კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 საიდუმლო ბეჭედში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


მანონ ებერხარტი

სიუზენ დარე თავის მეგობართან, კრისტობელთან გაემგზავრა აგარაკზე. მაგრამ გოგოებს განმარტოება არავინ დააცადა. მათი სიმშვიდე ჯერ კრისტობელის ძმის, რენდი ფრეიმის ჩამოსვლამ დაარღვია. მას კვალდაკვალ ჯო ბრომფელი მიჰყვა ცოლთან ერთად, რომელსაც მიჩელა ერქვა. კრისტობელი კი ყველაზე მეტად სწორედ მიჩელას ვერ იტანდა, რომელმაც ბრომფელი, რამდენიმე წლის წინ, პირდაპირ საკურთხეველთან ააცალა. ახლა კი ეს სულელი გოგო კრისტობელის ძმას უპრაწავდა თვალებს.
ტრიონ ველესის ჩამოსვლამ, რომლისგანაც, როგორც კრისტობელი ამბობდა, მისი ძმა ხშირად სესხულობდა ფულს, სიტუაცია სახლში კიდევ უფრო დაძაბა. ძალიან რომ არ შეწუხებულიყო, კრისტობელმა სიუზენს, სახლის გვერდით ცალკე კოტეჯი გამოუყო.
დილის ხუთის ნახევარი იქნებოდა, როდესაც სიუზენმა კოტეჯის კარი გამოაღო და გარეთ გაიხედა. სწორედ ამ დროს გაისმა გასროლის ყრუ ხმა. მის დარე სასწრაფოდ სახლისკენ გაიქცა და  ბიბლიოთეკის კართან ელდანაკრავივით გაშეშდა. სავარძელში, სადაც წუხელ თავად იჯდა, ახლა ჯო ბრომფელი იყო გაშხლართული. მის ფეხებთან გაზეთი და რევოლვერი ეგდო. ოთახში შავკანიანი მოსამსახურე მარსი და რენდი შემოცვივდნენ. რენდიმ რევოლვერი აიღო. შემდეგ ოთახში ტრიონ ველესი და ერთ ღამეში დაბერებული და მოტეხილი კრისტობელი შემოვიდნენ.
– რაღაც ხმა გავიგონე. ეს რა იყო? – მიჩელამ ხალხი გასწია, მკვდარი მეუღლე დაინახა და სრულიად აუღელვებლად იკითხა:
– ვინ ესროლა?
– არ ვიცი, ვინ ესროლა, – ჩაახველა მარსმა, – მაგრამ მე დავინახე ხელი, რომელმაც ის მოკლა. ბიბლიოთეკაში მტვრის გადაწმენდას ვაპირებდი და უკვე კარში გავდიოდი, როცა გასროლის ხმა გავიგონე. ხავერდის ფარდის უკნიდან რევოლვერიანი ხელი მოჩანდა...
– ვისი ხელი იყო, მარს? – ჩუმად იკითხა ველესმა.
– არ ვიცი, მისტერ ტრიონ, – დაბნეულად ჩაილუღლუღა მოხუცმა ზანგმა.
–  მამაკაცი იყო? –  მიუბრუნდა რენდი.
– დარწმუნებული არ ვარ. მხოლოდ  წითელი ბეჭედი დავინახე.
– ჰო, მაგრამ არცერთ ჩვენგანს წითელი ბეჭედი არ გვაქვს, – ნერვიულად გაიცინა რენდიმ.
– მოგვიანებით სიუზენი მიხვდა – რომ არა ტრიონ ველესი, სახლში პანიკა დაისადგურებდა. ტრიონმა აიძულა რენდი, ჩაეცვა და პოლიციაში  დაერეკა.
ზანგი მოსამსახურეებისა და მზარეულის გარდა, რომლებიც სამზარეულოში იმყოფებოდნენ, ალიბი არავის ჰქონდა. კრისტობელი დილიდანვე წერილებს წერდა საკუთარ ოთახში. რენდის ეძინა და მარსმა გააღვიძა. ტრიონ ველესი საფოსტო ყუთის შესამოწმებლად იყო და გასროლის ხმა, უკანა გზაზე გაიგონა.
მოულოდნელად ველესმა თითიდან ბეჭედი წაიძრო და მარსს ჰკითხა, ეს ხომ არ დაინახე მკვლელის ხელზეო? ბეჭედში ჩასმული ქვა, ისეთივე მწვანე იყო, როგორც მისი ჰალსტუხი.
– არა, მისტერ ტრიონ, – თავი გადააქნია მარსმა, – კარგად მახსოვს, რომ ის ბეჭედი წითელი იყო.
– ეს ზურმუხტია, – განმარტა ტრიონ ველესმა, – იმიტომ ვკითხე, რომ ამ მამაკაცებში ერთადერთი ვარ, ვინც ბეჭედს ატარებს. ჩხრეკას ჩაატარებთ? – მიმართა მან შერიფს.
შერიფის მზერა კრისტობელის ბეჭედზე შეჩერდა, მის ბეჭედში ამეთვისტო ბრწყინავდა. შემდეგ ხმადაბლა შეუდგა მიჩელას დაკითხვას. მისის ბრომფელმა აუხსნა, რომ ფიჭვნარში სეირნობდა და გასროლის ხმა რომ გაიგონა, მაშინვე სახლში დაბრუნდა. ვერანდაზე ფანჯრიდან გადმომძვრალი მას არავინ დაუნახავს და არც ძაღლების ყეფა გაუგონია.
ერთ-ერთმა პოლიციელმა შერიფს მოახსენა, რომ სახლში უცხო პირი ვერ აღმოაჩინა. არც სახლის ირგვლივ მოჩანდა რაიმე კვალი. ბიბლიოთეკის ფანჯარა კი შეღებული დახვდათ.
– სახლში არ არის წითელი ბეჭედი. ყოველ შემთხვევაში მისი მოძებნა ვერ შევძელით, – დაასრულა მან რაპორტი.
შერიფი რომ წავიდა, სიუზენი საკუთარი კოტეჯისკენ გაემართა. ნუთუ კრისტობელია მკვლელი და ამიტომ ჩანდა ასეთი შეშინებული? ან იქნებ, ჯო რენდიმ მოკლა? ამ ფიქრებში იყო გართული, რომ კოტეჯის პარმაღზე ჩამომჯდარი მამაკაცი დაიანხა.
– მე ჯიმ ბერნი ვარ, რეპორტიორი, – გაეცნო უცნობი. – თქვენ გელოდებოდით. მითხრეს, რომ მწერალი ბრძანდებით და იქნებ ნება დამრთოთ, თქვენი საბეჭდი მანქანით ვისარგებლო?
სიუზენმა კარი გააღო და სტუმარი შეიპატიჟა. სტუმარი მანქანას, როგორც მშიერი ძაღლი ძვალს, ისე ეცა და მაშინვე ბეჭდვას შეუდგა. შემდეგ მოტრიალდა და სიუზენს მიმართა:
– ჩემთვის ყველაფერი ცნობილია ფრეიმების შესახებ. ვერ გავიგე, კრისტობელს ჯოს მოკვლა რაში სჭირდებოდა. უფრო მარტივი არ იქნებოდა,  მისი ცოლი გაეგორებინა? ან, თუ მან მოკლა ბრომფელი, მაშინ მკვლელობა მიჩელას რატომ არ გადააბრალა?
– მოტივი მიჩელასაც აქვს, – ჩუმად წარმოთქვა სიუზენმა.
– უკვე ყელში ამოსული ქმარი მოიშორა? ასეთივე მოტივი აქვს რენდი ფრეიმს, რომელიც მიჩელას ეკურკურება. რადგან არცერთს ალიბი არ გაქვთ, მკვლელი ყველა შეიძლება იყოთ. მკვლელს მარტივად შეეძლო ფანჯრიდან გადამხტარიყო და შემდეგ ბიბლიოთეკაში ისე შემოსულიყო, ვითომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. უცხო რომ ყოფილიყო, ძაღლები ყეფას ატეხდნენ. მკვლელი ერთ-ერთი თქვენგანია.
– ვიცი, – უპასუხა სიუზენმა, – მაგრამ ეს არ არის კრისტობელი, – მის ბეჭედში ამეთვისტოა.
– ხო, მაგრამ ამეთვისტო მეწამული ფერისაა და მარტივად შეიძლება წითელში აგერიოს. თქვენ გაქვთ შანსი, ნამდვილი მკვლელობა გახსნათ და თქვენი მეგობრის უდანაშაულობა დაამტკიცოთ.
– რეპორტიორი რომ წავიდა, სიუზენი მიხვდა, რომ გონებაში რაღაც აზრი მწიფდებოდა და თან, ვერც მწიფდებოდა. იგი რაღაც მნიშვნელოვანის გახსენებას ცდილობდა და ვერ იხსენებდა.  მთელი ღამე ვერ დაიძინა.
საუზმის შემდეგ მას ტრიონ ველესი გაესაუბრა:
– ძალიან მინდა, კრისტობელს დარდი შევუმსუბუქო, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი. რენდიმ ჩემგან ბევრი ფული ისესხა. გირაოდ სახლი და მამული შემომთავაზა. კრისტობელს კი სიტყვაც არ უთხრა. რა თქმა უნდა, ახლა მან უკვე ყველაფერი იცის. თანაც,  ჩემი საქმეები არც თუ კარგად მიდის. იმისთვის, რომ კრედიტი მივიღო, ეს სახლი უკვე მე უნდა მეკუთვნოდეს. თავი მეზიზღება, მაგრამ რა ვქნა. ახლა კიდევ ჯოს სიკვდილი, წარმომიდგენია კრისტობელის მდგომარეობა, მაგრამ იძულებული ვარ, საკუთარი ტყავი გადავირჩინო, ხომ გესმით?
სიუზენ დარემ თავი დაუქნია და გაიფიქრა, ეტყობა, ამ ამბავმა მოტეხა ასე კრისტობელიო. ამ დროს ველესმა სიგარას მოუკიდა. სიუზენმა სანთებელას შეხედა და ყველაფერს მიხვდა. მერე სთხოვა მისთვისაც მოეკიდებინა. ველესმა კიდევ ერთხელ გაკრა სანთებელას.
კოტეჯში რომ დაბრუნდა, სიუზენს თავზე ისევ რეპორტიორი წამოადგა.
– აბა, – ჰკითხა სტუმარმა, –  იპოვეთ მკვლელი?
– კი, - უპასუხა სიუზენ დარემ. – მე ვიცი, ვინ მოკლა ჯო, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ. ახლა რენდი მოვა. იგი ბევრ რამეში გაგვარკვევს.
ამ დროს ზღურბლზე რენდი ფრეიმიც გამოჩნდა.
– მეძახდით?
– კი. რენდი, მითხარით, გეთაყვა, თქვენ ჯო ბრომფელის რაიმე გმართებდათ?
– საიდან იცით?
– რაიმე ხელწერილი მიეცით?
– დიახ.
– გირაოში რა ჩაიდო?
– სახლი... ის ჩემია...
– ეს როდის მოხდა? მიპასუხეთ, რენდი.
– ეს მანამდე მოხდა, ვიდრე მეორე  ხელწერილს ტრიონ ველესი მიიღებდა. სასოწრაკვეთილ მდგომაროებაში ვიყავი, ფული მჭირდებოდა.
– ანუ, სახლი, ფაქტობრივად, ჯო ბრომფელს ეკუთვნოდა,  მაგრამ თქვენ ტრიონ ველესსაც მიეცით ვალში?
– დიახ.
– ანუ ჯოს სიკვდილის შემდეგ, თუ ქვრივს ამის შესახებ ეცოდინებოდა, სახლი მიჩელას რჩებოდა?
– ამაზე არ მიფიქრია...
ბერნმა ჩაიცინა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ  სიუზენმა არ აცალა:
– დიახ, მას ამის შესახებ არ უფიქრია. მკვლელი რენდი არაა, მკვლელი ტრიონ ველესია. იგი იძულებული გახდა ბრომფელი მოეკლა, რათა ქონებას დაპატრონებოდა. ველესს სახლის დათრევა უნდა. ამისთვის კი  ჯოს ხელწერილი უნდა გაენადგურებინა... რენდი, ჯოს თავის ხელწერლი თან ჰქონდა?
– კი, ოთახში ინახავდა და მკვლელობის შემდეგ ვეღარ იპოვეს.
– ველესს შეეძლო, შერიფის მოსვლამდე მის ოთახში შეპარულიყო და მოეპარა.
– თუ ხელწერილი გაანადგურა, როგორ აპირებთ მისი დანაშაულის დამტკიცებას?
– თქვენი ჩვენების და ბეჭდის დახმარებით. დიახ. დიდი ხანი ვიხსენებდი და ბოლოს გამახსენდა. როდესაც დღეს სიგარეტი მომიკიდა, შევამჩნიე, რომ მის ბეჭედში ზურმუხტი კი არა, ალექსანდრიტია. ხოლო ნამდვილი ალექსანდრიტი, რომელიც ძალიან იშვიათი და ძვირფასი ქვაა, ბუნებრივ განათებაზე მწვანეა, ხოლო ხელოვნურ შუქზე მუქ წითელ ფერს იღებს. ბიბლიოთეკაში კი ჭაღი ენთო.

скачать dle 11.3