№36 საშიშია თუ არა სახლში მიცვალებულთა სურათების შენახვა და რას უნდა ველოდოთ, თუ ცოცხალი ადამიანის ფოტო დაზიანდა
ახლა სრულიად ბანალურ თემას შევეხებით, თუმცა ყველაზე აქტუალურს ჩვენს ეპოქაში – ფოტოგრაფიასა და ფოტოს, რომელსაც იღებს ყველა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. უკვე ლამის წესად იქცა, ცხოვრების წამიერი მომენტების ფოტოსურათზე აღბეჭდვით, პირადი არქივის შექმნა, მისი სხვისთვის გაზიარება... მოგონებათა გალერეაში კი ყველა ერთად იყრის თავს, ვისაც კი ჩვენი „პირადი მერიდიანი“ გადაუკვეთავს. თუმცა, დრო მიდის და არავის ინდობს, თანდათან სიცოცხლე ეცლება „გალერეას,“ მაგრამ არა ფოტოზე – მათ ხსოვნას ის სამუდამოდ ინახავს. ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ მეგობრებისგან, ასე თბილად და სიყვარულით რომ გვიღიმიან სურათებიდან, ზოგი უკვე აღარ არის ცოცხალი. მათი გამოსახულება კი ჯიუტად არ კარგავს კავშირის ძაფს ჩვენ შორის. რას გვეუბნება თემასთან დაკავშირებით წინაპართა გამოცდილება და შეუცნობლის ხალხური ინტუიცია, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი ე. გაგვარკვევს: რაიმე საფრთხე მოდის თუ არა გარდაცვლილის ფოტოდან; რა წესები უნდა დავიცვათ მისი სახლში შენახვისას; საშიშია თუ არა ცოცხალი ადამიანის სურათის სადგარიდან ჩამოვარდნა, ჩარჩოსა და მინის დაზიანება და მსგავსი საკითხები.
– კითხვის დასმამდე, მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო, რომელიც მეგობრის შვილს სულ ახლახან შეემთხვა. გამოსაშვებ კლასში ფოტოალბომს აკეთებდნენ. ზამთარში თანაკლასელი გარდაეცვალათ და ბავშვებს უნდოდათ, მისი ფოტოც ყოფილიყო ალბომში. მაგრამ, პედაგოგებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, გარდაცვლილის სურათის ალბომში ჩაკვრა ცუდის ნიშანიაო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს – რას გვეუბნება ხალხური გამოცდილება?
– ბვერს მიაჩნია ასე, რადგან ფიქრობს, რომ გარდაცვლილის გამოსახულებას ფოტოს საშუალებით იმქვეყანასთან აქვს კავშირი. ამიტომ, გარკვეული წესები შეიმუშავეს, რომელთა გათვალისწინება მოუწევს ყველას, ვინც სახლში გარდაცლილითა სურათებს ინახავს და ამასთან დაკავშირებით, თქვენსავით, მათაც კითხვები აქვთ. უპირველეად, უნდა დაგამშვიდოთ და აღვნიშნო, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ სახლში გარდაცვლილის სურათი გაქვთ. უბრალოდ, ხშირად ნუ დააკვირდებით – მაგალითად, თუ ის ფოტო ალბომშია ჩაკრული და როცა ნოსტალგია შემოგაწვებათ, პერიოდულად ათვალიერებთ ხოლმე, ეს ნორმალურია. მაგრამ, მიცვალებულის სურათის ჩარჩოში ჩასმა და გამოსაჩენ ადგილას მისი გამოფენა, არ ღირს. ამბობენ, ასეთ სურათს შეუძლია, ადამიანს ენერგია წაართვასო, რაც თავისთავად, მის ჯანმრთელობას შეარყევს. ამიტომ, ამტკიცებენ, რომ აუცილებელია გარდაცვლილის სურათი ცოცხლებისგან განაცალკეოთ და სხვაგან შეინახოთ. ერთიც რომ იყოს გარდაცვლილი სურათზე გამოსახულთაგან, ის ფოტო აუცილებლად გარდაცვლილთა ალბომში გადაიტანეთ. უფრო კარდინალური გადაწყვეტილებაა, თუ სურათს მის გამოსახულებას ჩამოაჭრით. ამით ცოცხლების ენერგია გარდაცვლილისას გამოეყოფა. ამას ისიც დაამატეთ, რომ გარდაცვილთა ფოტოების შესანახი – იქნება ეს ალბომი, საქაღალდე თუ პაკეტი, აუცილებლად შავი უნდა იყოს და იშვიათად, მხოლოდ მათი სულის მოსახსენიებელ დღეებში, ამოიღეთ იქიდან. მოკლედ, არ შეიძლება, გარდაცვლილთა ფოტოები გამოსაჩენ ადგილას დადოთ. ხსოვნა კარგია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, მათი ფოტოები შეინახეთ ცალკე და ჩარჩოში ჩასმული – კედელზე, მაგიდაზე ან ბუხრის თავზე არ გამოფინოთ.
– თუ ეს წესები არ ვიცით და ვერ დავიცავით, რა საფრთხეა მოსალოდნელი?
– საქმე ისაა, რომ ამ სურათების ენერგეტიკა უარყოფითად აისახება ცოცხლებზე. სახლში, სადაც ღიად აქვთ გამოფენილი გარდაცვლილთა სურათები, ხშიარია ჩხუბი, კამათი, ავადმყოფობა და სხვა, მსგავი უსიამოვნება. ასეთ ადგილებში თითქოს ჭირია ჩაბუდებული, რაც საშუალებას არ აძლევს დადებით ენერგიას, უარყოფითზე დომინირება მოიპოვოს. ზოგადად, ფოტოგრაფიას უამრავი ცრურწმენა უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრებით, ვინც ფოტოს გიღებს, ამით სულს გართმევს. ამიტომ, ზოგ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობის გადაღება, კონკრეტულად იმ ადამიანის განსაკუთრებული ნებართვის გარეშე, აკრძალულია. მართალია, ჩვენთან ასე მკაცრად არ დგას ეს საკითხი, მაგრამ მაინც მიიჩნევა, რომ ფოტოკამერა და ფოტოგადაღება განსაკუთრებულ მისტიკურ ძალას ფლობს.
– ცოცხალი ადამიანის ფოტოს გასაჯაროება თუა სახიფათო?
– ცოცხალი ადამიანის ფოტოები ნამდვილად შეგიძლიათ, გამოფინოთ სახლში ყველგან: კედელებზეც, ბუხრის თავზეც... მაგრამ, თუ ჩამოვარდა და შუშა ან ჩარჩო გაუტყდა, როგორც წესი, ეს მოვლენა გაფრთხილებაა: ადამიანს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, რაღაც ემუქრება. იმ შემთხვევაში კი, თუ ფოტო ცოლ-ქმრის ან შეყვარებულებისაა, ეს ინციდენტი მიგვანიშნებს, რომ ისინი მალე წაიჩხუბებენ და შეიძლება, დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს. მაგრამ, თუ ჩამოვარდნისას არც ფოტო დაზიანებულა და არც ჩარჩო და მინა, მაშინ არაფერი მოხდება. თუმცა, არც ფოტოს და მისი აღჭურვილობის დაზიანებაა საშიში, თუ ეს შემთხვევით მოხდა – უნებლიეთ გამოედეთ მას და იმიტომ გადმოვარდა. ანუ, გამაფრთხილებელი მხოლოდ ის შემთხვევაა, როცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვარდება ფოტო და თანაც, სერიოზულად ზიანდება.