№35 წარმატებული ექიმი – გია ქვარცხავა მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურში
კლინიკა „უნივერსი 2016-ის“ დამფუძნებელი, ბატონი გია ქვარცხავა ზუგდიდში აღიარებული ექიმია. მას მაღალი დონის პროფესიონალად და გულისხმიერ ექიმად ახასიათებენ. სწორედ მისი პროფესიული ღირსებებიდან გამომდინარე, ის რეგიონის გამორჩეულ ექიმად დასახელდა.
გია ქვარცხავა: 1984 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და განაწილებით მოვხვდი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭანქვიჯში. იქ, სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამბულატორიის გამგედ, შემდეგ რაიონის საავადმყოფოში – ექიმ-თერაპევტად.
– რადიოლოგიაში როგორ მოხვდით?
– 1989 წელს ზუგდიდში, „ინგურქაღალდკომბინატის“ სამედიცინო კომპლექსის ბაზაზე გაიხსნა სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც უახლესი სამედიცინო აპარატურით, მათ შორის ულტრაბგერითი აპარატურით, დაკომპლექტდა. საქართველოში ეს სიახლე გახლდათ. ქვეყანაში იმ დროისთვის სულ რამდენიმე ულტრაბგერითი აპარატი იყო. ზუგდიდში ამ სიახლის დანერგვა მაშინდელი მეცენატისა და ღირსეული პიროვნების, ბატონ ოთარ ფაცაციას დამსახურებაა.
რადიოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა და შემოთავაზებას დიდი სიხარულით დავთანხმდი. შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა. მე და ჩემმა კოლეგებმა, ბატონებმა, ბორის ნორაკიძემ, ილია მეუნარგიამ და რეზო მოლაშხიამ (განუყრელი ოთხეული ვიყავით), სწავლება თბილისში რკინიგზის საავადმყოფოს დიაგნოსტიკურ ცენტრში გავიარეთ. სწორედ მაშინ გავიცანი ბატონი ლადო კახაძე – ბრწყინვალე პროფესიონალი, ნათელი, არაორდინარული ადამიანი. მისგან მხოლოდ რადიოლოგია არ მისწავლია. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, ყოველთვის მიმართლებდა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ვხვდებოდი ისეთ პიროვნებებს, ვისთან ურთიერთობაც, როგორც პროფესიული უნარ-ჩვევების, ასევე, ადამიანური თვისებების ჩამოყალიბებაში, ჩემზე დადებით ზეგავლენას ახდენდა.
საინტერესო წლები იყო. ცენტრში კომპიუტერული ტომოგრაფის ამუშავება იგეგმებოდა. ამ მიზნით მე და ჩემი კოლეგები იაპონიის ქალაქ კიოტოში მიგვავლინეს ერთი თვით, კომპანიაში, სადაც სამედიცინო აპარატურა კომპლექტდებოდა. თუმცა, 90-იანი, ავბედითი წლები იდგა, გეგმები ჩაიშალა. დიაგნოსტიკურ ცენტრში 2004 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ ზუგდიდის ქალთა კონსულტაციაში, ჯერ რადიოლოგად, შემდეგ დირექტორად. ბოლოს კი – კლინიკა „კურაციოს“ ზუგდიდის ფილიალში.
– საკუთარი სამუშაო კაბინეტი როდის გახსენით?
– უკვე ორი წელია, რაც დამოუკიდებლად ვმუშაობ. ჯერ რადიოლოგიის კაბინეტი გავხსენი, შემდეგ სხვა სპეციალისტებიც შემოგვიერთდნენ, დავაკომპლექტე ლაბორატორია გამოკვლევათა ფართო სპექტრით და დღეს ბევრ მიმართულებას მოვიცავთ.
– უშვილობასთან ბრძოლის საკითხებით როდის დაინტერესდით?
– ბოლო წლებში გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენამ იმატა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს, რასაკვირველია, შვილოსნობის ფუნქციაზეც აისახება. განსაკუთრებით გახშირდა ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტების), რაც ქვეყნის დემოგრაფიულ ფონს მეტად ართულებს. ამ პრობლემასთან გამკლავებისთვის საჭიროა პოლიპროფილური, მძლავრ სამეცნიერო ბაზაზე დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებები და თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
ჩემ მიერ გინეკოლოგიური კაბინეტის გახსნა და უშვილობასთან ბრძოლის წინააღმდეგ მუშაობის დაწყება არაჩვეულებრივ პროფესიონალს, დამსახურებულ პროფესორს, ბატონ თემურ გაგნიძეს უკავშირდება. ის უშვილობასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს და მქონდა პატივი, დავსწრებოდი მის საჯარო ლექციებს, „რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის“ სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში. კლინიკას სწორედ ის ხელმძღვანელობს და ამასთან, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია. ბატონი თემური უბადლო პროფესიონალი და დაუღალავი მენეჯერია.
მის მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილმა მასალამ და საკითხისადმი ყოვლისმომცველმა მიდგომამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ პირადად შევხვდით, მოვილაპარაკეთ და დაგვთანხმდა, თვეში ერთხელ ჩამოსულიყო კოლეგებთან ერთად, ორსულობის დანაკარგებსა და რეპროდუქტოლოგიურ საკითხებზე კონსულტაციის გასაწევად. ბატონი თემური საქმეს უანგაროდ, დიდი ენთუზიაზმით მიუდგა. მოგვიანებით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ჩვენ შორის როგორც კლინიკურ-პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამშრომლობას გულისხმობს. ჩემი კლინიკის ამ კუთხით წინსვლა მისი დიდი დამსახურებაა.
– თქვენ ხშირად ხართ ზუგდიდში პროფესიონალების ჩაყვანის ინიციატორი...
– რეგიონში ვიწრო პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია. აუცილებელი სერვისების მისაღებად მუდმივად დედაქალაქში სიარული დამღლელია, ბევრი ამას ფინანსურადაც ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, პერიოდულად ვიწვევთ თბილისიდან რევმატოლოგს, ანგიოლოგს, მამოლოგს და ორთოპედ-ტრავმატოლოგს. ერთ-ერთი მათგანი ბატონი ლევან ქაჯაია ზუგდიდელია, ორთოპედ- ტრავმატოლოგი, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, პერიოდულად ახერხებს ჩამოსვლას და კონსულტაციების გაწევას პატარა პაციენტებისთვის. მისი ენერგია და ენთუზიაზმი გადამდებია. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული სერვისების გაფართოების თვალსაზრისით. ღვთის შეწევნით ალბათ, განვახორციელებთ.
– რა არის თქვენი პროფესიული წარმატების საიდუმლო?
– რადიოლოგიური თუ სხვა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაავადებათა კლინიკის ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების გარეშე ნაკლებეფექტურია. საავადმყოფოს მიმღებსა და თერაპიულ განყოფილებაში მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგა. ვცდილობ, რუტინამ არ მომადუნოს და არ დავივიწყო, რომ ვმკურნალობ ავადმყოფს და არა ავადმყოფობას. დავრწმუნდი, რომ ეს უმთავრესია. რაც შეეხება წარმატებას (რომელიც შედარებითი ცნებაა), საიდუმლო აქ არაფერია, ნებისმიერი წარმატება მუდმივი სწავლის, შრომისმოყვარეობისა და საქმის ერთგულების გარეშე არ მიიღწევა.
– რას ურჩევთ პაციენტებს?
– უპირველესად, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ! მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ დაავადების დროულად გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია პრევენცია, რაც პირველ რიგში, ჯანსაღ ცხოვრების წესსა და პერიოდულ, თუნდაც, იშვიათ პროფილაქტიკურ გასინჯვას მოიცავს. ეს ჩვენი საზოგადოების სუსტი მხარეა. მესმის, რომ მძიმე სოციალური ფონი ამის საშუალებას სრულყოფილად არ იძლევა, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, სახელმწიფოც და პიროვნებაც პროფილაქტიკაში ათჯერ (ან უფრო მეტად) ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე შემდეგ დაავადების მკურნალობაში.