კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ იქცა სისასტიკე თავის გადარჩენის საშუალებად და რატომ ახასიათებს ქართველთა უმეტესობას „უზადობის სინდრომი“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ისე მოხდა, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა ლამისაა, ეროვნულ თვისებად იქცეს. საკმარისია, ადამიანს რამე შეეშალოს ან არ შეეშალოს და მისი აზრი მეორეს არ მოეწონოს, რომ თითქმის მზადაა მის ჩასაქოლად (იქმნება შთაბეჭდილება, კანონი რომ არ არსებობდეს, ლინჩის წესითაც გაასამართლებდნენ დიდი სიამოვნებით). მეორე მხრივ, დაუნდობლობა და სისასტიკე მეტწილად ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი და მსგავსი რეაქციების ზრდასრულ ასაკში გამომჟღავნება ინფანტილიზმის გამოვლენაცაა. რატომ იქცა ლანძღვა ცხოვრების წესად, დაუნდობლობა კი – ჩვეულ მოვლენად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე დაგვეხმარება.
– ადამიანი ბუნებითაა მიდრეკილი სისასტიკისადმი და ამიტომაც გაჩნდა ჰუმანიზმი თუ საიდან იღებს სათავეს სისასტიკე?
– არავინ იცის, რა აჩენს სისასტიკეს. ფრომმა დაწერა წიგნი: „ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია“ და განსაკუთრებული ვერაფერი გამოარჩია, რომ ეთქვა, ესა და ეს აყალიბებს სისასტიკესო. ამის გამომწვევი ფაქტორი ბევრია, მაგრამ მეცნიერება ასეთ კითხვას ვერ პასუხობს. ეს არის მოუთმენლობა, განსხვავებულობის ვერ ატანა. ასეა ჩვენთან, თუმცა არის საზოგადოებები, სადაც განსხვავებულობა სასურველი რამაა. მაგალითად, ისეთი ორგანიზმის, როგორიცაა ევროკავშირი, სლოგანია: მრავალფეროვნება განსხვავებულობაში. იდეა ისაა, რომ, რაც უფრო განსხვავებულები ვიქნებით, მით უკეთესი და მრავალფეროვნები ვიქნებით.
იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც ადამიანები განსხვავებულობას უყურებენ, როგორც საშიშსა და არასასურველს და წარამარა უწევთ ურთიერთობა თავისნაირებთან, ისინი აუცილებლად ცვივდებიან ჭაობში, სადაც ყველა ერთმანეთს იმეორებს და ხდებიან ერთმანეთის კლონები, იმიტომ რომ ვერ იტანენ განსხვავებულს. ამდენად, მსგავსება, როგორც მეორე ადამიანის მიმღებლობის ფაქტორი, იმის ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა, რომ ადამიანი იქნება სასტიკი თუ არა, არმიმღები იმ კატეგორიის ადამიანებისა, რომლებიც მის წრეს არ ეკუთვნიან. მაგალითად, ვაკელები ვერ იტანენ გლდანელებს და მსგავსი რამეები ჩვენს ცხოვრებაში მეტად ხშირია. მაგრამ ერთად ყოფნისა და ერთმანეთის გამეორებისადმი სწრაფვის ბოლოა გათიშვა. ეტყობა, ადამიანებს ბეზრდებათ საკუთარი თავის ყურება, საკუთარი სიბინძურეების დანახვა და ამიტომ შემდეგ ერთმანეთს ჭამენ. ამიტომაცაა მაღალი შიდა ეროვნული სისასტიკე ჩვენს ქვეყანაში.
ერთი მხრივ, ყველა ესწრაფვის, რომ თავისნაირების წრე ჰყავდეს, მაგრამ იმავდროულად, სასტიკი ხდება მათ მიმართ, ვინც არ ეთანხმება მისი და მისი უახლოესი გარემოცვის შეხედულებებს. მაგალითად, „ოცნების“ ხალხი დასანახავად ვერ იტანს „ნაციონალებს“, „ნაციონალები“ – „ოცნების“ ხალხს. ქართული მენტალობა ვერ ავიდა იმ დონემდე, რომ მიიღოს პლურალიზმი, როგორც დადებითი მოცემულობა.
– ერთმანეთის ლანძღვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თან, გაუგონარი სიტყვებითა და გამეტებით.
– კრიტიკა და დედის გინება ერთმანეთში ერევათ. მაშინ, როდესაც კრიტიკა არის ფარული კომპლიმენტი, ესე იგი, ადამიანი გთვლის კრიტიკის ღირსად, რადგან გაკრიტიკებს, ბევრი კარგი თვისება გაქვს და მხოლოდ ის ერთი არ მოეწონა. რადგან უნაკლო მხოლოდ ღმერთია. ესე იგი, თავისი თავი გაღმერთებული ჰყავთ, რაკი ჰგონიათ, რომ მხოლოდ თვითონ არიან აბსოლუტურად მართლები.
– ჩვენთან იოლად იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს და ხშირად მტრის მიმართ უფრო ნაკლებად სასტიკები არიან, ვიდრე ერთმანეთის.
– თუ ვიტყვით, რომ რუსეთი მტერია, უკვე მის დონეზე ვეშვებით. ის მტერი კი არ არის, არამედ ოკუპანტია, დამპყრობელი. ფროიდმა შეისწავლა ერთი მექანიზმი: მცირე სოციალურ ჯგუფებს, ოჯახსა თუ ტომს, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი ადამიანებისგან შედგებიან, ახასიათებთ ჯგუფური ნარცისიზმი და ამის გამო მერე ერთმანეთს უტევენ. მაგალითად, მე უკეთესი ქართველი ვარ, ვიდრე შენ, რადგან ერთმანეთს უნდა შეერკინონ იმ თვისებაში, რასაც ღირებულად მიიჩნევენ და ამის ხარჯზე ერთმანეთის მიმართ გაცილებით სასტიკნი ხდებიან, ვიდრე გარეშეს მიმართ, რომელიც მათ წრეს არ ეკუთვნის. ქართული სოციუმი გათვლილია პატარა ჯგუფებზე, შეიძლება, უბანი უბანს წაესიოს და ომი გაუჩაღონ ერთმანეთს, ამ დროს კი ქვეყანაა დასაცავი. ვიცით, რომ აფხაზეთში ომის დროს იყო შიდა მკვლელობებიც, ერთმანეთს ესროდნენ ზოგჯერ ზურგში და ანგარიშს უსწორებდნენ. ფაქტობრივად, სისასტიკე მოდის იქიდან, რომ ადამიანისთვის აუტანელია განსხვავებული. ავიღოთ, მაგალითად, ბრაზი და რისხვა, როგორც სისასტიკის გამოვლენა. განრისხებული თვლის, რომ მან, ვისაც გაურისხდა, რაღაც პრინციპები დაარღვია. პრინციპები შეიძლება, შენც დაარღვიო, მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა მოგსპონ?! ბევრს აქვს საქართველოში უზადობის სინდრომი, თითქოს თვითონ უზადოა, უნეტარესი და უჭკვიანესი, სხვა კი – ნაკლოვანი. იმის გამო, რომ ადამიანს უზადობის სინდრომი აქვს, მიიჩნევს, რომ მის წინაშე ყველა დამნაშავეა და ერთადერთი თვითონაა მართალი მთელ სამყაროში და თვით სამყაროც კი ცდება მასთან. ეს ხშირია ჩვენთან და ცნობილ პიროვნებებსაც ახასიათებთ. ისინი ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში არიან მართლები. ვინმე რომ არც აბრალებდეს რამეს, ისეთ ტექსტს ქმნიან, თითქოს შინაგანად პასუხობენ ბრალდებას, რომელიც მათთვის არავის წაუყენებია, მაგრამ მათი აზრით, არიან უშეცდომოები და ყველაფერში მართლები.
