№36 ჯანჯაფილი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
მრავალი სასარგებლო თვისების გამო ჯანჯაფილის ბოლქვი, იგივე კოჭა, ფართოდ გამოიყენება. მასში უამრავი ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება შედის: ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, მარგანეცი, ქრომი, რკინა, ალუმინი, ნიკოტინმჟავა, კაპრილმჟავა, ოლეინმჟავა, ლინოლმჟავა, C ვიტამინი, ცხიმები, ქოლინი. ის, ასევე, მდიდარია ამინომჟავებით, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზმში – ლიზინი, ტრეონინი, ფენილანინი, ვანილი და ტრიპტოფანი.
ჯანჯაფილი გამოიყენება კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ზღვის ავადმყოფობის, ნაწლავების ატონიისა და ანთების, გაციების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ეწინააღმდეგება ინფარქტის განვითარებას. შეიძლება, გამოყენებულ იქნას შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი კარგი საშუალებაა დაღლილობის, მოთენთილობის მოსახსნელად, ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე, იოგების დაჭიმულობის დროს. კოჭა ათხელებს სისხლს და ტვინს ჟანგბადით ამარაგებს. ჯანჯაფილი ასევე, ცნობილია, როგორც ორგანიზმის გაახალგაზრდავების საშუალება.
ჯანჯაფილის, იგივე კოჭას ფხვნილს რომ შევურიოთ ცოტაოდენი რაოდენობით წყალი, მივიღებთ კომპრესს, რომელიც გამოიყენება თავის ტკივილისა და ქრონიკული რევმატიზმის დროს. ტოქსიკოზისგან თავის დასაღწევად კი, კარგი იქნება, თუ ორსულები ერთ ჭიქა ჩაიში ან უბრალო წყალში შერეულ ნახევარი ჩაის კოვზ კოჭას ფხვნილს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღებენ. ასევე, ეს რეცეპტი დაეხმარება მათ, ვისაც ზღვის ავადმყოფობა აქვს, რადგან ჯანჯაფილი ებრძვის გულისრევის შეგრძნებას, სისუსტესა და თავბრუხვევას.
კოჭა საიმედო საშუალებაა ყელისა და პირის ღრუს დაავადების საპროფილაქტიკოდ. ჩაიდეთ პირში პატარა ნაჭერი და წუწნეთ მანამ, სანამ ყელი არ დაგიწყებთ წიწკვნას. კოჭას პატარა ნაჭერი დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დროსაც. ოდნავ გაღეჭეთ და დაიდეთ მტკივან კბილზე.
ლიმონთან ერთად ჩაიში ჩაგდებული კოჭა დადებითაც მოქმედებს გაციების დროს.
კოჭა განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ხსნის მენსტრუალურ კრუნჩხვებს, გვეხმარება უნაყოფობის მკურნალობაში და დადებითად მოქმედებს საშვილოსნოზე.
ჯანჯაფილი აფროდიზიაკია – ის აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას. მიიჩნევა, რომ კოჭა ეფექტურია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკაშიც და აფერხებს სიმსივნის ზრდას. სამკურნალო თვისებების გარდა, კოჭას დაღეჭვა რეკომენდებულია საკვების ყოველი მიღების შემდეგ. მისი არომატი ნებისმიერ საღეჭ რეზინს სჯობს და პირში უსიამოვნო სუნს მეყსეულად აქრობს.
ჩაის რეცეპტი: დაჭერით ჯანჯაფილი წვრილად, დაასხით სუფთა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და სხეულის ტეპერატურამდე გააგრილეთ. დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.
მას შემდეგ, რაც მოხვდება ორგანიზმში, კოჭა ძალიან ძლიერად მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე. ამიტომ მათთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, კოჭა – უკუნაჩვენებია.
კოჭას გამოყენება ასევე, არ არის რეკომენდებული, ვისაც აქვს ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა: ციროზი, ჰეპატიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში.
კოჭამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა. ცხვირიდან სისხლდენით დაწყებული – სწორი ნაწლავიდან სისხლდენით დამთავრებული.
ორსულებისთვის კოჭა რეკომენდებულია მხოლოდ ტოქსიკოზის სიმპტომების მოხსნის მიზნით. კარგია გაციებისას, თუმცა უკიდურესად მავნეა მაღალი სიცხის დროს. ასე რომ, კოჭა არის მცენარე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, მაგრამ უკუჩვენება მასაც აქვს. მიიღეთ გონივრულად და ის მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ.