№36 როგორ ცდილობს ირანი საქართველოს უნიტური მოსახლეობის გადაბირებას და რატომაა თეირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორია
ირანის ხელისუფლებამ ამ წელს უკვე მეორედ შემოუთვალა ჩვენს მთავრობას, რომ რიგიანად მოიქცნენ და ირანელ ქალბატონებს ნუ აწუხებენ იდენტიფიცირებისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თეირანის ტონი დიპლომატიურად ხისტია და მოითხოვენ, რომ ვერავინ გაბედოს მათი მდედრობითი სქესის მოქალაქეების შემოწმება. მეორე მხრივ, ცხადია, რომ ფარანჯის მოხსნის გარეშე მხოლოდ ეშმაკი თუ გაარკვევს, შეესაბამება თუ არა ფარანჯის პატრონი თავისსავე პასპორტს. თუმცა, რაკი ირანის მთავრობა ასე ზრუნავს თავისი ტრადიციების დაცვაზე, ალბათ, აჯობებდა, საკუთარი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში შეეყოვნებინა, რომ ტრადიციებიც არ შებღალულიყო და არც საქართველოს კანომდებლობა. რატომ მისცა თავის თავს ირანმა, რომელიც თითქმის პოლიტიკურ იზოლაციაშია, საქართველოსთან, რომლის კარიც ირანელებისთვის მეგობრულადაა ღია, ესოდენ გაუმართლებელი ტონით საუბრის უფლება. მით უფრო, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული საბაჟო კონტროლი? ამ თემას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– როგორ ახსნით ირანის პრეტენზიულ ტონს ჩვენი ქვეყნისადმი?
– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ არც ერთ ქვეყანასთან მეზობლური ურთიერთობის წინააღმდეგი, თუმცა აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, ირანის გეოპოლიტიკური წონა გაცილებით დიდია დღევანდელ ვითარებაში, სირიასთან, ავღანეთთან მიმართებით, თუნდაც, იმიტომ რომ ირანი რუსეთის მოკავშირეა და რუსეთ-ირან-სომხეთის ღერძი ხშირად გამოდის ხოლმე დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-სა და „ნატოს“ წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტად. ისიც უნდა ვთქვათ, რომ, თუ არ ვცდები, 2010 წელს საქართველომ უვიზო მიმოსვლა დააწესა ირანთან. ზოგადად, უვიზო მიმოსვლა რომელიმე ქვეყანასთან გულისხმობს, რომ მოგზაურების, ტურისტების რაოდენობა პარიტეტულია. მე კი მეეჭვება, რომ საქართველოდან ირანში ბევრი ადამიანი მიდიოდეს. ღიადაა საკითხი, თუ რა სუფთა ეკონომიკური სარგებელი ნახა ჩვენმა ქვეყანამ. ფაქტია, უვიზო მიმოსვლით ბევრმა ირანელმა ისარგებლა. შემდეგ გამკაცრდა სავიზო მიმოსვლა და ახლა, თუ არ ვცდები, ისევ აღდგა.
დავსვათ კითხვა: ვინ სარგებლობს ამ უვიზო მიმოსვლით?! ირანელ ბიზენსმენებს აქვთ საშუალება, საქართველო გამოიყენონ თავიანთი ბიზნესისთვის, მაგრამ მათთვის ღიაა რუსეთის უზარმაზარი ბაზარი და, ცხადია, მსხვილი ირანელი ბიზნესმენები საქართველოში არ შემოდიან, აქ უფრო წვრილი მოვაჭრეები მოდიან.
– დღემდე მოქმედი წესით, საქართველოში 35 000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო საკუთრების შეძენაა საკმარისი, რომ ბინადრობის უფლება მიიღო.
– დიახ და ამით ხშირად ავანტიურისტები სარგებლობენ. რომლებიც ჯერ, როგორც ითქვა, საკუთარ მოქალაქეებს ატყუებენ, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებასაც დაიწყებენ. ეს, რაც ხილულია, მაგრამ არის უხილავი პროცესებიც, რომლებზეც არ ვლაპარაკობთ.
– მოგზაურებს შორის, თუნდაც, მათ შორის, ვინც ბინადრობის უფლებას იღებს, ირანის სპეცსამსახურის თანამშრომლებიც ხომ იქნებიან?
– დიახ, ეს არის სადაზვერვო ოპერაციები. მით უმეტეს, რომ აშშ-მა ირანს სანქციების გაყინვა აღარ გაუგრძელა და ისევ მისი იზოლაცია დაიწყო. ამდენად, ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სივრცე: თუნდაც მისი სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად და ფარულად შიიტური მოძრაობის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა სირიაში, ერაყში, ავღანეთში და საერთაშორისო ტერორიზმის ხსენებისას ეს ქვეყანა ხშირად წამოტივტივდება ხოლმე, რომელსაც ბრალად სდებენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციის „ჰესბოლას“ მხარდაჭერას როგორც ფინანსურ, ისე ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით.
– აქვე შევახსენოთ ყველას, რომ „ჰამასი“ და „ჰესბოლა“ მიესალმნენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებებს.
– და დავამატოთ, რომ სირიის კონფლიქტში აქტიურად იღებს მონაწილეობას ირანის სამხედრო დაჯგუფება „რევოლუციის დამცველები“. ეს კონტექსტი აუცილებლად უნდა გავითვალისინოთ, როდესაც ვლაპარაკობთ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
– ეკონომიკური სარგებელი შეიძლება, უკვე დაითვალოს, არის კი ისეთი, რომ ღირდეს ქვეყნის უსაფრთხოების ეჭვქვეშ დაყენება?
– სამწუხაროდ, არ მაქვს მონაცემები, როგორ ვითარდება ირანთან საქართველოს ექსპორტ-იმპორტი, მაგრამ რაღაც ეკონომიკური სასწაული არ მომხდარა.
– ადგილობრივ ცემენტზე დავარდა ფასი, რამაც ეჭვქვეშ დააყენა მისი წარმოება, იმიტომ რომ ირანიდან ცემენტი დემპინგურ ფასად შემოდის.
– ბუნებრივია, როდესაც პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან დემპინგურ ფასად შემოდის, ადგილობრივი მწარმოებელი პრობლემების წინაშე დგება.
– საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში ირანიდან ექსპორტმა 80 მილიონი შეადგინა, საქართველოდან ექსპორტმა კი – 40 მილიონი.
– ათეულში ნამდვილად არ არის, ანუ დარჩა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ვინ ვის იყენებს? ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა და, ამდენად, ძალიან მკაცრად მიჰყვება თავის სტრატეგიას. ეს გარკვეულწილად არის ისლამური რევოლუციის ექსპორტი, მისი იდეების დაცვა და როგორც სხვადასხვა დასავლური წყაროებიდან ვიცით, შესაძლოა, სხვადასხვა შეირაღებულ ჯგუფებსაც აფინანსებდეს. ცალკე თემაა ირანის ატომური პროექტი, რის გამოც ირანმა დაარღვია ისედაც მყიფე ბალანსი აშშ-სა და ევროკავშირს შორის. ბოლო ინფორმაციით, ევროკავშირმა 20 მილიონზე ოდნავ მეტი ევრო გამოუყო ირანს ეკონომიკური მიზნით, რამაც აშშ-ს ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა, იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს და, იმავდროულად, ადამიანის უფლებებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახელმწიფო, მით უმეტეს, ისეთ სტრატეგიულ პოზიციაზე, როგორიცაა საჰაერო მიმოსვლა, ფრთხილად იქცევა. გვაქვს 2001 წლის მწარე გამოცდილება. ტერორისტების ერთ-ერთი სამიზნე ყოველთვის შეიძლება, იყოს საჰაერო ტრანსპორტი. ყველამ ვიცით, როგორი რეჟიმი მოქმედებს აეროპორტებში და ისიც, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ან შერჩევით, შეიძლება, უსაფრთხოების ოფიცერმა მოითხოვოს მგზავრის დამატებითი შემოწმება ცალკე ოთახში. ეს პროცედურები იდენტურია არა მარტო თბილისის აეროპორტში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში, რაც ითვალისწინებს მგზავრის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას და მის იდენტიფიცირებას მათი რელიგიური და პიროვნული უფლებების შეულახავად.
– ჩვენთან ცალკე ოთახში თუ მოახსნევინებენ ფარანჯას, დასავლეთში საერთოდ არ უშვებენ ფარანჯიანებს, მაგრამ ირანს საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია.
– წელს ირანის მხრიდან პროტესტის უკვე მეორე შემთხვევაა და უფრო რეზონანსული გახდა, რადგან უკვე დიპლომატიური პროტესტი გამოითქვა. აქ კიდევ ერთი საკითხია: ჩემი აზრით, ყველა მგზავრსა და ყველა ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურს წინასწარ უნდა დაუგზავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, უსაფრთხოების რა რეჟიმი მოქმედებს საქართველოში და ირანის მოქალაქე იქნება თუ სხვა მულიმანური ქვეყნის, ეს უნდა გაითვალისწინონ.
– და თუ არ მოსწონთ, დარჩნენ თავიანთ ქვეყნებში ან წავიდნენ სხვაგან.
– რა თქმა უნდა. უნდა დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, იმიტომ რომ საკმაოდ გამკაცრდა მსოფლიოში საავიაციო უსაფრთხოების წესები. იქ, ადამიანმა, უბრალოდ, თუ თქვა „იარაღი“, „ბომბი“ ან მსგავსი რამ, იქვე აკავებენ, პასუხისმგებლობაში აძლევენ. აღარაფერს ვამბობ დებოშსა და წესრიგის დარღვევაზე.
– ირანმა იცის ეს წესები და ისიც, რომ ფარანჯაში ადამიანის იდენტიფიცირებას ვერ მოახერხებ. რის საფუძველზე აქვთ ასეთი გონორი?
– პატრონს ვერ მოერია და ჯორს დაუწყო ცემაო, ანუ – საქართველოს, როგორც „ნატოსა“ და აშშ-ს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში. აი, ამ ბოლო გართულებული სანქციების ანარეკლია ირანის ქმედება და შესაძლოა, მომავალშიც ველოდოთ იმავეს.
– ზემოქმედების რა ბერკეტი აქვს? რაკი ასეთი ულიტმატუმის ენით გველაპარაკება, ესე იგი, თავს მყარად გრძნობს. რამ გაუმყარა პოზიციები?
– ეკონომიკურად არანაირი მყარი პოზიცია არ აქვს. ვერ ვიტყვით, რომ იმდენად დიდი ინვესტიციები შემოვიდა ირანიდან, რომ მათი გასვლა ათასობით უმუშევარს დაგვიტოვებს. არც პოლიტიკურად გვაქვს ისეთი მჭიდრო კავშირი, როგორც სომხეთს. აღმოსავლეთი ფაქიზი ამბავიაო და, ჩემი აზრით, ირანი დიპლომატიურად და პოლიტიკურად თამაშობს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ჩვენს ხარჯზეც ფიქრობს, თუნდაც, ამ საპროტესტო ნოტებით და აშშ-ს ჯავრსაც ჩვენზე იყრის. მე მიკვირდა და ახლაც მიკვირს უვიზო რეჟიმი და საინტერესოა, იყო თუ არა შეთანხმებული ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, იმიტომ რომ ირანიდან შესაძლებელია, რეალური საფრთხე ემუქრებოდეს საქართველოს, არა პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ იმავე აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების საელჩოებს. ანუ უვიზო მიმოსვლა შეიძლება, აიოლებდეს ტერორიზმს. ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გავიხსენო: 13-14 წლის წინათ დავწერე სტატია ირანის ატომური პროექტის შესახებ ღია წყაროებზე დარყდნობით, რომელიც ჟურნალ „არსენალში“ გამოქვეყნდა. ამ სტატიას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვა ირანის საელჩოდან – ატომურ პროექტზე არ ვმუშაობთ, ეს ცილისწამებააო და ჩემგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. გავიდა წლები და ვხედავთ, რომ ირანს არათუ ატომური პროგრამა აქვს, არამედ საცაა ატომური იარაღიც ექნება. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ შესაძლოა, ჩვენმა სტატიამაც გამოიწვიოს ირანის საელჩოს უკმაყოფილება, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ჩვენ, ყველას, გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ეს ეროვნული ინტერესები უნდა დაემთხვეს. სხვა შემთხვევაში, ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და საქართველოს ხელისუფლებამაც მეტი პრინციპულობა და აქტიურობა უნდა გამოიჩინოს, უნდა დაასაბუთოს ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურებისადმი გამოთქმული შენიშვნების უსაფუძვლობა.
– ჩვენთან ძირითადად სუნიტები ცხოვრობენ, რომელთა მონადირებასაც ცდილობს თურქეთი, ვიცით, რომ თურქეთი და ირანი, რბილად რომ ვთქვა, მეტოქეები არიან და თურქეთსაც არ მოეწონება ირანის შიიტური კონტექსტით აქტიურობა. საქართველო ამჯერად თურქული და ირანული სპეცსამსახურების დაპირისპირების ადგილადაც ხომ არ იქცევა?
– ეს უკვე ასეა. კონკრეტული ინფორმაცია ხელთ არ მაქვს, მაგრამ შეგვიძლია, ვივარაუდოთ. როდესაც ჩვენთან ორივე ქვეყნის საელჩოა და ორივეს ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, რომ დააფინანსოს სადაზვერვო საქმიანობა, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. ძირითადად, მათი ინტერესის საგანია ქვემო ქართლი, სადაც სუნიტი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, პანკისის ხეობა… თუნდაც, აჭარა, სადაც ირანი ცდილობს თავისი პოზიციების გამყარების დაწყებას. ლაპარაკია სუნიტური მოსახლეობის გადაბირებაზე. იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მაქსიმალურად არეგულირებენ ამ სიტუაციას.