№36 იძებნება სიკვდილით მოთამაშე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-35(922)
გურამი კაბინეტში შევიდა, სავარძელში ჩაჯდა და ტელეფონმაც დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა გურამმა.
– საიმონი ვარ, ბატონო, გურამ. აბა, ბრძანეთ, ჩემთვის რისი თქმა გსურთ, – უთხრა „ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ.
– ბატონო საიმონ, თქვენთან პირისპირ მინდა საუბარი.
– გისმენთ გურამ, ილაპარაკეთ.
– პირისპირ და არა ტელეფონით, – დააზუსტა მინისტრმა.
– გურამ, ხომ იცით, კოდირებული, უაღრესად დაცული ხაზით გირეკავთ და შეგიძლიათ, თამამად გამანდოთ ნებისმიერი საიდუმლო, – თქვა საიმონმა.
– მისტერ საიმონ, ჩემი სათქმელი იმდენად მნიშვნელოვანი და ზესაიდუმლოა, რომ ყველაზე დაცულ ხაზსაც კი ვერ ვენდობი.
– ანუ, პირადად უნდა შემხვდეთ?
– დიახ. ასე აჯობებს საქმისთვის.
– ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა ჩამოფრინდეთ ვაშინგტონში.
– გეთანხმებით და რაც შეიძლება, მალე.
– მაშინ, ახლავე ვაზიანის ბაზაზე გაემგზავრეთ და ჩვენი ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავით გადმოფრინდით. სულ რაღაც ოთხ საათში აქ იქნებით.
– ზებგერითი თვითმფრინავით? – გაუკვირდა გურამს.
საიმონმა კი სიცილით მიუგო:
– დიახ. ზებგერითი. დროს ნუ კარგავთ. იქ ყველაფერი მუდმივ მზადყოფნაშია, – თქვა საიმონმა და ყურმილი გათიშა.
გურამი კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა და ისე, რომ არავისთვის უთქვამს თავისი მოულოდნელი ვაშინგტონური ვოიაჟის შესახებ, „მოდულის“ შენობა დატოვა, სამსახურებრივი ავტომობილის საჭეს მიუჯდა და ვაზიანისკენ აიღო გეზი. მინისტრი გაოცებული იყო იმით, რომ ვაზიანში, თურმე, ამერიკელებს ზეთანამედროვე სამხედრო თვითმფრინავი ჰყავდათ და ამის შესახებ არაფერი იცოდა.
მინისტრი ძალიან სწრაფად მივიდა ვაზიანში. ის დაუბრკოლებლად შეუშვეს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. იქ კი მას ამერიკელი კაპიტანი ჩაუჯდა მანქანაში და უთხრა:
– ყველაფერი მზადაა, ბატონო გურამ და ათ წუთში გავფრინდებით. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ შეეჩვევით, თანაც ჟანგბადის ბალონიც დაგეხმარებათ გადატვირთვის დაძლევაში.
გურამმა მანქანა ფიჭვნარში შეაჩერა და გზა ფეხით გააგრძელეს. შემდეგ კარგად კომუფლირებულ ანგარში შევიდნენ, სადაც ზეთანამედროვე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იდგა. მინისტრს პირდაპირ სამოქალაქო სამოსზე გადააცვეს მფრინავის უნიფორმა და ჟანგბადისბალონიანი შლემი დაახურეს თავზე. ზუსტად დათქმულ დროს ულტრათანამედროვე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რაკეტასავით აიჭრა ჰაერში და ვაშინგტონისკენ აიღო გეზი. საგულისხმო ის იყო, რომ ეს უთანამედროვესი საჰაერო მონსტრი ისე იყო მოწყობილი, რომ თითქმის ხმაურს არ გამოსცემდა, თან გაუმჯობესებული სტელსის ტექნლოგიით იყო აღჭურვილი, რაც უჩინარს ხდიდა რადარებისთვის. ამ თვითმფრინავს ისეთი ფრენის სიშორე და სისწრაფე ჰქონდა, რომ სულ რაღაც ოთხიოდე საათში ფარავდა მანძილს თბილისიდან ვაშინგტონამდე და შეუჩერებელი სვლით მიფრინავდა. ამერიკელებმა ასეთი ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოიყვანეს თბილისში და რუსებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ამ საჰაერო მონსტრებს ოთხ-ოთხი ატომურქობინიანი ბომბის ტარება და საბრძოლო გამოყენება შეეძლოთ ერთ აფრენაზე და თბილისში მათი განთავსების მიზანი ის იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთზე მიეტანათ ბირთვული იერიში. თბილისში სულ თექვსმეტი ატომურქობინიანი ავიაბომბი ინახებოდა. ისინი ვაზიანში, სპეციალურ მიწისქვეშა საცავში იყო განთავსებული. ეს საცავი ოთხმოცი მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და ულტრათანამედროვე ელექტრონული სისტემით იყო აღჭურვილი. იქ მხოლოდ ამერიკელ სამხედროებს ჰქონდათ შესვლის უფლება. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ თბილისში ატომური იარაღის განთავსების შესახებ საქართველოს მთავრობაში არავინ უწყოდა და ეს საიდუმლო უმკაცრესად იყო დაცული. რომ არა უკიდურესად კრიტიკული სიტუაცია და ქართველი მინისტრის დაჟინებული მოთხოვნა პირისპირ სასწრაფოდ შეხვედრის შესახებ, ამერიკელები თვითმფრინავს არ გამოაჩენდნენ. მაგრამ „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ პირადი პასუხისმგებლობით გადადგა ასეთი ნაბიჯი. საიმონი ყველა ღონეს ხმარობდა გატაცებული ვაჟის დასაბრუნებლად და მისი ეს ნაბიჯიც ამ სურვილიდან გამომდინარეობდა.
