№35 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-34(921)
ირმამ ხელით ანიშნა სტუმარს, მოიცადეო, ყურმილში კი მოუთმენლად ჩასძახა.
– გაარკვიე იმ კაცის ვინაობა?
– დიახ, – გაიგონა კმაყოფილი თანხმობა.
– მისამართიც გაიგე? როგორ უნდა მოვძებნოთ?
– მოძებნა არ არის საჭირო.
– რას ჰქვია, არ არის საჭირო, აბა, სად ვნახო?
– შენ ის უკვე ნახე.
– სად და როდის? – გაუკვირდა ირმას.
– ახლა და მანდ, დედაშენის სახლში, – კმაყოფილი ნიშნის მოგებით უთხრა უკვე ბოლომდე გაშინაურებულმა მირიანმა, – გვარი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უჩა ჰქვია... ბოლო ცოლმა და ლევანმა გაატყავეს. ამბობენ, საყვარლები იყვნენო, თუმცა ჯერ ვერ დავაზუსტე. მერე ერთმანეთშიც უჩხუბიათ – ფული ვერ გაიყვეს, მაგრამ ლევანი უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა, ყველაფერი წაართვა ქალს და ისიც იძულებული გახდა, საქართველოდან გადაკარგულიყო...
– საიდან გაიგე, რომ აქ უნდა მოსულიყო?
– თავისი სადგომიდან შენს სახლამდე კუდში ვსდიე.
– ამდენი დამთხვევა? – აღმოხდა გაოგნებულ ირმას, – მაგრამ ასე არ ხდება...
– ხდება, ხდება, – გაეცინა მირიანს, – არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება.
– ლევანმა იცის, რომ ყველაფერი გაიგე?
– ჯერჯერობით არა, შენს განკარგულებას ველი.
– ამან თუ იცის?
– ჯერჯერობით არც მაგან.
– ახლა სად ხარ?
– შენს სადარბაზოსთან ვდგავარ.
– ამოდი, ჩუმად შედი სამზარეულოში, ჩემს დასთან და სანამ არ დაგიძახებ, ოთახში არ შემოხვიდე.
ირმას თავში ათასი ჩაქუჩი ერთად უკაკუნებდა. მას აღარ ესმოდა, რას ეუბნებოდა მირიანი და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა კართან გაჩერებულ, გაოცებულ სტუმარს. ის ნელი ნაბიჯით წავიდა კაცისკენ, ხელი ჩამოართვა და ძალიან მშვიდად უთხრა:
– უჩა, გამარჯობა, მე ირმა ვარ, ალბათ მიცანი.
– შეგეშალათ, მე უჩა არ მქვია.
– შენ გქვია უჩა გეგეჭკორი, ჩვენ თითქმის ვმეგობრობდით, გვყავდა საერთო მეგობრები. მერე შენ ძალიან მატკინე გული. იმის შემდეგ მე ვაიძულე თავი, დამევიწყებინე და მე ეს შევძელი, მეგონა, რომ შევძელი. ყოველ შემთხვევაში, ცხოვრება გაგრძელდა ორივესთვის, ოღონდ ცალ-ცალკე.
– მე შენ არ მომიტყუებიხარ, – ძლივს წარმოთქვა უჩამ.
– დიახ და მე ამას ძალიან ვაფასებ, თუმცა, დაუნდობლად კი მომექეცი.
– მაშინ ასე არ ვფიქრობდი.
– მაგრამ შენ გაცილებით უფრო დაუნდობლად მოგექცნენ უახლოესი ადამიანები...
იაკომ იუხერხულა და ოთახიდან გავიდა, ირმას კი არ შეუწყვეტია თავისი გამოსვლა:
– ... და შენ აღმოჩნდი იმ ადამიანებზე დაბლა, ვისაც სიყმაწვილეში ზემოდან დაჰყურებდი.
– ჰო...
– თუმცა, შენს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამან არ გაგტეხა...
– ნათქვამია, რაც არა გკლავს, გაძლიერებსო, – მწარედ გაეღიმა უჩას.
– ... და არც გაგაბოროტა. როგორც ვხვდები, უფრო პირიქით მოხდა. როდის აპირებ, დაიბრუნო შენი ქონება?
– მე ამისთვის თითსაც არ გავანძრევ, თუ ღმერთი საჭიროდ ჩათვლის, ყველაფერი თვითონ დამიბრუნდება.
– როდის უნდა აგებინო პასუხი იმათ, ვინც ასე გაგწირა?
– მე – არასდროს. ისინი ღმერთის წინაშე აგებენ პასუხს, მაშინ, როცა მის წინაშე წარდგებიან.
