№35 რის გამო აჩუქა ნინო ღავთაძეს ახალი მანქანა უცნობმა მამაკაცმა და რატომ არჩია მან სამზარეულოში სიმღერას, ოჯახის დანგრევა
მომღერალი ნინო ღავთაძე თავისი გარეგნობით გარშემო მყოფების ყურადღებას ნამდვილად იქცევს. მის მოსასმენად რესტორანში ბევრი შეძლებული თაყვანისმცემელი მამაკაცი დადის. თუმცა, ერთ-ერთი რესტორნის ხელმძღვანელობამ მხოლოდ იმის გამო თქვა უარი მასთან თანამშრომლობაზე, რომ ის ძალიან ლამაზია. გაუმართლა თუ არა ნინოს ცხოვრებაში, რაში უშლის მას ხელს იმერული კუდაბზიკობა და რატომ არ დგას საყვარელი მამაკაცი მის გვერდით, ამაზე თავად გვესაუბრება.
ნინო ღავთაძე: ფერებაში გავიზარდე. მშობლებისთვის სიბერის შვილი ვიყავი და დედა ჩემი ფანი იყო, ყველაფერში სტიმულს მაძლევდა. ახლა მშობლები ჩემ გვერდით აღარ არიან და ცხოვრების საკუთარი „რქებით“ გატანა მიწევს. მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს. ხუთი წლის ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში რომ შემიყვანეს. მამის მხარე, ყველა მომღერალია, ეს გენეტიკურად ზის ჩემში, ამ მხრივ და ზოგადად, ცხოვრებაში გამიმართლა. გათხოვებაზე არასდროს მიოცნებია.
– თუმცა, გათხოვდი, შვილიც გააჩინე, ქმარი ხელის გულზე გატარებდა, მაგრამ დაშორდით. გამოდის, პირადში არ გაგიმართლა?
– არა, ასე არ მიმაჩნია, რადგან, მიყვარდა და იმ კაცისგან არაჩვეულებრივი შვილი მყავს – ოცი წლის ბიჭი. მეც მიკვირს ხოლმე, ამხელა შვილი რომ მყავს. ჩემი თავი ისევ პატარა გოგო მგონია, მაგრამ რომ შევხედავ, ნამდვილი მამაკაცი მომყვება გვერდით. ვხვდები, გავიზარდე და დიდი ვარ (იცინის). ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცი. ყოველი დღე მისით იწყება და მთავრდება. ის ჩემი ცხოვრების მმართველია. თუ რამე არ მოსწონს, მაკრიტიკებს, მისგან შენიშვნასაც ვიტან და მის აზრსაც ვითვალისწინებ. არ არის ჩემით კმაყოფილი და სულ იმას მეუბნება, შეგიძლია, მეტს მიაღწიოო. რაც შეეხება მის მამას, ძალიან ვუყვარდი, მეც მიყვარდა, თუმცა ერთად აღარ ვართ. როცა გავიცანი, საქართველოში ცუდი სიტუაცია იყო, ნარკომანია, ყაჩაღობა და ქურდობა სუფევდა ქვეყანაში. ამ პერიოდში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შემიყვარა, სამი წელი ცდილობდა ჩემი გული მოეგო, მანებივრებდა სითბოთი და საჩუქრებით და დედაჩემმა გადაწყვიტა ჩემი ბედი (იცინის). მოკლედ, მე არ მინდოდა გაყოლა, მაგრამ დედას დავუჯერე და ბაქოში გავთხოვდი. იქ სახლში ჯდომის, კარგი დიასახლისისა და ცოლის როლი მოვირგე, მაგრამ სასიმღერო კარიერას ჩამოვშორდი. იყო დიდი სიყვარული, თუმცა პირადის გამო ჩემი კარიერა უნდა გადამედო გვერდზე და ეს ვერ შევძელი. დიახ, ქმარი ხელის გულზე მატარებდა, საკმაოდ შეძლებული იყო მაგრამ, მხოლოდ სამზარეულოში სიმღერა არ მაკმაყოფილებდა. შინაგანი ენერგეტიკა თუ არ დავხარჯე, „გავაფრენ“ და სანამ „გავრეკავდი“, გადავწყვიტე, ქმარს გავშორებოდი, ჩემს სამშობლოში დავბრუნებულიყავი და აქ დამეწყო სიმღერა.
– თქვი, ცხოვრებაში გამიმართლაო, თუმცა, წარმატებულ პერიოდებთან ერთად, ბევრი რთულად გასავლელი გზაც იყო. როგორ შეძელი, ამ რთული სიტაუციებიდან თავის დაღწევა და ამ პერიოდებს დეპრესიული მომენტები თუ ახლდა თან?
– გულახდილად გეტყვით, მე უფრო მეტი შემეძლო, არ ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. რთული ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდები ხშირად მაქვს, საჭირო მომენტში საჭირო ადგილას მოხვედრაც ცოტა მიჭირს. უფრო სწორად, ვხვდები, მაგრამ ვერ ვიყენებ. ქალური „სხვატკა“ უნდა გქონდეს, რომ წარმატებას მიაღწიო. დეპრესიულიც ვარ. ჩემს თავთან ჩაკეტვის პერიოდებიც მქონია. თუმცა ისეთი შეცდომა არ დამიშვია ცხოვრებაში, რომ მერე მენანა. სიმღერა ნებისმიერ მომენტში მეხმარება. არც ჭორებს ვაქცევ ყურადღებას, არც შურიანი ადამიანების თვალის მჯერა. თუმცა, მარტოობა და უმიზეზოდ გულის ტკენა, მაინც დეპრესიაში მაგდებს. როცა რაღაცისთვის ბრძოლა მიწევს, ნამდვილი კაცი ვხდები. ქალი რომ ქუსლებზე დგახარ და მანქანის „კაპოტს“ ახდი, გინდა არ გინდა, შენში მამაკაცური საწყისები იღვიძებს (იცინის). როცა თავისუფლება მოგწონს და არც საყვარელი მამაკაცი გიდგას გვერდით, თავად გიწევს იყო ძლიერი სქესი. სხვანაირად არ გამოდის.
– ამბობენ, რომ შენს მოსასმენად რესტორანში ბევრი შეძლებული მამაკაცი დადის და ცდილობენ, თავი მოგაწონონ, საჩუქრებსა და ყვავილებს არ იშურებენ. სიმართლეა, რომ ერთ-ერთი რესტორნის ხელმძღვანელობამ შენი გარეგნობის გამო გითხრა უარი თანამშრომლობაზე?
– დიახ, ერთ-ერთმა რესტორნის მთავარმა მენეჯერმა მართლაც ამიტომ თქვა უარი ჩემთან თანამშრომლობაზე, მითხრა: ძალიან ლამაზი ხარ, შენი გარეგნობის გამო ჩხუბები მოხდება და არ მაწყობსო. თაყვანისმცემელებისგან მართლაც განებივრებული ვარ და მათ დადებით ენერგეტიკას, სცენაზეც ვგრძნობ. შეძლებული მამაკაცები ნამდვილად მოდიან ჩემს მოსასმენად რესტორანში დოლარების „ცვენაც“ ყოფილა, საჩუქრებიც და ყვავილებიც (იცინის). ქერათმიანი ქალი რომ დგას სცენაზე და მათთვის გულით მღერის, მოსწონთ მამაკაცებს და ერთ ჭიქას რომ ექვსი ჭიქა მოყვება, მერე უფრო ლამაზი ვეჩვენები (იცინის). ერთხელ, სოლიდური მამაკაცი შემოვიდა და რომ დალია, მუხლებზე დაეცა და სიყვარულებს მიხსნიდა. ამ ბოლო დროს, ვარდის ჩუქება ბანალურად მიაჩნიათ და ძვირად ღირებულ საჩქურებს მჩუქნიან. ერთი მამაკაცი, ნასვამი გავიდა რესტორნიდან, დაჯდა საჭესთან და ჩემს მანქანას დაეჯახა. დიდად არ დაუზიანებია, შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ახალი მიყიდა და უკეთესი მომიყვანა. ერთხელ, სახლთან ბიჭები მღეროდნენ, ვიფიქრე, რა ბედნიერია, ვისაც ესენი უმღერიან-მეთქი და აღმოჩნდა, მე ვიყავი ადრესატი (იცინის).
– ამდენი მამაკაცი ცდილობს შენი გულის მოგებას და არცერთი არ ჯდება შენს გემოვნებაში?
– ცოტა ცივი ვარ მამაკაცთან დამოკიდებულებაში. ჩემთვის არც გარეგნობა წყვეტს რამეს, არც ფული და არც თანამდებობა. დღეს ჩემ გვერდით საყვარელი მამაკაცი არ დგას და ყველას უკვირს. ბევრი მეუბნება, წარმოუდგენელიაო. კი ბატონო, ბევრი კომპლიმენტი მესმის, შემოთავაზებაც, მაგრამ ყავაზე რომ დამპატიჟონ, იმის დრო არ მაქვს და რომანტიკული შეხვედრებისთვის მოვიცლი? სულ ვამბობ, დროის უქონლობის გამო, ჩემი ბედნიერება დავკარგე-მეთქი. თუ გამოჩნდა მამაკაცი, უცბად შემიყვარდა და ერთი ნახვით გადავირიე, ოჯახის შექმნაზე დავფიქრდები (იცინის). ვიზუალურად სხვანაირად გამოვიყურები, მაგრამ შინაგანად სხვანაირ, ოჯახის ქალად, ხუთოსან და დედიკოს გოგოდ დავრჩი. სხვათა შორის, ცალმხრივი სიყვარულიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და ამას სიმღერაც მივუძღვენი – „წუწკი ბანკირი“, რომელიც გაჰიტდა. იმ ადამიანს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ რომ დავინახე, მოვიხიბლე და რომანტიკოსი „თევზი“ წავედი ოცნებებში. იმანაც თავი დაიფასა და მეც. ასე რომ, არ ვიყავით ერთმანეთის ბედისწერა და მხოლოდ ჩემს სიმღერაში დარჩა. ერთი ზუსტად ვიცი, მექალთანე მამაკაცის გვერდით ერთ წამსაც ვერ გავჩერდები. წყნარი, მშვიდი მამაკაცი მომწონს, რომელმაც თავისი ფასი იცის, თვალებს არ აცეცებს და ქალთან იაფფასიანი შოუების დადგმა არ სჭირდება. აი, ასეთი კაცი თუ გამოჩნდა, ცოლად გავყვები (იცინის).