№37 რა დავალებას უსრულებს კრემლს „ეფ ეს ბეს“ ოფიცერი რაულ ხაჯიმბა და რა მიზნით ემუქრება თბილისს მორიგი სამხედრო დაპირისპირებით
დროის ფრიად ხანმოკლე პერიოდში დე-ფაქტო აფხაზეთის დე-ფაქტოვე „პრეზიდენტი“ ხაჯიმბა ჯერ ორჯერ დაგვემუქრა (პირველად, როდესაც განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზა გაიხსნება, იმისდა მიუხედავად, უნდა თუ არა ეს თბილისს და მეორედ, როდესაც თბილისიდან მოსალოდნელ თავდასხმაზე თავდაცვისთვის მზადყოფნის სურვილი გვამცნო, თუმცა თავს არავინ ესხმის). სულ ახლახან კი „საზღვარზე“ ვაჭრობის ლეგალიზების სურვილიც გამოთქვა (აფხაზეთის ბიუჯეტმა რომ ფული არ დაკარგოსო), რამაც პირადად მე გამიჩინა ეჭვი, რომ არ არის გამორიცხული, მოსკოვი ამ აღიარებული აფხაზეთის რჩენის ჩვენთვის გადმობარებას აპირებდეს.
რატომ იმუქრება ხაჯიმბა და რატომ გაეხსნა სავაჭრო მადა თბილისთან? – ამ კითხვებზე პასუხებს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაგვცემს.
– თავისი ინიციატივით ამბობს ამას ხაჯიმბა, რუსეთის დავალებით თუ სხვა რამ მიზეზით და ვინ არის ამ განცხადებების ადრესატი?
– უპირველესად, გამარჯვება მინდა, ვუსურვო ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს, ისევე, როგორც ჩვენს კავკასიელ დებსა და ძმებს, მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალში, რადგან არასდროს ყოფილან კავკასიელები ასე ახლოს ურთიერთგაგებასთან და მშვიდობასთან. რამდენიმე წელი დასჭირდება ჩვენი აგრესიული ჩრდილოელი მეზობლის ამბიციების მოთოკვას და მერე, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ გზებს ერთმანეთის გულებისკენ ჩვენი კავკასიური ტრადიციებით.
რაც შეეხება ხაჯიმბასა და მის განცხადებებს: ხაჯიმბა არც აფხაზია და არც კავკასიელი, ისევე, როგორც არც ფაზილ ისკანდერი და არც კონსტანტინე ოზგანი არ იყვნენ აფხაზები და კავკასიელები. მეორეც – ხაჯიმბას აფხაზეთში კარგად არ აქვს საქმე. მას ჰყავს ძლიერი, ავტორიტეტული და მოტივირებული ოპოზიცია, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ხაჯიმბა ანათემას გადასცენ იმის გამო, რომ ის რუსეთისკენ მიაქანებს აფხაზეთს. მესამე – ხაჯიმბა არ არის აფხაზი ხალხის პოლიტიკური ლიდერი, არც საზოგადოებრივი სახეა. ის არის „ეფ ეს ბეს“ ოფიცერი, რომელმაც დაამთავრა მინსკის „კა გე ბეს“ სკოლა და მას შემდეგ აფხაზეთში ანტიქართულ საქმიანობას ეწევა. ეს არგუმენტები მოვიტანე, რათა მკითხველმა იცოდეს, რომ მას საკუთარი ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ხაჯიმბას მხარდამჭერები უმცირესობაში არიან და ხვალ რომ აფხაზეთში არჩევნები ჩატარდეს, ის არათუ ვერ გაიმარჯვებს, მეორე ადგილზეც ვერ გავა. ამიტომ ხაჯიმბას აქტივობა ორი მიმართულებით სჭირდება: თბილისისთვის მუშტების ქნევა, მუქარა და ზიზღით ლაპარაკი და, მეორე მხრივ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაამებლური განცხადებების გაკეთება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც რუსებს ხელ-ფეხს გაუხსნის აფხაზეთში მოქმედებისთვის. ხაჯიმბა ამბობს იმას, რის თქმაც უნდა კრემლს, რაც სჭირდება თავისი შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის, საზოგადოებრივი აზრიმ შესაქმნელად, რომ მოსკოვი საქართველოს სახელმწიფოებრიობას კი არ ებრძვის, არამედ მართლაც სხვების დამხმარეა და მცირე ერებს იცავს „დამპყრობელი“ ქართველებისგან. ანუ თავის დამპყრობლურ პოლიტიკას აფხაზეთში ამართლებს ხაჯიმბასნაირების, ბიბილოვისნაირების, კოკოევისნაირების, კადიროვისნაირების განცხადებებით. ამასვე აკეთებდა სომხეთში, თუმცა დღეს უკვე სომხეთში დითირამბებს არ უმღერიან რუსეთს.
– მაგრამ ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ სომხეთში არის რუსული სამხედრო ბაზა და სომხეთი თავის ტერიტორიას დაუთმობს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომში, თუ ის გაჩაღდა.
– საქმე ის არის, რომ რუსეთის ბაზებზე სომხეთშიც, ყარაბაღშიც, აფხაზეთშიც და ცხინვალშიც სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ რუსეთის გენშტაბის ბრძანებას მოსკოვიდან. მე ახლა ვლაპარაკობ უახლოეს მომავალზე, რომელზეც უკვე ჩაფიქრდა აფხაზი ხალხიც, ჩაფიქრდნენ სომხებიც. აზერბაიჯანელებიც ფიქრობენ და ჩრდილო კავკასიელები ხომ ფიქრობენ და ფიქრობენ. ამიტომ რუსეთს სჭირდება ხაჯიმბასნაირი ყავლგასული ადამიანი, რომელიც რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ერთ დღესაც ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. რუსეთი თუ შეძლებს, და გარწმუნებთ, რომ ვერ შეძლებს სიტუაციის დაძაბვას, მაშინ რუსეთი ხაჯიმბას დააბრალებს ამას, როგორც თავის დროზე არძინბას დააბრალეს და ხაჯიმბაც შეინარჩუნებს მცირე ხნით სავარძელს. მაგრამ ვიმეორებ: ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს უნდა ველაპარაკოთ არა დიდაქტიკურად, არამედ მეგობრულად და უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ომი არ დაგვიწყია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჟურნალი ითარგმნება და გავა აფხაზეთში, ამას პრორუსული ორიენტაციის ქართველები გააკეთებენ, იმიტომ რომ აფხაზეთში კიდევ უფრო გააღვივონ ზიზღი ქართველებისადმი. აფხაზეთში არის აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ აფხაზეთში ყველაზე პოპულარული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ჯარის შემოსვლა რკინიგზის დასაცავად შეთანხმებული იყო არძინბასთანო.
– იმიტომ რომ ნამდვილად იყო შეთანხმებული, მაგრამ 14-ში, აჩადარასთან ქართული პოლიციის ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ არძინბა დაიმალა და როგორც შემდგომ გაირკვა – შუქურაზე განლაგებულ სამხედრო ბაზაზე. ამას ამბობს სიგუა, რომელიც ესწრებოდა არძინბას ძებნის პროცესს სოხუმში, რომ მასთან ჯარის განლაგების დეტალები დაეზუსტებინათ.
