№37 გურამ მენთეშაშვილი – თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდოა
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის, ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა საზოგადოების, ქირურგ-გასტროენტეროლოგთა და ონკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ქირურგ-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი – გურამ მენთეშაშვილი, მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოდილებისა, დღემდე აქტიურად აგრძელებს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესების გაცნობას და საკუთარ თავზე მუშაობას. ამბობს, რომ ყველა საქმე მოიცდის პაციენტის გარდა და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე მისთვის ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდოა.
გურამ მენთეშაშვილი: სამედიცინო წრეში არ გავზრდილვარ, ჩემს სანათესაოში პირველი ექიმი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი, სკოლა მედალზე დავამთავრე და დედამ მთხოვა, ექიმი გავმხდარიყავი. სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და კლინიკური საგნების სწავლის პერიოდში გავიაზრე, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. განსაკუთრებით ქირურგიით დავინტერესდი და როცა გარკვეული ცოდნა დავაგროვე, მივხვდი, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ონკოლოგიაა და სწორედ ამ კუთხით დახელოვნება გადავწყვიტე. უკვე სტაჟიანი ქირურგი ვიყავი, ონკოლოგიის შესწავლა რომ დავიწყე. ორდინატურა და ასპირანტურა ონკოლოგიაში გავიარე. მიუხედავად საკმაოდ მძიმე ყოფისა, მიღებული გადაწყვეტილების გამო არასოდეს მინანია.
– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა, როგორ გახდით რუსეთში ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი?
– განაწილებით დავიწყე მუშაობა ახმეტის რაიონში. ჯერ გადაუდებელი ქირურგიის განყოფილებაში ვმუშაობდი ქირურგად, შემდეგ სამკურნალო დარგში მთავარი ექიმის მოადგილე გახლდით. ჯამში ოთხი წელი ვიმუშავე და კახეთის ამ ულამაზეს რაიონში საკმად დაფასებული და პატივსაცემი ექიმი ვიყავი. ძალიან გამიმართლა, რომ დიდებულ ადამიანებთან, უმაღლეს პროფესიონალებთან, ავთანდილ ზარავანდაშვილთან და გენო დოლიძესთან, მომიწია მუშაობა. მაგრამ იმ დონეზე გავიზარდე, რაც რაიონის ქირურგს სჭირდებოდა და მივხვდი, რომ მეტად ვეღარ განვვითარდებოდი, ერთ ადგილზე მუშაობა ფუჭი დროის კარგვა იქნებოდა და საჭირო იყო ცვლილებები. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, სადაც ხარ, ყველგან გამორჩეული უნდა იყოო. ამიტომ, მივატოვე ყველაფერი და რუსეთში წავედი სასწავლებლად (იმ დროს სხვა არჩევანი არ არსებობდა). ახმეტაში თუ 320 მანეთი მქონდა ხელფასი, რუსეთში 150 მანეთზე კლინიკურ ორდინატორად დავიწყე მუშაობა სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტში. მინიმალურიდან დავიწყე და კლინიკის მთავარი ექიმობამდე ყველა საფეხური გავიარე. იქაც ძალიან გამიმართლა – ჩემი მასწავლებელი, პროფესორი ბორის ბერდოვი უფროსი ძმასავით მყავდა, პრაქტიკულად, გვერდიდან არ მიშორებდა.
– თუმცა, ასეთი დაფასების მიუხედავად, დატოვეთ დაკავებული პოზიცია და საქართველოში დაბრუნდით.
– სამშობლოში დაბრუნებისკენ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მიბიძგა. ამ ყველაფრის შორიდან ყურება არ შემეძლო, ჩემს ხალხთან უნდა ვყოფილიყავი. ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულებები თავისი ოჯახის, მოდგმისა და სამშობლოს წინაშე. იმ პერიოდში კომუნიკაციის ამდენი საშუალება არ არსებობდა და 9 აპრილიდან, დაახლოებით, ერთი კვირა თბილისში ვერ ვრეკავდი, საშინელება იყო. მივხვდი, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი და ჩამოვედი.
– თბილისში ძალიან რთულ პერიოდში დაბრუნდით, სად და როგორ განაგრძეთ მოღვაწეობა?
– ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია და მოსკოვში ჩამოსული იყო ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მაშინდელი დირექტორი, აკადემიკოსი რეზო ვეფხვაძე, შევხვდით, ვილაპარაკეთ. ვუთხარი წამოსვლას ვფიქრობ-მეთქი. შენ ოღონდ ჩამოდი და ჩემთან ადგილი ყოველთვის გექნებაო. საქართველოში დაბრუნებულმა სწორედ ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში დავიწყე მუშაობა, მართლაც ძალიან რთული პერიოდი იყო, შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო. მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, რომ ცხელ წერტილებში გავეშვით სამუშაოდ, თუმცა, უარით გამოგვისტუმრეს, გვითხრეს, თქვენ აქ გვჭირდებითო.
– დღეს ქართველი პაციენტების დიდი ნაკადი სამედიცინო მომსახურების მისაღებად უცხოეთში გადის, მაგალითად, ხშირად მიდიან თურქეთის კლინიკებში სამკურნალოდ, თქვენი აზრით, თურქული მედიცინა ჩვენზე მეტად განვითარებულია?
– სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თურქი და გერმანელი ექიმებიც კი ჩვენგან ჩასულ პაციენტებს ისე უყურებენ, როგორც ფულის ტომრებს. თურქეთში დასმული არასწორი დიაგნოზიც ბევრი მინახავს, რაც ჩვენთან არ გამართლებულა. თურქებმა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს სამედიცინო ბაზის განვითარება და დღეს ეს მიმართულება უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი, მაგრამ რაც შეეხება ინტელექტუალურ რესურსს ქირურგიაში, ჩვენ მათ არაფერში ჩამოვრჩებით, ზოგ რამეში კიდევაც ვჯობნით.
– რა იწვევს ონკოლოგიური დაავადებებების გახშირებას?
– სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ბევრი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. რიგი დაავადებები პირდაპირ მიუთითებს გენეტიკაზე, მაგრამ გენეტიკაც კი არაა გადამწყვეტი, თუ დამატებით, გარეშე მავნე ფაქტორი არ არსებობს. დღეს ძალიან ბევრი უარყოფითი გარემო ფაქტორი უწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების ჩამოყალიბებას. თბილისი გადაიქცა მეორადი ავტომობილების სასაფლაოდ, ამას ემატება უხარისხო საწვავი, არაჯანსაღი კვება, მავნე საწარმოები და სხვა. ევროპაში ვერ ნახავთ წიაღისეულის მოპოვების ღია წესებს, რაც ჩვენთანაა.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– წარმატება ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არ სურს, ერთი ადგილი ტკეპნოს, უნდა შეეძლოს სხვისი აზრის მოსმენა, აღქმა და კოლეგიალური ურთიერთობების დამყარება. ჩვენს კლინიკაში ყოველ დილით ვიკრიბებით, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, ვუსმენთ ერთმანეთს, ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას და ასე ვიზრდებით ყოველდღიურად. განვითარებისთვის აუცილებელია მუდმივი კითხვა და კონფერენციებზე დასწრება. ესაა ჩემი წარმატების საიდუმლოც.
– დღეს, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, რამდენად განიცდით თითოეული პაციენტის მდგომარეობას?
– ბევრს, ვისაც ჩვენს პროფესიასთან მჭიდრო კავშირი არ აქვს, რატომღაც ჰგონია, რომ ექიმისთვის პაციენტის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. სინამდვილეში, იმაზე ძვირფასი შეგრძნება არ არსებობს, როცა იბრძვი სიცოცხლის გადასარჩენად და სიკვდილზე იმარჯვებ. რაც შეეხება ფატალურ შედეგებს, ასეთ დროს პაციენტთან ერთად კვდება ექიმის სულის ნაწილიც. ყოფილა შემთხვევები, როცა ისეთ განცდებში ვყოფილვარ, რამდენიმე დღე საოპერაციოში ვეღარ შევსულვარ. ექიმი თუ ხარ, პაციენტი საკუთარი ოჯახის წევრივით უნდა მიიღო და თავი მის ადგილას უნდა დააყენო. ზოგ ჩემს კოლეგას ჰგონია, რომ რადგან ადამიანებს ვეხმარებით, მათ პატივი უნდა გვცენ. მე კი პირიქით ვფიქრობ – მადლიერი შენ უნდა იყო, რადგან პაციენტმა სწორედ შენ აგირჩია და ნდობა გამოგიცხადა.