№37 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რომელი ლოცვები უნდა წავიკითხოთ ჩვენი სამშობლოსთვის და ქართველებისთვის?
პასუხი: უფლის სავედრებლად ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის უნდა წავიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნები“. აქვე აღვნიშნავთ, რომ დილის ლოცვებს უფრო დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ. ჩვეულებრივ ყოფაში, სამწუხაროდ, უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ მოყვასს, სამაგიეროდ, მათ ლოცვებში მოვიხსენიებთ და მათთვის სიკეთეს უფალს შევთხოვთ. ილოცეთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანთ.
კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, თუ ნაპოვნ ხატს გავყიდი?
პასუხი: ხატის პოვნა უფლის განგებულებაა და თუ დაიტოვებთ და მასზე ილოცებთ, ღმერთისგან უფრო მეტი მადლი და წყალობა გექნებათ.
კითხვა: ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ ქრისტიანული სახელი არ მქვია. სამწუხაროდ, არ მახსოვს, რა დამარქვეს ნათლობის დროს. ძალიან მინდა, მყავდეს ჩემი სახელის მქონე წმიდა მფარველი ანგელოზი. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: ქრისტიანული სახელის დარქმევა ნათლობის დროს ხდება. თუ თქვენ არ გახსოვთ, რა გიწოდეს და თქვენი სახელიც არ უკავშირდება ქრისტიანობას, სასურველია გამოიცვალოთ. შეგიძლიათ, მიმართოთ მოძღვარს, რომელიც შეგირჩევთ რომელიმე ქრისტიანულ სახელს. ამ სახელით კი მონაწილეობას მიიღებთ საეკლესიო საიდუმლოებებში, გეყოლებათ მფარველი ანგელოზი, რომლის სახელზეც ილოცებთ და მას შესთხოვთ მფარველობას.
კითხვა: ვიცი, რომ ზიარება დიდი სიწმიდეა და ამიტომ ამ სიწმიდის ხშირად მიღების ღირსად ჩემს თავს არ მივიჩნევ. სწორედ ვიქცევი თუ არა?
პასუხი: ვართ თუ არა წმიდა ზიარების – ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღების ღირსი – ამის გასარკვევად არსებობენ მოძღვრები, რომლებიც ჩვენს აღსარებას ისმენენ. ხოლო, ვინც თვითნებურად აყენებს საკუთარ თავს წმიდა ზიარების მიღმა, არასწორად იქცევა.
კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ უფლის ათი მცნების გარდა, არსებობს კიდევ მეთერთმეტე მცნებაც, რომელიც დაკარგულია. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
პასუხი: ეს არასწორი ინფორმაციაა. ამას ქადაგებდნენ კაბალისტები (ეს გახლავთ შუა საუკუნეების იუდეველთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება), რომ თითქოს მოსეს ჰქონდა გამოცხადებები, რაც დაფარულია, თუმცა ეს ჩვეულებრივი ოკულტური სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება.