№36 როგორ გამოაცალა ხელიდან სტალინმა ბრიტანეთს ინდოეთი
მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, სტალინი ყოველთვის პატივს სცემდა თავის კაპიტალისტ ოპონენტებს და ცდილობდა, მათთან საერთო ენა გამოენახა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ოპონენტი „წითელ ხაზს“ გადააბიჯებდა, საბჭოთა ბელადის რეაქცია მყისიერი, სასტიკი და დაუნდობელი იყო... ისტორიის დოქტორი კირილ ნოვოსელცევი წერს: „სტალინი და ჩერჩილი ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ დიდ პოლიტიკაში ერთმანეთისადმი დაუნდობლები იყვნენ. ბრიტანელისგან განსხვავებით, სტალინი არასდროს მოქცეულა გამომწვევად ჩერჩილის მიმართ, ხოლო ჩერჩილს კი არაერთხელ გაუკეთებია თავშეუკავებელი განცხადება, რაზეც სტალინის ადეკვატურ პასუხს იღებდა. „ცივი ომის“ გამოცხადება უკვე სერიოზულ მტრობას ნიშნავდა და სტალინმაც არ დააყოვნა მოქმედება. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ჩერჩილის ცნობილი განცხადების შემდეგ ფულტონში „ცივი ომის“ დაწყების თაობაზე სტალინმა მითხრა: ბრიტანელი ლომი შეცდა. ეს ნაბიჯი ბრიტანეთს ინდოეთის დაკარგვად დაუჯდებაო...“ სტალინი ისედაც კეთილად იყო განწყობილი ინდოეთისა და ინდოელების მიმართ. მას ძველი, დიდი კულტურის კერას უწოდებდა და აღფრთოვანებული იყო ჯავაჰარლალ ნერუს ვაჟკაცობითა და მაჰათმა განდის მშვიდობიანი, დაუოკებელი სწრაფვით დამოუკიდებლობისკენ. თუმცა, ეს ყველაფერი აღფრთოვანებას არ სცდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნერუს ემისრები არაერთხელ ეწვივნენ კრემლში სტალინს დახმარების თხოვნით, მათ საბჭოთა ბელადი ყოველთვის დიპლომატიურად იშორებდა თავიდან. ანგარიშს უწევდა რა დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს არანაირად არ ეხმარებოდა. ერთხელ, ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის მერე, სტალინს თავად ნერუ ეწვია. მოლოტოვი ყვებოდა: „ნერუ სტალინმა კრემლში გიორგი დიმიტროვის თხოვნით მიიღო, რომელიც კარგად იცნობდა „ინდოელ რაინდს“ (ასე უწოდებდა დიმიტროვი ნერუს) და საბჭოთა ბელადთან უპროტექტორა. სტალინმა მეც მიხმო და ნერუ რომ შემოვიდა, ინდური ტრადიციისამებრ მომესალმა. შემდეგ მას ხელი რიგრიგობით ჩამოვართვით და სასაუბროდ დავსხედით. ახალგაზრდა ნერუ საკმაოდ ემოციური პიროვნება აღმოჩნდა და სტალინს დიდი ენთუზიაზმით უყვებოდა თავის მამაც მებრძოლებზე. ბოლოს კი იარაღითა და სამხედრო ინსტრუქტორებით დახმარება სთხოვა. სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და ნერუს ჰკითხა:
– თქვენ და მაჰათმა განდი, ორთავე, თქვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. ორივე ლიდერები ხართ და ერთმანეთში როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– მაჰათმას თავისი გზა აქვს, მე კი – ჩემი. ის მშვიდობიანად ცდილობს იმ მიზნის მიღწევას, რასაც ზღვა სისხლი სჭირდება.
– ვფიქრობ, ჩემო მეგობარო, რომ განდის გზა უფრო მომგებიანია, – უთხრა სტალინმა ნერუს.