– ადამიანს მცირედი შეცდომის გამოც კი ძალიან იოლად იმეტებენ. ულევი სიკეთეც რომ ჰქონდეს გაკეთებული, თუ ერთხელ შეეშალა, ხელის ერით მოსმით უყრიან წყალში.
– ერთი მეგობარი მყავდა პაატა სანკაშვილი, უდროოდ გარდაიცვალა და საზოგადოებამ არც იცის, რომ მათ რიგებში იყო გენიოსი. მან დაწერა რომანი: თითქოს იტალიელი მისიონერის ჩანაწერები, რომელშიც ნაჩვენებია როსტომ ხანისა და თეიმურაზის ჭიდილი. ერთმანეთს უპირისპირდებიან, ხოცავენ, მაგრამ ერთმანეთთან დადიან გასვენებებში და ერთად ტირიან და გლოვობენ. ესე იგი, გაჭირვება მათ ერთმანეთთან აკავშირებს, თანაგრძნობის ელემენტებს აჩენს, ოღონდ, სანამ კაცი არ მოკვდება, არანაირი თანაგრძნობა არ არის.
– ჩვენთან გარდაცვლილისადმი პატივისცემა უფრო მეტია, ვიდრე ცოცხლისადმი. კამიუს აქვს ასეთი ფრაზა „უცხოში“, ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს აღძრავენ ყოფილი საყვარლები, იმიტომ რომ მათ უკვე აღარ შეუძლიათ ჩვენი წყენინებაო. მიცვალებული განსხვავებული აღარ არის?
– ძალიან რთული გასაშიფრია, მაგრამ, საერთოდ, წინაპრებისა და მიცვალებულთა პატივისცემა დამახსიათებელია ტრადიციული და კოლექტივისტური საზოგადოებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე, რომ არ შეიცვალონ. მაგალითად, დღესაც მართლმადიდებელ სასულიერო პირებს აცვიათ შავი ანაფორები, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას ახასიათებს უცვლელობა. ამიტომაც გვიწოდებენ ორთოდოქსებს. როგორც ჩანს, იმ საზოგადოებებსა და კულტურებს, სადაც ორთოდოქსული შეხედულებებია, ახასიათებს მიცვალებულებისადმი და წინაპრებისადმი პატივისცემა. ჩინელებსაც აქვთ წინაპართა გასაოცარი კულტი და ამის ნათელი გამოხატულებაა ჩინეთის დიდი კედელიც. ხელუხლებელი უნდა იყოს ის, რაც გალავნის შიგნითაა, არაფერი უნდა შეიცვალოს. იმიტომ აღიმართა იმხელა გალავანი, რომ ვერავინ გადალახოს ის, რადგან ახალს შემოაქვს ცვლილება, ამიტომ შემოსვლის, ანუ ცვლილების საშუალება არავის უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ ის წინაპრების სამყაროა, მათ მიერ შექმნილი.
– ინფანტილიზმის ნიშანიც ხომ არის დაუნდობლობა?
– სასტიკი ადამიანი ფსიქოლოგიურად მომწიფებული არ არის, ის მოუმწიფებელია და მასში შემორჩა ბავშვის დაუნდობლობა.
– და ბავშვებს რატომ ახასიათებთ დაუნდობლობა?
– საქმე ის არის, რომ ბავშვობა ისეთი ხანაა, როდესაც დგას გადარჩენის ამოცანა. ბავშვი უძლურია და რომ არა მშობლები, რაღაც დაემართება. უსუსურ არსებას სჭირდება სისასტიკე, როგორც დაცვის მექანიზმი. მაგალითად, ჩვენ მუდმივად გვიპყრობდნენ და მუდმივად გვიწევდა სისასტიკის, როგორც დაცვითი მექანიზმის გამოვლენა. ამიტომ ქართველი ძალიან სასტიკი იყო ომში, რაც მას გადაარჩენდა ხოლმე. ამასობაში ამ ტიპის სისასტიკეს სოციუმი უმღეროდა და ხდებოდა წახალისება, რათა ადამიანი შემდგარიყო მეომრად და გადაერჩინა ქვეყანა. ასე რომ, სისასტიკე ბავშვობიდან მოდის და დაუცველობის მაჩვენებელია: ადამიანი რაც უფრო დაუცველია, მით უფრო სასტიკია, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას.