– მაგრამ არძინბამ ეს აფხაზ ხალხს დაუმალა და თქვა, რომ ქართველები თავს დაგვესხნენ ვერაგულადო. ის ადამიანი კინაღამ ჩაქოლეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღესაც ცოცხალია. ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. უნდა ვთქვათ, რომ რუსეთმა ისარგებლა არძინბას ქართველებისადმი სიძულვილით და შევარდნაძის სისუსტით, იმიტომ რომ ის სამხედრო გადატრიალებით იყო მოსული და ნახევარ საქართველოს სძულდა, რომ შევარდნაძისა და არძინბას პიროვნულ თამაშებს მოჰყვა ქართველი და აფხაზი ხალხის სისხლისღვრა. ჩვენ აფხაზებს უნდა ვუთხრათ, რომ იმ ხალხმა, რომლებიც აფხაზეთში საომრად შევიდნენ, იმას გარდა, რომ არ იყვნენ ქართველი ხალხის რჩეულები, ჯერ თბილისში მოაწყვეს სამხედრო გადატრიალება და დაარბიეს, შემდეგ დაარბიეს რეგიონები, დააწიოკეს სამეგრელო და ბოლოს შევიდნენ აფხაზეთში. იმას ვამბობ, რომ მათ აფხაზებზე მეტი უბედურება ქართველებს დააწიეს. ვინ იყო ის ხალხი?! ისინი იყვნენ „გე რე უს“ ქართული და აფხაზი აგენტურა.
– მე სწორედ ამ ლოგიკით ველაპარაკები ხოლმე აფხაზებს. მაგრამ აქვე დავაზუსტოთ, რომ ყველას არ ვგულისხმობთ.
– რა თქმა უნდა, გულანთებული პატრიოტები ქართველების მხრიდანაც მოტყუვდნენ და აფხაზების მხრიდანაც, ამას დაემატა აფხაზი და ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა და გაუბედურება და მივიღეთ უფორმო, უსახო, უშინაარსო და უბინძურესი სამოქალაქო ომი. საუბედუროდ, აფხაზეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ომში აფხაზეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი – საერთაშორისო აღიარება. ეს ტყუილია, რაც ძალიან კარგად იცის აფხაზი პოლიტიკური ელიტის ერთმა ნაწილმა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დალაგდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და ქართული და აფხაზური ურთიერთობების მომგვარებელი იქნება ევროპული სტრუქტურები. იმის თქმა მინდა, რომ ქართველი და აფხაზი საერთოდ რომ არ დაელაპარაკონ ერთმანეთს, კონფლიქტის მოგვარების ყველანაირი მექანიზმი არსებობს. მაგრამ ეს იქნება რუსეთის პოლიტიკური მარცხი. რუსეთი ისედაც დამარცხდება კავკასიაში, მაგრამ მათ ეს მოკლევადიანი ოკუპაციები აფხაზეთში, ცხინვალსა და ყარაბაღში დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდებათ. არც აფხაზეთი ადარდებთ, არც ცხინვალი და არც ყარაბაღი. მათ ჰგონიათ, რომ ამ ჯოკერებით ითამაშებენ დასავლეთთან და 1990-დან 2009 წლამდე თითქოს გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ, რაც ყირიმში შეცვივდნენ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაშიც ბახა-ბუხი ატეხეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და ამ ჯოკერებს ვეღარ გამოიყენებს. აფხაზეთი მანამ იყო საინტერესო რუსეთისთვის, სანამ შავ ზღვაზე გასავლელი არ ჰქონდა, ახლა, როცა, როგორც მინიმუმ, სევასტოპოლი შერჩება, ვფიქრობთ, რომ რუსეთი, გაჭირვებული ეკონომიკის პირობებში, მილიარდებს არ ჩადებს აფხაზეთში ახალი ბაზებისა და პორტების მშენებლობისთვის. და ის ქვეტექსტიც დევს ხაჯიმბას ინიციატივაში, რომ ქართველებო, არჩინეთ აფხაზები, მაგრამ უნდა აკონტროლონ რუსებმა. არალეგალურ ბიზნესში ხომ ისედაც წილში სხედან რუსი ჯარისკაცები საგუშაგოებიდან და მერე ოფიციალურადაც იქნებიან წილში. თუმცა რკინიგზის გახსნაზე ხაჯიმბას დონის ადამიანის განცხადება ცოტა სასაცილოა.
– ვის ევაჟკაცება ხაჯიმბა?
