№37 უცნაური კანონები
მეძავები ვალდებული იყვნენ, თმა ქერა ან წითურ ფერად შეეღებათ
ყველაფერში დამნაშავე ცენტრალურ ევროპაში რომაელ მხედართმთავართა ხშირი დაპყრობითი ლაშქრობებია. სულ მალე უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქი, სწორედაც რომ, გერმანიიდან და გალიიდან წამოყვანილი ტყვე ქალებით აივსო. ყველაზე ხშირად ისინი სწორედ საროსკიპო სახლებში ხვდებოდნენ მონა ქალებისა და მეძავების სახით.
მაგრამ რამდენადაც მათ შორის ქერა და წითურთმიანები სჭარბობდნენ, ძალიან მალე გამოიცა ოფიციალური ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა ყველა რომაელ „სიყვარულის ქურუმთ“, შეეღებათ თმა, ქერა ან წითურ ფერად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი გარჩევა „პატიოსანი შავგვრემნებისგან“.
მამას შეეძლო, სამჯერ გაეყიდა შვილები მონებად
რომში ოჯახის მამა დიდი პატივისცემით სარგებლობდა და მთელ რიგ ხელშეუვალ უფლებებს ფლობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო უფლება – გაეყიდა შვილები დროებით მონობაში. მაგრამ დროებითი იქნებოდა თუ მუდმივი – ამასაც მამა წყვეტდა. ჩვენამდე მიღწეულ ტექსტებში არ არის მკაფიო მითითებები იმაზე, თუ როგორი ხელშეკრულება იდებოდა ასეთ შემთხვევაში და როგორი შეზღუდვები არსებობდა.
ცნობილია, რომ რომელიღაც მომენტში მამას შეეძლო, მოეთხოვა, შვილი განმეორებით მისთვის მიეყიდათ, მაგრამ თორმეტი ტაბულის კანონი უფლებას იძლეოდა, ეს გაყიდვა განმეორებულიყო სამჯერ. სამჯერადი გაყიდვის შემდეგ კი შვილი მთლიანად თავისუფლდებოდა მამის მბრძანებლობისაგან.
კანონით, მამას შეეძლო
მთელი თავისი ოჯახი გაენადგურებინა
განსაკუთრებით ნათლად ეს გამოხატული იყო რომის ადრეულ იმპერიამდელ პერიოდში. ოჯახის მამად მიიჩნეოდა დინასტიის უფროსი წევრი. მას თავისი ოჯახის ჩარჩოებში აბსოლუტური უფლებები ჰქონდა. აქ ის უმაღლესი ქურუმიც იყო, ბრალმდებელიც, მოსამართლეც და ჯალათიც კი, თუ ეს საჭირო იქნებოდა.
ამასთანავე, თუ შვილები უკვე მოზრდილები იყვნენ და საკუთარი ოჯახებიც ჰქონდათ, სანამ მათი მამა ცოცხალი იყო, სწორედ ის ითვლებოდა ოჯახის თავად. ცოლიც, ბავშვებიც და მათი ცოლ-ქმრებიც მისი კუთვნილება იყო. ოჯახის მამას შეეძლო, მოეკლა ცოლი ღალატისთვის, ქალიშვილი – ქორწინების გარეშე კავშირისთვის, შვილები – ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის.
ქალს შეეძლო, სამი დღით წასულიყო სახლიდან, რათა ქორწინებისწინა „გამოსაცდელი ვადა“ გაეგრძელებინა
საერთოდ, იმ დროისთვის რომში სამი სახის ქორწინება არსებობდა. პირველი ორი დღევანდელი ოფიციალური ქორწინების იდენტური იყო, ხოლო მესამეს შემთხვევაში, წყვილი მხოლოდ ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქორწინდებოდა.
ამნაირი „გამოსაცდელი ვადა“ წყვილს საშუალებას აძლევდა, დაკვირვებოდნენ ერთმანეთს, თვალი შეეჩვიათ ერთმანეთისთვის და გაეგოთ – უღირდათ თუ არა ოფიციალური ქორწინების ხუნდებში გაეყოთ თავი. ამასთან, თუ ერთი წლის განმავლობაში ქალი მიდიოდა მომავალი ქმრის სახლიდან სამ დღე-ღამეზე მეტი ვადით, მაშინ ათვლა თავიდან იწყებოდა.
აკრძალვა დიდი ნადიმების გამართვაზე
ძველ რომში ერთობ გავრცელებული იყო სუმპტუარული კანონები – კანონები ზედმეტი ფუფუნების წინააღმდეგ სახლის მოწყობაში, ტანსაცმელში, აქსესუარებში, ჭამასა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მათგანია გაიუს ორქიდიუსის (191 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე) კანონი, რომელიც ზღუდავდა დანახარჯებს ნადიმებზე. შემდეგში მიღებული იქნა მისი მეტად მკაცრი ვერსია, რომელსაც ფანიების კანონები ეწოდებოდა.
ამ კანონით ნებადართული იყო საკუთარ სახლში მხოლოდ სამ სტუმარს გამასპინძლებოდნენ, ხოლო ბაზრობის დღეებში – ხუთს. ასეთი დღე კი თვეში სამი იყო. კერძის ულუფის ფასი არ უნდა გადასცდენოდა 2,5 დრაქმას, შებოლილ ხორცზე ნებადართული იყო, წელიწადში დაეხარჯათ არაუმეტეს 15 ტალანტისა, ბოსტნეული და პარკოსსნები შეჭამანდისთვის – იმ რაოდენობით, რამდენსაც მიწა იძლეოდა.
მოამზადა
რევაზ ტომარაძემ