№36 ვისთან ჰქონდა წყლის ქვეშ სასიყვარულო ურთიერთობა ბექა ბროლაძეს და რა კოშმარული პერიოდი გამოიარა მან
მომღერალი ბექა ბროლაძე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ შოუ-ბიზნესს ახალი, ეროტიკული კლიპით უბრუნდება. როგორც ამბობს, ასეთი დიდი პროექტი აქამდე არ გაუკეთებია და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.
– ბექა, როგორ გადაწყვიტე ეროტიკული კლიპის გადაღება?
– არ მგონია, რომ ეროტიკული კლიპია. ვისთვის, როგორ, მაგრამ ეს სიმღერა სიყვარულზეა. კლიპის წყლისქვეშ გადაღების იდეა რეჟისორ თათა მეტივიშვილს ეკუთვნის, რომელმაც ძალიან საინტერესო ლოკაციები მოიფიქრა. ორი ადამიანის ფლირტი წყლის ქვეშ ვითარდება. თავიდან უფრო მეტი სიშიშვლე გვინდოდა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ. წინააღმდეგი არ ვარ, იყოს ეროტიკული. გარკვეული დოზით არის კიდეც, მამაკაცისა და ქალის სასიყვარულო ურთიერთობაა, რომელიც სხეულის ენითაა გადმოცემული წყლის ქვეშ.
– თან პირველი კლიპია, რომელიც წყალქვეშ გადაიღეს...
– სტეფანეს აქვს ერთი კლიპი სააბაზანოში, მაგრამ მთლად წყლის ქვეშ – არა. გადაღება ტექნიკურად ძალიან რთული იყო. ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკა და პროფესიონალები გვყავდა, გადაღება მთელი ღამე მიდიოდა და ულამაზესი კადრები გამოვიდა. რთული გადაღება იყო, მაგრამ მე საკმაოდ კარგად ვიცი ცურვა და იმდენად არ გამჭირვებია. აი, ჩემმა პარტნიორმა გოგონამ არ იცის და ყველანაირად ვეხმარებოდით, მაგრამ მაინც ძალიან გაუჭირდა. საბოლოო ჯამში შედეგი ძალიან კარგი გამოვიდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ასეთი მასშტაბური პროექტი არ გამიკეთებია. ბექა ბროლაძე, რომელიც ძალიან პოპულარულ მუსიკალურ სატელევიზიო პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში“ მონაწილეობდა და შემდეგ კიდევ ბევრი პროექტი გააკეთა, თუმცა ასეთი მასშტაბური არა, არსად წასულა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი მეკითხება, სად დაიკარგე, რატომ აღარ ჩანხარო, თუმცა მუსიკისგან თავის დანებება არასდროს მიფიქრია.
– თუმცა, აქტიურად აღარ ჩანდი.
– ზოგადად, ფონია პასიური, მაგრამ ჩანს, წელს ქართველ მომღერლებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამან და ხალხის დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ პროექტის გაკეთება. თავის ქება გამომდის, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდი წინსვლა იქნება. სიმღერა არაჩვეულებრივ კომპოზიტორს, მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, მისი თითქმის ყველა სიმღერა ჰიტია. რაც შეეხება პაუზას, ეს ჩემი პირადითაც იყო გამოწვეული. თუმცა, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. ერთ-ერთ კომერციულ ბანკში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვმუშაობ და ეს არის ჩემი სტაბილური ცხოვრების გარანტი.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ამ სიმღერაში ასეთი ტექსტია – „გხედავ მხოლოდ შენ“. ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ ამ ეტაპზე არ მყავს საყვარელი ადამიანი, რაც ჩემი ბრალია. მიმაჩნია, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის ჯერ არ ვარ მზად. დაახლოებით სამი წელი მიყვარდა ადამიანი, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი იყო. თუმცა გადაწყვიტა, რომ კარიერა სხვა ქვეყანაში გაეგრძელებინა და ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა. ეს დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა და ჩემთვის ძალიან რთული გადასალახი აღმოჩნდა. ეს პერიოდი ჩვეულებრივი კოშმარი იყო. არ მოვთქვამდი, მაგრამ ადამიანები ვართ და როცა სამი წელი ერთად ხართ და მერე უცებ შენ გვერდით აღარაა, რთულია ამასთან შეგუება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ დოზით კიდევ შემიყვარდეს ვინმე. ასიდან სამოცდაათი პროცენტი კარიერისტი ვარ, აქამდე მოსასვლელად მრავალწლიანი შრომა დამჭირდა, ამიტომ ადამიანი რომ მეუბნება, უცხო ქვეყანაში განათლების მიღების ძალიან კარგი შანსი მაქვსო, ვფიქრობ, არანაირი უფლება არ მაქვს შევაჩერო, შესაბამისად, ამაზე საუბარსაც კი აზრი არ ჰქონდა. დღეს ვმეგობრობთ სოციალური ქსელით, მაგრამ ის თემა დახურული გვაქვს.
