№36 რა მრავალსვლიანი პარტია გაითამაშა რუსეთმა კასპიის ზღვის საკითხზე შეთანხმების მიღწევით და როგორ შეუძლია საქართველოზე გამავალი დიდი აბრეშუმის გზის პროექტის დაბლოკვა
კასპიის ზღვის განაწილებისა და გამოყენების საკითხი მის სანაპიროზე განლაგებულ ქვეყნებს შორის, როგორც იქნა, გადაწყდა, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე. ეს მოვლენა ჩვენთვის იმიტომ იყო საინტერესო, რომ სწორედ კასპიის გავლით უნდა მოაღწიოს ჩვენამდე შუა აზიურმა ენერგომატარებლებმა და, ასევე, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთებმა. მით უფრო, რომ მიღწეული შეთანხმებით, მხარეებს აქვთ უფლება, კასპიის საშუალებით, ენერგომატარებლები გადაზიდონ და ამისთვის მხოლოდ იმ მესამე ქვეყნის თანხმობაა აუცილებელი, რომელზეც იმ ენერგომატარებლებმა უნდა გაიარონ. დღესავით ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სასარგებლოა, მაგრამ, რაკი ამით რუსეთიცაა კმაყოფილი, რომლისთვისაც საქართველოს ენერგოსატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება (რაც ბუნებრივად ნიშნავს უსაფრთხოების გაძლიერებასაც) კმაყოფილების საფუძველი ვერა და ვერ იქნება, იბადება კითხვა, რის სანაცვლოდ შეიძლებოდა, დათანხმებოდა რფ ასეთ კონფიგურაციას?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში კი მამუკა არეშიძე დაგვეხმარება.
– რატომ დათანხმდა ასე დიდსულოვნად რუსეთი კასპიის ზღვით აზიური ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას, რაც არა მხოლოდ პოლიტიკურადაა მისთვის წამგებიანი, არამედ ეკონომიკურადაც, რადგან თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირება ევროპისკენ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე საკუთრივ თავისი გაზის შორეული რეგიონებიდან მიწოდება? რა კონტექსტმა შეუწყო ხელი კასპიის ბედის განსაზღვრას?
– ცხადია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას ყოველთვის აქვს პოლიტიკური კონტექსტი. თან, ეს გადაწყვეტილება მრავალპაკეტიანია: რაღაც-რაღაცაში იცვლება. მაგალითად, ამ დოკუმენტით არარეგიონულ სახელმწიფოს კასპიის ზღვაზე თავისი სამხედრო ძალების განთავსების საშუალება მოესპო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, იმიტომ რომ აქამდე რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ვაჭრობდა ამ საკითხით. მაგალითად, ყაზახეთი აპირებდა თავისი პორტი, აქტაუ, გადაეცა ამერიკელებისთვის. რეალურად ან აპირებდა, ან არა. შესაძლოა, ვაჭრობდა, მაგრამ ამერიკელებთან მოლაპარაკებებს მართავდა. ეს ერთი მნიშვნელოვანი დივიდენდია, რომელიც მიიღო რუსეთმა ამ გადაწყვეტილებით.
– და უკავშირდება რუსეთის დიდსულოვან თანხმობას, რომ კასპიის გავლით საქართველოზეც გაიაროს შუა აზიის ენერგომატარებლებმა?
– მივდივარ მაგ საკითხამდე. ეს, რაც შეეხებოდა რეგიონულ ქვეყნებს შორის შეთანხმებას. მეორე, როდესაც ვამბობ, რომ რაღაც-რაღაცაში იცვლება, არ გამოვრიცხავ ასეთ საკითხს: „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს“ ამუშავების პერსპექტივა ბუნდოვნად გამოიყურებოდა მას შემდეგ, რაც არა მხოლოდ აშშ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აუმხედრდნენ გერმანიას. აქ მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავი არ იყო, ძველი ევროპის ქვეყნებიც შეაშინა მომავალში გერმანიის ჰეგემონობამ. თუ გერმანია გახდება ევროპის ენერგეტიკული ჰაბი, ფაქტობრივად, ის შემდეგ მთელ ევროპას უკარნახებს თავის ნებას, რაც თავისთავად, გამორიცხავს დივერსიფიცირებასა და ძალთა თანასწორობას ევროპაში. ამდენად, შესაძლებელია, რომ რუსეთმა აზიური გაზის ევროპაში ტრანსპორტირება ზუსტად იმისთვის დაუშვა, რომ შერბილებულიყო ტონი „ჩრდილოეთ ნაკად 2-სადმი“. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ, როდესაც რუსეთი პოზაში იდგა და აზიურ ქვეყნებს არ აძლევდა საშუალებას, თავიანთი ენერგორესურსი გაეტანათ ევროპაში, თურქიმენეთსა და ყაზახეთს გამოსავალი აღარ დარჩათ და იძულებულები იყვნენ, ეთანამშრომლათ ჩინურ კომპანიასთან. მათთან კი საკმაოდ კაბალური პირობებით თანამშრომლობენ, რამაც გამოიწვია ჩინეთის აქტიური შესვლა ყაზახეთში და ჩინელებმა ვალის სანაცვლოდ უზარმაზარი ტერიტორიები მიიღეს. შესაბამისად, იმისთვის, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, მოსკოვმა მისცა საშუალება შუა აზიის ქვეყნებს, რომ გაზით მომგებიანად ივაჭრონ.
– ჩინეთის დასაბალანსებლად დასავლეთის ინტერესი შემოიტანა?
– რუსეთი არ არის ისეთი მოქნილი სახელმწიფო, რომ მხოლოდ ამისთვის დაეთმო. მისი მიზანი იყო, რომ ზოგიერთი ქვეყნის ტონალობა შერბილებულიყო „ჩრდილოეთი ნაკადი 2-სადმი“. წარმოვიდგინოთ, რომ ამის შემდეგაც, ამ „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“ გამო, ამერიკელები აძლიერებენ ზეწოლას გერმანიაზე და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა გაეროში მოკავშირე აღარ ჰყავდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში. ამ სვლით ენერგორესურსის მქონე ქვეყანათა ერთი ჯგუფი შეიძლება, გამოთიშოს აშშ-ის პოტენციალური მოკავშირეების სიიდან. ერთი სიტყვით, საჭადრაკო სვლა გათამაშდა. რუსეთმა ცუდსა და უარესს შორის არჩევანი ცუდზე შეაჩერა. გარკვეული დამოუკიდებლობა მიანიჭა შუა აზიის ქვეყნებს, რომლებიც მაინც ვერსად წაუვლენ. კასპიის ზღვის კონტროლი გახდა კოლექტიური და ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია, იყოს დომინანტი.
მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლისთვისაც არ მიგიქცევიათ ყურადღება: რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იმუშაოს შუა აზიაზე გამავალმა დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტმა და მთავარი ქვეყნები, ამ მხრივ, არიან, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომელთა ტერიტორიაზე უნდა გაიაროს დიდი აბრეშუმის გზის ამ მიმართულებამ. ყაზახეთის პრეზიდენტს ვერ გაუბედეს, მაგრამ ყირგიზეთის პრეზიდენტი დაიბარეს მოსკოვში და ძალიან მკაფიოდ უთხრეს, რომ ამ გზამ არ უნდა იმუშაოს.
– გასაგებია, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკური ინტერესიც და ეკონომიკურიც. თან, ჩვენზე გამავალი დერეფანი ვიწროა და რუსეთის რკინიგზასთან შედარებით მისი გამტარუნარიანობა დაბალია, მაგრამ ჩინეთის პოლიტიკაა მარშრუტების დივერსიფიცირება. რუსეთი ჩინელებს დაუპირისპირდება?
– ჩინელებს ჩვენზე გამავალი სარკინიგზო დერეფანი არაფერში სჭირდებათ, თუ ამ რკინიგზის გასწვრივ არ იქნება საწარმოო ობიექტები, რომლებიც ჩინური ფირმების მიერ შექმნილ პროდუქციას რეგიონში გაავრცელებენ. ლაპარაკია მნიშვნელოვან პროდუქციაზე და არა ჩუსტებსა და სათამაშოებზე, იგულისხმება ელმავლები, ავტობუსები და ასე შემდეგ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის: ახლოს იყვნენ ევროპასთან, რათა ევროპაშიც გავრცელდეს მათი პროდუქცია, იმ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ევროკავშირთან. საკითხების ამხელა წყებაა და აი, ამ კონტექსტში, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩინეთი გააჩეროს, მეორე მხრივ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ კრიტიკა შეარბილოს, რუსეთს ნამდვილად უღირს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებიდან ენერგორესურსის რაღაც ნაწილი წავიდეს ევროპაში. მით უმეტეს, მიუხედავად, ამხელა პროექტისა, აზერბაიჯანიდან გასული გაზი ევროპის მოთხოვნილების მხოლოდ ერთ პროცენტს აკმაყოფილებს. ვთქვათ, თურქმენეთიც დაემატა ამას და გახდება 5 პროცენტი. ამას თავისი მინუსიც აქვს მოსკოვისთვის, იმიტომ რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც გაცილებით მეტ თანხას მიიღებს ტრანზიტისთვის და ერთი შეხედვით, თურქმენეთიც უფრო დამოუკიდებელი იქნება. მაგრამ ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში მაინც რესურსის უქონელი საქართველო აღმოჩნდება.
– ამას უსაფრთხოებაც ემატება.
– საქართველოს ისედაც აქვს ევროპასთან მაღალი დონის ეკონომიკური ურთიერთობა, ამას დაემატება ტრანზიტის ფულიც. სასწორის პინაზე დევს ბევრი საკითხი და რა რას გადაწონის, როგორც ჩანს, კარგად დაითვალეს რუსეთში. ამ დოკუმენტით რუსეთს არაფერი წაუგია და დაუთმია და არც არის ის ქვეყანა, რომელიც რამეს დათმობს.
– ბუნებრივია, იბადება კითხვა, როდესაც რუსეთი ალტერნატიულ გზას უსპობს, ჩინეთი მშვიდად მიიღებს ამ მოცემულობას? ჩინეთს ევროპისკენ მიმავალი ბევრი მარშრუტი აქვს და მისთვის მნიშვნელოვანია, ეს კონტინენტი ჩინეთიდან მიმავალი დერეფნებით იყოს დაქსელილი.
– რასაკვირველია, ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა რკინიგზის გაყვანა, არამედ სამრეწველო სიმძლავრეების შექმნა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თუ ის 3-4 დიდ ქარხანას ააშენებს, ეს რკინიგზა გინდა ყოფილა და გინდ – არა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ანუ მისი ეკონომიკური გავლენა მაინც გაიზრდება მეგა რეგიონში, ირანიან-თურქეთიანად, და ევროპასაც მისწვდება. ასე რომ, რკინიგზის იდეა უფრო დეკორაციაა, ვიდრე რეალური მოქმედების საფუძველი. თუ იქნება სარკინიგზო მიმოსვლა, კარგია, თუ არადა, მთავარია, ჩინეთს ჰქონდეს თავისი გავრცელების სივრცე.
– ჩვენთვისაც რკინიგზა ამოჩემება ხომ არ არის?! თუ ჩინეთს უნდა გავლენის მოპოვება ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც საწარმოების აგება იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ჩვენთვის მაინც იქნება უსაფრთხოების გარანტია?
– რასაკვირველია, ჩინეთი აუცილებლად დაიცავს თავის სიმძლავრეებს. მით უფრო, ვიცით, რომ ჩინეთში კერძო კომპანიები არ არის. ყველა კომპანია სახელმწიფოა. ასეა თუ ისე, კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებით, საქართველო წაგებული არ არის, თუ სწორად გამოვიყენებთ ჩვენს კოზირებს. ჩვენ კი გვაქვს ერთი კოზირი: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან და როგორ მოვახერხებთ ამ პროდუქტის ერთობლიობის სწორად გაყიდვას ისე, რომ არ დაზარალდეს საქართველოს დემოგრაფია, ეკონომიკა და პოლიტიკური მდგომარეობა, ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვყიდით ჰაერს, ოღონდ ეს ასახულია დოკუმენტურად და ამ დოკუმენტებზე ხელია მოწერილი. რკინიგზა იქნება თუ არა, ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია. მთავარია, ამ ორი შემადგენლის, ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტების, შერწყმა მოვახერხოთ და მომგებიანად გავყიდოთ.
– რუსეთს ეს ყველაფერი აწონილ-გაზომილი ექნება და თუმცა დოკუმენტში წერია, რომ ხელმომწერებს ენერგომატარებლების კასპიის ზღვით ტრანზიტის უფლება აქვთ, გამორიცხავთ ალბათობას, რომ რუსეთი სათითაოდ მოელაპარაკოს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს, რომ მათ რეალურად არ გაატარონ არანაირი ენერგომატარებლები კასპიის ზღვით?
– არ გამოვა. შეიძლება, ერთადერთ შემთხვევაში გამოვიდეს, როდესაც ნაზარბაევი აღარ იქნება ყაზახეთის პირველი პირი. ნაზარბაევი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პუტინის მეგობარია, მაინც თავისას გააგრძელებს. აქ ყველაზე ძლიერი რესურსის მქონე ქვეყანაა თურქმენეთი, მაგრამ იქ სხვა სიტუაციაა. კასპიის ზღვაში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის უკიდურეს საბადოებს შორის მანძილი, დაახლოებით, 200 კილომეტრია და აი, ამ 200 კილომეტრის შემაკავშირებელი ძარღვის შექმნა უკვე აიღეს თავიანთ თავზე ჩინელებმა. ფული დახარჯეს და პროექტიც შექმნეს. ამიტომ არ მგონია, რუსეთმა ამას ხელი შეუშალოს. რასაკვირველია, კასპიის გავლით ენერგომატარებლების ტრანზიტი რუსეთისთვის გარკვეულწილად დარტყმაა, მაგრამ ცოტა ხანში გამოჩნდება, რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის: „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ თუ ტრანსკასპიური ნაკადი.