– ჩვენი სისასტიკეც ამ ჩვენი დაუცველობის გამოვლინებაა.
– მასლოუს საბაზისო მოთხოვნილებების იერარქიაში მეორე საფეხურზეა დაცულობა და ამის შემდეგ მოდის სხვა მოთხოვნილებები. დაცულობის სურვილი ერთ-ერთი საბაზისოა და უამრავ რამეს განსაზღვარავს. ადამიანს დაცვითი მექანიზმებიც აქვს, რომ დაუცველობის კომპენსირება შეძლოს და სისასტიკეც ერთ-ერთი დაცვის მექანიზმია, რომელიც არა მარტო იმ მომენტში აღკვეთავს დაუცველობას, არამედ მომავალშიც ახდენს პრევენციას, რომ მისი გამეორება არ დაუშვას.
– ჩვენი სისასტიკეც იმას მიუთითებს, რომ გვეშინია და პრობლემები გვაქვს?
– ჩვენი საზოგადოება დაუცველია და იმავდროულად, რესურსიც ნაკლები აქვს, რომ არ იყოს დაუცველი. დაუცველია იმიტომ, რომ გარშემო მტრები ჰყავს და, მეორე მხრივ, რესურსიც არ აქვს, მაგალითად, ფინანსები, რომ იყიდოს შეიარაღება და თავი  დაიცვას.
– ლაკმუსის ქაღალდია, ესე იგი, ჩვენი აგრესიულობა?
– ცხადია, ამას ემატება ისიც, რომ შენი ქვეყნის სიძლიერეს შენ თვითონ ვერ ქმნი. მაინცდამაინც ამერიკა უნდა დაგეხმაროს, ასეთია საზოგადოების მოთხოვნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელი მოაწერე, რომ ხარ სუსტი და ვერ იომებ, ამიტომ ამბობ, შევალ „ნატოში“ და „ნატომ გადამარჩინოს“. „ნატოსკენ“ სწრაფვა კარგია, მაგრამ, თუ ის იქნება შენი სიძლიერის საფუძველი, შენ რას გააკეთებ?! ამერიკელმა ავტორმა სელიგმანმა შექმნა „დასწავლითი უსუსურობის სინდრომი“. მან ეს შეისწავლა ცხოველებში და გადმოიტანა ადამიანებზე. შესაბამისად, როდესაც ცხოველი და ადამიანიც, ისეთ სიტუაციაში მოექცევა, რომ გამოსავალი არ აქვს, ნებდება. მაგალითად, ცხოველს ურტყამდნენ დენს იმ ადგილას, საიდანაც ადრე საკვებს იღებდა. შემდეგ ცხოველი პოულობდა სხვა ადგილს, მაგრამ იქაც ურტამდნენ დენს, საბოლოოდ, ცხოველი აღარ ინძრეოდა, იდგა და წკმუტუნებდა, რითაც ხელს აწერდა იმას, რომ არაფერი შემიძლია და ამიტომ არც ვიმოძრავებ.
– ვწკმუტუნებთ ჩვენ ახლა?
– დიახ, ბუზღუნი, წუწუნი, ჩივილი, რომ აი, მთავრობა არ მპატრონობს, ამის გამოხატულებაა. ცხადია, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მოქალაქეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხელი უნდა აიღო საკუთარ თავზე, თავადაც რამე უნდა გააკეთო. იმუქრებიან, რომ, თუ მთავრობა არ გაუკეთებთ რამეს, ხმას არ მისცემენ, თითქოს რამეს იგებდეს ხმის არმიცემით. ჰგონიათ, თუ სიტყვებს დაახვავებენ, ამით რამე გადაწყდება. რუსთაველი ამბობს: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“. ანუ სიბრძნეც კი არაფერს გაძლევს, თუ ქმედება არ მიაყოლე!
скачать dle 11.3