კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ დაუჯდება ძვირად საქართველოს ეკლესიას უკრაინის ერთი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და როდის იყრიდა კენჭს ფილარეტი რუსეთის პატრიარქად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია მოქმედებს, მათ შორის, მრევლის რაოდენობით უპირველესი მოსკოვის საპატრიარქოს დამორჩილებული კიევის ეკლესიაა, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს, რიგით მეორე კი მისგან განდგომილი ფილარეტის ეკლესიაა, რომელიც კარგა ხანია, ცდილობს, მიიღოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს თხოვნა ისმინა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე ფილარეტმა თავის მიზანს მიაღწიოს. ამ ფაქტისადმი ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია (არიან ისეთებიც, რომლებიც აგრესიულად მოუწოდებენ საქართველოს საპატრიარქოს, მხარი დაუჭიროს უკრაინელების რელიგიურ დაპირისპირებას რუსეთის ეკლესიასთან), თუმცა უპირველესი (მიუხედავად უკრაინელებისადმი გულწრფელი თანადგომისა) მაინც ჩვენივე პრობლემებია. კერძოდ, ის, რომ, თუკი საეკლესიო სამართლით, მსოფლიო პატრიარქი დაუშვებს რუსეთის ეკლესიის კუთვნილი უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობას, ანუ ავტოკეფალიას, ეს ნიშნავს, რომ იმავე გზას აფხაზეთის ეკლესიაც გაუყვება (აფხაზეთის სასულიერო პირების ერთი ჯგუფი, დოროთე დბარის მეთაურობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქს იმავეს აქტიურად სთხოვს) და ცხინვალისაც, თუმცა, ოფიციალურად (ამას აღიარებს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის ეკლესიის ჩათვლით), ცხინვალისა და აფხაზეთის ეპარქიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილებია. რა პროცედურებითაა შესაძლებელი (და თუ არის შესაძლებელი) უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და რა საფრთხეებს უქმნის ან ანეიტრალებს საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის ეს გადაწყვეტილება? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად გავარჩევთ.
– უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქთან უკვე გადაწყვეტილია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, რეალურად რა ხდება?
– უკრაინა ჩვენი მოძმე ერია და უკრაინის ეკლესია – ჩვენთვის უახლოესი ეკლესია. ჩემი თაობისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და ეკლესიის გვერდით ვიდექით, ეს განსაკუთრებული თემაა, იმიტომ რომ უკრაინელ დისიდენტებთან ერთად ვიყავით და რომელი ერთი გავიხსენო, აღარც კი ვიცი. თავის დროზე, როდესაც ციხეში ანატოლი მარჩენკო გარდაიცვალა, თბილისში ჩვენ პანაშვიდები და ქელეხი გადავიხადეთ. როდესაც უკრაინაზე ვლაპარაკობ, ჩემი უკრაინელი მეგობრები მიდგანან თვალწინ – ჩვენი უფროსი თაობა, მერაბ კოსტავასთან ერთად ციხეებ- და რეპრესიებგამოვლილი. ჩვენ ბრძოლა მათგან ვისწავლეთ, ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან ფაქიზი თემაა და, ბუნებრივია, გამიხარდება, რომ უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა მიიღოს.
მაგრამ უკრაინის ეკლესიის წინაშე დგას ორი მთავარი ამოცანა: პირველია უკრაინული ეკლესიების გაერთიანება და მეორეა ავტოკეფალია. რომელიმე თუ მიიღებს ავტოკეფალიას, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინაში აღდგება ევქარისტული კავშირი. ამჟამად მთავარი მოქმედი ჯგუფები არიან: რუსეთის საპატრიარქოს ეგიდით არსებული ავტონომიური ეკლესია: რუსეთს უკრაინაში ავტონომიური ეკლესია აქვს, რომელიც ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ავტონომიურად იღებს; რუსეთის სინოდში, მცირე სინოდშიც, სტაბილურად აქვს ადგილი და უკრაინის ეგზარქოსი ნომერი პირველი პატრიარქია რუსეთის პატრიარქის შემდგომ. მეორეა ამ რუსული ეკლესიიდან გამოყოფილი ჯგუფი, ფილარეტის ხელმძღვანელობით. თავის დროზე ფილარეტი უკრაინის ეგზარქოსი იყო და პირველი იერარაქი რუსეთის პატრიარქის შემდგომ; კენჭს იყრიდა რუსეთის საპატრიარქო ტახტზე. ბოლოს გამოეყო მოსკოვის საპატრიარქოს, ამას დაემთხვა უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და ფილარეტი გამოყოფილ ეკლესიას სათავეში ჩაუდგა. არის კიდევ მესამე ეკლესია: ძველი, დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც რუსეთის ეკლესიას სიმონ პეტლიურას დროს გამოეყო. 1918 წელს, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, დამოუკიდებელ უკრაინაშიც რელიგიურ მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა შექმნა დამოუკიდებელი ეკლესია, ანუ უკრაინაში მაშინაც იდგა რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფილი ჯგუფის პრობლემა. მართალია, ეს ჯგუფი მცირერიცხოვანია, მაგრამ მას თავისი ადგილი უჭირავს და თავისი მრევლი ჰყავს. ამას ემატება ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია.
– დასავლეთ უკრაინაში მოქმედი.
– დიახ, რომლებიც ორგანიზაციულად ემორჩილებიან რომის პაპს, მაგრამ შიდა მოწყობით მართლმადიდებლები არიან. არის კიდევ სხვა პატარ-პატარა რელიგიური ჯგუფები. ამდენად, უკრაინელ მართლმადიდებელთა ერთიანობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და თუ ეს არ გადაწყდა, რომელიმე ეკლესიამ კიდეც რომ მიიღოს ავტოკეფალია, უკრაინაში მინიმუმ, ორი ეკლესია იქნება. ერთი  – უფრო მრავალრიცხოვანი რუსეთის ავტონომიური ეკლესია უკრაინაში და მეორე – ფილარეტის მიერ დაარსებული ეკლესია. სხვათა შორის, როდესაც  უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს, ამ ღონისძიებას ორივე ეკლესიის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრეზიდენტმა პოროშენკომ ორივე მიიპატიჟა. როგორც ვიცი, თვითონ პოროშენკო არის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მრევლი. ასე რომ, უკრაინის ეკლესიის ერთიანობა ფაქიზი თემაა.
– როდესაც ფილარეტი იბრძვის, მას თავისი ეკლესიისთვის უნდა ავტოკეფალია და რადგან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ ეკლესიას აქვს ავტოკეფალია, როგორც რუსული ეკლესიის ნაწილს, შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიაზე ორი ავტოკეფალიური ეკლესია იქნება?
– ჩვენ კვლავ განხეთქილებას, კვლავ ორ ეკლესიას მივიღებთ. უკრაინას, მინიმუმ, ეს ორი ეკლესია ეყოლება. მესამეს საკითხი როგორ იქნება, ის კიდევ გასარკვევია.
– პეტლიურას დროს გამოყოფილ ეკლესიასაც ხომ შეუძლია, მოითხოვოს ავტოკეფალია?
– ამიტომაა ეს რთული საკითხი.
– როგორ რეგულირდება ასეთი საკითხები მართლმადიდებელ სამყაროში? შეუძლია მსოფლიო პატრიარქს, ერთპიროვნულად მიანიჭოს ფილარეტის ეკლესიას ავტოკეფალია?
– რელიგიური კანონმდებლობით, აქამდე მუშაობდა პრინციპი, თუ დედაეკლესიამ არ მიანიჭა ავტოკეფალია, ეკლესია ვერ იღებს დამოუკიდებლობას.
– ანუ რუსეთის ეკლესიამ უნდა მიანიჭოს.
– ამ შემთხვევაში, რუსეთის ეკლესიამ. თუ გახსოვთ, თავის დროზე ჩვენ ანტიოქიის ეკლესიისგან მივიღეთ ავტოკეფალია და შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოგვიწია ამ უფლების დაცვა. რადგან ანტიოქიაში იმ პერიოდში მუსლიმანები იყვნენ, როდესაც ვახტანგ გორგასლის შემდგომ პერიოდში გიორგი მთაწმინდელს არგუმენტად მოჰყავდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიის მიერ იყო აღიარებული. თუნდაც, დღეს, როდესაც მისი უწმიდესობის ძალისხმევა მიმართული იყო ჩვენი ავტოკეფალიის ცნობისკენ, არც ერთ ეკლესიას არ ჰქონდა პრობლემა, თუ ვიტყოდით, რომ ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის შემდეგ შექმნილი ეკლესია, მაგრამ ჩვენი პატრიარქი ამბობდა: არა, ჩვენ ძველი ავტოკეფალური ეკლესია ვართ და ამიტომაც გაიწელა ჩვენი ცნობა ბევრი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. მაგრამ პატრიარქმა მიაღწია თავისას და დღეს ჩვენ გვცნობენ, როგორც უძველეს ეკლესიას. მაგალითად, პოლიტიკოსებმა იგივე ვერ გავაკეთეთ: ამიტომაც ჩვენი სახელმწიფო არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი პროდუქტი და არა 1918 წლის პირველი რესპუბლიკის მემკვიდრე და დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობაში სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. პატრიარქმა კი ეს ყველაფერი მოაგვარა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ახლა მისი უწმიდესობა აყენებს დიპტიქში ჩვენი კუთვნილი ადგილის დაბრუნებას, მინიმუმ, მეექვსე ადგილის.
– თუმცა ჩვენი მეხუთე ადგილია, რომელიც რუსეთის ეკლესიამ წაგვართვა.
– დიახ, ჩვენი ადგილია მეხუთე, მაგრამ საქართველოს ეკლესიას გაუჭირდება რუსეთის ეკლესიასთან მარტო ჭიდილი და სუფთა ტაქტიკური მოსაზრებით, ამ მიმართულებით მუშაობს და როგორც ვიცი, სერბეთის ეკლესია არ არის წინააღმდეგი, სხვა ეკლესიებთანაც მიდის მუშაობა. დღეს ზოგიერთი ეკლესია დიპტიქში ჩვენ მეთერთმეტე ადგილას მოგვიხსენიებს.
– ეს უკვე საწყენიც აღარ არის. მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში ჩვენი ეკლესიის მეთერთმეტე ადგილი, უბრალოდ, კომიკურია.
– დიახ და ამიტომ, როდესაც გარკვეული ჯგუფები გამოდიან და უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის უპირობო მხარდაჭერაზე ლაპარაკობენ, ისინი საქართველოს ეკლესიას ებრძვიან. იბადება კითხვა: რატომ შესტკივა ამ ხალხს გული უკრაინის ეკლესიაზე, როდესაც საქართველოს ეკლესიის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილები?! თუ მართლმადიდებლობასა და ქრისტიანობაზე შესტკივათ გული, მაშინ საქართველოს ეკლესია დაიცვან და ნუ ებრძვიან მას. მეორე საკითხი: თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი, ქართულ ეკლესიას დაუდგნენ გვერდით დიპტიქში ჩვენი ადგილის დასაბრუნებლად. მახსენდება ბოლშევიკები, რომლებიც ინტერნაციონალიზმის ეგიდით ყოველგვარ ქართულს ებრძოდნენ. ეს ადამიანები უკრაინის სიყვარულში ვერ შემეჯიბრებიან, საქმითა და ბრძოლით მაქვს უკრაინისადმი ერთგულება დამტკიცებული. აქ არც არის ლაპარაკი, ვის მეტად უყვარს უკრაინა, მაგრამ, თუ შენი არ გიყვარს, უკრაინა როგორ შეიყვარე?! თუ შენს ეკლესიას არ იცავ, როგორ დაგიჯერო, რომ უკრაინის ეკლესიას იცავ?! რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის უკრაინაში ევქარისტული კავშირის აღდგენას, მაგრამ მეორე საკითხი დგება. ჩვენ ერთხელ პოლიტიკურად უკვე ამაზე „დავიწვით“: კოსოვოს პრეცედენტი შეიქმნა და მე არ ვიცი ამ პრეცედენტს ხვალ ვინ როგორ გამოიყენებს.
– რუსეთმა უკვე გამოიყენა.
– რუსეთმა გამოიყენა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მეშვეობით. თუ გახსოვთ, მაშინ სააკაშვილი და მისი მინისტრები კოსოვოს აღიარებას მოითხოვდნენ და ამ ფასად მერე თვითონ რუსეთსაც აღარ უღირდა, გაიშიფრებოდნენ ქართველი პოლიტიკოსები და სააკაშვილმა თემა გააჩერა. ეს ადამიანები რომ მიდიან და ინტერვიუს იღებენ ფილარეტისგან, რატომ არ ეკითხებიან, როგორ იქნება საქართველოს ეკლესიის საკითხი?! თუ ავტოკეფალიას მიიღებს, როგორი იქნება უკრაინის ეკლესიის პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით?! დაგვიდგება გვერდში, როდესაც უპირობოდ დავსვამთ აფხაზეთის ეკლესიის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში დაბრუნების საკითხს?! კონსტანტინოპოლის პატრიარქს რომ ესაუბრებიან ქართველი ჟურნალისტები, ჰკითხონ, უკრაინის ეკლესიის ეს პრეცედენტი გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე?!
– რუსეთის ეკლესია როგორ მოიქცევა, გასაგებია, მაგრამ დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიები თუ იქნებიან ჩვენი მოკავშირეები?
– ვიბრძოლოთ რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ ზურგი ხომ უნდა გქონდეს გარანტირებული?! ჩვენთან, ჩვეულებისამებრ, არის თეთრი და შავი და ამბობენ, ვინც არ დაუჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ის არის პრორუსი და ვინც დაუჭერს, არის პროდასავლელი. ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი, რუსული ინტერესი, რომ საქართველოს ეკლესიას კიდევ ერთხელ ესროლონ ტალახი.
скачать dle 11.3