№36 რა გამოიწვია დავით მერვეს ურჩობამ და რამდენ მეფეს მოაყვანინეს ცოლად ყაენის და ოლჯათი
საილხანოში, რომლის ვასალიც იყო ჩვენი ქვეყანა, 1295 წელს ქეღათუ ყაენი მოკლეს და ტახტზე ავიდა ჰულაგუს ვაჟის, თარაღაის ძე – ბაიდუ ყაენი. რამდენიმე თვეში ისიც მოკლეს და ილხანი არღუნ ყაენის ვაჟი – ყაზანი გახდა.
გავიდა დრო. ყაზან ყაენმა ურდოში დავით მერვე მიიწვია. დავით მეფე გაემზადა, მივიდა კახეთ-ჰერეთში. გამოცხადნენ მასთან ჰერ-კახი დიდებულები – ერისთავი სამადავლა, რომელიც ყოფილა სამხედრო ნიჭით შემკობილი და განსაკუთრებულად რჩეული მოისარი, ასევე, სხვა დიდებულები და გაიმართა დარბაზის სხდომა. იკითხა მეფემ, წავიდე თუ არა ურდოშიო. დარბაისლების დიდმა ნაწილმა წასვლა ურჩია. მაგრამ მეფე დავითი მონღოლთა ურჩი იყო. მას სძულდა თათრები, რომლებმაც მამა მოუკლეს და კინაღამ თვითონაც მოკლეს.
მეფის გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეული მნიშვნელობა ექნებოდა ყაენ ყაზანის რელიგიურ პოლიტიკას. ყაზანი მაჰმადიანი იყო და ქრისტიანების ჩაგვრა დაიწყო. საილხანოში დამთავრდა რჯულთშემწყნარებლობის ხანა. სპარსმა მაჰმადიანებმა თავისას მიაღწიეს – საილხანოს პოლიტიკა ისლამისტური გახადეს.
დავით ურჩი ავიდა მთიულეთში და იქ დაბანაკდა. მას ემხრობოდნენ მთიელები და დიდებულების ნაწილი. გაამაგრა მთიულეთის მისასვლელები. ჟინვალთან „შეკრა სიბა“, დააყენა მცველები. თვითონ კი თავის ერთგულ ჯართან და მთიულებთან ერთად მთიულეთს იდგა და ბრძოლისთვის ემზადებოდა.
გარდა ამისა, დავით მეფე ცდილობდა, მონღოლთა ურდოებს შორის დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ მიზნით, თავისი ძმა, ვახტანგ უფლისწული ოქროს ურდოში გაგზავნა და იქაურ ყაენს, თოხთას მოკავშირეობა შესთავაზა ყაზან ყაენის წინააღმდეგ. დარიალის გზას გაგიხსნი, ჯარით მოგეშველები და შევუტიოთ ყაზანსო.
ოქროს ურდოს კარზე დიდი პატივით მიიღეს საქართველოს უფლისწული ვახტანგი, ძმა-მეფის ელჩი.
ყაზან ყაენმა როგორც კი გაიგო დავით მეფის განდგომის შესახებ, ჯარით გამოაგზავნა თავისი მხედართმთავარი ხუტლუ-შაჰი (ხუტლუ-შა, ქუთლუღ-შაჰი, ქუთლუქა), რომელსაც ბეგლარ-ბეგობის პატივი ჰქონდა. თუმცა, ჰულაგუიანი ყაზანი მაინც ცდილობდა მშვიდობიანად მოეგვარებინა საქმე. მას ხელს არ აძლევდა, თუ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე დავითი ოქროს ურდოს მხარეზე გადავიდოდა. მოვიდნენ ყაზანის ნოინები ჯარით და დადგნენ ტფილისში. გააგზავნეს მოციქულები მეფესთან. ითხოვდნენ მისგან ყაზანის ერთგულებას, ზავს სთავაზობდნენ. სთხოვდნენ, ყაზანის მტრებს არ მიდგომოდა. მეფემ გაუგზავნა მათ კათალიკოსი აბრაჰამი (აბრაამ პირველი), ივანე ბურსელი, ტფილისის ყადი და მოითხოვა თათრებისგან მძევლები და ფიცი შეუთვალა, მოვალო. მონღოლებმაც, თავისი რჯულისამებრ, შეჰფიცეს, გაუგზავნეს მძევლები: ხუტლუ-შაჰის ვაჟი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა არფა და სხვა ნოინების შვილები. გაუგზავნეს ყაენის მიერ გამოტანებული ბეჭედი. როცა ყაენი ბეჭედს უგზავნიდა ვინმეს, ეს ნიშნავდა მშვიდობის ფიცს, წყალობას, რომელსაც არაფრისდიდებით არ გადავიდოდა. ასეთი იყო მონღოლური ტრადიცია. შეჰფიცეს უვნებლობა მეფეს. მძევლები დარჩებოდნენ მეფის ბანაკში, სანამ მეფე მოსალაპარაკებლად მონღოლთა ბანაკში მივიდოდა. ასეც მოხდა. მეფე მივიდა მონღოლთა ნოინებთან და ურდოში წასვლა აღუთქვა. ხუტლუ-შაჰმა დიდი პატივი სცა მეფეს. ჩვენი ხელმწიფე დაბრუნდა მთიულეთში. დაასაჩუქრა მძევლები და გაუშვა.