ემოციურ ინდოელს სახეზე უკმაყოფილება აღებეჭდა და სტალინს შეჰბედა:
– თქვენი რევოლუციის დროს რატომ აირჩიეთ აჯანყების გზა?
სტალინს ჩაეცინა და სტუმარს დინჯად მიუგო:
– რუსული რევოლუცია მჩაგვრელი მეფის წინააღმდეგ იყო მიმართული და ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა აღვადგინეთ, გარეშე დახმარება კი არ გვითხოვია. თქვენ კი ოკუპანტების განდევნას ცდილობთ და ერთიანი არ ხართ. ჩვენ, რუსები კი, ოკუპანტების წინააღმდეგ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიმარჯვებდით კიდეც. ამიტომ გირჩევთ, რომ თქვენც ასე მოიქცეთ და გაერთიანდეთ.
ნერუ რომ გაისტუმრა, სტალინმა მითხრა: ნერუ ვაჟკაცი და ჭკვიანი ჩანს, მაგრამ ძალიან ემოციურიაო...“
ნერუსთვის უარი, რა თქმა უნდა, სტალინის პოლიტიკის ნაწილი იყო და ამით ის დიდ ბრიტანეთს უწევდა ანგარიშს. მაგრამ ჩერჩილის მტრული განცხადებიდან ერთი კვირა იყო გასული, რომ სტალინმა ნერუ კვლავ მიიღო კრემლში და ხუთი საათი ესაუბრა. ამის მერე კი ინდოელებმა საბჭოთა მსუბუქი იარაღის დიდი პარტია მიიღეს, რომელიც საიდუმლოდ ჩაიტანეს ინდოეთში. იქ, აგრეთვე, ჩავიდნენ საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორებიც, რომლებიც ნერუს მებრძოლებს პარტიზანული ომის მეთოდებს ასწავლიდნენ. ამ აქციის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა არაერთი საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა კრემლს, მაგრამ საბჭოეთი უფრო და უფრო ზრდიდა დახმარებას ახალშეძენილი მეგობრის მიმართ. ინდოეთში დამოუკიდებლობისკენ სვლა ორი პარალელური მეთოდით მიმდინარეობდა. ნერუ საბჭოთა იარაღით მუსრს ავლებდა ბრიტანელ ოკუპანტებს. განდი კი მრავალმილიონიან, მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ატარებდა და თავის გამოსვლებში ამბობდა – მაჰათმა, ანუ „დიადი სული“ სტალინია. ის უფლის მიერაა ხელდასხმული და დედამიწაზე იმისთვისაა მოვლენილი, რომ სამართლიანობა დაამყაროსო. მიუხედვაად იმისა, რომ მაჰათმა განდი სტალინზე ათი წლით უფროსი იყო, ინდოელი ლიდერი საბჭოთა ლიდერს თავის მასწავლებელს უწოდებდა და ამბობდა: სტალინს უნდა მივბაძოთ და ჩვენი უზარმაზარი ქვეყანა საბჭოეთის ყაიდაზე უნდა მოვაწყოთო. 1948 წელს, როდესაც განდი სინგხმა ტერორისტმა სიცოცხლეს გამოასალმა, სტალინი თავად მივიდა ინდოეთის წარმომადგენლობაში, მოსკოვში და სამგლოვიარო წიგნში პირადი ჩანაწერი გააკეთა. დაკრძალვაზე კი მოლოტოვი გაგზავნა და ნერუსთან პირადი ბარათი გაატანა, რომელშიც კიდევ ერთხელ აღუთქვა მეგობრული დახმარება. ჩერჩილი თავის მემუარებში წერდა, ადრე თუ გვიან, ინდოეთს მაინც დავკარგავდით, მაგრამ სტალინმა ინდოეთი დროზე ადრე გამოგვაცალა ხელიდანო... ინდოელები კი საბჭოეთის დაშლის ბოლო დღემდე აღნიშნავდნენ სტალინის დიდ ღვაწლს მათი სამშობლოს წინაშე“.