№36 როგორ თარგმნა იასუჰირო კოჯიმამ ვაჟა-ფშაველა იაპონურ ენაზე და რას ვერ იგებენ იაპონელები მის მიერ ნათარგმნ ნაწარმოებებში
იასუჰირო კოჯიმა წლების განმავლობაში იაპონიაში საქართველოსთვის უდიდეს საქმეს აკეთებს. გარდა იმისა, რომ იაპონიაში იაპონელებს ქართულ წერას, ლაპარაკს ასწავლიდა, მან არაერთი ქართული ნაწარმოები თარგმნა იაპონურ ენაზე. ცოტა ხნის წინ კი ამ სიას ვაჟა-ფშაველას პოემებიც დაემატა. ის წლიდან წლამდე იაპონიაში ქართული კულტურის, მწერლობის პოპულარიზაციას ეწევა და საკუთარ შვილსაც საქართველოში, ქართველ მეუღლესთან ერთად ქართულ-იაპონური ტრადიციებით ზრდის.
იასუჰირო კოჯიმა: რამდენიმე წელია, საქართველოში ვცხოვრობ. 2013 წლიდან 2018 წლის მარტამდე იაპონიის საელჩოში ვმუშაობდი. შემდეგ კონტრაქტი დამიმთავრდა და აღარ გამიგრძელებია, თავი დავანებე სამსახურს. ჯერჯერობით აქ ვცხოვრობთ. რადგან თბილისში დავიწყე მუშაობა, ამიტომაც ოჯახით აქ გადმოვედით საცხოვრებლად. თბილისში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. მანამდე ტოკიოში ვცხოვრობდით, ძალიან დიდი ქალაქია, ზედმეტად ბევრი ხალხი ცხოვრობს, ზედმეტად ბევრი მანქანაა. თბილისში უფრო ლაღად ვგრძნობ თავს. აქაც არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ დიდად არ შევუწუხებივარ. ჩემი მეუღლე ქართველია და ჩვენი აქ საცხოვრებლად გადმოსვლა, ალბათ, ბუნებრივიც იყო. თან, მე წარმოშობით ტოკიოელი არ ვარ. რეგიონში დავიბადე, გავიზარდე, შემდეგ გადავედი დედაქალაქში საცხოვრებლად. ჩემთვის თბილისში უფრო ბუნებრივი გარემოა. ტოკიოში ყველანაირი პირობაა გასართობად, სამუშაოდ, მაგრამ საცხოვრებლად არ მგონია, კარგი ქალაქი იყო. ამ თვალსაზრისით თბილისი უფრო პატარა ქალაქია და აქ მირჩევნია. ხალხიც მეგობრულად არის განწყობილი და თავს კარგად ვგრძნობ.
– ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას პოემები და მოთხრობები თარგმნეთ ქართულიდან იაპონურ ენაზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ივნისში გამოვიდა. პირველად ქართულიდან იაპონურ ენაზე 2004 წელს ვთარგმნე. მანამდე იყო ქართული ნაწარმოები იაპონურად, მაგრამ რუსული ენიდან თარგმნილი. მაშინ ჯერ კიდევ დამწყები ვიყავი, ქართულ ენას ვსწავლობდი. ერთ-ერთმა გურულმა მეგობარმა მირჩია, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მეთარგმნა: სასაცილო, კარგი ნაწარმოებია და შენთვისაც შედარებით ადვილად წასაკითხიაო. ძალიან მომეწონა, ადვილადაც ვკითხულობდი და რომ დავამთავრე კითხვა, ვიფიქრე: ეს როგორ არ გადავთარგმნო იაპონურად-მეთქი. რა თქმა უნდა, რთული იყო, მაშინ თავისუფლად ვერ ვკითხულობდი ქართულად, ქართველებს ვეკითხებოდი, ეს რას ნიშნავს, ეს რა არის-მეთქი. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ არის ერთი მომენტი, როდესაც ქვევრში ვარდება. იაპონელები ვერ მიხვდნენ: რატომ იყო ქვევრი მიწაში, მათთვის ბევრი რაღაც იყო გაუგებარი. ახლა შედარებით კარგად ვკითხულობ ქართულად, მაგრამ ვაჟა-ფშაველას პოემების თარგმნა ძალიან გამიძნელდა. მოგეხსენებათ, ფშაური დიალექტი, ძველი დიალექტები რთულია.
– ალბათ, გიყვართ ვაჟა-ფშაველა და მისი თარგმნის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო.
– ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას პოემები, მისი ნაწარმოებები. გარდა ამისა, ზუსტად ამ პერიოდში ტოკიოში ერთ-ერთ კინოთეატრში გადის თენგიზ აბულაძის სამი ფილმი: „მონანიება“, „ნატვრის ხე“ და „ვედრება“. მოგეხსენებათ, „ვედრება“ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების საფუძველზეა გადაღებული. მე და კინოთეატრის ხელმძღვანელობა 2 წელი ვამზადებდით ამ პროექტს. „ვედრება“ ძალიან ძლიერი ფილმია, მაგრამ იაპონელი მაყურებლისთვის ცოტა რთულად გასაგები იქნებოდა. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ წინასწარ გვეთარგმნა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები და იაპონელებისთვის შეგვეთავაზებინა. ჯერ გამოვეცით წიგნები და შემდეგ დაიწყო ფილმების ჩვენება. როგორც შევიტყვე, ბევრად მეტი მაყურებელი მიდის სანახავად, ვიდრე ელოდებოდნენ. გაზეთებში წერენ ფილმების შესახებ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან მიხარია, ვაჟა-ფშაველას, ამ ბუმბერაზ მწერალს, რომელსაც იაპონელები არ იცნობდნენ და ახლა გაიცნობენ. ოქტომბერში ამ კინოთეატრში ჩატარდება ქართული ფილმების ფესტივალი. 20-მდე ქართულ ფილმს ვაჩვენებთ: შავ-თეთრსაც და ფერადებსაც. სუბტიტრებს ყველა ფილმს ვუკეთებ.
– რამდენი ნაწარმოები თარგმნეთ?
– წიგნში შესულია სამი პოემა: „ალუდა ქეთელაური“, „გველისმჭამელი“ და „სტუმარ-მასპინძელი”, ასევე, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ვერხვი“ და „ჩხიკვთა ქორწილი“. თავიდან მხოლოდ მოთხრობების თარგმნას ვაპირებდი, რადგან პოემები იმდენად რთულია, რომ მათი იაპონურად გადმოცემა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ რაღაცნაირად გავბედე. ძალიან გამიჭირდა – ვაჟას ისეთი ენა აქვს, ყველაფერი რთული იყო. ჩემთვის ბევრი ადგილი იყო გაუგებარი და ქართველ ექსპერტებს მივმართე, თან, არსებობს ვაჟა-ფშაველას განმარტებითი ლექსიკონი და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა.
– მეუღლე გეხმარებოდათ?
– ძალიან მეხმარებოდა. ბევრ რაღაცას მას ვეკითხებოდი. თითქოს მარტივი სიტყვაა, მაგრამ როგორც იაპონელმა, შეიძლება სხვანაირად გავიგო, მაგრამ ქართულ კულტურაში სულ სხვანაირი დატვირთვა ჰქონდეს.
– აპირებთ სხვა ნაწარმოების თარგმნას?
– საქართველოში ძალიან ბევრი ძლიერი მწერალია და მინდა, რაც შეიძლება მეტი ნაწარმოები ვთარგმნო და გავაცნო იაპონელებს. კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები მინდა ვთარგმნო, ახლო მომავალში კი – „დათა თუთაშხია“.
– საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ. განსაკუთრებული მისია გაქვთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, კულტურის წინაშე.
– მადლობა. ძალიან მიხარია, თუ მართლაც ეს მისია მაქვს. მე თვითონ ძალიან მიყვარს, მაინტერესებს და მიხარია, რომ იაპონელებს ვაცნობ. ტოჩინოშინის დახმარებითაც საქართველო იაპონიაში პოპულარული ხდება. ინტერესი საკმაოდ არის გაზრდილი. ცოტა ხნის წინ იაპონიიდან გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული, მთელი საქართველო მოვიარეთ, დავყვებოდი, გაგიჟებულები წავიდნენ. ხინკალზე გაგიჟდნენ, ახლაც მწერენ: ხინკალი გვენატრებაო.
– თქვენც ხომ არ ისწავლეთ ხინკლის მოხვევა?
– კი, ვისწავლე. ახლა რესტორნებში ვჭამთ ხოლმე. ტოკიოში 10 წელი რომ ვცხოვრობდით, ძალიან მენატრებოდა და ხშირად ვაკეთებდით მე და ჩემი მეუღლე.
– შვილი რა ენაზე საუბრობს?
– ბიჭი გვყავს, იაპონიაში დაიბადა და 5 თვის ასაკში გადმოვიყვანეთ. მისთვის პირველი ენა ქართულია. მე ყოველთვის იაპონურ ენაზე ვესაუბრები, გარკვეულწილად ესმის, მაგრამ ქართულად მპასუხობს ხოლმე.
– ქართველი ქალის მეუღლეობა რთულია?
– საბედნიეროდ, მე არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ რთული ყოფილიყოს.
– ტოჩინოშინს იცნობთ?
– კი, პირადად ვიცნობ. ახალი ჩამოსული რომ იყო, ბუნებრივია, არ იცოდა იპონური. იაპონურ გაზეთს უნდოდა მისგან ინტერვიუს აღება და მე ვიყავი თარჯიმანი. ძლიერიც არის და კარგი ადამიანია. სუმო ეროვნული სპორტია, უცხოელს ძალიან რთულად უშვებენ. ჩაკეტილი სისტემაა, მკაცრად ითხოვენ ტრადიციების დაცვას, ამ სამყაროში რომ წარმატებას მიაღწიო, ძალიან რთულია. იაპონელებისთვისაც რთულია სუმოს სამყაროს წესების დაცვა და მით უმეტეს, უცხოელისთვის. ამიტომაც ლევანის წარმატება ძალიან დასაფასებელია.