№37 ვის უკავშირებს ცნობილი ონკოქირურგი, კახაბერ თოდუა საკუთარ წარმატებას
ახალგაზრდა, წარმატებული ონკოქირურგი, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ კანის, ძვლებისა და რბილი ქსოოვილების სიმსივნეების მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის წევრი – კახაბერ თოდუა ცნობილი ექიმების გარემოცვაში იზრდებოდა და წარმატებული და აღიარებული წინაპრების საქმის ღირსებული გამგრძელებელია.
კახაბერ თოდუა: ექიმების ოჯახში გავიზარდე, მამა – რაიბულ თოდუა, ონკოქირურგი გახლდათ, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებაში დაარსების დღიდან მუშაობდა. გამიმართლა და მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება. ეს ცოდნა, რასაც ახლა ვფლობ, შთამომავლობით მაქვს გადმოცემული. მამასთან ერთად მიწევდა სხვადასხვა სირთულის ოპერაციების კეთება, მათ შორის ისეთებისაც, რაც საქართველოში მაშინ სხვაგან არსად კეთდებოდა და ეს უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, მამა 4 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ახლაც მეხმარება. დედა პროფესიით თერაპევტია. ცნობილი ქირურგი გახლდათ ბაბუაჩემიც – ამბროსი თოდუა, ასევე, მამაჩემის ბიძა – შოთა თოდუა, რომელმაც დიდი შრომა ჩადო მამაჩემის ექიმად ჩამოყალიბებაში. მას მკუნალობის თავისი მეთოდი ჰქონდა, მოღვაწეობდა ვანის რაიონში და მასთან სამკურნალოდ პოსტსაპჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. დღეს შოთა თოდუას სახელობისაა ვანის რაიონული საავადმყოფო. ის მეთოდი, რითიც თავის დროზე ის მუშაობდა, დღეს ფართოდ გამოიყენება, საუბარია კანის გულ-მკერდის კედლიდან აშრევებასა და ფარისებრი ჯირკვლის ისე ამოღებაზე, რომ კისერზე შრამი არ დარჩეს. მოკლედ, ჩემი ოჯახი მთლიანად დატვირთულია ექიმებით და მეც ვაგრძელებ ამ ტრადიციას. რეზიდენტურის პერიოდში ხშირად მიწევდა მოღვაწეობა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, გერმანიასა და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადი სკოლა მაინც მამაჩემთან გავიარე და ჩემს ცოდნას ევროპულ გამოცდილებასაც ვამატებდი.
– სად დაიწყეთ და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
– 2005 წლიდან დავიწყე მოღვაწეობა საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, შემდგომ იყო უამრავი შემოთავაზება საკმაოდ ცნობილი კლინიკებიდან და დღესაც არის, უბრალოდ, ფიზიკურად არ მაქვს საკმარისი დრო. ამჟამად ვმოღვაწეობ სამ კლინიკაში: „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ და „თბილისის ონკოლოგიის ცენტრი“. ასევე, ვარ „ევექსის“ კონსულტანტი.
– რა იწვევს კანის სიმსივნეების ჩამოყალიბებას და ძირითადად, რა ტიპის სიმსივნეებთან გიწევთ ბრძოლა?
– როგორც ვიცით, კანის ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი მზით ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კანის დამწვრობა გახლავთ. ყველაზე ხშირია კანის ბაზალურ-უჯრედოვანი კიბო, რომელიც ყველაზე ნაკლებ საშიშია, ვინაიდან ადგილობრივად მზარდი სიმსივნე გახლავთ და მეტასტაზირება, ფაქტობრივად, არ გააჩნია. მკურნალობის ოქროს სტანდარტად მთელს მსოფლიოში ქირურგიული მკურნალობა ითვლება. უფრო აგრესიულობით გამოიხატება კანის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნე, ვინაიდან, ახასიათებს მეტასტაზირება. უფრო სწრაფად მზარდი და აგრესიულია, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს და ამ შემთხვევაში დროული ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე აგრესიული სიმსივნე გახლავთ მელანომა, ამიტომ ხალებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ყველა ხალი, რომელიც მუქი ფერის, უსწორო კიდეებისაა და ფორმას იცვლის, საყურადღებოა. მისი დათვალიერება თვალით ხდება, თუ მსგავს წარმონაქმნებს შეამჩნევთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მელანომის მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, ძალიან მაღალია სიკვდილიანობის ალბათობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ძალიან აგრესიულია მეტასტაზური პროცესების განვითარება, რომელიც რეზისტენტურია ქიმიოთერაპიის მიმართ, ქიმიოთერაპია, ფაქტობრივად, არ ინიშნება, იმიტომ რომ შედეგიანობია ნულის ტოლია. რაც შეეხება ტარგენტულ თერაპიას, ეს მკურნალობის ძალიან ძვირად ღირებული მეთოდია, სამწუხაროდ, საქართველოში ამის შესაძლებლობა ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და ამ შემთხვევაშიც სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წლით გახანგრძლივებაზეა საუბარი. მელანომის განვითარებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, არსებობენ რისკის მატარებელი ხალები და მათი დროული აღმოჩენა და ამოკვეთა პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხალის მოკვეთა ხდება საღი კანის ფარგლებში, ხალს საერთოდ არ ვეხებით და არავითარი რისკი არ არსებობს. საყურადღებოა კანზე არსებული ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელიც არ გქონდათ, გაჩნდა და ზომაში იზრდება. ზოგადად, ონკოლოგიაში ადრეულ სტადიებზე მურნალობა თითქმის განკურნების ტოლფასია.
– ზღვის სეზონია და როგორ დავიცვათ თავი დამწვრობისგან?
– ეს პერიოდი განსაკუთრებით საშიშია ღია ფერის კანის ადამიანებისთვის. მათ შემთხვევაში კანის სიმსივნის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე შავგვრემნებში. ყველას ვურჩევ, რომ ზღვაზე დილით 7-8 საათიდან 11-ის ნახევრამდე გავიდნენ, საღამოს კი – 5 საათიდან და აუცილებლად გამოიყენონ დამცავი კრემი. მცდარია აზრი – ქოლგის ქვეშ არ დავიწვებითო, ვინაიდან მიწიდან ხდება ულტრაიისფერი სხივების არეკვლა და შესაბამისად, ქოლგის ქვეშაც ვიწვებით. რაც დრო გადის, ოზონის შრე თანდათან უფრო თხელდება და დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების შეღწევადობაც უფრო მაღალია. არ გირჩევთ სოლარიუმის ხელოვნურად გამოწვეული ულტრაიისფერი გამოსხივების მიღებასაც. განსაკუთრებით კი, სოლარიუმებში არ უნდა იარონ ღია ფერის კანის ადამიანებმა, ვისაც ბევრი პიგმენტაცია აქვთ კანზე.
– რამდენად ხშირად გხვდებათ რბილქსოვილოვანი სიმსივნეეები და როგორ აღმოვაჩინოთ?
– იშვიათ სიმსივნეებს მიეკუთვნება რბილქსოვილოვანი სიმსივნეები, რომელიც კუნთოვან, მყესოვან შემაერთებელი ქსოვილებიდან ვითარდება. ეს ძალიან იშვიათი დაავადებებია და დაახლოებით ასი ათას მოსახლეზე ერთი შემთხვევა მოდის, ამიტომ ხშირია დიაგნოსტიკის და მკურნალობის შეცდომები. ჰგონიათ, რომ საქმე აქვთ მარტივ, კეთილთვისებიან ცხიმგროვასთან და სინამდვილეში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდება. ეს სიმსივნე ვითარდება კანქვეშ და პაციენტს მარტივად შეუძლია ხელით შენიშნოს. ხელის მაგრად მოჭერის შედეგად თუ რამე სიმაგრეს შევნიშნავთ, რომელიც აქამდე არ გვქონდა, ეს უკვე საყურადღებოა.
– რა სიმპტომები აქვს ძვლების სიმსივნეებს?
– ძვლების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები უიშვიათესი დაავადებაა, რომელიც ძვლის ნებისმიერ ადგილას ვითარდება. ძვლების ავთვისებიანი სიმსივნის პროცესისითვის დამახასიათებელია ღამის ხასიათის ტკივილი, რაც ერთ-ერთი ნიშანია. დაავადების გამოსავლენად საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია და დამიზნებითი ბიოფსიები, რომ მასალა უშუალოდ დაზიანების ადგილიდან ავიღოთ, რათა ჩატარდეს სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა.