№37 ყალბი თვითმკვლელი
სეიერს დევიდსი
პოლიციელმა ხიდზე გაჩერებულ მანქანას თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როდესაც კარი გაიღო და მანქანიდან მაღალი მამაკაცი გადმოვიდა, მაშინვე დაიძაბა. ეს ხიდი პოპულარობით მარტო შეყვარებულებში კი არა, თვითმკვლელებშიც სარგებლობდა.
მამაკაცმა აქეთ-იქით მიმოიხედა. თავიდან მოაჯირთან აუჩქარებლად მივიდა, შემდეგ გადაიხარა. პოლიციელმა შეიგინა და მისკენ გაქანდა.
– მშვენიერი ღამეა. ხედით ტკბებით? ლამაზია... – თქვა სამართალდამცველმა მისალმების მაგივრად, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა, მისი ფეხის ხმის გაგონებაზე მოაჯირს ხელი შეუშვა და სიგარეტს მოუკიდა.
– სილამაზისთვის არ მცხელა, – ამოიოხრა მაღალმა მამაკაცმა და მდინარეში ჩააფერფლა. ჯონსმა მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება, რომ მას ძალიან ხშირი წარბები ჰქონდა, – ამჟამად იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვახერხო უფრო ეფექტურად, მარტივად და რაც მთავარია, უმტკივნეულოდ თავის მოკვლა.
– ასე რატომ ამბობთ? – პოლიციელი მის გამხნევებას შეეცადა. – რაც უნდა ცუდად იყო, უნდა იცოცხლო. ვინ იცის, იქნებ ხვალ გაგიმართლოს და ყველაფერი შეიცვალოს?
უცნობმა პოლიციელს ხელი გაუწოდა.
– მე ედვარდ რაიტი მქვია. მას შემდეგ, რაც ცოლი მომიკვდა ყველაფერი უკან წავიდა. ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
– ასე ნუ ამბობთ, – ხელი მხარზე დაადო ჯონსმა, – ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. კარგად გამოიძიბნებთ და ხვალ ყველაფერს სხვანაირად შეხედავთ.
რაიტი დიდხანს დუმდა, შემდეგ ასევე მდუმარედ წავიდა მანქანისკენ. მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრა. პოლიციელი დიდხანს უყურებდა მას. შემდეგ მისი სახელი და გვარი ბლოკნოტში ჩაიწერა.
ფსიქიატრი ბობ სმიტი მორიგ პაციენტს უსმენდა.
– ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ, – აგრძელებდა წუწუნს პაციენტი, მაღალი ხშირწარბიანი მამაკაცი, – გუშინ კინაღამ ხიდიდან გადავხტი. ექიმო, კუჭი უნდა გამომირეცხოთ...
– რატომ? – გაუკვირდა სმიტს.
- ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, მთელი კოლოფი ძილის წამალი დავლიე.
სმიტი წამოდგა, მძიმედ ამოიოხრა და თავის კანტურით მეზობელ ოთახში ინსტრუმენტების მოსატანად გავიდა. კუჭის ამორეცხვის პროცედურა ცოტა მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ, წამალი ჯერ კიდევ არ იყო გაწოვილი.
– იცოცხლებთ, – დამშვიდობებისას უთხრა ბობ სმიტმა.
– მადლობა, ექიმო.
– მადლობას ნუ მიხდით. მომიწევს, თქვენ შესახებ პოლიციას შევატყობინო...
– მშვენიერი რევოლვერია, – გამყიდველმა საქონელი შეაქო.
– მადლობა, – უპასუხა მყიდველმა, – პატრონებიც მჭირდება.
– რა თქმა უნდა, ოღონდ ჟურნალში ხელი უნდა მომიწეროთ, მისტერ რაიტ. ასეთია კანონის მოთხოვნა...
საღამოს ცხრა საათზე ედვარდ რაიტის კარზე ზარი დარეკეს.
რაიტი კართან მივიდა სათვალთვალოში ყურადღებით გაიხედა და როდესაც სტუმარი იცნო, კარი გააღო.
– შემოდი, მარკ, – მიიპატიჟა მასპინძელმა.
– შენ ის მოკალი, ედ! – მისალმების ნაცვლად წარმოთქვა გვიანმა სტუმარმა და მუცელზე რევოლვერის ცივი ლულა მიაჭირა, – მას შენთან გაყრა უნდოდა, მაგრამ შენ მისი გაშვება არ გსურდა. ვეხვეწებოდი ჩვენ შესახებ შენთვის არაფერი მოეყოლა, მაგრამ ის პატიოსანი ქალი იყო და შენ ის მოკალი...
– გაგიჟდი?! – აღშფოთდა რაიტი.
– ყველაფერი ძალიან ეშმაკურად გააკეთე. მკვლელობა ისე ჰგავდა უბედურ შემთხვევას, რომ პოლიციას ეჭვიც კი არ გაუჩნდა. როგორ გააკეთე ეს?