გურამი რომ ვაშინგტონში ჩაფრინდა, შეერთებული შტატების დედაქალაქში თენდებოდა. სპეციალური „ჯიპი“ მას პირდაპირ სამხედრო აეროდრომზე დახვდა. მინისტრმა ასისტენტის დახმარებით ჯერ შლემი მოიხსნა. შემდეგ საფრენი უნიფორმაც გაიხადა და „ჯიპში“ ჩაჯდა. მანქანა დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს და „ბიუროს“ შტაბ-ბინისკენ აიღო გეზი. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ გურამმა საიმონის კაბინეტში შედგა ფეხი, რომელმაც მას ხელი ჩამოართვა, სავარძელზე მიუთითა, დაბრძანდიო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– აშკარად რაღაც განსაკუთრებული მოხდა, რადგან ასე სასწრაფოდ და დაჟინებით მოითხოვეთ ჩემთან შეხვედრა.
მიკიბ-მოკიბული არც გურამს დაუწყია და საიმონს უთხრა:
– სიმონ ბასილელი თბილისშია. მე მას შევხვდი და ველაპარაკე.
– ელაპარაკეთ, თანაც პირისპირ? – სიტყვა გააწყვეტინა გურამს გაოცებულმა საიმონმა.
– დიახ. ბასილელი შანტაჟის მსხვერპლია. უცნობმა პირებმა მისი ცოლ-შვილი გაიტაცეს და სიმონი აიძულეს „ეშმაკის ამონასუნთქი“ მოეპარა ლაბორატორიიდან. უცნობი ადამიანები სიმონს კარგად შენიღბული კონსპირაციული ბინისა თუ სახლის ბუნკერში ამყოფებენ და თავად რომ არ გამოჩნდნენ; სახედ მას იყენებენ. აშკარაა, ეს ხალხი ძალიან ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს, ვისაც არალეგალურ სახელმწიფოებრივ დონეზე მფარველობენ.
– რუსებს გულისხმობთ?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, – თქვა გურამმა. პაუზა გააკეთა და დაამატა, – ახლა კი თქვენთან ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენთ, ბრძანეთ.
– ხომ არ იცით, ვინაა „მეწაღე უორენი“?
– „მეწაღე უორენი“ ცენტრალური სადაზღვევო სამმართველოს მაღალჩინოსანია. სპეცოპერაციებს კურირებს და ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა... მაგრამ ამას ჩვენს საქმესთან რა კავშირი აქვს?
– დიდი ალბათობით, სწორედ ეგ „მეწაღე უორენია“ ამ ხალხის მფარველი, კურატორი. ერთი სიტყვით ის მათთან დაკავშირებულია. აი, ეს იყო იმის მიზეზი, რომ თქვენთან პირისპირ შეხვედრა მოვითხოვე და ტელეფონით არ გელაპარაკეთ ამ თემაზე.
– სწორად მოიქეცით, მაგრამ მაიკლ კოენი – ეს „მეწაღე უორენის“ ნამდვილი სახელია, საიდან და როგორ ამოტივტივდა?