– შენ რა დრო დაგჭირდა გონს მოსასვლელად?
– ერთი წელი და ეს ის პერიოდია, როცა ყველა ჩანაწერი გავაუქმე, აღარ ვათენებდი სტუდიებში ღამეებს და აბსოლუტურად ყველაფერზე გული ამიცრუვდა. ის შემოქმედებითი პაუზა, გარკვეულწილად, ამ იმედგაცრუებით იყო გამოწვეული, მაგრამ ახლა ძალიან სავსე და ბედნიერი ვარ და ამას ჩემ გარშემო ყველა ამჩნევს. საკუთარი თავი და მეგობრები დამეხმარნენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. მაღიზიანებს, როცა ერთი ურთიერთობიდან გათავისუფლებას ახლის დაწყებით ცდილობენ. უბრალოდ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ის ამბავი დასრულდა და ჯობდა, კარიერისთვის მიმეხედა. საკუთარ თავს ხშირად ვუმეორებ ხოლმე: შენ ხარ ადამიანი, რომელიც უნდა იყოს წარმატებული და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე.
– როგორი უნდა იყოს გოგო, რომ აღარ იფიქრო, ჯერ მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობისთვისო?
– აუცილებლად გემოვნებიანი ადამიანი უნდა იყოს, აბსოლუტურად ყველაფერში – ფერებიდან დაწყებული ურთიერთობით დასრულებული. გოგო, რომელიც მომეწონება, აბსოლუტურად ყველაფერში უნდა აკმაყოფილებდეს ჩემს შეხედულებებს. არ ვიცი, რატომ მაქვს ეს მომენტი, მაგრამ გარკვეულწილად, მე უნდა მგავდეს, ოთხმოცი პროცენტით მაინც უნდა ემთხვეოდეს ჩემს შეხედულებებს. რაც შეეხება გარეგნობას, ძალიან მომწონს შავგრემანი გოგოები, ჩემში ის ბევრ შინაგან ემოციას აღძრავს, თუმცა არც ქერებზე ვამბობ უარს.
– როგორი შეყვარებული ხარ?
– ძალიან გიჟი. ზედმეტად რომანტიკული არ ვარ, მაგრამ სიურპრიზების მოწყობა მიყვარს. ბევრჯერ მომიფიქრებია ისეთი რაღაც, რომ გოგოს, ჩვეულებრივად, ყბა ჩამოვარდნია. მაგალითად: შუაღამისას ზღვის სანაპიროზე, მაგიდა, მსუბუქი ვახშამი, ღვინო, სანთლები და კარგი მუსიკა. მიყვარს, როცა ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებ. თუმცა ზედმეტ ვარდებს და გულის დანთებებს ვგმობ (იცინის).
– უპასუხო სიყვარული გამოგიცდია?
– ბავშვობაში, სკოლის ასაკში. ჩემი კლასელი მიყვარდა, მაგრამ იმას არ ვუყვარდი, სხვა უყვარდა, ჩვენი პარალელურკლასელი. ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ მიპასუხა, სხვა მიყვარსო და დავრჩი ასე (იცინის). თუმცა, ის რომ მიყვარდა, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. სხვათა შორის, ძალიან ეჭვიანი ვარ, რაც აბსოლუტურად ყველა ჩემიანმა იცის. არ ვჩხუბობ, არ ვყვირი, მაგრამ ყველაფერი სახეზე მეტყობა. რომ შემომხედავ, მიხვდები, რომ სხვაგან ვარ გასული, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავლეწავ. ჩემს თავს უფრო მესაკუთრეს დავარქმევდი.
– შოუ-ბიზნესი სავსეა ინტრიგებით, შენს თავზე არ გამოგიცდია?
– არაერთხელ მიგრძნია ინტრიგა, მაგრამ ვცდილობ, „გავატარო“. უბრალოდ, იმ ადამიანების შეფასება ეცემა ჩემს თვალში. საერთოდ, როცა რამეს ვქმნი, აზრს ყოველთვის ვეკითხები ჩემს მეგობრებს და კოლეგებს, განსაკუთრებით ქეთი ორჯონიკიძეს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– შენ და ქეთი დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებულები იყავით, როგორ მოახერხეთ დაშორების შემდეგ ასე დამეგობრება?
– ეს ამბავი ყველას უკვირს. მე და ქეთი საუკეთესო მეგობრები ვართ, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ვართ. მივხვდით, რომ უფრო მაგარი მეგობრები ვართ და იმაზე ბევრად ღირებული რაღაცები გვაკავშირებს, ვიდრე ჩვენი, წლების წინანდელი „ლავსთორის“ გაგრძელება შეიძლებოდა ყოფილიყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქეთი ჩემი უახლოესი მეგობარია და ძალიან უაზრო რჩევებზეც კი შემიძლია მივმართო.