– მე მას დავარტყი, – დიდი პაუზის შემდეგ მოღუშულმა ჩაიბურტყუნა ედვარდ რაიტმა. ისე, რომ რევოლვერისთვის თვალი არ მოუშორებია, – რამდენჯერმე თავში ჩავარტყი. შემდეგ კი კიბიდან დავაგორე... პოლიციაში წასვლა არც იფიქრო. მაინც არავინ დაგიჯერებს. ამის დამტკიცება შეუძლებელია.
– საიდან მოიტანე, რომ პოლიციაში ვაპირებ წასვლას! იქ არც მკვლელობის შემდეგ წავსულვარ და არც ახლა ვაპირებ. ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით...
მარკმა ედვარდ რაიტს მაგიდისკენ რევოლვერით უბიძგა, – მაგიდასთან დაჯექი, ქაღალდი აიღე და დაწერე: „ეს ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. ამის ატანა აღარ შემიძლია. ამჯერად უკვე მეყოფა გამბედაობა, მოვკვდე“, – ხელის მოწერა არ დაგავიწყდეს, ნაბიჭვარო!
– არ დავწერ.
პასუხად სტუმარმა რევოლვერის ლულა კეფაზე მიაბჯინა.
– ვერ გამოძვრები, მარკ, – აწკმუტუნდა რაიტი, – წყლიდან მშრალი ვერ ამოხვალ. დაგიჭერენ და ჩამოგახრჩობენ.
– რისთვის? შენი თვითმკვლელობისთვის? – გადაიხარხარა მარკმა.
– თვითმკვლელობის ვერსიას არავინ დაიჯერებს. ეს სისულელე რომც დავწერო.
სტუმარმა სასხლეტს მოუჭირა და რაიტი მიხვდა, არჩევანი რომ არ ჰქონდა. წერილი დაწერა და ხელი მოაწერა.
– ახლა კი შემომხედე, ედვარდ...
ქაღალდს თვალი რომ მოაშორა, რაიტი მოულოდნელობისგან შეხტა. მის წინ სრულიად სხვა ადამიანი იდგა – პარიკით და მიწებებული ხშირი წარბებით.
– იცი, ახლა ვის ვგავარ? – იკითხა გვიანმა სტუმარმა, – ვერ ცნობ? შენ გგავარ, ედვარდ, შენ... რა თქმა უნდა, ჩვენ ტყუპები არ ვართ, მაგრამ სიმაღლე და ფიგურა ერთნაირი გვაქვს.
– შენ მე მანსახიერებდი... კი მაგრამ, რატომ? – დაიბნა ედვარდ რაიტი.
- ძალიან გაოცდები, როდესაც გაიგებ, რას აკეთებდი ბოლო დღეები. გუშინ, მაგალითად, ხიდიდან მდინარეში კინაღამ გადახტი. დღეს კი, სადილის შემდეგ, ერთ ფსიქიატრს შენთვის კუჭის გამორეცხვა მოუწია, რადგან მთელი კოლოფი საძილე საშუალება გქონდა დალეული. ერთი საათის წინ რევოლვერი იყიდე და ჟურნალშიც კი მოაწერე ხელი... მოკლედ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს ქალაქში ყველაზე აქტიური, პოტენციური თვითმკვლელი იყავი.
– ჩემი მეგობრები? კოლეგები? ისინი არ დაგიჯერებენ, – ბოლო იმედს მოეჭიდა რაიტი.
– ცდები, ჩემო ძვირფასო, – დამცინავად უპასუხა მარკმა, – საკმარისია, ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინოს, რომ მეგობრებს და კოლეგებს მაშინვე ახსენდებათ, ბოლო დროს როგორი დაღვრემილი იყო. დარწმუნებული ვარ, მისი სიკვდილის შემდეგ შენ მწუხარებისგან განადგურებული ქმრის როლს კარგად თამაშობდი. აუცილებლად მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, რომელიც მზად იქნება დაიფიცოს, რომ შენ ძალიან გინდოდა სიკვდილი. მშვიდობით, ედვარდ!..
ამ სიტყვებთან ერთად, მარკმა ედვარდ რაიტს რევოლვერის ლულა სწრაფად შეტენა პირში და სასხლეტს თითი გამოჰკრა.
მას შემდეგ რაც, საყვარელი ქალის მკვლელს გაუსწორდა, მარკმა რევოლვერი ნათითურებისგან გაწმინდა და ედვარდს ხელში ჩაუდო. ბოლოს მოკლულის საფულე აიღო და იქ ფსიქიატრის სავიზიტო ბარათი და იარაღების მაღაზიის ჩეკი ჩადო.
– ტყუილად მოკალი ელვინი, ედ, – თქვა მარკმა და ხშირი წარბები მოიხსნა, – შენ ის მაინც აღარ გიყვარდა. უკეთესი იქნებოდა, ჩემთან გამოგეშვა, მაგრამ ყოველთვის ეგოისტი იყავი.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