– ვერ გავიგე, შენ ახლა წმიდანი კაცის როლს თამაშობ თუ მართლა ასეთი გახდი?
– მე წმიდანი არ ვარ და ვერც გავხდები. უბრალოდ, გაჭირვებამ ბევრი რამ მასწავლა და ბევრი რამ სხვანაირად დამანახვა.
– მაინც, რა გასწავლა, ერთი რამ მაინც მითხარი.
– მარტოობისას ჩუმად ყმუილი, რომ სხვებს არ გაეგონათ და არ შეწუხებულიყვნენ.
– კიდევ?
– რომ ყველა ადამიანი ერთმანეთზე უარესი ცოდვილია და მეც მათ შორის ვარ.
– კიდევ?
– რომ, ყველაფრის მიუხედავად, სიკეთე მაინც არსებობს, და, კიდევ, აუცილებლად უნდა გწამდეს და გჯეროდეს, თუკი გინდა, რომ ბედნიერი იყო.
– ახლა ის ქონება რომ დაგიბრუნდეს, რას იზამ?
– რა უნდა ვქნა, – გაეცინა უჩას, – პირველ ყოვლისა, ვალებს გავისტუმრებ, მერე იმ კეთილ ადამიანებს გადავუხდი სიკეთეს, ვინც ამ წლებში ხელი არ მკრა და არ გამწირა. მერე ვიყიდი ერთ პატარა, სუფთა ბინას, სუფთა საწოლით, დავწვები და ძალიან დიდხანს ვიძინებ... – უჩა გაჩუმდა და ჩაფიქრდა.
– მერე? – არ მოეშვა ირმა.
– მერე მადლობას ვეტყვი უფალს, რომ ასე გამომარჩია სხვებისგან.
– რით გამოგარჩია?
– ასეთი განსაცდელის ღირსი რომ გამხადა.
– ქველმოქმედებაზე არ გიფიქრია? ერთმა ბრძენმა თქვა, დიდი სიმდიდრის ერთადერთი გამართლება ქველმოქმედებააო.
– ჰო, მაგრამ ქველმოქმედებაზე არ ლაპარაკობენ, მით უმეტეს – არ ტრაბახობენ, ქველმოქმედებას აკეთებენ.
– შენ მართლა რწმენაში ყოფილხარ.
– ხომ გითხარი, ღმერთმა გამომარჩია-მეთქი.
– მე შენ ახლა გაგაცნობ კაცს, რომელიც ასევე გამოარჩია უფალმა.
– რით გამოარჩია?
– იმით, რომ უფსკრულის პირას იდგა და გადავარდნის საშუალება არ მისცა – შენ გამოგიგზავნა დასახმარებლად, – ირმამ მირიანსა და იაკოს დაუძახა და ოთახში შემოიყვანა.
– იაკოს უკვე იცნობ, ეს კი მირიანია, ადვოკატი, რომელმაც შენს ქონებას მიაკვლია.
უჩას წარბიც არ შესტოკებია, მშვიდად შეხვდა ამ ინფორმაციას.
– ახლა მე ვთხოვ და მირიანი დაწვრილებით მოგიყვება ყველაფერს, მერე კი გადავწყვიტოთ, როგორ დავსაჯოთ დამნაშავე, – თქვა ირმამ მკაცრად და ყველას დაჯდომა შესთავაზა, მირიანს კი სთხოვა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა.
მირიანმაც ისე უამბო პატარა აუდიტორიას ლევანის ზარიდან მოყოლებული, თავისი გამოძიების მთელი ისტორია, ერთი სიტყვაც კი არ გამოუტოვებია. ქალები ემოციებს ვერ იკავებდნენ, უჩა კი ოლიმპიური სიმშვიდით ისმენდა ყოველივეს და სახეზე სიხარულიც კი არ აღბეჭდვია. მხოლოდ მაშინ გაეღიმა, როცა გაიგო, რომ მთელი მისი ქონება ირმას სახელზე იყო გაფორმებული, უფრო სწორად, ირმასა და ლევანის სახელზე:
– აი, რით გადამიხადა ღმერთმა სამაგიერო. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, უფალო, – თქვა და პირჯვარი გადაიწერა.
როდესაც მირიანმა სათქმელი ბოლომდე თქვა, ირმამაც განაცხადა, რომ დღეს განცხადება შეიტანა გაყრაზე და ლევანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს.
– ეს ჩემი, როგორც გამწარებული ცოლის გადაწყვეტილებაა, მაგრამ შენ, როგორც დაზარალებულმა, შეგიძლია, სხვანაირად აგებინო პასუხი.