გაზაფხულზე კვლავ მიიწვიეს მონღოლებმა მეფე დავით მერვე ურდოში. მაგრამ, არ წავიდა მაინც. ახლა თავისი სხვა ძმა, ბაადური გააგზავნა თოხთა ყაენის კარზე მოსალაპარაკებლად. ეს შეიტყო ყაზან ყაენმა და ისევ ხუტლუ-შაჰი გამოაგზავნა ურიცხვი სპით საქართველოში. მოვიდნენ ქვემო ქართლში თათრები და მიიწვიეს მეფე და დიდ პატივისცემას აღუთქვამდნენ.
მეფემ კვლავ გააგზავნა კათალიკოსი აბრაჰამი, ტფილისის ყადი და ივანე ბურსელი და შეჰპირდა, მოვალო. მიხვდნენ თათრები, რომ მეფე მიზეზობდა. შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს. კათალიკოსი და ყადი, როგორც სასულიერო პირები, უვნებლად გაუშვეს.
გაემართნენ მონღოლები მთიულეთისკენ. მოაოხრეს ქვემო ქართლი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგნენ მუხრანში, ხერკში, ბაზალეთზე, ერწოსა და თიანეთში. იმდენი იყვნენ, ვერ ეტეოდნენ ამხელა ტერიტორიაზე. არბევდნენ ამ კუთხეებს. უამრავი ტყვე აიყვანეს, ბევრი მოკლეს. ააოხრეს ქვეყანა, ჩვენი ცოდვებისათვისო, წერს ჟამთააღმწერელი და ამატებს, რომ იმ წელს გამოჩენილა კუდიანი ვარსკვლავი („ვარსკულავი კვიმატი“), ლახვრის მსგავსი, ჩრდილოეთით. ოთხი თვე იდგა თურმე ცაზე. ყოველღამე იხილვებოდა ლახვრისსახიანი კომეტა ცაზე და ამბობდნენ, „ლახვრით დახოცვას მოასწავებსო“.
მაგრამ მთიულეთში ვერ შევიდნენ მონღოლები, მეფის ჯარებმა უკუაგდეს ისინი და დაბრუნდნენ შერცხვენილები.
საილხანოს თათრებმა ისევ მოისურვეს ჩვენს ხელმწიფესთან ზავის დადება და გაუგზავნეს მოციქული, რათა მას ყაზანის ერთგულების ფიცი დაედო და არ მიეცა გზა ბათო ყაენის შთამომავლისთვის, თოხთასთვის, ჩრდილოეთიდან. სამაგიეროდ, ყაზან ყაენი ჰპირდებოდა დავით ურჩს, რომ კვლავ მას მისცემდა აღმოსავლეთ საქართველოს მეფობას.
შეჰფიცეს ერთმანეთს. გააგზავნა მეფემ დედამისი, დედა-დედოფალი და თავისი უმცროსი ძმა, მანოველი, კათალიკოსი აბრაჰამი და თავისი ცოლი, დედოფალი ოლჯათი. დედოფალი ოლჯათი იყო ყაენ არღუნის და, ყაზან ყაენის მამიდა. ის ადრე არღუნ ყაენმა ვახტანგ მეორეს მიათხოვა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ კი, ოლჯათი ცოლად მოაყვანინეს დავით მერვეს. მეფემ ოლჯათს დაავალა წასულიყო ურდოში და მოეგვარებინა მისი საქმეები.
როცა ურდოში მივიდნენ, ხუტლუ-შაჰმა პატივით მიიღო. გამოაგზავნეს ისევ უკან დავით მეფის დესპანები, ტფილისი კვლავ ჩვენს ხელმწიფეს მისცეს და მთელი სამეფო. ხუტლუ-შაჰმა დედოფალი ოლჯათი წაიყვანა ყაენთან. დამშვიდდა მოოხრებული ქვეყანა.
გავიდა ზამთარი. გაზაფხულზე კვლავ გამოაგზავნეს დავით მეფესთან ელჩი და ჰკითხეს, ერთგულებდა თუ არა ყაზან ყაენს. რაღაცნაირად გაიგო გამოგზავნილმა ელჩმა, რომ დავით მეფეს კვლავ გაეგზავნა ბაადურ უფლისწული ოქროს ურდოში და ყაენს საილხანოში სალაშქროდ გზას ჰპირდებოდა. აცნობა ეს ყაენ ყაზანს. ილხანი გაწყრა და გამოაგზავნა ნოინები ყურმოჩი და აღნაჯი, თავისი ახლობელი, ასევე, შანშე მხარგრძელი. თვითონ კი მიიწვია დავითის უმცროსი ძმა, გიორგი, რომელიც დიმიტრი თავდადებულს შეეძინა ბექა ჯაყელის ასულისგან და იზრდებოდა სამცხეში, ბექა პაპასთან. იგი „მარტო ეშვა დედასა, ვითარცა მარტორქა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ბუნება დედათა სხვისა ეგევითარისა შობად“. ყაენს გადაწყვეტილი ჰქონდა გიორგის (მომავალი გიორგი მეხუთე ბრწყინვალე) გამეფება.