გურამმა საიმონს ბასილელის მონაყოლი მოუთხრო და დაამატა:
– აი, ასე გამოჩნდა „მეწაღე უორენის“ სახელი ამ საქმეში.
საიმონი ჩაფიქრდა და პაუზის მერე უთხრა გურამს:
– იქნებ ეს შეგნებულად იყო მოწყობილი პროვოკაციის მიზნით. იმიტომ, რომ სწორი კვალი ვერ ავიღოთ და კოენზე მივიტანოთ ეჭვი?
– გამორიცხული არც ეგაა. ვერაფერს ვიტყვი და შეიძლება, მართალსაც ბრძანებთ, მაგრამ ჩემი მოვალეობა იყო, ეს შემეტყობინებინა თქვენთვის.
საიმონი ჩაფიქრდა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა. ხუთიოდე წუთი აქეთ-იქით იარა. ბოლოს კი გურამის წინ შეჩერდა და უთხრა:
– სიმართლე გითხრათ, მაიკლ კოენი მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს ჩვენთან. მე ჩემს სამსახურს, „ეფბეერს“ ვგულისხმობ. მასზე გვაქვს ცნობები, რომ სხვადასხვა დროს იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან იყო დანაშაულებრივად დაკავშირებული. გადამოწმება რომ დავიწყეთ, რამდენიმე ადამიანი უკვალოდ გაქრა, მათ შორის, ვისაც კოენისთვის უნდა დაედო ხელი. ანუ ისე გამოვიდა, რომ ვიღაცებმა მოწმეები მოიშორეს. გარდა ამისა, თავად „ცეერუდან“ და „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან“ შეგვეხმიანენ და გვითხრეს, რომ „მეწაღე უორენისთვის“ თავი დაგვენებებინა. არგუმენტი კი ის იყო, რომ კოენი დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს და მისი საქმეების შესახებ თავად პრეზიდენტმაც იცისო. კოენი ადრე საიდუმლო აგენტი იყო. „მეწაღე უორენი“ მისი ძველი ფსევდონიმია. რამდენიმე მნიშვნელოვან ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. ერთი სიტყვით, ძალიან სრიალა ვინმეა, რუსები რომ იტყვიან – „სკოლზკი“ და თევზივით იცის ხელიდან გასხლტომა.
– გასაგებია, ბატონო საიმონ. მე ინფორმაცია მოგაწოდეთ. ახლა კი თქვენ იცით, როგორ მოიქცეთ, – უთხრა საიმონს გურამმა.
– ამ ეტაპზე ერთადერთი ხელჩასაჭიდი „მეწაღე უორენია“ და აუცილებლად გადავამოწმებთ თქვენს ინფორმაციას, – საიმონმა პაუზა გააკეთა. გურამს თვალი თვალში გაუყარა და დაამატა, – ბოლო-ბოლო ჩემი ვაჟია გატაცებული და კოენიც ფეხებზე მკიდია და მისი მფარველებიც.
– წესით, როგორც იყო შეთანხმებული, თქვენი ვაჟი სულ მალე უნდა გაათავისუფლონ, – თქვა გურამმა.
– ჯერჯერობით ეს ასე არაა და ძალიან ვნერვიულობ, – თქვა საიმონმა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და „ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ უპასუხა. საუბარი რომ დაასრულა, ყურმილი დაკიდა და თავი ჩაღუნა. შემდეგ ასწია. ორიოდეჯერ ამოისუნთქა და გურამს უთხრა:
– ჩემი ვაჟი გაათავისუფლეს. მაიამიშია და სულ მალე აქ ჩამოაფრენენ.
– გილოცავთ, ბატონო საიმონ, – გურამმა საიმონს გაუღიმა და დააყოლა, – იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
„ფედერალური გამოძიების ბიუროს“ დირექტორის მოადგილე წელში გასწორდა, კოპები შეკრა და მტკიცედ თქვა:
– ფეხებზე მკიდია კოენიცა და მისი ყველა მფარველიც. მასზე სანდო ადამიანები ყველა ინფორმაციას შეაგროვებენ და თუკი ის რაიმეშია უკანონოდ გარეული, მაშინ უმკაცრესად დაისჯება.
– ესე იგი, გამოძიებას იწყებთ?
– ფარულ გამოძიებას, ბატონო გურამ. ასე ვთქვათ, არასანქცირებულსა და უკანონოს, – თქვა საიმონმა და დაამატა, – ამ საქმეს რომ კანონიერი მსვლელობა მივცე, ყველაფერი დროში გაიწელება და „მეწაღე უორენიც“ თევზივით დაგვისხლტება ხელიდან. უწყებაში სანდო და პროფესიონალი ხალხი მყავს, რომლებიც წარმატებით გაუძღვებიან ამ საქმეს.