– ევაჟკაცება ყველას: კრემლს ამით ეუბნება, ბოლომდე დამიჭირეთ მხარი, მე საჭირო კაცი ვარ, ამ მიმართულებით წავიყვან პოლიტიკას და ევაჟკაცება აფხაზებსაც, აი, რა მაგარი ვარ, როგორ ვუქნევ მუშტებს ქართველებს და კრემლთანაც როგორი საჭირო კაცი ვარო. პრიმიტიული თამაშია, რადგან ხაჯიმბას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს და ძალიან კარგად გამოჩნდება ეს შემდგომ არჩევნებზე, თუ მანამდე გააჩერეს.
– მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის სარჩენად აფხაზეთის გადმოლოცვა უნდა რუსეთს.
– რა თქმა უნდა, ეს ერთი მხარეა და მეორე, აფხაზეთი და ცხინვალი „ატკატების“ პოლიგონები იყო რუსი ჩინოვნიკებისთვის. რუსეთში ფულის მშოვნელებისთვის, ფაქტობრივად, აფხაზეთი და ცხინვალი ოფშორებია. ახლა უჭირთ ეს „ატკატები“ და აღარც სჭირდებათ: პირდაპირ იღებენ ფულს თავიანთი ბიუჯეტიდან და ვიღაცას ფული რატომ უნდა მისცენ, რომ იქიდან ნახევარი აიღონ?! ურჩევნიათ, სულ დაიტოვონ. გარდა ამისა, ხაჯიმბას პირით, ანუ აფხაზების პირით უნდათ, რომ ილაპარაკონ რკინიგზის გახსნაზე. მას უნდა ათქმევინონ საყვედურები, რომ ქართველებმა თქვან, თუკი გზის გახსნა უნდათ და ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა, რატომაც არ უნდა გავხსნათ?! ანუ თვითონ რუსეთი ხმამაღლა არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ დასავლეთმა კარგად იცის, რისთვის სჭირდება ის რკინიგზა რუსეთს. პარალელურად, ახლა ერევანსაც აალაპარაკებს რკინიგზის გახსნის აუცილებლობაზე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აფხაზებსა და სომხებს მათი უფლებების შელახვის პოზაში დააყენებს. რუსს კი არ უნდა, თურმე, რკინიგზა, იმიტომ რომ ანტიდასავლური კოალიცია გააძლიეროს თურქეთთან და ირანთან და უფრო ოპერატიული გახადოს, არამედ აფხაზსა და სომეხს უნდათ, რომ ეკონომიკურ ბლოკადაში არ იყვნენ მოქცეულები. აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით და სურვილით.
– ამბობთ, რომ რუსეთის სურვილია კონფლიქტის გამოწვევა. ვითომ არის რუსეთისთვის ხელსაყრელი მორიგი სამხედრო კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის?
– რუსეთისთვის ნებისმიერ დროსაა ხელსაყრელი არეულობა, რადგან რუსეთის პოლიტიკურ არსენალში ყოველთვისაა არეულობა, როგორც მეთოდი. მოსკოვში არ უნდა იყოს, თორემ სხვაგან – ამაზე ყოველთვის ხელის მომწერია. ხაჯიმბა და პრორუსი ორიენტაციის აფხაზები, ისევე, როგორც ცხინვალი, მოსკოვს ქართველებზე ზეწოლისთვის, ჩვენთვის ნერვების მოსაშლელად სჭირდება. მაგრამ, თუ აფხაზები გადაწყვეტენ, რომ რუსს ზურგი აქციონ და ქართველებისკენ ან ევროპელებისკენ იბრუნონ პირი, რუსები აუცილებლად დააპირსპირებენ აფხაზეთში აფხაზებსა და სომხებს და სომხების მხარეს დაიჭერენ. ასე რომ, როდესაც ინტელექტით, შორსმჭვრეტელობითა და დიპლომატიით ვერ აგვარებს პრობლემებს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მიზნის მიღწევას ყოველთვის უღირსი მეთოდებით ცდილობს. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.