№37 ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს ბავშვში აგრესიის ჩახშობა და რისთვის არის საჭირო „აგრესიის ბალიში“
ბავშვები ზოგჯერ აგრესიულ ქცევას ავლენენ. ეს გამოიხატება ყვირილითა და ჩხუბით სახლში თუ საბავშვო ბაღში. შეიძლება შეგვიმჩნევია, სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი ურტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი აგრესიული არ გაიზარდოს და რა მოვიმოქმედოთ ბავშვის აგრესიის დროს, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: აგრესიის გამოვლენის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მშობლის არასაკმარისი ყურადღებაა. აგრესიული ქმედებით ბავშვები სწორედ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. მიზეზი შესაძლოა, ზედმეტად მკაცრი მშობლებიც გახდნენ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ბავშვს თავიანთი ძალაუფლება მოახვიონ თავს, ჩაახშონ მისი მცდელობები, იყოს დამოუკიდებელი. აგრესიას იწვევს მშობლების გადაჭარბებული ყურადღებაც, ბავშვის ზედმეტად განებივრება. ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი ყოველ აკრძალვას ან მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას აგრესიით უპასუხებს. აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საკუთარი თავით უკმაყოფილებაა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის უპირობოდ უყვარდეთ, ამით იგი საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობს. თუ ბავშვს არ ეყვარება საკუთარი თავი, ის ვერ შეძლებს სხვის სიყვარულსაც, ამ შემთხვევაში კი აგრესიული გამოხტომები სავსებით ლოგიკური იქნება. მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობების მოდელი: თუ ოჯახის წევრები ერთმენეთს აგრესიულად ეპყრობიან, გასაკვირი აღარ იქნება ბავშვის აგრესიული ქცევაც. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები აგრესიას იმ დღეებში ავლენენ, როდესაც ვერ გამოიძინეს, ეწყინათ რაიმე, ან გაბრაზდნენ: ბავშვებზე ასევე, უარყოფითად მოქმედებს ხმაური, ვიბრაცია, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, სივიწროვე...
– შეიძლება თუ არა ბავშვის აგრესიის გამოვლინების ჩახშობა?
– არ ჩაახშოთ ბავშვის აგრესიული გამოვლინებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. ასწავლეთ მას ნეგატიური ემოციების სოციალურად სასარგებლო აქტივობებში გამოყენება, მაგალითად, ემოციების გადატანა ხატვაზე. ავარჯიშეთ მეტყველებაში, რათა სიტყვებით შეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა, ეს ბავშვისთვის იქნება მესიჯი, რომ შესაძლებელია ნეგატიურ ემოციებზე საუბარი და აგრესია ერთადერთი გამოსავალი არაა. თუ მშობლებს სურთ ებრძოლონ ბავშვის აგრესიას, უპირველესად თავადვე უნდა ისწავლონ აგრესიული იმპულსების კონტროლი. თუ ბავშვი აღგზნებულია, ყვირის, მუშტებს გირტყამთ, ჩაეხუტეთ მას, შესაძლოა, პირველი წუთები მძიმე იყოს, თუმცა, შედეგს აუცილებლად მიიღებთ, ნელ-ნელა კი შეამჩნევთ, როგორ დამშვიდდება. დროთა განმავლობაში მის დაწყნარებას სულ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება. მას შემდეგ, რაც დამშვიდდება, ესაუბრეთ გრძნობებზე, არ განსაჯოთ იგი, უბრალოდ, მოუსმინეთ, აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით და თანაუგრძნობთ.
– როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჩვენი ბავშვი სხვას ურტყამს?
