№36 როგორ ხვდება ვერიკო ტურაშვილის თაყვანისმცემლებს შვილი და როგორ სთხოვა მას დედამთილმა კიდევ ერთი შვილის გაჩენა
ვერიკო ტურაშვილი ორი გოგონას დედაა. უფროსი – ლიზა, მალე თხუთმეტი წლის ხდება, უკვე დიდი გოგოა და დედასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
– ლიზა, როგორი დედაა ვერიკო?
ლიზა: ძალიან მეგობრულია. ყველაფერს ვუყვები, იმიტომ რომ ვიცი, ყველანაირად გამიგებს, გვერდში დამიდგება და ჩხუბს არ დამიწყებს. თუმცა, ზოგჯერ მკაცრიც არის.
ვერიკო: მგონია, რომ ლიზასთან ნაკლებად მექნება პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან მგავს ხასიათით. ჰოროსკოპიც ერთი გვაქვს და შეიძლება, ამის გამოც, მაგრამ ჯერ პრობლემური საკითხი არ შეგვხვედრია. ერთადერთი, მისი თავისუფლად გაშვება მიჭირს და ხშირად ვამოწმებ ხოლმე.
ლიზა: როცა სადმე არ მიშვებს, ცოტა კონფლიქტი მოგვდის (იცინის).
ვერიკო: ან თუ ვუშვებ, ნახევარ საათში ვურეკავ: დე, აბა, როგორი ამინდია? (იცინის). მგონია, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, სადაც ხელი არ უნდა აფათურო. არასდროს დამიწყია მის ტელეფონში თუ სოციალურ ქსელში ქექვა. მისი ტელეფონის პაროლიც კი არ ვიცი. სხვათა შორის, თვითონ ჩემი იცის (იცინის). მგონია, რომ სანდო გოგოა და სისულელეს არ გააკეთებს, მაგრამ სადმე რომ მიდის, მით უმეტეს, ახალი დაწყებუილი აქვს მეგობრებთან ერთად გასვლები, მაინც ვურეკავ. დურბინდით ნამდვილად არ მივყვები, აი პატარასთან, ალბათ, ესეც დამჭირდება. ის უფრო ურჩია (იცინის).
– ვინმე რომ მოგეწონება, ეუბნები დედას?
ლიზა: გარეგნულად შეიძლება, ბევრი მომეწონოს, მაგრამ სერიოზულად ჯერ არავინ მომწონებია.
ვერიკო: ქუჩაში რომ მივდივართ და ამის ასაკის ბიჭი გაგვივლის გვერდით, ამას რომ არ ჰქონდეს გამოხატვის უხერხულობა, ჯერ მე გავაყოლებ ხოლმე თვალს, როგორი ბიჭია-მეთქი და აუ, ჰოო, მერე ესეც მეთანხმება (იცინის).
– როცა შენს პირად ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდება, უყვები?
– მას მერე, რაც ლიზა გაიზარდა, ჩემს ცხოვრებაში არაფერი სერიოზული არ ყოფილა. ერთი იყო ნატაშკას მამასთან და ეს ლიზამ ძალიან კარგად იცოდა. იცნობდა და მოსაყოლი ბევრი არაფერი იყო, ყველაფერს თვითონ ხედავდა (იცინის).
– დედაზე არ ეჭვიანობ ხოლმე?
ლიზა: კი, ეგოისტი ვარ და მიჭირს, რომ დედა ვინმეს გავუყო, მაგრამ იმედია, მაგასაც მივეჩვევი.
ვერიკო: მესაკუთრეა. ერთი რომ ვყავარ, მისი ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივიცაა. ვცდილობ ხოლმე, რომ ამ თემებზე გახსნილად ვილაპარაკო, რომ სანამ რამე მოხდება, ეს დამოკიდებულებები მოეხსნას.
– არ გინდა, დედამ კიდევ ერთხელ შექმნას ოჯახი?
ლიზა: არაა (იცინის). არ მინდა, მაგრამ რამე სერიოზული რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვიქნები, თუმცა არც გამიხარდება (იცინის).
ვერიკო: ალბათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება. თუმცა, ჯერ მე თვითონაც არ მინდა, გვერდით ვინმე მყავდეს და ამით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია (იცინის).
– არ გილაპარაკიათ, როგორი უნდა იყოს ის?
– ადამიანი, ალბათ, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. თუ არ გინდა, მისი გამოსწორების შანსი არ არსებობს. როგორც მე ვერ გამოვასწორე ვერავინ, ისე არავინ უნდა ეცადოს ჩემს შეცვლას. ვერიკო თავის თავს არ ეკუთვნის, თავიდან ბოლომდე ჩემს შვილებს და ოჯახს ვეკუთვნი და ხანდახან მგონია, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის დრო არ მაქვს. აქედან გამომდინარე, ალბათ, მეც არ ვარ ადვილად შესაყვარებელი. ალბათ, ისეთი ადამიანი უნდა გამოჩნდეს, რომელიც ჩემი ყველაფრით შემიყვარებს და ანალოგიურად მოვიქცევი მეც. მაგრამ მე ისეთი ბედი მაქვს, თავიდან ასეთი მოვწონვარ ყველას და მერე იწყებენ ბრძოლას (იცინის).
– ახლა უკვე დიდი გოგო ხარ და ბევრი რამ ისწავლე, მაგრამ ორივე შვილი მარტომ გაზარდე და მარტივი არ იქნებოდა.
– არ მერთულება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ჩემი ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან. თუმცა, დედაც მე ვიყავი, მამაც ოჯახის თავიც და ბოლოც, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების დიდი დახმარებით.
– როგორც ვიცი, ძალიან მაგარი დედამთილი გყავს. არადა, დედამთილი, მინიმუმ, ჯუჯღუნთან მაინც ასოცირდება.
– ჩვენც ვჯუჯღუნებთ. არ გეგონოთ, რომ სულ პეპლები დაგვტრიალებდეს თავზე. ეს არ არის სტანდარტული ისტორია. ცოცხალი და ბედნიერები რომ არიან, მაშინ არ უნდა ხოლმე წყვილს სხვებთან ერთად ცხოვება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე გამოვიდა. პირველ რიგში, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ის ჩემი ოჯახის წევრია. თუმცა, არც მე ვარ მარტივი ადამიანი, თვითონ ხომ – საერთოდ და რა თქმა უნდა, ჩვენც გვწყინს ხოლმე რაღაცები, მაგრამ მერე ძალიან გვეცინება ამ ყველაფერზე. ძალიან მიყვარს და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. გარდა იმისა, რომ ლიზას ბებოა, ნატაშკას ბებოცაა და ესეც არაა სტანდარტული ამბავი. მის აღზრდაში უფრო მეტი წვლილი მიუძღვის. სახელიც კი ერთი აქვთ.
– პირად ცხოვრებას როცა ეხება საქმე, მასთანაც თუ საუბრობ ხოლმე ამ თემაზე?
– როგორ არა. შეიძლება, ვიღაც რომ გეპრანჭება ეს არ მოუყვე, მაგრამ როცა იყო სათქმელი, რა თქმა უნდა, ვუთხარი.
– ცოტა ეგოისტური მომენტი არ აქვს?
– ალბათ, კი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეში ხელი შეუშლია. ამას წინათ მითხრა, კიდევ ერთი შვილი ხომ არ გაგვეჩინაო?! (იცინის).
– რაც შეეხება ლიზას სწავლას, რა მოგწონს განსაკუთრებით?
ლიზა: ფიზიკაზე ვგიჟდები, მათემატიკაზეც და ზოგადად, ტექნიკური მიმართულება უფრო გამომდის.
ვერიკო: მუსიკალურ სკოლაში სწავლობს, მერვეში გადავიდა. ძალიან მინდა, რომ სექტემბრიდან კლასიკური ვოკალი მოსინჯოს და მერე თვითონ გადაწყვიტოს. ძალიან მსუყე და ჩემზე ბევრად დიდი დიაპაზონის ხმა აქვს. ტელეფონში თავჩარგული რომ ზის, ვერც ხვდება, რა ნოტებს იღებს ხოლმე, ამიტომ მგონია, რომ უნდა მოსინჯოს. თუ გამოუვა და მოეწონება, რატომაც არა.
– თქვენი დასვენება როგორია?
– შარშან კვიპროსზე წავედით ლიზას დაბადების დღის აღსანიშნავად. საკმაოდ აქტიური დასვენება გამოგვივიდა, ჩემი მეგობრებიც იქ იყვნენ და ძალიან კარგად გავერთეთ. ახლა ოქროს დაბადების დღე აქვს და ალბათ, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, მაგრამ თვითონ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. იცის, რომ უცხოეთი მოსწონს, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამოგვივა. ერთად მოგზაურობა ჩვენი ოცნებაა და ამას აუცილებლად შევძლებთ. ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თითქმის მოვაგვარე – ვფიქრობდი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, თავიანთი სახლი უნდა ჰქონდეთ, მე ჩემი-მეთქი. ახლა კი სულ ვიმუქრები, რომ ყველა ჩემს შემოსავალს პირადი სიამოვნებისთვის დავხარჯავთ და პირველ რიგში, ეს მოგზაურობა იქნება.
– როგორც ვიცი, კარგი საქმიანი ახალი ამბავიც გაქვს.
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და იმედია, ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებ. მე და ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, კახა კუხიანიძე საბავშვო სტუდიების ქსელს ვხსნით თბილისის სხვადასხვა უბანში. ეს ყველაფრი დიდი ხნის ფიქრის და შრომის შედეგი და დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა.