№35 როგორ უსმენდნენ ყრუ-მუნჯები მუსიკას, ხოლო უსინათლოები კი პანტომიმის ცქერით ტკბებოდნენ
გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ქართული ხელოვნების ფესტივალზე, რომელსაც ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა ჰქონდა, ერთ-ერთ დღეს, ქართველი ხელოვანები უნარშეზღუდული მაყურებლის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ, კონცერტის მერე კი მათთვის საჩუქრები დაერიგებინათ. ამგვარად, ქართველ მიმებს ყრუ-მუნჯებისთვის უნდა ეჩვენებინათ თავიანთი ხელოვნება, ხოლო უსინათლოებისთვის კი – თბილისის ოპერის ვარსკვლავებს ემღერათ. ორსაათ-ნახევრიანი ერთაქტიანი წარმოდგენის მერე კი მაყურებლისთვის წიგნები და ფირფიტები უნდა ეჩუქებინათ. ამ ღონისძიების კურატორი, ცნობილი მსახიობი ვახტანგ ნინუა იყო. კონცერტი კი მოსკოვის პროფკავშირების სასახლეში იმართებოდა. როდესაც მაყურებელი ორგანიზებულად მიიყვანეს ავტობუსებით, მათ საკმაოდ შექეიფიანებული შეფი (ვახტანგ ნინუა) შეეგება. უნარდაქვეითებულები დარბაზებში გაანაწილა და კვლავ სუფრას დაუბრუნდა, რომელიც იმავე შენობაში იყო გაშლილი. ორსაათ-ნახევრის მერე კი ბატონი ვახტანგი უკვე საკმაო კონდიციაში მყოფი (ნაქეიფარი), იპოლიტე ხვიჩიასთან ერთად, კვლავ დარბაზებში ავიდა და საჩუქრებიც დაარიგეს. საქმე ის იყო, რომ შექეიფიანებულმა შეფმა ყრუ-მუნჯები ოპერის ვარსკვლავებს დაუსვა დარბაზში, უსინათლოები კი – პანტომიმის მსახიობებს. ასე რომ, ორსაათ-ნახევრიანი წარმოდგენები ქართველმა ხელოვანებმა ფუჭად ჩაატარეს. მათ ვერც ვერავინ ხედავდა და არც არავინ უსმენდა. საჩუქრებიც არაფრად გამოადგებოდათ: ყრუ-მუნჯებს – ფირფიტები, უსინათლოებს კი – წიგნები.