№37 მოთმინების შესახებ
მოთმინებისკენ გვაგულიანებენ შემდეგი აზრები: ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება, გამოწვეულია არა ბრმა შემთხვევის გამო, არამედ ღმერთის გონიერი განგების ძალით (ნახ.: მთ. 10; 29-31).
მწუხარებას ჩვენ გვიგზავნის სიყვარულით სავსე ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენდამი სიყვარულის გამო, ჩვენსავე სასარგებლოდ (ებრ. 12,6; რომ. 8,28). მწუხარება ჩვენს ცოდვებს განწმენდს, აღვიძებს სულიერი თვლემისგან, უდებებისგან, რომლისკენაც მიდრეკილია ჩვენი ბუნება და, რომლისგანაც ჩვენი სული სუსტდება, ხოლო ვნებები ძლიერდება; მწუხარება მკურნალობს ძველ სულიერ დაავადებებს, ვნებებს, გაფრთხილებს სხვადასხვა ცოდვიანი ცთუნებებისა და ახალი ცოდვებით დაცემისგან (ნახ.: 1 პეტ. 4, 1-2), ადვილად განაშორებს გულს გრძნობად სიამოვნებისგან, გვაიძულებს, ხშირად მივმართოთ ღმერთს, ვეძებოთ ნუგეში ღმერთში და მხოლოდ მასში შეიძლება მოვძებნოთ ჭეშმარიტი ნუგეში. ნეტარება არბილებს გრძნობებისგან გაუხეშებულ გულს, მორჩილს ხდის მას, და ამიტომ ის ადვილად გრძნობს მადლის მოქმედებას, ასევე, გვიბიძგებს ღვაწლისკენ სხვადასხვა სათნოებების დაუნჯებაში. მოციქულის სიტყვებით, მწუხარება გვასწავლის მოთმინებას; მოთმინება გვაძლევს გამოცდილებას, ხელოვნებას საკუთარ ვნებებთან და გარეშე ცთუნებებთან ბრძოლისა, მათზე გამარჯვებისა და სათნოებათა შეძენისათვის; ხოლო გამოცდილება ამაში ამყარებს გადარჩენის იმედს. წმიდა მამები გადმოგვცემენ მწუხარების მრავალნაირ სიკეთეს. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ყველანაირი ცოდვა ხდება სიამოვნებისთვის და ამიტომ ამოიძირკვება ტანჯვითა და მწუხარებით – ან მონანიებით წარმოშობილი ტალღებით, ან ღმერთის დაშვებით. რაც უფრო ბოროტი ზნისა ხარ, მით უფრო ნუ გაექცევი ტანჯვას, რათა ამით დამდაბლებული, გათავისუფლდე სიამაყისგან. ცთუნებები ადამიანებთან მოდიან ზოგი სიამოვნებასთან ერთად, ზოგი – დარდთან ერთად, ხოლო ზოგი კი – სხეულის ტანჯვასთან ერთად, რადგან სულების ექიმი თავისი განგებულებით კურნავს, ხედავს რა, სულში არსებული ვნებების მიზეზს. ცთუნებები ეძლევა ზოგს იმის გამო, რომ მოიშოროს ადრე ჩადენილი ცოდვები; სხვებს – იმის გამო, რომ შეწყვიტონ ცოდვების ჩადენა; ზოგიერთებს კი – იმიტომ, რომ ზურგი შეაქციონ და არ აჰყვნენ ცოდვებს იმ ცთუნებების გამოკლებით, რომლებიც ეგზავნება ადამიანს გამოსაცდელად, როგორც ეს იყო იობთან.