– როდესაც ბავშვი ურტყამს თანატოლს, უნდა დავფიქრდეთ, რატომ. ის უბრალოდ ცუდად არ იქცევა. შესაძლოა, უჭირს ურთიერთობების დამყარება; არ იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა. მხოლოდ საყვედური და მოწოდება, რომ დარტყმა ცუდია, ნაკლებ შედეგიანია. ბავშვმა ისიც უნდა იცოდეს, რა გააკეთოს სანაცვლოდ. ბავშვის ქცევა რომ შევცვალოთ, უნდა ვასწავლოთ, რა გააკეთოს დარტყმის ნაცვლად. შეაჩერეთ ბავშვის აგრესიული ქცევა. მოაცილეთ სიტუაციას ან დაუკავეთ ხელები. მტკიცე ტონით უთხარით: „გაჩერდი, შეწყვიტე“, თუმცა, არ გამოავლინოთ აგრესია – არც სიტყვიერად და არც ქცევით. გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები. როდესაც ბავშვს ვუბრაზდებით, ამით ჩვენ თვითონვე ვაძლევთ უარყოფითი ქცევის მაგალითს. ყვირილითა და დარტყმით მას ვასწავლით, რომ ასე მოქცევა გაბრაზებისას შესაძლებელია და ნორმალურიც. მეორე მხრივ, შესაძლებელია, ბავშვი ჩვენი ყურადღების მისაქცევად იქცევა ცუდად. თუ გავუბრაზდებით, ამით მისი მიზანი შესრულდება – ისწავლის, რომ აგრესიული ქცევით ყოველთვის მიიქცევს მშობლების ყურადღებას. გაარკვიეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი. აუხსენით, რატომ არის დარტყმა ცუდი. ზოგჯერ ბავშვები სხვებს იმიტომ ურტყამენ, რომ გაბრაზებულები ან იმედგაცრუებულები არიან. დაეხმარეთ ბავშვს, გაერკვეს თავის ემოციებში და შეძლოს მათი სახელდება. ასწავლეთ, რომ ნორმალურია, თუ თავს გაბრაზებულად, სულელურად ან იმედგაცრუებულად გრძნობს, მაგრამ სხვისთვის დარტყმა მისაღები არ არის. ასევე, მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაიაზროს, თუ რა გავლენას ახდენს თავისი ქცევით სხვაზე. მაგალითად: „მე არ მომეწონა, რომ შენს მეგობარს დაარტყი. ვიცი, გაბრაზდი, ეს ნორმალურია, მაგრამ დარტყმა არ არის სწორი, თუ დაარტყამ, მას ეტკინება“. ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს, მიეცით თქვენი ქცევის მოდელი. განიხილეთ მისთვის პრობლემური სიტუაციები.
– რა მეთოდები არსებობს, რომ ბავშვმა ნეგატიური ემოციები სხვა რამეზე გადაიტანოს?
– უნდა განვიხილოთ ნეგატიური ემოციების გადატანის სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, დაკავდეს სპორტით, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა თამაშებში... სტრესის მოხსნის ეფექტური მეთოდია „გაბრაზების ბალიში“, როდესაც ბავშვი გაბრაზებულია, დართეთ ნება, რომ ბალიშს ურტყას, მაგრამ არა – ჩვეულებრივს. არსებობს გაბრაზების ბალიში, მას ეფექტურად იყენებენ აგრესიის დათრგუნვის პროცესში. ბალიშს მშობელი და ბავშვი ერთობლივად ირჩევს, ინსტრუქცია კი შემდეგია: როდესაც ბავშვს შეატყობთ აგრესიული იმპულსების შემოტევას, შეახსენეთ გაბრაზების ბალიშის არსებობა. უთხარით, რომ თამამად ურტყას მას. ამით ის უარყოფითი ემოციებისიგან განტვირთვას ნაწილობრივ მაინც მოახერხებს.
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი აგრესიული არ გაიზარდოს?
– ბავშვი აგრესიული რომ არ გაიზარდოს, მცირე ასაკიდანვე დააფასეთ მისი პიროვნება, გაითვალისწინეთ მისი აზრები, სერიოზულად მიუდექით მის ყოველ იდეას. მიეცით თავისუფლება, დამოუკიდებლობა არჩევანში, ამით მას პასუხისმგებლობის გრძნობას განუვითარებთ. ხშირად გაუმეორეთ, რომ როდესაც დასჭირდებით, აუცილებლად მის გვერდით იქნებით. ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, აუცილებელია მშობლების უპირობო სიყვარული. არ გამოვიყენოთ შემდეგი ფრაზა: „თუ კარგად არ მოიქცევი, მაშინ დედას და მამას აღარ ეყვარები“. თუ მისი დასჯა გადავწყვიტეთ, კონკრეტული ქმედებით უნდა დავსაჯოთ და არა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ან მუქარით. აუხსენით ბავშვს აგრესიის საბოლოო არასასურველი შედეგი, მშვიდი ტონით განუმარტეთ, თუ ის მიაღწევს თავისას კონკრეტულ მომენტში (ბავშვს წაართვა სათამაშო), შემდგომში აღარავინ მოინდომებს მასთან თამაშს და მარტო დარჩება, რაც ბავშვისთვის მიუღებელი იქნება. აუხსენით, თამაშისას უფრო ნაზად შეეხოს თანატოლებს, ისწავლოს რაიმეს თხოვნა: „გთხოვ, მომეცი სათამაშო“. აუხსენით, რომ ყოველთვის შეუძლია, ითხოვოს დახმარება, ამით გარკვეულწილად ავარიდებთ იმედგაცრუების გრძნობას. ასწავლეთ, რომ ნორმალურია, თუ უარს იტყვის იმ თანატოლებთან ან უფროსებთან ურთიერთობაზე, რომლებიც აწუხებენ. ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების დაწესება. აუცილებელია, ეს საზღვრები, აკრძალვები, წესები კონკრეტული და სტაბილური იყოს. არაეფექტურია სხვადასხვანაირი რეაგირება ერთსა და იმავე საქციელზე. ბავშვები თავისი ქცევით თითქმის ყოველთვის გვაძლევენ ირიბ მინიშნებებს, როდის და როგორი დახმარება ესაჭიროებათ. ასე რომ, დააკვირდით და მოუსმინეთ მათ!