№37 რატომ სურს სამშენებლო კომპანიაში საყვარლის გაჩენა ხვიჩა მაღლაკელიძეს და რას შეაჩვია ის ცოლმა
ეს ზაფხული, მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ თავგადასავლებში გაატარა – რემონტიც წამოიწყო, „ჩხიკვთა ქორწილშიც“ წრუწუნას როლი ითამაშა, „ბაშმაკებიც“ დაიჭირა და გველივით სამჯერ გადაიძრო კანი. როგორც თავად ამბობს, ბედნიერი კაცია და ცხოვრებაში გაუმართლა. მართალია, ცოლის „მაწვნის თერაპია“ მასზე აღარ ჭრის, მაგრამ ოჯახის წევრების გვერდით თავს შესანიშნავად გრძნობს.
ხვიჩა მაღლაკელიძე: ზაფხული სირბილში გავატარე – რეისით თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი. ბათუმში სამჯერ გავედი სულ სანაპიროზე და სამივეჯერ მზეზე ჩამეძინა. ცოლ-შვილს ისე ვუყვარვარ, არ გამაღვიძეს, იფიქრეს, ცოდოა ეძინოსო და ისე დავიწვი, გველივით, სამჯერ გავიძვრე კანი. ქოლგას რომ დაარჭობ და ჩრდილში წამოგორდები, ისიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ მზე მოძრაობს? ჰოდა, მე რომ ჩამეძინა, ჩრდილი წავიდა ქობულეთისკენ და მე კი დავრჩი შუა ბათუმის მზეში. სულ დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე მელანდებოდა, მაგრამ მის პაციენტობას გადავურჩი. ზოგადად, ზღვის ნაპირზე ძილს არაფერი ჯობია. რამდენჯერ მთელი ოჯახი ავბარგებულვართ – წამო „პლიაჟზე“, კარგად გამევიძინოთ სუფთა ჰაერზეო (იცინის). ამას წინათ, ჩემმა შვილმა დაიჩემა, თევზაობა მასწავლეო. შევიძინე ანკესი, დავეწკაპეთ მთელი ოჯახი და წავედით. სამი დღე ვიარეთ და „ბაშმაკისა“ და გახსნილი „კონსერვის“ ქილის მეტი, ვერაფერი დავიჭირეთ.
– „ბლექ სი არენაზე“ გამართულ მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილშიც“ იყავი დაკავებული წრუწუნას როლზე, რომელსაც, საკმაოდ კარგად გაართვი თავი და თვით გამოცდილი წრუწუნის, ბატონ ვახტანგ ტატიშვილის შექებაც დაიმსახურე, ხომ ასეა?
– მეც, კმაყოფილი ვარ. წრუწუნა, საპასუხისმგებლო როლია. ვახო ტატიშვილის მერე, გაბედო და მოიცვა წრუწუნას „მანტია“ და ისე „გააპრავო“ ხუმრობები, რომ არ დაჩრდილო დიდი ვახოს სახელი, რთულია. თუმცა გამომივიდა და ხალხმაც იცინა და ტაშიც დამიკრეს. ასე რომ, ვთვლი, კარგად ვიწრუწუნე (იცინის). რაც ეს როლი ვითამაშე, წრუწუნა რომ სახლში შემომიძვრეს, როგორ მოვკლავ? დავარქმევ გვანცას და ვიმეგობრებ.
– ადრე თუ მოგიკლავს?
– ადრე კი, მქონდა თაგვის მოკვლის მცდელობა, მაგრამ არ გამომივიდა. ბახმაროში ვისვენებდი და მინდვრის თაგვი შემოგვისახლდა ბინაში. ნესტანი დავარქვი, ვაჭამე, გავასუქე და გემრიელად დავასვენე, მეტი რა მექნა? 23-ლარიან მოხალულ ნიგოზს ვაჭმევდი, მთის თაფლი არ მოჰკლებია. რომ წამოვედი, ვერსად ვნახე, რომ დავმშვიდობებოდი. ეტყობა, იგრძნო – მიდის ხვიჩაო და გულმა ვერ გაუძლო განშორებას.
– ამბობენ, გრანდიოზული რემონტი წამოიწყე ბათუმში. თუ გახვედი ბოლოში?
– მართალია, გრანდიოზული რემონტი წამოვიწყე, მაგრამ სანამ ბოლოში გავედი, მე აღარ დავრჩი. ხომ იცით, როგორ ხდება? იტყვი, მოდი, პატარა რაღაცას შევაკეთებო, შეყოფ თავს და ბოლომდე შეგიყოფს რემონტი (იცინის). ეს დამემართა მეც. თვე-ნახევარი, მთელს ოჯახს იატაკზე გვეძინა. შუაღამისას გამეღვიძა, წყალი მომწყურდა და ფეხები რომ ვერ გადმოვყავი, შემეშინდა, ვიფიქრე, რამ დააგრძელა ეს ლოგინი-მეთქი, დამავიწყდა სად ვიწექი. ახლა რემონტის იმ ეტაპზე ვარ, იატაკიდან 50 სანტიმეტრის მაღლა ავიწიე და მძინავს ლოგინში. ცოტა მოვიმატე სიმაღლეში (იცინის).