– მე არავის პასუხს არ ვაგებინებ. მე ღმერთი არ ვარ, მე თვითონ ვარ ცოდვილი ადამიანი და მხოლოდ მიტევების უფლება მაქვს.
– არ გეთანხმები. თუ ბოროტება არ დაისაჯა, თუ ბოროტებას პასუხი არ აგებინეს, ის სხვებსაც გააუბედურებს, ამიტომ, ჩვენც უნდა წავეხმაროთ ღმერთს.
– ერთ პატარა იგავს მოგიყვებით, – მორიდებით ჩაურთო იაკომ, – სადღაც ერთი წმიდანი მღვდელი ცხოვრობდა. სულ მარხულობდა და ლოცულობდა. ერთხელ ძმამ ბოროტი საქმე უყო. მიუტევა კაცმა. გავიდა ხანი და ძმამ ისევ უმტრო – ისევ აპატია. გათამამდა ძმა და გაახშირა მის მიმართ ბოროტების ჩადენა, მღვდელი კი ყველაფერს მიუტევებდა. გაიგო მღვდელმთავარმა და განრისხდა: შენ, რა, მართლა ღმერთი ხომ არ გგონია თავი, ასე ყველაფერს რომ მიუტევებო! – გაიგეთ ამ იგავის აზრი?
– გავიგე, – ჩაილაპარაკა უჩამ, – მაგრამ, რაც არ შემიძლია, იმის გაკეთებას ნუ დამაძალებთ, მაინც არ გამომივა. დრო მოვა და ღმერთი თვითონ მასწავლის, როგორ მოვიქცე. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. მიხარია, რომ გაგიცანით, – გადახედა იაკოს და მირიანს, – ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ, – მერე ირმას მიუბრუნდა და კეთილი სიცილით უთხრა: – იმ პარკს კი მაინც წავიღებ, რა იცი, რა ხდება.
ყველას გაეცინა. კარში რომ გადიოდა, უჩა მიბრუნდა, ირმას ხელზე აკოცა და ხმამაღლა უთხრა:
– იცოდე, რომ შენ არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, უპირველეს ყოვლისა კი – ჩემ წინაშე, – და გავიდა.
ირმა კარგა ხანს იდგა ჩაფიქრებული, მერე თავი ასწია და იაკოსა და მირიანს უთხრა:
– იცით? ამ კაცთან საუბრის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემთან ერთად ნავში ჩაჯდომა არავისთვის აღარ არის სახიფათო...
***
რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც კეთილ ზღაპრებში ხდება ხოლმე, უფრო სწორად, იმაზე უკეთ, ვიდრე ზღაპრებში: ირმა ლევანს გაეყარა; უჩას ცოლი აღარ გამოჩენილა საქართველოში, ლევანს კი მარტოს მოუწია, პასუხი ეგო თავის თაღლითობებზე – უჩას წინააღმდეგობის მიუხედავად, ირმამ და იაკომ ვერ აპატიეს ძველი ცოდვები, რის გამოც ორი წელი მოუწია ციხის ეზოში სეირნობა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი თავის მშობლიურ რაიონში წავიდა და თბილისისკენ აღარ გამოუხედავს.
მირიანსა და იაკოს ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შვილებმა აპატიეს და სთხოვეს, რომელიმესთან გადმოსულიყო საცხოვრებლად, ირმასა და იაკოს მამამ მარტო ცხოვრება აირჩია თავის ერთოთახიან ბინაში, მხოლოდ ხანდახან ურეკავდა გოგოებს და მათ ამბებს იგებდა. დებმა მერე გაიგეს, რომ თურმე ცოლ-ქმარი ჩუმად ხვდებოდა ერთმანეთს და, არ იყო გამორიცხული, შერიგებულიყვნენ, რაზეც მშობლების ზურგსუკან ეცინებოდათ ხოლმე.
ერთადერთი, ირმამ ვერ გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ცხადია, ქონება უკლებლივ დაუბრუნა თავის კანონიერ პატრონს, მაგრამ შემდეგ ნაბიჯს ვეღარ დგამდა – ჯერჯერობით თავს იკავებდა, გამხდარიყო იმ კაცის ცოლი, რომელიც სტუდენტობიდან უყვარდა და ახლაც, ლამის ყოველღამე ხედავდა სიზმარში. უჩა კი მაინც მოთმინებით ელოდა ირმას თავის ახალ, ულამაზეს სახლში, რომლის კიბის თავზე, სახურავის ქვეშ, იმ დანგრეული ნახევარსარდაფიდან წამოღებული საკმაოდ მოზრდილი თეთრი გრძელი ნაჭერი იყო გაკრული, რომელსაც შავი ასოებით ეწერა: „ყოველთვის ასე არ იქნება!“
დასასრული