კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში და რა სირთულეები შეიძლება, გამოიწვიოს ამ პრობლემამ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სიმორცხვე ერთ-ერთი ბუნებრივად არსებული ემოციაა. ის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ბავშვი მუდმივად გრძნობს შიშს, დაძაბულობასა და უხერხულობას. გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თავისთავად, სიმორცხვე ტრაგედია არ არის. თუმცა უყურადღებოდ დატოვებისა და დაუძლევლობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ის სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს და განვითარების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორადაც მოგვევლინოს. რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მორცხვობამ და როგორ მივუდგეთ მორცხვ ბავშვს – გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: ადრეულ ბავშვობაში თითქმის ყველა პატარა გადის სიმორცხვის პერიოდს. ამის შემჩნევა არც ისე ძნელია – ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრისას მორცხვი ბავშვი, როგოც წესი, დედის ზურგს უკან იმალება, წითლდება და გაურბის ურთიერთობას. ამ ასაკში ბავშვმა სიმორცხვე შეიძლება, უახლოეს ადამიანებთანაც კი გამოამჟღავნოს. ასაკის მატებასთან ერთად, უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, ბავშვი ახერხებს სიმორცხვის დაძლევას. თუმცა, ზოგიერთ ბავშვს სიმორცხვე ხასიათის თვისებად უყალიბდება და ის შეიძლება, მოზრდილობის პერიოდშიც შენარჩუნდეს. ზღვარგადასული სიმორცხვე კი, როგორც წესი, პიროვნების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. ამდენად, სასურველია, რომ სიმორცხვის დაძლევაზე ბავშვის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ვიზრუნოთ. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოვახერხოთ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ სიმორცხვის გამომწვევი მიზეზი.
– რა ნიშნებია სიმორცხვისთვის დამახასიათებელი?
– სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, შფოთვის მაღალი დონე, უინიციატივობა, ჩაკეტილობა, შებოჭილობა, დაბალი ხმით საუბარი, დაძაბულობა, მოუხერხებლობა, საუბრის დაწყების შიში; საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა. მორცხვ ბავშვს ძალიან უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, საუბრისას თავდახრილია და გაურბის თანამოსაუბრისთვის თვალებში შეხედვას. უპირატესობას ანიჭებს მშვიდ თამაშებს. როგორც წესი, თამაშისას ან მეორეხარისხოვან როლს ირჩევს, ან საერთოდ არ იღებს მასში მონაწილეობას. ცდილობს, თანატოლთა შორის იყოს შეუმჩნეველი. ურჩევნია, დარჩეს ჩრდილში. გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. არ უყვარს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რადგან ამ დროს ხშირად იბნევა, ავიწყდება სიტყვები. ის დარწმუნებულია, რომ გარშემო მყოფთა ყურადღება მხოლოდ მისკენაა მიმართული და რომ ეს ყურადღება აუცილებლად ნეგატიურია, რომ გარშემო მყოფები კრიტიკულად აფასებენ მის გარეგნობას, ქცევას, ხედავენ ყველა მის ნაკლს და ასე შემდეგ. მორცხვი ადამიანი მწვავედ განიცდის საკუთარ ნაკლს, ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს საკუთარ დადებით თვისებებს. ეშინია, რომ სხვის თვალში სულელად გამოჩნდება. ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი კრიტიკის მიმართ. არ შეუძლია თავის დაცვა, მუდმივად განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს.
– რა მიზეზებით შეიძლება იყოს სიმორცხვე გამოწვეული?
– სიმორცხვის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ბიოლოგიური, გენეტიკური განპირობებულობა, ნერვული სისტემის ტიპი. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, მორცხვი ბავშვის მშობლებიდან ხშირ შემთხვევაში ერთი მაინც ხასიათდება სიმორცხვით. როგორც წესი, ბავშვი მშობლის ქცევის იმიტაციას მიმართავს. ამდენად, თუ მშობელი მორცხვობს, დიდი ალბათობით, ბავშვიც მორცხვი იქნება. თუ ბავშვი უცხო სიტუაციაში, სხვების თანდასწრებით დაამცირეს, შეიძლება, მას გაუჩნდეს უნდობლობა და ადამიანებთან ურთიერთობის შიში. შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს, ასევე, სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში გადასვლამ, მშობლების დაცილებამ, დაუცველობის გრძნობამ, უსაფრთხოების არარსებობამ.
– შეიძლება თუ არა, ბავშვი მშობლის დამოკიდებულებამ გახადოს მორცხვი?
– მკაცრი, კრიტიკულად განწყობილი, ავტორიტარი მშობლების შვილები, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და მორცხვობენ. თუ ბავშვი მხოლოდ საყვედურებსა და კრიტიკას ისმენს მშობლისგან, დიდი ალბათობაა, რომ ის მორცხვი გახდეს. ზედმეტი კრიტიკის გამო, ბავშვს ხშირად ეშინია შეცდომის დაშვების და სწორედ ეს იწვევს სიმორცხვეს. ამ გზით ის კრიტიკისგან თავის დაცვას ახერხებს. მშობლების მხრიდან უყურადღებობა ან, პირიქით, ზედმეტი ყურადღება და ჰიპერმზრუნველობაც შეიძლება, სიმორცხვის გამომწვევ მიზეზად იქცეს. უნდა ითქვას, რომ დროებითი სიმორცხვე არ საჭიროებს კორექციას. მაგრამ როცა ვხედავთ, რომ სიმორცხვე ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორია. მისი დაძლევა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ, სანამ ის ხასიათისა და ქცევის მყარ თვისებად არ ჩამოყალიბებულა.
– რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კლასში სიმორცხვემ ბავშვში?
– ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, არ იჩენს ინიციატივას, ხშირად ჩუმად არის და თავისუფალ დროს მცირედ ან საერთოდ არ ეკონტაქტება თანატოლებს. მასწავლებელებს სასკოლო გარემო სერიოზულ გამოწვევებს უყენებს, ამიტომ ზოგჯერ მათ შეიძლება, ყურადღების მიღმა დარჩეთ მორცხვი ბავშვი – ის  არ ცელქობს და ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს, არ აღიქმება პრობლემურად. რეალურად კი, მხარდაჭერა და დახმარება  სჭირდება. მორცხვობა პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ბავშვი მუდმივად გრძნობს შიშს, დაძაბულობასა და უხერხულობას. არ არის თავდაჯერებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება მასზეა მიმართული. გაკვეთილის მოყოლისას ან თანატოლთან საუბრისას ხმადაბლა ლაპარაკობს, ზოგჯერ ხმა უკანკალებს, აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება, ვერ ახერხებს თანატოლებთან ურთიერთობას.  ამ პრობლემების დაძლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს ენიჭება. სწორედ მას შეუძლია კლასში შექმნას ბავშვისათვის უსაფრთხო და სანდო გარემო და დაეხმაროს მას სოციალური უნარების განვითარებაში. შეეცადეთ, მოსწავლე არ აღმოჩნდეს „ჩუმი და მორცხვი ბავშვის“ როლში. მისი თანდასწრებით სხვა მასწავლებლებთან ან მშობლებთან ისაუბრეთ მხოლოდ ბავშვის მიღწევებზე და არ განიხილოთ სიმორცხვე. არ მისცეთ შენიშვნა, რადგან ჩუმად ზის და არ აქტიურობს. წაახალისეთ ბავშვი, ჰკითხეთ რჩევა კლასთან დაკავშირებულ საკითხზე. შესაძლოა, დაავალოთ ასაკის შესაბამისი რაიმე საქმე, რითაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ, მაგალითად, დაფის გაწმენდა და ასე შემდეგ. ყოველთვის შეაქეთ ბავშვი. დააკონკრეტეთ რისთვის აქებთ მას. შეაქეთ ბავშვი, როდესაც აქტიური იქნება, პასუხს გაგცემთ ან სხვა ბავშვთან დაინახავთ, როცა ხელს ასწევს კითხვაზე პასუხის გასაცემად. შეაქეთ სხვა ბავშვების თანდასწრებით.
– უკავშირდება თუ არა სიმორცხვე ინტელექტს?
– სიმორცხვე ინტელექტს არ  უკავშირდება. კლასში არიან ბავშვები, რომლებმაც ყოველთვის იციან კითხვაზე პასუხი, მაგრამ პასუხის გასაცემად ხელს არ იწევენ. ისინი მაღალ ქულებს იღებენ წერით ტესტებში, თუმცა, იშვიათად ერთვებიან საკლასო დისკუსიებში. ურთიერთობის დამყარების სირთულის გამო მორცხვი ბავშვი თანატოლებისთვის შეიძლება, არამეგობრული და ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს. ეს ბავშვს თავს გარიყულად აგრძნობინებს, ზოგჯერ კი დეპრესიასაც იწვევს.
– როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი და მასწავლებელი ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში?
– ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ არ გამოგრჩეთ მისი სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი და შეაქეთ წარმატებისთვის; ნუ მიაკერებთ ბავშვს მორიდებულის და მორცხვის იარლიყს. ნუ ისაუბრებთ სიმორცხვეზე მისი თანდასწრებით; შეეცადეთ განუმტკიცოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა კომენტარებით – „ყველაფერი გამოგივა”, „კარგად ხარ მომზადებული” და ასე შემდეგ. ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეზე და არა სიმორცხვეზე. ნუ გამოიყენებთ ბავშვის დასახასიათებლად ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: მორცხვი, მორიდებული, მხდალი და ასე შემდეგ, ნუ მოითხოვთ ასეთი ბავშვისგან, რომ იყოს თამამი, გაბედული. თქვენი მოთხოვნები ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს. მორცხვი ბავშვისკენ მიმართული სიტყვები – „აქ არაფერია საშიში” – ხშირად ვერაფერს ცვლის. უკეთესი იქნება, ისეთი პირობები შექმნათ, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. შიშის გაფანტვის საუკეთესო საშუალება დედასთან სიახლოვე, მისი ალერსია. ნუ უყვირებთ ნურც ბავშვს და ნურც სხვას ბავშვის თანდასწრებით; ნუ შეგვაშინებს ის, რომ განვითარებისთვის კომფორტული პირობების შექმნით და ნეგატიურის თავიდან აცილებით ჩვენ ბავშვს „სათბურის” პირობებს შევუქმნით, რის გამოც მომავალში შეიძლება, მას ძალიან გაუჭირდეს მკაცრ რეალობასთან შეგუება. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული მზრუნველობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელის შეშველება შეიძლება, მართლაც ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. საჭიროა მისთვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნა, რომელიც მას საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლობას შემატებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ გარკვეული თავისუფლება, იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და გადაჭრას პრობლემა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არ დავტოვოთ ის მარტო იმ სირთულეების პირისპირ, რომლისთვისაც ჯერ მზად არ არის.
скачать dle 11.3