№35 რა არის შფოთვა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ნევროზი – კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნავად. მათგან ერთ-ერთია შფოთვა – შეუცნობადის მოლოდინი, შიშის, წუხილის ერთობლივი განცდა. ის ხშირად ბუნებრივი რეაქციაა, როცა გარკვეული მიზეზით სწუხარ მასზე, ვინც ძალიან გიყვარს. შფოთვა შეიძლება, განვითარდეს გარეგანი მიზეზის გარეშე და/ან იყოს შეუსაბამოდ მძაფრი რეალურად არსებულ მიზეზთან შედარებით. ასეთი შემთხვევები განიხილება, როგორც დარღვევა. შფოთვით დარღვევებს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეცვალოს პიროვნების ცხოვრების ჩვეული რიტმი. შფოთვითი დარღვევების გამომწვევი გარეგანი მიზეზებია: სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა, სტრესი სასწავლებელში, სირთულეები პირად ურთიერთობებში, ფინანსური პრობლემები; საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ბავშვის დაბადებით განპირობებული ცხოვრების ახალი წესები; ემოციური სტრესი (მაგალითად, საყვარელ ადამიანთან განშორება, ახლობლის სიკვდილი), მედიკამენტების არასასურველი გვერდითი მოვლენები (ეფედრინისა და კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, სტეროიდები და ასე შემდეგ); ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა (ორსულობა ან დაავადება, მაგალითად, ფარისებური ჯირკვლის დაავადებები); გარკვეულ შემთხვევებში, შეგიძლიათ ექიმის გარეშე, თავად გაუმკლავდეთ შფოთვით სიმპტომებს. ეს შესაძლებელია, როდესაც შფოთვის ეპიზოდი ხანმოკლეა, მისი მიზეზი ცნობილია და შეგიძლიათ, გამომწვევი მიზეზის გაუვნებელყოფა. ასეთია, მაგალითად, შფოთვა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ – გამოცდა, საჯარო გამოსვლა და ასე შემდეგ.
მსგავს სიტუაციაში სცადეთ:
* საუბარი ახლობელთან/მხარდამჭერთან;
* საინტერესო და სასარგებლო საქმით დაკავება, სასურველია თანამოაზრეებთან ერთად;
* დაძაბული ან კრიტიკული სიტუაციის შემდეგ დასვენება მყუდრო ოთახში, საყვარელი ან სასიამოვნო ტელეგადაცემის ნახვა, ან მელოდიის მოსმენა, გასეირნება ბუნებაში.
შფოთვის მკურნალობა
* როდესაც შფოთვითი დარღვევები გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად: ჩიყვი, მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების მართვაზე;
* თუ გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიური კონფლიქტია – ოჯახში, სამსახურში, აუცილებელია მისგან გარიდება ან კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრა, თუ ეს შეუძლებელია, მასთან გამკლავებისა და მართვის უნარის მოძიება;
* ზოგჯერ ვერ ხერხდება შფოთვის გამომწვევის დადგენა. ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მისი გამოვლინების ნიშნების მკურნალობა.
ჩვენს დაძაბულ და მშფოთვარე ყოფაში შფოთვითი დარღვევების თავიდან აცილება იოლი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია უნარზე, თუ რამდენად შევძლებთ შფოთვის გამომწვევი მიზეზების წინასწარ განჭვრეტას და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მათთან დროულად გამკლავებას. ყველა შემთხვევაში, ემოციურ მდგრადობას გააუმჯობესებს:
* გამამხნევებელი ფიზიკური აქტივობა სიარული, ვარჯიში, ცეკვა;
* დამამშვიდებელი ვარჯიშები და პროგრამები – მედიტაცია;
* თქვენთვის რთულ ადამიანებთან ურთიერთობის ისეთი ფორმის გამოძებნა, რომელიც ემოციურად ნაკლებად დაგაზარალებთ;
* დროული, სრულყოფილი ძილი და დასვენება.
გახსოვდეთ, კოფეინის შემცველი სასმელების – ყავა, მაგარი ჩაი, გაზიანი სასმელები და სხვა აღმგზნები ნივთიერებების ჭარბი მიღება, არასრული დასვენება, დაბალი ან ძალიან ზედმეტი ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობა, თავისთავად, იწვევს შფოთვით დარღვევებს. როდესაც ცნობილია შფოთვითი დარღვევების გამომწვევი მიზეზი და ის მართვადია, შესაძლებელია, სრული განკურნება. თუ მიზეზი უცნობია, შფოთვა შეიძლება ცხოვრების ნაწილი გახდეს. ასეთ შემთხვევებში სწორად შერჩეული მკურნალობა შვების და ხშირად სასურველი შედეგის მომტანია.
შფოთვას იწვევს დაძაბულობის მდგომარეობის ან გამღიზიანებლის მოსალოდნელი ან სავარაუდო გაძლიერება. ეს შეიძლება, ნებისმიერ სიტუაციაში განვითარდეს და არ აქვს მნიშვნელობა, რეალური იქნება თუ წარმოსახვითი. ფროიდის მიხედვით, ახალშობილს არ შესწევს გარეგან და შინაგან გაღიზიანებასთან გამკლავების უნარი, ვინაიდან არ შეუძლია თავისი ახალი სამყაროს გაკონტროლება. ეს სიტუაცია იწვევს მატრავმირებელ მდგომარეობას, რომელიც პირველადი შფოთვის სახელით არის ცნობილი, რომლის მაგალითად თავად დაბადების პროცესი შეიძლება დავასახელოთ.
შფოთვის მიზეზების გაგება მისი შემცირების ერთ-ერთი ხერხია. შფოთვის წარმომშობი მიზეზები, ძირითადად, პიროვნებაში ან მის საცხოვრებელ გარემოშია. უნდა დააკვირდეთ და გააცნობიეროთ, რომ შფოთვა არსებობს, ამის გარეშე შფოთვას ვერ დაძლევთ. მოერიდეთ შფოთვის გაზვიადებას. უარყოფითი ემოციების გაზვიადება ბევრ ადამიანს სჩვევია, ეს მანკიერ წრეს ქმნის. გაზვიადებული შფოთი კი უფრო მეტ შფოთს წარმოქმნის.