– სამშენებლო მასალების ბაზრობაზე რომ დადიოდი და გცნობდნენ, ფასს არ გიკლებდნენ?
– ჩემი ცოლი დამათრევდა, წამო, შენ გცნობენო. თუ ათი ტომარა წებო-ცემენტი მინდოდა, გადამახდევინებდნენ ხუთის ფულს, ხუთს მჩუქნიდნენ. მაგრამ, იყო სიტუაცია, რომ დამინახეს, იფიქრეს, ეს ტელევიზორში ჩანს, ფული ექნებაო და ათის მაგივრად, ოცი დამიფასეს.
– ხვიჩა, ყოველთვის ხუმრობის ხასიათზე ხარ და ყველას ჰგონია, პრობლემების გარეშე ცხოვრობ. თუმცა, ვინც გიცნობს, იცის, რომ ასე ნამდვილად არ არის. ხომ მეთანხმები?
– სულ კი ვხუმრობ, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს სახუმაროდ საქმე. თუმცა, ვისწავლე პრობლემის დაცინვა და არა – ფეხებზე დაკიდება. უფრო სწორად, პრობლემას, ვიზუალიზაციას ვუკეთებ, გავამატერიალიზებ, პიროვნების სახეს ვაძლევ, დავცინი და ისიც, კუდამოძუებული გარბის ჩემგან. ასე ვუმკლავდები, თორემ პრობლემის მეტი რა მქონია ცხოვრებაში. ერთ წელიწადში დავკარგე დედაც და მამაც. ეს დიდი დარტყმა იყო. სხვათა შორის, დაემთხვა და მამა გარდაიცვალა დედის დაბადების დღეზე, დედა – ახალი წლის ღამეს, ჩემი სიმამრი ჩემს – დაბადების დღეზე. ასე რომ, „პრაზდნიკები“ არ მწყალობს (იცინის). ახლა ვხუმრობ, მაგრამ, სულ ვამბობ, „პრაზდნიკების“ მეშინია-მეთქი. ქართველები ხომ იცით? ოღონდ დასვენების დღეები და არდადეგები მოიწყონ და ყოველი დღე რაღაცის დღეა, მაგალითად, წმინდა ანზორის კუშეტკაზე გადაბრუნების დღე. სანამ ცოლს მოვიყვანდი, ნამდვილი თანამედროვე კაკო ყაჩაღი ვიყავი. მართალია, არავის ვაყაჩაღებდი, მაგრამ სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა. არ ვუფრთხილდებოდი საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, რას ვჭამდი და ვსვამდი, კაცმა არ იცოდა. რეჟიმში ჩადგომა ოჯახის შექმნის მერე დაიწყო. ცოლს კოვზით არ უჭმევია, მაგრამ, რაც ცოლი მოვიყვანე, დროული საუზმით, სადილითა და ვახშმით დაიწყო ჩემი გაკეთილშობილება (იცინის).
– თავიდან კი დაიწყო ცოლმა სადილითა და ვახშმით შენი გაკეთილშობილება, მაგრამ მერე რომ მაწვნის დიეტაზე დაგსვა?
– (იცინის) ჩემმა ცოლმა „მაწვნის თერაპია“ რომ ჩამიტარა, სამი წელი, კრაზანასავით წელში გადაწყვეტილი არ ვიყავი, მაგრამ გემრიელ 74 კილოზე ვიდექი. ახლა კი, რაც „მაწვნის თერაპიას“ აღარ ვაკეთებ და ავიშვი, ჩასაყლაპი 87 კილო ვარ.
– ადრე რომ ამბობდი, ორი შვილი მყავს, ცალ-ცალკე სჭირდებათ დაბინავება და დროა, სამშენებლო ფირმაში საყვარელი გავიჩინოო, როგორაა საქმე?
– ცოლი კი მეუბნება, გაიჩინე სამშენებლო ფირმაში საყვარელი, არ აქვს მნიშვნელობა სქესსო, მაგრამ არავის მოვწონვარ (იცინის). სულ ვამბობ, ჩემი შვილების წინაშე დამნაშავე ვარ-მეთქი. ბოლო პერიოდში მათთან ბევრ დროს ვერ ვატარებ და მარისთან, ჩემს ცოლთან უფრო გახსნილები არიან. სხვათა შორის, კარგი გიტარისტი მეზრდება უფროსი შვილი, 17 წლისაა. უმცროსი კი – 7-ის და გარდა მიყიდესი, რა უნდა ცხოვრებაში, ჯერ ვერ გავიგე. მეც „მიყიდე“ ვიყავი და მე მგავს. თუმცა, ჩემი „მიყიდე“ იყო თვეში ერთხელ - მამიკო „პლასტინკები“ მიყიდე, გასაშვები მულტფილმები და სამწლიანი – მამა, მიყიდე ველოსიპედი. ახლა, რომ ვიხსენებ, გული მეწვება საკუთარ თავზე (იცინის). თუმცა, ბედნიერი კაცი ვარ, რადგან საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. სულ ვამბობ, კაცი არ უნდა გაეკვეხო იქ, სადაც შენი ადგილი არ არის.