოვს ჩემგან. სცენაზე როგორც სხვა იქცევა, მეც თუ ისე მოვიქეცი, სამაგალითოდ დავისჯები. ახლაც დამსაჯა ბატონმა რობერტმა: 5 წლის განმავლობაში ერთადერთი რეპეტიცია გავაცდინე და არ წამიყვანა გასტროლებზე, მომენტალურად მომხსნა როლიდან და სხვა შეიყვანა. გზიდან მიმაბრუნეს, აეროპორტში წასულს, დამირეკეს – გასტროლზე აღარ მოდიხარო.