წმიდა მაკარი ეგვიპტელი ამბობს: როგორც კანაფის ღერო, თუ დიდხანს არ ურტყი, არ გამოდგება წვრილი ძაფის დასართველად, და როგორც თიხიდან გამოყვანილი ჭურჭელი, თუ არ გამოიხურვა, ცეცხლში არ ივარგებს გამოსაყენებლად, და როგორც ჩვილი, ჯერ კიდევ გამოუცდელ საერო საქმეებში, ვერ ააშენებს, ვერ დარგავს, ვერ დათესავს და სხვა, რომელიმე საერო საქმეს ვერ გააკეთებს, ასევე, ხშირად ბოროტისგან გამოუცდელი სულები რჩებიან ჩვილებად და ასე ვთქვათ, არ არიან ზეციური სამეფოსთვის კეთილსახმარნი. ცდუნებები და მწუხარებები ეძლევა ადამიანს მის სასარგებლოდ, რათა სული გახადოს გამოცდილი და მტკიცე. მწუხარებაში სული იწმინდება, როგორც ოქრო ქურაში. წმიდა აბბა დოროთე ამბობს, რომ მწუხარება იზიდავს სულისაკენ ღმერთის წყალობას, ისევე, როგორც ქარებს მოაქვთ წვიმა და როგორც ხანგრძლივი წვიმა, მოქმედებს ნაზ მცენარეზე, იწვევს მასში ლპობას და აფუჭებს ნაყოფს, ხოლო ქარები თანდათანობით აშრობენ და ამაგრებენ მას, ასევე ემართება სულსაც: ხანგრძლივი ბედნიერება, მშვიდობა იწვევს სულში დაუდევრობას, უზრუნველობას, რომლებიც ასუსტებენ და გაფანტულს ხდიან მას, ცთუნებები კი, პირიქით, ამტკიცებენ და აერთებენ ღმერთთან, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს (იონა 2,3). ამიტომაც ჩვენ არ უნდა შევშფოთდეთ, სასო არ წარვიკვეთოთ ცთუნებების დროს, არამედ საჭიროა უდრტვინველად ვითმინოთ და ვმადლობდეთ უფალს განსაცდელში და მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ მორჩილად, რათა ღმერთი ჩვენს უძლურებაში შეგვეწიოს და დაგვიფაროს ყველანაირი ბოროტებისგან მის სადიდებლად.
ვერავინ შევა სასუფეველში ცთუნების გარეშე, – ამბობდა წმიდა ანტონ დიდი, – რადგან, თუ არ არის ცთუნება, არც არავინ გადარჩება. როგორც თვითონ იესო ქრისტე უნდა ვნებულიყო და ისე შესულიყო თავის დიდებაში (ლუკ. 24,26), ასევე მისი მიმდევრებიც იმავე გზას უნდა გადიოდნენ, რათა მიაღწიონ დიდების სამეფოს (ნახ.: მთ. 16,24). მოციქული ამბობს, რომ თუ ჩვენ იესო ქრისტესთან ერთად ვიტანჯებით, მაშინ მასთან ერთად გავხდებით სახელოვნები, მისი თანამემკვიდრენი (რომ. 8,17, I პეტ. 4,13; 2,2). ამავე გზით იარა ყველა წმიდანმა, როგორც ჩანს წმიდა წერილიდან და ეკლესიის ისტორიიდან. დროებით სატანჯველის სანაცვლოდ ღმერთი დაგვპირდა, მოგვანიჭოს მარადიული სიხარული და ისეთი დიდება, რომ მასთან შედარებით ახლანდელი ტანჯვა არაფერს წარმოადგენს, – ამბობს მოციქული (რომ. 8, 18; 2 კორ. 4,17). წმიდა მაკარი დიდის სიტყვებით, მწუხარებაში დაფარულია ზეციური დიდება, როგორც თესლში ნაყოფი. ამიტომაც მაცხოვარი და მოციქული თვლიან ნეტარებად მათ, რომლებიც იტანჯებიან იესო ქრისტესადმი რწმენისა და სათნოებების გამო. ამავე დროს ღმერთი გვიგზავნის უბედურებას იმდენს, რამდენიც ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება.
ეპისკოპოსი პეტრე