№36 რა ფანდი მოიფიქრა ცნობილმა ჟურნალისტმა სერგო ზაქარიაძესთან ინტერვიუს ასაღებად
სერგო ზაქარიაძეს ძალიან არ უყვარდა ინტერვიუს მიცემა. ერთხელ ჟურნალ „ოგონიოკის“ რედაქტორმა ცნობილი ჟურნალისტი, ვადიმ სერგეევი იხმო და ზაქარიაძესთან ინტერვიუს ჩაწერა დაავალა. ვადიმს „დასცხა“, მაგრამ რას იზამდა. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა, ისიც გაიგო, რომ სერგო თბილისის „დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა და არც ერთი თამაშს არ აცდენდა. გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და „დინამოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. ვადიმს თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრის როლი უნდა ეთამაშა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი „დინამოს“ სალაროსთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა.
სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არაქართველი ახალგაზრდა, რომელიც თბილისის ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა. გადარეულა სერგო, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გავუშვაო, თან, იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ და რუს „გულშემატკივარს“ უთხრა: ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი. რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა. ბოლოს, ვადიმმა ვერ მოითმინა: არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს „ოგონიოკის“ ფურცლებზე ნახავთო. სერგოს ჯერ ღიმილი შეეყინა სახეზე, მერე კი კარგად გვარიანად გადაიხარხარა. ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც დაუწერია.