– გასაგებია. როგორც ვხედავ, მე აქ საჭირო აღარ ვარ და ალბათ, შემიძლია, უკან დავბრუნდე, – თქვა გურამმა. საიმონმა კი მიუგო:
– მოდი, ასე ვქნათ: უკან, რა თქმა უნდა, დაბრუნდებით, მაგრამ ცოტა დაისვენეთ. თქვენთვის სასტუმროს ნომერია გამზადებული და მიგიყვანენ.
– არა, რა დროს დასვენებაა, – გააპროტესტა გურამმა. საიმონმა კი შეაწვეტინა:
– არაფრის გაგონება არ მინდა, ბატონო მინისტრო. თქვენ მცირედი დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. თანაც, რა იცით, რა ხდება და იქნებ კიდევ დაგვჭირდეთ აქ. ხომ ხედავთ, მოვლენები რა კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება?
– რადგან მასეა, გნებდებით, – უთხრა გურამმა საიმონს, რომელმაც ქართველი მინისტრი კარამდე მიაცილა. ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– დროებით გემშვიდობებით, – თბილისში გამგზავრებამდე აუცილებლად შევხვდებით. ნახვამდის.
გურამი რომ გაისტუმრა, საიმონი „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორს ეახლა. ბრაიან დევიდსმა კაბინეტში შესვლისთანავე უთხრა:
– აბა, ისეთი რა ზესაიდუმლო ინფორმაცია ჩამოიტანა ქართველმა მინისტრმა, რომ ასე სწრაფად და ოპერატიულად აგვამოქმედა.
საიმონმა შეფს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს ჰკითხა:
– რას იტყვით, მისტერ დევიდს, შთამბეჭდავია? „ბიუროს“ დირექტორი პირდაღებული უსმენდა საიმონის მონათხრობს და ბოლოს თქვა:
– კოენი რომ ბოლომდე სანდო არაა, „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოშიც“ იციან, მაგრამ ხომ გახსოვს, რომ სწორედ მათი მოწოდებით შევწყვიტეთ „მეწაღე უორენის“ შემოწმება?
– ჩემი აზრით, ეს შემოწმება უნდა განვაახლოთ და თანაც, დაუყოვნებლივ. დრო არ ითმენს და ამის სათხოვნელად მოვედი.
– უკანონო, საიდუმლო გამოძიებას გულისხმობ?
– კანონიერი მსვლელობა რომ მივცე ამ საქმეს, ფორმალობები დროს წაგვართმევს. მთავარი კი ისაა, რომ საიდუმლო გამოძიება აღარ გამოგვივა და კოენი კვალის წაშლას მოახერხებს.
– ისე ლაპარაკობ, რომ თითქოს „მეწაღე უორენი“ ცალსახად დამნაშავეა და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია.
– სწორედ ამ ფაქტების მოსაპოვებელი ნებართვისთვის გეახელით, მისტერ დევიდს.
„ბიუროს“ დირექტორმა მწველი მზერა მიაპყრო საიმონს და უთხრა:
– ასეთ შემთხვვაში ჩვენი დაუწერელი წესი კარგად იცი, – თუკი ჩაფლავდები და შენი სახელი ამოტივტივდება, მე არაფერი ვიცოდი და გადადგომა მოგიწევს.
– ვიცი და მზად ვარ, ჩემი კარიერა და რეპუტაცია შევწირო გლობალური საფრთხის განეიტრალების საქმეს.
– თუ მასეა, მაშინ მიდი და იმოქმედე და წარმატებას გისურვებ. მხედველობაში იქონიე, რომ უდიდეს რისკზე მიდიხარ და ძალიან ფრთხილად იმოქმედე. საქმის კურსში მამყოფე და პირადად მომახსენე სიახლეები, ყოველგვარი ტელეფონების გარეშე.
– გასაგებია. წავედი, – უთხრა დევიდსს საიმონმა და კარისკენ გაემართა. დირექტორმა კი ის შეაჩერა და უთხრა:
– გავიგე, რომ შენი ვაჟი გაათავისუფლეს. გილოცავ!
– გმადლობთ, მისტერ დევიდს, – მიუგო შეფს საიმონმა და დირექტორის კაბინეტი დატოვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში