№36 რატომ არის აუცილებელი ბავშვმა ახსნას საკუთარი განცდები და როგორ მიჰყავს პატარები დათრგუნულ ემოციებს დეპრესიამდე
თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი მათგანისთვის ამ ამოცანასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა. ბავშვის წარმატებას მის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება.
თათია გურგენიძე: მშობლები და მასწავლებლები ხშირად პრიორიტეტულად მხოლოდ აკადემიურ უნარებზე მუშაობას მიიჩნევენ. როდესაც ვსაუბრობთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების აკადემიურ უნარებზე, იოლია წარმოვიდგინოთ, როგორ მღერიან ისინი ანბანის სიმღერას ან ასახელებენ გეომეტრიულ ფიგურებს. თუმცა, ეს განვითარების მხოლოდ ერთი მხარეა. მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური სფეროების განვითარებაც. მაგალითად, ბავშვმა იცის, რომ სხვისთვის დარტყმა არ არის კარგი ქცევა. ასევე იცის, რომ ნორმალურია, გრძნობდეს ბრაზს, წყენას. ამით ის ავლენს თვითრეგულაციის უნარს. რეალურად, ბრაზის მართვა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სკოლამდელ ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მშობლებმა უნდა შეძლონ, ასწავლონ ბავშვს შეამჩნიოს და შეიცნოს საკუთარი თავი, უყვარდეს და აფასებდეს მას, იყოს ლაღი და მიიღოს სიხარული ცხოვრებისგან. მოახერხონ ახსნან საკუთარი ემოცია – „იმიტომ ვიჩხუბე“, „იმიტომ ვიტირე“ „იმიტომ არ დავალაგე“...
– რას გულისხმობს სოციალურ-ემოციური სფერო?
– სოციალურ-ემოციური სფერო გულისხმობს: საკუთარი და სხვისი ემოციების გაგებას, საკუთარი ემოციების მართვას, სხვების საჭიროებების ამოცნობისა და თანაგრძნობის უნარს; თანატოლებთან თამაშის, დამეგობრების უნარს; პრობლემის გადაჭრის სწორი გზების მოძიებას, საკუთარ თავზე დადებით წარმოდგენას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების უნარს, თვითკონტროლის უნარს, წესების შესრულებას, იმპულსების კონტროლს, სიტუაციის კონტექსტის გაგებას და შესაბამისად მოქცევას.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა ახსნას და გამოხატოს საკუთარი ემოცია?
– ემოციების გაცნობიერებისა და გამომჟღავნების შეზღუდვა იწვევს შიშს ცხოვრების წინაშე, დამოუკიდებლობის არ ქონას. ბავშვი იყენებს მოქმედებების მხოლოდ ერთ მოდელს: გამაბრაზეს – ვიჩხუბებ! არ გამომდის? – არ გავაკეთებ! ვერ გამიგეს? – მეწყინა და შევეშვი. ემოციის მართვის გონივრულ მიდგომას მივყავართ საჭირო შედეგამდე – ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ეჩვევა, არ მოუსმინოს საკუთარ ემოციებს, არ მიანიჭოს მათ მნიშვნელობა. ჩვენ ვეჩვევით თვითდისციპლინას და იგივეს ვაჩვევთ ბავშვებსაც. თვითდისციპლინა, თვითკონტროლი, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ გარკვეულ დონემდე, რადგან ის არ გულისხმობს საკუთარი ემოციების სრულ იგნორს და რობოტულ მორჩილებას წესებისადმი. ჩვენი ემოციები ჩვენი ორგანიზმის სასიგნალო სისტემაა და მათი დახმარებით ვაცნობიერებთ, რა ხდება ჩვენში. უაზრობაა, მოსთხოვო ბავშვს საკუთარი ემოციების იგნორირება – არ იტირო! არ შეგეშინდეს! არ გაბრაზდე! არ გეწყინოს!...
– რამდენად საშიშია დაგუბებული ემოციები?
– ემოციების დათრგუნვას ადამიანი მიჰყავს დეპრესიამდე და პრობლემების იგნორირების ჩვევის ჩამოყალიბებამდე. საკუთარ თავში ჩაკეტილი, მორიდებული ბავშვი თავს უცხოდ გრძნობს კარგად ნაცნობ გარემოშიც კი, სადაც მისდამი კარგად არიან განწყობილნი. მიდრეკილება საკუთარი თავის მოტყუებისკენ და შეუმჩნევლობის სურვილი გზაა ჩაკეტილობისაკენ.
– რა მეთოდებით შეგვიძლია, ვასწავლოთ ბავშვს ემოციების მართვა და მათი გამოხატვა?
– წაახალისეთ და სთხოვეთ ბავშვს ისაუბროს თავის გრძნობებზე. მოუსმინეთ ყურადღებით და გამოხატეთ თანაგრძნობა. ასწავლეთ, რომ ემოციების არსებობა და მათზე საუბარი ნორმალურია. გამოიყენეთ ბავშვის ქცევის მართვის პოზიტიური სტრატეგიები. შემოიღეთ ქცევის წესები, აუხსენით ბავშვს, რატომ არის საჭირო და რა შედეგები მოჰყვება მათ დარღვევას. წაახალისეთ, დააჯილდოვეთ მისი კარგი ქცევა, გამოიყენეთ იგნორირება არასასურველი ქცევის დროს. იმუშავეთ ბავშვის თვითშეფასებაზე. დაეხმარეთ ბავშვს, დაინახოს თავისი ძლიერი მხარეები. შეაქეთ რაიმეს გაკეთების მცდელობისათვის, წაახალისეთ წარმატებისთვის. მიეცით სხვა ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობა. თანატოლებთან ურთიერთობისას ბავშვი სწავლობს მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს, გაზიარებას, თანამშრომლობას, რიგის, თამაშის წესების დაცვას. შეაქეთ და ამით დაეხმარეთ ბავშვს ამ უნარების განვითარებაში. მაგალითად, „შევამჩნიე, რომ ათხოვე სათამაშო, ეს მომეწონა. ორივე კარგ ხასიათზე დადექით.“ აუხსენით პატარას, რომ მისი ნებისმიერი შეგრძნება, თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის, კარგ ხასაითზეა ის თუ ცუდზე. ის მიხვდება, რომ გულახდილობა ცუდი არ არის, რომ საკუთარი ემოციების შეგრძნება და გამჟღავნება სირცხვილი არაა.
– ბავშვს თუ უჭირს თავის ემოციებზე საუბარი, სხვა რა გზით შეიძლება გამოხატოს თავისი ემოციები?
– უფროსებისაგან განსხვავებით, ბავშვებს ემოციის გამოხატვა შეუძლიათ ნახატით ან „საშიში“ ისტორიის მოყოლით, რომელშიც გადმოსცემენ საკუთარ შიშსა თუ გაბრაზებას. ბავშვს უნდა ჰქონდეს საჭირო ლექსიკური მარაგი, ეგრეთ წოდებული გრძნობების ლექსიკა. ბევრი ბავშვი ერთდროულად „ბედნიერიც“ არის და „გაბრაზებულიც“, რადგან ვერ ახერხებს გრძნობების დიფერენცირებას, რადგან არ შეუძლია ემოციების აღქმა და არ იცის შესაბამისი სიტყვები მათ გამოსახატავად. ემოციების გამომხატველი ლექსიკონის გამდიდრება ასაკისათვის შესაბამისი თამაშებით უნდა მოახდინოთ. ითამაშეთ სარკის წინ, მაგალითად, გადმოვარდა ლარნაკი, როგორი ემოცია გექნება? სახეზე როგორ გამოხატავ? გაჩუქეს ნაყინი, როგორი სახე გექნება? ემოცია როგორია? ხშირად იმღერეთ სახლში...
– საკუთარი მაგალითების ჩვენება, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია...
– მიეცით თქვენი მაგალითი. ბავშვები სწავლობენ უფროსებზე დაკვირვებით და ხშირად იმეორებენ მათ ქცევას. როდესაც თქვენ ახერხებთ, გაუმკლავდეთ ძლიერ ემოციებს, მაგალითად, ბრაზს, ამით ბავშვს უსაფრთხოდ აგრძნობინებთ თავს. ის, ასევე, თქვენგან სწავლობს ემოციების მართვისა და პრობლემის მოგვარების გზებს. მიეცით არჩევანი. შეგიძლიათ, ჩართოთ ოჯახური საკითხების გადაწყვეტაშიც. იმუშავეთ თქვენს თავზე. მშობელი ამბობს: „მე ძალიან გაბრაზებული ვარ, მჭირდება დრო, რომ ამაზე ვიფიქრო“, „აღელვებული ვარ, ღრმად ჩავისუნთქავ, რომ დავმშვიდდე“. იმის აღიარება, რომ გვაქვს უარყოფითი ემოციები, სისუსტე არ არის. ეს კარგი მაგალითი იქნება ბავშვისათვის. ის ისწავლის, რომ ყველას შეიძლება, ჰქონდეს უსიამოვნო გრძნობები და ამ გრძნობებთან გამკლავება სრულიად შესაძლებელია. თუ თქვენ ვერ ახერხებთ, გააკონტროლოთ თქვენი ქცევა და ემოციები პატარების თანდასწრებით, თუ არ შეგიძლიათ მოიხადოთ ბოდიში საკუთარი უხეშობის გამო, თუ არ შეგიძლიათ აუხსნათ მას, რას გრძნობთ მისი არასწორი საქციელის გამო – რამ შეგაშინათ ან რამ გაგაბრაზათ, მაშინ ის ვერასოდეს მიხვდება, რომ საკუთარ ემოციებზე საუბარი საჭიროა.