№37 როგორ ქალებს უჩნდებათ გათხოვების შიში და რას მოითხოვენ ისინი პარტნიორი მამაკაცებისგან
არსებობს შიშები, რომლებიც ადამიანებს სრულფასოვან არსებობასა და ცხოვრებაში უშლის ხელს. ზოგადად, ბევრი რამის შიში არსებობს და როგორც გაირკვა, აქტუალობას არ კარგავს გათხოვების შიში, რომელიც თანამედროვე ქალბატონებში ფეხს სულ უფრო მტკიცედ იკიდებს. ქალს, რომელსაც ეს შიში შეიპყრობს, ვერ დაიწყებს თანაცხოვრებას მამაკაცთან და მით უმეტეს, ვერ იქნება ბედნიერი. როდის ან რატომ შეიძლება გაუჩნდეს ქალს დაოჯახების შიში? ამ კითხვაზე პასუხი ფსიქოლოგებს აქვთ, თუმცა გაცილებით საინტერესო იმ ქალბატონის გამოცდილებაა, რომელმაც ეს ყველაფერი გაიარა.
თეონა (43 წლის): მე ჯერ ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და დღემდე მიკვირს, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არც მახინჯი ვარ და არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას ვუჩიოდი როდესმე. მაგრამ გათხოვება გვიანობამდე ვერ შევძელი. ორმოცი წლისაც კი ვყოყმანობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. მინდოდა, ვერ ვიტყვი, რომ არ მინდოდა. მკითხავთ, რა გიშლიდა ხელსო. ახლა უკვე ვიცი, მაგრამ მთელი ეს წლები ვერ ვხვდებოდი.
– არ გინდოდათ გათხოვება-მეთქი, ამას არ გეკითხებით, მაგრამ ხომ არ გიშლიდათ ხელს კარიერაზე ზრუნვა?
– შეიძლება, ასეც მეთქვა, მაგრამ კარიერას ხელი არ შეუშლია ოჯახის შექმნაში. მე დამოუკიდებელი, შემდგარი და წარმატებული ქალი ვარ, თუმცა საკუთარი თავისთვის არ მითქვამს, ამ ყველაფრის მისაღწევად პირად ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა-მეთქი. არც მიფიქრია, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ, ჩემს „გაიდლაინს“ მივყვებოდი. მე არ ვიცი, რეალურად რამ ჩამომიყალიბა ის შიშები, რაც მამაკაცებთან სერიოზულ ურთიერთობაში მიშლიდა ხელს.
– ანუ, შიშები რეალურია და... საერთოდ, რა შიშებზეა საუბარი?
– მამაკაცებთან ჩემი ურთიერთობით დავიწყებ. პირველი მეტ-ნაკლებად სერიოზული ურთიერთობა საპირისპირო სქესთან ცხრამეტი წლის ასაკში მქონდა. შეყვარებულები ვიყავით. ძალიან კარგი ბიჭი იყო. ის არაფერ შუაშია იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა კრახით დასრულდა. ყველაფერი მე გავაფუჭე, ოღონდ მაშინ ასე არ ვფიქრობდი. პირიქით, მიმაჩნდა, რომ ვიღაცებს ჩვენი ბედნიერების შეშურდათ და გაგვთვალეს. რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ საკუთარი შინაგანი „ხმის“ მაშინ არ მესმოდა. ამ პირველ შემთხვევაში ორმა შიშ-ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ერთი – შეცდომის დაშვების შიში, მეორე – საკუთარი თავის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება. ბოლოდან დავიწყებ და განგიმარტავ, რას ვგულისხმობ საკუთარი თავის მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებაში. რატომღაც მომეჩვენა, რომ ბედნიერებას არ ვიმსახურებდი, თანაც ასეთი დოზით.
– ანუ? – შეყვარებული რომ გყოლოდათ, მაგას არ იმსახურებდით?
– რაღაც მაგდაგვარზე ვსაუბრობ. როცა ერთად ვიყავით, ამეკვიატებოდა ხოლმე ფიქრი, რომ ეს ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. აი, ხომ ხვდებით, თავში რომ სულ ტრიალებს: „რაღაც ცუდი მოხდება, რაღაც ცუდი მოხდება...“ ვიცოდი, რომ ეს არ იყო კარგი. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ რასაც აიკვიატებ, ის აუცილებლად მოხდება, ხომ ასეა?! ჩემი საქციელის აბსურდულობას ახლაღა ვაცნობიერებ. მე ის ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სისულელით დავკარგე, თანაც, ისე, რომ ვერც მიხვდა, რა დააშავა. რა თქმა უნდა, საერთოდ არაფერი დაუშავებია. მე „ჩავიციკლე“, რომ ერთ დღეს მიმატოვებდა, მატკენდა, ამიტომ მე წავედი.
– დაშორდით?
– დიახ. დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის. იქნებ, როგორი ბედნიერები ვყოფილიყავით. თუმცა, ახლა გათხოვილი ვარ და წესით, ასეთ რაღაცებზე არ უნდა ვფიქრობდე, არ უნდა ვიხედებოდე უკან. ჯერ ერთი, რაღაცის რომ გეშინია, რა საშინელებაა და ერთბაშად ორი ფაქტორი რომ გიბიძგებს „არას“ თქმისკენ.... მოკლედ, ვთქვი „არა“. მეორე მამაკაცს, რომლის მიმართაც თბილი გრძნობები გამიჩნდა, ოცდაათი წლის ასაკში შევხვდი. დიახ, ნამდვილად დიდი დრო იყო გასული პირველი მარცხის შემდეგ. იმ პერიოდისთვის უკვე სხვა შიში მქონდა „აკიდებული“.
– მარტო დარჩენის შიშს გულისხმობთ?
– არა, ეგ კიდევ უფრო გვიან გამოვცადე. მანამდე იყო იმის შიში, რომ საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. რატომ გამიჩნდა ეს აზრი? იმიტომ რომ დრო გადიოდა და ვერ ვპოულობდი ღირსეულ მამაკაცს, ჩემს შესაფერისს. არ მქონია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, უბრალოდ, ისეთი მამაკაცები მეკონტაქტებოდნენ და სიახლოვეს მთხოვდნენ, რომ შიში მიპყრობდა – ნუთუ უკეთესებს არ ვიმსახურებ? ნუთუ მეტი არ ვღირვარ-მეთქი? ასეთ დროს მახსენდებოდა ის, ვინც უაზრო შიშის გამო დავკარგე. ოცდათერთმეტი წლისამ გადავწყვიტე, რომ ჩემს თაყვანისმცემლებს შორის ერთი, მეტ-ნაკლებად, აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. დავიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ საქმე ქორწინებამდე ვერ მივიდა. არ მინდა ამაშიც საკუთარ თავი დავიდანაშაულო, მაგრამ სულ მართალიც ვერ გამოვალ ამ საქმიდან. ქორწინების შიში მქონდა. რა იქნება, როგორ იქნება, როგორ შევეწყობით... იმ პერიოდში ნამდვილად არ ვხედავდი ძილში თეთრ კაბასა და საქორწილო თაიგულს. ოჯახის შექმნა მინდოდა, თავს ღირსეული ადამიანის გვერდით წარმოვიდგენდი, მაგრამ არა ერთ სახლში და არა ერთ ჭერქვეშ. მოკლედ, ვეღარ გამიძლო და დამშორდა. ხუთი წლის წინ დავიწყე ნერვიულობა იმაზე, რომ საერთოდ მარტო დავრჩებოდი. სიმარტოვის შიშმა ლამის გადამრია. ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული და მითხრა, ჯერ არმომხდარის შიში განადგურებს და ეს სერიოზული პრობლემააო. დავდიოდი სეანსებზე და გამოჩნდა კიდეც ჩემი ცოლად შერთვის მოსურნე. ფსიქოლოგი რომ არა, ბოლო მომენტში, ალბათ, ისევ უარს ვიტყოდი, რაც ალბათ, საშინელება იქნებოდა, რადგან აღარასდროს ვიფიქრებდი გათხოვებაზე. მგონია, რომ გამიმართლა. ქმარი კარგი ადამიანია. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ახლა იმაზე ვშიშობ, შვილი რომ აღარ მეყოლოს. რა მჭირს, რატომ არ შემიძლია, შიშების გარეშე ცხოვრება. ფსიქოლოგმა მითხრა, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. თუმცა, ეს ვერაფერი ნუგეშია.